"ეს მიწა ქართული აღარ იქნება..." - გზაპრესი

"ეს მიწა ქართული აღარ იქნება..."

ინფორმაციამ, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების შეზღუდვის შემდეგ ისევ არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის საშიშროება, არაერთი ადამიანის შეშფოთება გამოიწვია. ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე და საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა კავშირის" დამფუძნებელი გუჯა შვანგირაძე აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 25 ივნისს მიღებულ ორგანულ კანონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ბევრი "ხვრელია", თუმცა იანვრიდან ძალაში შესულ შესწორებებზე ორივეს სხვადასხვა აზრი აქვს.

ზვიად ტომარაძე:

- საუბარი იმაზე, რომ იანვრიდან უცხოელებს თავისუფლად შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა, სიმართლე არ არის. გნებავთ, იუსტიციის სახლში მივიყვანოთ უცხოელი და ვნახავთ, რომ ის სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ იყიდის. ქართველი ხალხის დიდი ბრძოლის შედეგად კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე ვერ იქნება. კონსტიტუცია კი ქვეყნის უმაღლესი კანონია, თუმცა მასში ასევე ჩაიწერა, რომ კანონით შეიძლება დადგინდეს გამონაკლისი შემთხვევები. ე.ი. მაინც არის ხვრელები დატოვებული და ეს ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, მაგრამ მათთვისაც რთულია მიწის შეძენა - ჯერ ერთი, ხშირ შემთხვევაში 51% წილი საქართველოს მოქალაქეს ან ქართულ კომპანიას უნდა ჰქონდეს, ხოლო უცხოურმა კომპანიამ რომც მოინდომოს შეძენა, მთავრობის დადგენილების გარეშე ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, უცხოურ კომპანიას შეუძლია შეძენა, ოღონდ მხოლოდ მთავრობის დადგენილებით - ამას არავინ უარყოფს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელებზე კვლავ იყიდება მიწა!

- ბინადრობის უფლებაზეც მინდა გკითხოთ - რამდენად ლიბერალურია კანონი ამ მხრივ, კიდევ უნდა გამკაცრდეს თუ არა, როგორია თქვენი პოზიცია?

GzaPress - ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა აზიელი მიგრანტებისთვის. ისინი ყიდულობენ ბინებს და ამის შედეგად იღებენ ბინადრობის უფლებას. ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო ბინადრობის უფლებას ყიდის! სულაც არ ვართ წინააღმდეგი, რომ სასწავლებლად, მკურნალობის, ინვესტიციის ჩადების ან მუშაობის მიზნით საქართველოში ჩამოსულ უცხოელებზე გარკვეული პირობებით ბინადრობის უფლება გაიცემოდეს. სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ისედაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქართველი ერი უახლოეს მომავალში საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში რომ არ აღმოჩნდეს, უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების გაცემა მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს. დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა კი გამკაცრდა - ადრე თუ აძლევდნენ უცხოელს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე 35.000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება ჰქონდა, ახლა ეს თანხა 100.000 დოლარი გახდა, მაგრამ უსაფრთხოების პრობლემა არ მოხსნილა. მიგრანტები ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100.000 დოლარსაც უპრობლემოდ გადაიხდიან, ანუ ბინადრობა მხოლოდ გაძვირდა. ჩვენი კანონპროექტის პარალელურად, შარშან პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა: ივლიანე წულაიამ და გოჩა ენუქიძემ შეიტანეს. სწორედ მათი კანონპროექტის შედეგად, რომელიც უკვე კანონად იქცა, გაიზარდა ეს თანხა, თუმცა არა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით, არამედ ეს იყო სამშენებლო კომპანიების ლობისტური კანონპროექტი. ივლიანე წულაია პარლამენტში შესვლამდე გახლდათ კომპანია "არქი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი. როდესაც პარლამენტში შევიდა, ამ პოსტზე დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა და როგორც ქართულ რეალობაში ხდება, თანამდებობა ახლობელს გადააბარა. თავადაც არ მალავს, რომ ამ კომპანიაში ინტერესები დღემდე გააჩნია. ანალოგიურად, სამშენებლო ინტერესები გააჩნია ბატონ გოჩა ენუქიძესაც. მათი კანონპროექტი, ფაქტობრივად, ყველა მიგრანტს ავალდებულებს, 100.000 დოლარის ღირებულების ბინები შეიძინონ, მათ შორის იმ მიგრანტებსაც, რომლებსაც ძველი კანონის ფარგლებში 35.000 დოლარად შეძენილი აქვთ საკუთრება. ისინი იძულებული არიან, ძველი საკუთრება გაყიდონ, ფული დაამატონ და ამჯერად მეტი თანხა გაიღონ საკუთრების შესაძენად, რათა ახალი კანონის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. როგორც ვხედავთ, სამშენებლო კომპანიების ორმაგი სარგებლის მიღება იკვეთება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ახალი მიგრაციის შეჩერების გარდა, უცხოელისთვის უძრავი ქონება აღარ იქნება საფუძველი მოკლევადიანი ბინადრობის უფლების მისაღებად. 2018 წლის 31 აგვისტოს შევქმენი საინიციატივო ჯგუფი 23 ადამიანის შემადგენლობით. 21 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიტანეთ ჩემი დაწერილი, 35.000 მოქალაქის ხელმოწერით გამყარებული კანონპროექტი, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებდა. პარლამენტში კომიტეტებმა დრო მაქსიმალურად გააჭიანურეს, თუმცა ამ ეტაპზე განხილვა უკვე იყო და თებერვლის თვეში პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა გავიდეს.

გუჯა შვანგირაძე: - ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან და რაკი ზოგს უჭირს კანონიდან აზრის გამოტანა, შევეცდები, უფრო გასაგები ენით ავხსნა ხელისუფლების ღალატის ანატომია. კანონი 2019 წლის 25 ივნისს მიიღეს, დაუკვირდით ამ თარიღს. "გავრილოვის ღამე" ახალი მომხდარია, პროტესტი გაგრძელდა და ასეთ სიტუაციაში ამ თემას არავინ გამოეკიდებოდა, თუმცა პარტიულ ოპოზიციას არც არასდროს აინტერესებდა მსგავსი საკითხები. დანარჩენი საზოგადოებაც ნაკლებად კითხულობს კანონებს, ამიტომაც სისტემამ იოლად გადაფარა ასეთი ღალატი. დიახ, ღალატი, რადგან 2017 წელს მოვახერხეთ და დიდი პროტესტის შედეგად კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მიწების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია. თუმცა ეს ჩანაწერი ერთ თვეში ფიქციად იქცა, რადგან ორგანულ კანონში მოხდა შესწორება და ბანკებს დავალიანებაში ჩატოვებული მიწების უცხოელებზე გაყიდვის უფლება მიეცათ. 2019 წლის 25 ივნისს კანონში შეტანილი შესწორებებით კი 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 მუხლის მესამე პუნქტი, რომელთა თანახმად, უცხოელ მოქალაქეებს და უცხოელების მიერ დაარსებულ ორგანიზაციებს უფლება ეძლევათ საქართველოს მთავრობას მიმართონ საინვესტიციო გეგმით და განუსაზღვრელი რაოდენობით შეისყიდონ ქართული მიწა.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი თავის საინვესტიციო ვალდებულებას არ შეასრულებს, მას უფლება აქვს ეს მიწა გაყიდოს და გასაგებია, ვისზეც გაყიდის. რა თქმა უნდა, გლეხის საკარმიდამო ნაკვეთის გამო არც არავინ მიმართავს მთავრობას, აქ საუბარია მიწის დიდ ფართობზე და ეს პირდაპირი გზაა ერთბაშად გაიყიდოს მთელი მიწის ფონდი, თავისი ტყით, ტბით თუ წიაღისეულით.

და როგორი შეიძლება იყოს საზოგადოების რეაქცია ღალატთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, უნდა გამოვიდეთ, პროტესტმა ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს. რაკი კანონში მუდამ იქნება არაპირდაპირი ხვრელები, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ საადგილმამულო ფონდის ჩამოყალიბება, ფინანსების მოძიება, ბანკში ჩადებული მიწების გლეხებისთვის დაბრუნება და უცხოელებისგან მიწების გამოსყიდვა. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და თებერვლის პირველ რიცხვებში ასეთი ფონდი ოფიციალურად დაფუძნდება. ეს უნდა შევძლოთ, რადგან არავინ იცის, რამდენი ასეთი ღალატი იქნება კიდევ. მიწის გარეშე კი ნებისმიერი სხვა საკითხი და პრობლემა დაკარგავს აზრს, რადგან ეს მიწა ქართული აღარ იქნება.

როგორ რეგულირდება სხვა ქვეყნებში მიწის გასხვისება?

მიწის ყიდვა ძალიან იოლია აშშ-ში. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამისთვის განსაკუთრებული დოკუმენტაცია არ სჭირდება. მთავარია საკმარისი თანხა და მიწის ნაკვეთს დისტანციურად, ბროკერის დახმარებითაც შეიძენ. კანადაში კი უცხოელს 8 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება არა აქვს.

სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ევროპელები მიწის პოლიტიკის განსაზღვრისას ითვალისწინებენ ისეთ ზომებს, რომლებიც ხელს შეუშლის ერთი მესაკუთრის ხელში მიწის დიდი მასივების კონცენტრაციას.

მაგალითად, გერმანიაში მიწის ნაკვეთი, რომელიც კერძო საკუთრებაში შეიძლება იყოს, ყველაზე ბევრი, 400-დან 500 ჰექტარამდეა, პოლონეთში - 300 ჰექტარი, უნგრეთში - 300 ჰექტარამდე, რუმინეთში - 200 ჰექტარამდე.

გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის იჯარით აღების ან ყიდვის დროს, მაგალითად, გერმანიაში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და იტალიაში არაოფიციალური პირობა მოქმედებს, რომ მოიჯარე ან მყიდველი უნდა იყოს ადგილობრივი მცხოვრები - კანონში ეს არ წერია, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია ასეთია.

იოლია მიწის ყიდვა ესპანეთში. ამისთვის უცხოელს მხოლოდ ფინანსური ნომერი, სპეციალური კოდი სჭირდება, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია გასცემს. სხვაობა ისაა, რომ ესპანეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქეს ამ კოდს ერთ დღეში აძლევენ, დანარჩენებისთვის პროცესი ჭიანურდება.

შვეიცარიაში მიწების შესყიდვა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ან მათ, ვისაც ქვეყანაში ბიზნესის წარმოების ნებართვა აქვს.

შვედეთში რეგულაციები მოქმედებს იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ცალკეულ შემთხვევებში, მიწის მფლობელს მის მიერ შეძენილ მიწაზე ცხოვრება მოეთხოვება.

რამდენიმე ქვეყანაში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად, პოლონეთში 12-წლიანი მორატორიუმია გამოცხადებული. ევროკავშირში ბოლო წლებში გაწევრებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და სლოვაკეთი, აკრძალვის პერიოდი 7 წელს გაგრძელდა.

ისრაელში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში მიწებს უცხოეთის მოქალაქეებზე საერთოდ არ ყიდიან. ისრაელში მიწა მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაა და მის გამოყენებას სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. კომუნისტურ ჩინეთში სახელმწიფო და კოლექტიური პოლიტიკაა, ხოლო დიდ ბრიტანეთში მთელი მიწა ფორმალურად სამეფო ოჯახის საკუთრებაა, რომელიც მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდის სამეფოს მოქალაქეებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - უცხოელებზე. იმავდროულად, მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შეცვლა გაერთიანებულ სამეფოში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ნინო ჯავახიშვილი