"ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარდა, ვიდრე ნოტები და სოლფეჯიო" - გზაპრესი

"ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარდა, ვიდრე ნოტები და სოლფეჯიო"

რაღაც უცნაურად, ზაზა მარჯანიშვილის საუბარიც ჰგავს მუსიკას. ტემბრი... შინაარსი... ნათქვამის სიღრმე... კეთილხმოვანება... კეთილგანწყობა... კეთილგანწყობა ერთადერთი რამ ყოფილა, რაც მას მუშაობის პროცესში ეხმარება, ბევრად უფრო შრომისუნარიანს ხდის.

ბატონმა ზაზამ თითქმის არ ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე. ამბობს, რომ ის მხოლოდ "მუსიკას წერს", უჭირს საკუთარი თავის კომპოზიტორად მოხსენიება მაშინ, როცა კაცობრიობას ჰყავს ბახი, მოცარტი... თავად არ ამბობს, თუმცა, თანამედროვე ქართველმა თუ უცხოელმა მსმენელმა უკვე კარგად იცის, ვინ არის ზაზა მარჯანიშვილი; იცნობს მის მუსიკას, რომელსაც აღარ სჭირდება საუკუნეები აღიარების ბეჭდის დასასმელად.

ზაზა მარჯანიშვილს, რომელიც არც ისე ხშირად სწყალობს მედიას, 90-იანი და ამერიკაში გატარებული წლების, სიყვარულისა და მეუღლის შესახებ ვესაუბრეთ და ბავშვობისა და ყმაწვილობის წლების გახსენება ვთხოვეთ.

- პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე დიდ პროექტზე ვმუშაობ. მათ შორისაა პიესა "ორი ბატონის მსახური", რომლისთვისაც მუსიკა ჯერ არავის დაუწერია. მინდა, იმ პერიოდის განწყობილება შევინარჩუნო, როდესაც ის დაიწერა და იტალიური ბაროკოს სტილში ვქმნი მუსიკასაც. დღევანდელი ტექნოლოგიის წყალობით, პროექტების განხორციელების პროცესში საჭირო აღარაა კონკრეტულ ადგილას გაფრენა. საზღვარგარეთ თანამშრომლობას ამის გარეშეც ვახერხებ.

- ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ნაკლებრეალიზებულობის შეგრძნება არ გქონდათ?

- ამერიკიდან ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც განზრახული მქონდა. თანაც, ნერგის სხვის მიწაზე დარგვას სჯობს, შენსაზე დარგო. გარდა ამისა, ჩემი შვილები და მარიკუნა აქ იყვნენ. იმ პერიოდში უწმინდესმაც მოგვიწოდა დაბრუნებისკენ. ბუნებრივია, მუსიკოსისა და ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება აქ ბევრად რთულია, რადგან ქართველებმა ვერაფრით გაიაზრეს, რომ წესიერად ცხოვრება ბევრად ადვილია, ვიდრე - უწესოდ. კანონის უზენაესობა ქმნის მენტალიტეტს და შემდეგ მსგავსი მენტალიტეტი ზრდის სულიერებას. ამერიკული ცხოვრება ის არ არის, რასაც ფილმებში ვხედავთ. ნამდვილი ამერიკა იქაა, სადაც ამერიკელები ცხოვრობენ, სადაც ემიგრანტს ჯერ არ "გაუფუჭებია საქმე" და კრიმინალი არ არსებობს. ასეთი მოდელი და კანონის უზენაესობა მესახება გადარჩენის ერთადერთ საშუალებად. დასანანი და საკვირველია, რომ ერთი ოჯახის ხელა ქვეყანაში 30 წლის მანძილზე სათანადო ადამიანები არ გამოჩნდნენ, რომ საქმე სწორად წარემართათ.

- 18 წელი იცხოვრეთ ამერიკაში. ალბათ, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდით ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

- სხვაგვარად წარმოუდგენელია. პირველი რამდენიმე წელი სერიოზული "ბრძოლა" მომიხდა ადამიანებთან, ვინც რუსს მეძახდა. ხშირად ვესაუბრებოდი, ვაჩვენებდი წიგნებს, ვუხსნიდი, რომ გვაქვს განსხვავებული დამწერლობა, რომ ვართ ბევრად უფრო ძველი და დიდი კულტურის მატარებელი ერი, ვიდრე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. კარგ ქართულ ჩანაწერს რომ მოვისმენდი, შემდეგ ვავრცელებდი. რუსთაველის თეატრში შემდგარი გია ყანჩელის კონცერტის 100-ზე მეტი ასლი გავაკეთე და გარშემო მყოფებს დავურიგე. ასეთი დიადი ადამიანები და მათი შემოქმედება გინარჩუნებენ ქართველობას ემიგრაციაში.

GzaPress

- ამერიკაში ყოფნისას არაერთი ფილმის მუსიკაზე გიმუშავიათ. ერთ-ერთ ფილმში, რომლისთვისაც მუსიკა დაწერეთ, მელანი გრიფიტი მონაწილეობდა. ჰოლივუდის ვარსკვლავებს ხშირად შეხვედრიხართ? - ახალი ჩასული ვიყავი, როცა ფილმ "მილენიუმის" წარდგენაზე მიმიწვიეს. ფილმში ქეთრინ ზეტა ჯონსი და შონ კონერი თამაშობენ, პროფესიონალი ქურდები არიან. იყვნენ როგორც შემსრულებელი, ისე მოწვეული მსახიობები. როცა დაკვრა დავასრულე, ბართან დავჯექი. მალე გვერდით შონ კონერი მომიჯდა და საუბარი გამიბა. მძიმე ირლანდიური აქცენტით საუბრობს. მე ახალი ჩასული ვიყავი, ინგლისურში მოვიკოჭლებდი. ორი საათი მელაპარაკა და თითქმის ვერაფერი გავიგე. ახლაც არ ვიცი, რატომ მესაუბრა ასე დიდხანს... სადაც ვუკრავდი, დიდი, ორსართულიანი რესტორანია; მეორე სართული თითქოს პირველს ერტყმის გარს და იქ როიალი დგას. ვახშმობის შემდეგ სტუმრები ადიან, მუსიკას უსმენენ. ამ რესტორანში უამრავი ფილმია გადაღებული. ცნობილი მსახიობები ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ. მახსოვს, ერთხელ ჯიმ ქერი მოვიდა. ჩვენთან მიმტანად ძალიან სიმპათიური გოგონა მუშაობდა. ჯიმ ქერისთან მივიდა, რა მოგართვათო? - ჰკითხა. როცა გოგონამ მისი მაგიდა დატოვა, ჯიმი ჩუმად მიჰყვა უკან ზუსტად იმ მანერით, როგორითაც ეს გოგონა დადიოდა. ფაქტია, "მესამე თვალი" აქვს. შემდეგ სერიოზული სახით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. სევდიანი იყო. ორი უკიდურესობა ახასიათებს - ან ძალიან სევდიანია, ან ზედმეტად მხიარული.

- ამბობთ, რომ "მოხუცი დაიბადეთ"... ბუნებით დინჯი ხართ?

- არასოდეს მიყვარდა სისწრაფე. ფიქრი მიყვარს. არ ვიცი, ბოლოს რა გამომდის, მაგრამ სულსწრაფი არა ვარ.

- თუმცა, პირველი კონცერტი 6 წლის ასაკში გქონდათ, 15 წლისამ კი უკვე ჯგუფი ჩამოაყალიბეთ...

- დასარტყამ საკრავებზე "ნერგებში" ვუკრავდი. მნიშვნელოვანი სკოლა გავიარე. მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ.

- ფორტეპიანო მოგვიანებით "გაიცანით"?

- ფორტეპიანო ყოველთვის იყო, ოღონდ თავიდან - ძიძის ფუნქციით (იცინის). ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი. უბრალოდ, გამიმართლა, რომ მყავდა საოცარი პედაგოგი, მერი ალავიძე. მან ყველაფერი გააკეთა, რომ შეენარჩუნებინა ჩემი თავი მუსიკაში თუ მუსიკა ჩემში... ეს დანამდვილებით, მასწავლებლის დამსახურებაა. ყველანაირი კომპრომისისთვის მზად იყო. ერთადერთხელ გაბრაზდა და ბევრი გაცდენის შემდეგ ოჯახში "დეპეშა" გამოგზავნა. დედა შეშფოთდა, ვინმე ხომ არ გარდაიცვალაო? წერილში რუსული ასოებითა და ქართული სიტყვებით ეწერა: "გაიკვანეტ თუ ისევ დადის?!" - და კიდევაც მოჰყვა ამ ფრაზას დედას რეაქცია: ცოტა არ იყოს, მომხვდა "ყურის ძირში". რა მექნა, ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარდა, ვიდრე ნოტები და სოლფეჯიო...

- მაშინ მუსიკაზე სიარული ბიჭებში სირცხვილადაც კი მიიჩნეოდა. ესეც ხომ არ იყო გაკვეთილების გაცდენის მიზეზი?

- ეს მე არ შემხებია. მხოლოდ ერთხელ, როცა ჩემი მეგობრისთვის სტუდიაში რეკვიემი ჩავწერე და დამწუხრებული შინ ვბრუნდებოდი, გზა ნასვამმა გვარდიელებმა გადამიღობეს და ფიზიკურად გამისწორდნენ... ომის შემდგომი პერიოდი იყო. ჩვენ ავტომატი გვიჭირავს და ამას გიტარაო - იყო მათი არგუმენტი ფიზიკური ძალადობისთვის... ეს იყო ჩემთან, როგორც მუსიკოსთან, ერთადერთი კონფრონტაცია...

- ამბობთ, რომ 9 აპრილმა შეგცვალათ. შეცვლაში რა იგულისხმება - იდეალების მსხვრევა, იმედგაცრუება თუ უბრალოდ, პიროვნული ზრდა?

- ამ დღემ ნათლად მიჩვენა, რა ქვეყანაში დავბადებულვარ და გავზრდილვარ. ეს იყო ხელოვნურად შედგენილი ქვეყანა, სადაც თავისუფალი აზრის გამოვლენისთანავე ადამიანის სიცოცხლე არაფრად ჩააგდეს... რაც შეეხება იდეალებს, ისინი არც ყოფილა. ჩემი იდეალი გურამ რჩეულიშვილი იყო. მან დამაფიქრა პირველად. 9 აპრილმა კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი გურამ რჩეულიშვილი სჭირდება. რვა თვის მანძილზე მთელი საქართველო თითქოს გავერთიანდით, შემდეგ კი მივხვდი, რომ გაერთიანებისთვის განათლება, ფესვი, პოლიტსკოლის გავლაა საჭირო. გამახსენდა 40 წელი უდაბნოში, რომელიც დღემდე ვერაფრით გავიარეთ. მალე მივედით 90-იან წლებამდე და ომმა საერთოდ გამანადგურა... მხოლოდ მე არა, მთელი საქართველო შეცვალა.

- ამ პერიოდში შემოქმედებითად პასიური იყავით?

- პირიქით, ჯარიდან დაბრუნებული, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრი გავხდი. პროფესიულადაც ვაქტიურობდი. ერთადერთი ვიყავი, ვინც (გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობითა და გენო მამედოვის დახმარებით) მთელი ალბომი ჩავწერე. სხვათა შორის, ამ ალბომის საშუალებით მოვხვდი ამერიკაში.

- პირველი სერიოზული აღიარება როდის და როგორ მოვიდა?

- არ ვიცი... მოვიდა?!

GzaPress

- კარგი... როდის იგრძენით, რომ თქვენი შემოქმედება სხვისთვისაც აღსაქმელი, საგრძნობი და მოსაწონი იყო? - მერვე კლასში დაბადების დღეზე დავუკარი. სტუმრად მოსული უცხო გოგონა მოხიბლული დარჩა, მე კი მისით დავრჩი მოხიბლული (იცინის)... ამ საკითხს არასერიოზულად ვუყურებ... მოგეხსენებათ, ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ ვაფასებთ. ასე რომ, თუკი შემდეგაც განაგრძობენ ჩემი მუსიკის მოსმენას, გამოდის, დრო ფუჭად არ დამიკარგავს.

- კონკრეტულად ჯაზამდე როგორ მიხვედით?

- მამისა და რადიოს წყალობით. მკაცრი ცენზურის გამო რადიოში მხოლოდ საუკეთესო კომპოზიციები ხვდებოდა. მამა მაშინ იურიდიულზე სწავლობდა და პარალელურად, რადიოში მუშაობდა. საინტერესო მუსიკას მასმენინებდა, არაჩვეულებრივი გემოვნებით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ჩემი კლასელი იყო გია ყანჩელის შვილი სანდრო. ის მაძლევდა საოცარ ჩანაწერებს, რაც საბოლოოდ, ჩემში განათლების სახით დაგროვდა. მაგნიტოფონი არ მქონდა, ვთხოულობდი და ისე ვუსმენდი, თუმცა ჩანაწერებს მუდამ გულის ჯიბით დავატარებდი...

- მუშაობისას სპეციალური გარემო გჭირდებათ?

- კეთილგანწყობილი ხალხის გარდა, არაფერი მჭირდება. მსმენია, რომ ვინც მუსიკას წერს, სიმშვიდისა და მარტოობის გამო ხშირად თვეების მანძილზე ოჯახს ტოვებს. მე კი შეიძლება, წერის პროცესში ბავშვიც არ მასვენებდეს, ფიზიკურად მეხებოდეს, მეთამაშებოდეს - ეს ხელს არ მიშლის, რადგან მისგან მთავარი - კეთილგანწყობა, დადებითი ენერგია მოდის. ეს ისევე ახდენს ჩემზე გავლენას, როგორც პირიქით - კონფლიქტი და ნეგატიური ველის მატარებელი ადამიანები. უფრო მეტიც, რაიმე სახის კონფლიქტის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი მუსიკას ვეღარ ვწერ. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართულ ტელევიზიებს აღარ ვუყურებ: ღვარძლისა და დაპირისპირების გარდა, ვეღარაფერს ვისმენთ. იუმორს ცინიზმი ჩაენაცვლა, ეს კი ძალიან მოქმედებს ჩემზე.

- ხშირად აღნიშნავთ, რომ თქვენი შთაგონების მთავარი წყარო მეუღლე, მარინა სალუქვაძეა... რომ სიყვარულზე ხართ შეყვარებული... რა როლი აქვს ქალბატონ მარინას თქვენს შემოქმედებაში?

- როგორც მოგახსენეთ, ფიქრი მიყვარს. შესაბამისად, გადაწყვეტილებების (ზოგჯერ არც ისე სერიოზულისაც კი) მიღებისას ბევრს ვფიქრობ. მარიკუნა "პროფესიონალი გურულია", სხარტად ებადება იდეები და მაშინვე შეუძლია განახორციელოს კიდეც. ფეხბურთის გულშემატკივრებს ეხსომებათ დავით ყიფიანისა და რამაზ შენგელიას "თანამშრომლობა": ერთი პასს აწვდიდა, მეორეს კი გოლი გაჰქონდა. აი, ასე ვართ მე და მარიკუნა, ჩემი "ყიფიანია". სწრაფი და ძალიან ნიჭიერი; იმდენად ნიჭიერი, რომ მეშინია, ერთ დღესაც მუსიკა არ დამიწეროს და უმუშევრად არ დამტოვოს (იცინის)...

შორენა ლაბაძე