"კარგი შეფასება ასმაგად საპასუხისმგებლოცაა" - გზაპრესი

"კარგი შეფასება ასმაგად საპასუხისმგებლოცაა"

ინტერვიუს დასაწყისშივე ვკითხე, მორიგი ტურის წინ როგორი განწყობა გაქვს-მეთქი და უყოყმანოდ მიპასუხა, - ფანტასტიკური! საბრძოლო განწყობას ვინარჩუნებო. ამ 23 წლის გოგონას ბევრ კონკურსსა და ფესტივალში მიუღია მონაწილეობა. წლების წინ მეც ერთ-ერთმა საერთაშორისო ფესტივალმა შემახვედრა მასთან, ანაკლია-განმუხურში, იმხანად იგი მხოლოდ 16 წლის იყო და ფესტივალზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ისიც კარგად მახსოვს, საერთაშორისო ჟიურის წევრები საკონკურსო სიმღერის დასრულებასაც არ დაელოდნენ, ისე ერთხმად ასწიეს უმაღლესი ქულები. სხვათა შორის, მისი პირველი ინტერვიუც სწორედ მაშინ შედგა - მე ჩავწერე...

დღეს თიკო ღაჭავას გაცილებით დიდი ასპარეზი აქვს, "დიდი სცენა" - პროექტი, რომლის რამდენიმე ტური უკვე წარმატებით გადალახა, მსმენელის სიყვარული და მხარდაჭერაც მოიპოვა და ჟიურის წევრების შექებაც ბევრჯერ დაიმსახურა...

- წლების განმავლობაში ბევრს ვშრომობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიის წინაშეც წარმედგინა. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ამის საშუალებას მხოლოდ სატელევიზიო მუსიკალური კონკურსები იძლევა. ამიტომაც შევუძახე საკუთარ თავს: რატომაც არა! უკვე მზად ხარ, ახლა შენი დროა, ამიტომ ძალები უნდა მოსინჯო, თან ხალხსაც და პროფესიონალებსაც უნდა მისცე შეფასების საშუალება-მეთქი! უკვე 6 ტური გავიარე და ორი დამრჩა.

GzaPress- ამ ერთკვირიანი საკონკურსო პაუზისას, მშობლიურ ზუგდიდშიც მოახერხე ჩასვლა და საყვარელ სტუდიას, პედაგოგებს ეწვიე. ზუგდიდი და მთელი სამეგრელო აქტიურად გგულშემატკივრობს. შენი ნაბიჯი ერთგული კუთხისადმი მადლიერება იყო, განტვირთვა დაძაბული დღეების შემდეგ თუ - ორივე ერთად?

- ჩემს კუთხეს მართლაც ამოუწურავი ერთგულების უნარი აქვს და ამის დაუნახაობა არ შეიძლება! ჩავედი, რადგან ძალიან მინდოდა, ყველას მოვფერებოდი და მადლობა გადამეხადა ასეთი მხარდაჭერისთვის. ეს ჩემი პატივისცემა იყო მათდამი, იქ კი საოცრად თბილი, ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი დახვედრა მომიწყვეს თანაქალაქელებმა და ჩემმა პედაგოგებმა, უშუალოდ ჩემმა აღმზრდელმა და სტუდიის დამაარსებელ-ხელმძღვანელმა ნინო მამფორიამ. სხვათა შორის, 3-4 წლის ვიყავი, ბებიამ იქ რომ მიმიყვანა და მას შემდეგ დღე არ გამიტარებია უსიმღეროდ. კარგად მახსოვს, 11-12 წლის ვიყავი, სოლო რომ ვიმღერე - ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის რეპერტუარიდან შევასრულე სიმღერა. ეს ჩემი პირველი უცხოური სიმღერა იყო. ქართულებიდან კი იმ პერიოდში ყველაზე გამორჩეულად "ჩიორა ჩიტო, უარს ნუ მეტყვი" მიყვარდა და შესაბამისად, მას ვასრულებდი. მისი ტექსტი ყოველთვის გულს მიჩუყებდა, ცრემლიც კი მომადგებოდა ხოლმე... სხვათა შორის, ჩემი სტუდიის პედაგოგები ყოველთვის საგულდაგულოდ მირჩევდნენ სიმღერებს. ამ გადასახედიდან რომ ვაფასებ, ჩემს შესაძლებლობებს შესანიშნავად იყენებდნენ. ძირითადად, ტექნიკურად რთულ სიმღერებს ვასრულებდი, სირთულეებთან შეჭიდება მომწონდა. შრომა არასდროს მეზარებოდა, ბევრს ვმეცადინეობდი, ხმის ტემბრიც მიწყობდა ხელს და როგორც ჩანს, სირთულეებსაც ყოველთვის ვართმევდი თავს.

- მომღერლად ჩამოყალიბების გზაზე, თუნდაც სტუდიის წლებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ან უბრალოდ - დასამახსოვრებელი შეგიძლია გაიხსენო?

- 12-13 წლის ვიქნებოდი, ერთ კონცერტზე პლუს ფონოგრამაზე ვიმღერე და იმდენად დავიბენი, ცოცხალ ემოციას რომ ვერ გადმოვცემდი, სიმღერის ტექსტს ტუჩების მოძრაობა ვერაფრით ავაყოლე, სრული ასინქრონი მქონდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ მომღერალმა სცენაზე აუცილებლად ცოცხლად უნდა შეასრულოს სიმღერა, რადგან ეს ცოცხალი ემოციაა, რომელსაც ტუჩების მექანიკური მოძრაობით ვერაფრით გადმოსცემ. თუნდაც რაღაც მომენტში გაცივების ან სხვა მიზეზით ხმამ გიმტყუნოს, მაყურებელი, მსმენელი ყოველთვის გაიგებს, დააფასებს და გაპატიებს, ვიდრე მიზეზები გამოიგონო და მაყურებლის წინაშე პლუსით გამოხვიდე. ის ამბავი ისე მძაფრად, მტკივნეულად ჩამრჩა გულსა და მეხსიერებაში, რომ მას შემდეგ ხმიანი ფონოგრამით არასდროს მიმღერია.

- ერთ დღესაც ბავშვობა დასრულდა და ზუგდიდიდან თბილისში წამოხვედი სასწავლებლად. თბილისური ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- რა თქმა უნდა, სიმღერასთან ერთად, თუმცა... აბიტურიენტობისას ახლობლები და ნათესავები მირჩევდნენ, დღევანდელ საქართველოში მუსიკით ფულს ვერ იშოვი, ვერ იცხოვრებ, ამიტომ რაიმე სერიოზული სპეციალობა აირჩიეო. ასე აღმოვჩნდი ილიას უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ამ უნივერსიტეტს მუსიკის ცენტრი ჰქონდა, საყოფაცხოვრებო პერსპექტივებზე უარი ვთქვი და სასწრაფოდ, თანაც - ახლობლებისგან მალულად, საბუთები ჯაზ-ვოკალის მიმართულებაზე გადავიტანე. ვფიქრობ, მომღერალი განათლებული უნდა იყოს. მას სიმღერის დროს ყოველთვის ეტყობა განათლება. სტუდენტობის პერიოდში შიდა კონცერტებიც გვქონდა, საუნივერსიტეტო მასშტაბით - გასვლითიც, ასე რომ პრაქტიკა კარგი იყო. პარალელურად, თანატოლების მსგავსად, მეც ვმღეროდი რესტორნებში, რადგან შემოსავალი ხომ უნდა მქონოდა და ასევე, ამით დიდ გამოცდილებასაც ვიძენდი! საბედნიეროდ, ყოველთვის თვითონ ვარჩევდი რეპერტუარს, სხვადასხვა ჟანრისა და სტილის სიმღერას ვასრულებდი, თანაბრად - ქართულსა და უცხოურს, არავინ მზღუდავდა.

- შენი აზრით, რა ჟანრის სიმღერები გამოგდის უფრო კარგად?

- მეტ-ნაკლებად ყველა ჟანრს კარგად ვმღერი, მაგრამ უკეთესად ალბათ, მაინც ჯაზი და პოპი გამომდის, ქართულ კლასიკურ და საესტრადო სიმღერებსაც კარგად ვასრულებ. ვაღიარებ, მეც მათ რიგებში ვიყავი, ვინც ბავშვობაში უფრო უცხოური სიმღერების შესრულებას ესწრაფოდა და ნაკლებად სურდა, ქართულად ემღერა. მაგრამ ჩემს პედაგოგს კარგად იცნობთ და იცით, რისი ნინო მამფორია იქნებოდა, თუკი არ დამისაბუთებდა, რომ ქართული სიმღერები აუცილებლად უნდა შემესრულებინა. ასე, ნელ-ნელა მოვიხიბლე, ქართული ტექსტის სილამაზეც სხვაგვარად შევიგრძენი და მივხვდი, რომ ის სხვაგვარად გამღერებს. ვფიქრობ, ქართველს მშობლიური სიმღერის შესრულება გენეტიკურად მოსდგამს, მთავარია, ვიღაცამ სწორი გზა გიჩვენოს. მე გამიმართლა და ასეთი ადამიანი მთელი ცხოვრება გვერდით მყავს...

GzaPress

- დღემდე, საკონკურსო გამოსვლებისას, როდის გაგიჭირდა ყველაზე ძალიან სიმღერა ან როდის გაგიიოლდა? - წესით, პირველი ტური უნდა ყოფილიყო ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი, მით უფრო, რომ ქართული სიმღერა - "შუაღამის სერენადა" შევასრულე, მაგრამ რატომღაც, ძალიან ვინერვიულე და დამეტყო კიდეც. ძალიან გავუნაწყენდი საკუთარ თავს, ვუსაყვედურე კიდეც, - თიკო, ეს შენ არ უნდა მოგსვლოდა-მეთქი. გამორჩეულად დასამახსოვრებელი კი აღმოჩნდა მესამე - კინოტური, სადაც არეტა ფრანკლინის რეპერტუარიდან THINK შევასრულე. თითქოს, იმ სიმღერამ მეტი თავისუფლება მომცა, ჟიურის წევრებმაც მითხრეს, - აქამდე სად იყავი, ფაქტობრივად, ახლა გაგიცანით, თურმე რამდენი რამ შეგძლებიაო. ასე გამოდის, რომ ჩემი დიაპაზონიც პირველად სწორედ ამ სიმღერაში გამოჩნდა. რაც შეეხება ქართულს, საწყის ეტაპზე, ვიდრე პროფესიონალი გახდები, ქართულს რომ მღერი, თითქოს, უფრო შეზღუდული ხარ - ქართველი მსმენელი გემოვნებიანია და ამ შემთხვევაში, ძალიან კრიტიკულიც, მით უფრო, ბუმბერაზ კომპოზიტორებზე რომ მიდგება საქმე, მცირე ხარვეზსაც არ გპატიობს და შენც უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ, ცდილობ ჩარჩოებს არ გასცდე... ზოგადად, თითოეული ჟიურის წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოტივაციას მაძლევს, ყოველ მორიგ ტურში მათ რაღაც ახალი, უფრო საინტერესო შევთავაზო. ეს მათამამებს კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ, კარგი შეფასება ასმაგად საპასუხისმგებლოცაა, რომ იმედი არ უნდა გაუცრუო.

- საზოგადოებაში განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავენ გიორგი ცაგარელისეულ შეფასებას, შენ რას ფიქრობ?

- როდესაც გიორგიმ შეფასებისას სექსუალურობა ახსენა, მე ასე გავიგე, რომ იგი გულისხმობდა ჩემს ნამღერსაც, აკადემიურობასაც და დადებით ენერგეტიკასაც, რომელიც ჩემი სიმღერით მაყურებლამდე მიდის. ზოგადად, შეფასებისას თავად საკმაოდ კრიტიკული ვარ. გამოსვლის ჩანაწერებს ყოველთვის ვნახულობ და სრულიად კმაყოფილიც არასდროს ვარ. ყოველთვის ვფიქრობ, რომ უკეთ შემეძლო. მაგრამ კონკურსია და მას მღელვარებაც ახლავს, თუმცა ვცდილობ, მრავალფეროვანი ვიყო.

- შენი საოცნებო დიდი სცენა რომელია, სად ინატრებდი სიმღერას?

- ბავშვობიდან ბროდვეის მიუზიკლში მთავარ როლზე ვოცნებობდი. კონკრეტულად რომელ მიუზიკლში? - ბარბრა სტრეიზანდის გმირს - გულუბრყვილო, მიამიტ ფანის განვასახიერებდი "სასაცილო გოგონაში", რომლის კინოვერსიამაც მას "ოსკარი" მოუტანა და მწვერვალები დააპყრობინა.

ირმა ხარშილაძე