"ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული" - გზაპრესი

"ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული"

შვილის არჩევანის გამო მსახიობ მშობლებს - ნინიკო ჩხეიძესა და გოგი ტატიშვილს დიდი სიხარული არ გამოუხატავთ, მაგრამ კანონზომიერად ჩათვალეს მისი სურვილი, როცა თეატრალურ ინსტიტუტში მოინდომა ჩაებარებინა. თუმცა, მაინც უთხრეს, - დაფიქრდი, იქნებ სხვა პროფესია აჯობებდაო. მსახიობი მაია ტატიშვილი ამბობს: "საერთოდ, ჩემი თაობა ყველაფერში ძალიან შეზღუდული ვიყავით, მაგრამ როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, თეატრის გარდა, სხვა რამეზე ფიქრი ვერც წარმომედგინა. მისაღები გამოცდების დროს, კომისიის წევრებმა იცოდნენ, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, მაგრამ ეს რაღაც გარანტიებს სულაც არ ნიშნავდა".

- სცენაზე პირველი ნაბიჯები როცა გადადგით, თავიდანვე მყარად იდექით?

- მყარად ვიდექი იმიტომ, რომ მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის მეორე სახლი იყო. კულისებში გავიზარდე, ყველა ბუმბერაზი მსახიობი მახსოვს - ქალბატონი ვერიკო, ბატონი ვასო, ქალბატონი სესილია... ბავშვობაში უკლებლივ ყველა გასტროლზე ვიყავი თეატრთან ერთად, საზღვარგარეთის გარდა. ეს დიდი მსახიობები ჩემთვის დეიდები, ბიძები, ბებიები და ბაბუები იყვნენ. მერე გავიაზრე, ვისთან მქონდა საქმე და "ქალბატონოთი" და "ბატონოთი" მიმართვაზე გადავედი.

- მსახიობების შვილებთან მეგობრობდით?

- თეატრი სავსე იყო მსახიობთა შვილებით და არა მარტო. ჩვენ გარდა, იყვნენ თეატრის თანამშრომლების შვილებიც. ყველანი ვმეგობრობდით და გასტროლებზე სულ ერთად ვიყავით - კაკო და კობა კობალაძეები, ირაკლი ტრიპოლსკი, გოგი და მიშა მაღალაშვილები; ზურა ყიფშიძე ჩემზე ერთი წლით უმცროსია, თაზო თოლორაია ერთი წლით უფროსი იყო, ღმერთმა გაანათლოს... მე და თაზო და-ძმასავით ვიყავით, ჩვენთან გაიზარდა, ერთ ლოგინში გვეძინა. პირსახოცშემოხვეულები ვთამაშობდით მედეასა და იაზონის როლებს. მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარი სულ ჩაბულბულებული გვქონდა, ზეპირად ვიცოდით. გასტროლებზე ძირითადად, მატარებლით დავდიოდით, სადაც ერთ კუპეში გახლდით ბავშვები და უჰ, რა დღეში ვიყავით! ან სასტუმროს ერთ ოთახში შევიკრიბებოდით, ჰოლში ან ეზოში. როცა ბანკეტი იმართებოდა, მსახიობებთან ერთად ყოველთვის ისხდნენ სცენის მემანქანეები, ჩამცმელები, გრიმიორები და ა.შ. თეატრი ერთი დიდი ოჯახი იყო.

დედაჩემს რამდენჯერმე ვყავდი კინოგადაღებაზე. თენგიზ აბულაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს" მაღალმთიან სოფელ ლაილაშში, მთის მწვერვალზე იღებდა. ქალბატონი სესილია, დედაჩემი და მე ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ფილმში სოფლის ბავშვებთან ერთად დავდივარ და დავრბივარ, 8 წლის ვარ, ვერავინ ამომიცნობს. ერთი წლის შემდეგ ლანა ღოღობერიძის ფილმზეც - "მე ვხედავ მზეს" წამიყვანა დედამ. ერთი სიტყვით, ჩინებული და არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა.

GzaPress

- ძველი თაობის მსახიობებიდან ვის გაიხსენებთ? - ქალბატონ ვერიკოზე გიამბობთ. სპექტაკლში "იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან?" ქალბატონი სოფიკოს დუბლიორი ვიყავი, რომელიც პიესის მიხედვით, ვერიკოს შვილიშვილს თამაშობდა. ჩემსა და სოფიკოს შორის დაახლოებით 15 წელი იყო ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ ახალგაზრდობაში ისე გამოიყურებოდა, ასაკს ვერც შეატყობდი. სოფიკოს საზღვარგარეთ წასვლამ მოუწია და სპექტაკლში მე შევედი. მაშინ დუბლიორად ყოფნა არ ნიშნავდა სპექტაკლში გარანტირებულ მონაწილეობას ან ითამაშებდი, ან - არა. რა თქმა უნდა, ყველა რეპეტიციას ვესწრებოდი და დადგმაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევედი, თან მამისგან მემკვიდრეობით მივიღე კარგი მეხსიერება - ტექსტს სწრაფად ვიმახსოვრებ. სპექტაკლში ერთი სცენაა, სადაც შვილიშვილი ბებიას რაღაცას სთხოვს, უფრო სწორად, ეს მოთხოვნაა. ქალბატონ ვერიკოს რეპეტიციაზე დიდი მოწიწებით მოვკიდე ხელი, ფრთხილად გამოვიყვანე განზე და ტექსტი უნდა დავიწყო; ამ დროს ქალბატონი ვერიკო მეუბნება: შენი გმირის მენტალიტეტიდან გამომდინარე იმოქმედე, ის ხომ თავხედი და ოხერი გოგოა, ცუდად ექცევა მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. მომკიდე სახელოში ხელი და გამათრიეო. როგორია ახლა, გაათრიო ქალბატონი ვერიკო?!. იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა, დიდი შინაგანი თრთოლის ხარჯზე.

- სცენაზე არასოდეს დაბნეულხართ?

- არა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რისგანაც დაზღვეული არ ხარ. გიზო ჟორდანიას სპექტაკლში "სამგროშიანი ოპერა" სცენის სიღრმეში დიდი მასიური ხიდი ზევით-ქვევით ადი-ჩამოდიოდა. ერთ დღესაც, ხიდი ქვევით არ დაეშვა და შევრჩით ასე. დაიწყო შემდეგი ეპიზოდი, რა ვქნათ? მიზანსცენის მიხედვით, იქ არაფერი გვესაქმება. კარგია, რომ მაყურებლისგან საკმაოდ შორს ვიყავით. ძირითადი მოქმედება ავანსცენაზე ხდება, მაგრამ გულხელდაკრეფილი ხომ არ დავსხდებოდით? რადგან ეპიზოდი პოლის ეხებოდა, ჩვენც მის ირგვლივ დავიწყეთ საუბარი - ვის მიყვებოდა ცოლად, დედამისს ვინ ეტყოდა ამ ამბავს და ა.შ. ამასობაში ხიდიც ამოძრავდა, ბრახუნით დაეცა იატაკს და მსახიობებმა სცენა საჩქაროდ დავტოვეთ.

მე და დედაჩემს სპექტაკლში - "ეზოში ავი ძაღლია" საერთო სცენა, პატარა დიალოგი გვქონდა. ერთხელ ვხედავ, შუა ეპიზოდის დროს სახე შეეცვალა და უცნაურად მიყურებს. იმწუთას არაფერი შევიმჩნიე და როცა ვკითხე, - რა მოხდა, რამე მქონდა გასასწორებელი თუ ცუდად გამოვიყურებოდი-მეთქი? - მიპასუხა: უცბად გავიფიქრე, ნეტავ მაიამ დღეს ბავშვი ვის დაუტოვაო?.. ჩემი გოგონა მაშინ ორი წლის იყო, ძალიან დაკავებული ვიყავი, ამიტომ ბავშვს ხან მეზობელთან ვტოვებდი და ხან ნათესავთან.

- საინტერესოა მშობლების შეფასება თქვენ მიერ განსახიერებულ როლებზე. - როცა პირველად გამოვჩნდი სცენაზე ერთ-ერთი მთავარი როლით და არა მასობრივ სცენაში, მამამ მითხრა: მე ახლავე მჯობიხარ და დედაშენზე ნაკლები ნამდვილად არ იქნებიო (იცინის). ეს იყო ელოს როლი "იეთიმ გურჯიდან". მყავდა არაჩვეულებრივი პარტნიორი, ბატონი ირაკლი უჩანეიშვილი... ერთიმეორეზე ბრწყინვალე მსახიობები იყვნენ, საოცარი თანავარსკვლავედი.

უდიდესი ბედნიერება იყო სოფიკო ჭიაურელის პარტნიორობა, განსაკუთრებით, რეზო კლდიაშვილის სპექტაკლში "საპოვნელა", რომლის პრემიერა 1995 წლის თებერვალში გაიმართა. ამ დროს არის სიბნელე, სიცივე, არ არის გაზი... ხალხი საშინელ მდგომარეობაშია. მედეა კუჭუხიძემ სპექტაკლი თეატრის ფოიეში, შეშის ღუმელთან დადგა. ყველა მსახიობი პალტოში ჩაცმული ვთამაშობდით, სოფიკო ჭიაურელისა და ნინო კაკაბაძის გარდა (დედა-შვილი იყო), რადგან პიესის მიხედვით, მათ სახლში მიდის მოქმედება. მაყურებელიც დარბაზში პალტოებით იჯდა.

- მშობლების პრემიერების დროს, რა განცდები გქონდათ?

- ახლა ნაკლებად ხდება, სამწუხაროდ, მაგრამ მაშინ ყველა მსახიობი ესწრებოდა იმ დადგმების რეპეტიციებს, სადაც თავად არ მონაწილეობდა. ეს ტრადიცია იყო, ამიტომ პრემიერა ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, რეპეტიციებზე ვხედავდით ნამუშევარს. ჩემი მშობლებისთვის რა შენიშვნა უნდა მიმეცა, მაგრამ შემეძლო მეკითხა, რაც ჩემთვის უჩვეულო ან ცოტა გაუგებარი იყო. ასე რომ, ყველა სპექტაკლი ჩემ თვალწინ იქმნებოდა. მამა ცნობილი იყო, როგორც საოცარი ოქროპირი და მჭევრმეტყველი. ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი, რითაც ყველას აცვიფრებდა. სამწუხაროდ, ძალიან ადრე, 62 წლისა გარდაიცვალა. დედამ 150-მდე ეპიზოდური როლი შეასრულა თეატრსა და კინოში, 99 წლის იყო, როცა გარდაიცვალა.

- ქალბატონმა ნინომ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და კარგად წერდა. ძმას მიუძღვნა წიგნი "უშანგი"; ბოლო წლებშიც უყვარდა ჩანაწერების კეთება?

- უნდოდა, მოგონებების წიგნი - "რა უნდა მეთქვა" გამოეცა, მაგრამ ვერ შეძლო. ეს იყო წერილები მეგობრებზე - ხელოვან თუ არახელოვან ხალხზე, რომელიმე თეატრის იუბილესა თუ რაიმე საზეიმო ღონისძიებაზე. ყველაფერს ეხმაურებოდა და თავისი შეფასება ჰქონდა. ბოლოს ვეღარ წერდა, მხედველობა ძალიან დააკლდა და შესაბამისად, აღარც კითხულობდა.

GzaPress

- უშანგი ჩხეიძე გახსოვთ? - ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, წლინახევრის ვიყავი. ფაქტობრივად, არ მახსოვს. ერთადერთი, მეხსიერებაში დამრჩა მისი სილუეტი, შინდისფერ ხალათში, რომელიც ახლა მუზეუმის საკუთრებაა, ხელოვნების სასახლეს გადავეცით პირადი ნივთები და ავეჯი. არსებობს კადრები ორი კინოფილმიდან უშანგის მონაწილეობით. ესენია: კოტე მარჯანიშვილის მიერ გადაღებული მუნჯი ფილმი "კომუნარის ჩიბუხი" და "ნარინჯის ველში" პატარა ეპიზოდი, სადაც რაიკომის მდივანს თამაშობს. არის კიდევ კადრები - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების ცნობილი გავლა, მაყურებელს რომ ესალმებიან და ერთმანეთის მხარზე უდევთ ხელი. ეს არის და ეს. მისი ხმა რადიოს ოქროს ფონდმა შემოინახა. უშანგი ჩხეიძის შემოქმედების ამსახველ ფოტოებთან და ნივთებთან ერთად ვიზრდებოდი, მის მონოლოგებს ვუსმენდი. სულ ჰამლეტი რომ მესმოდა, 9 წლის ასაკში წავიკითხე პიესა. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვერაფერი, მაგრამ ძირითადი ქარგა გავიგე. მერე აღვიქვი ის სიღრმე, რასაც მონოლოგებში ვისმენდი. ახლაც კი, აბსოლუტურად ესადაგება დღევანდელობას - წაკითხვის მანერას ვგულისხმობ. ბავშვობიდანვე სიამაყის გრძნობა მქონდა, რომელსაც საზოგადოება მიქმნიდა, უშანგის დისშვილი - ეს ტიტული მაქვს.

- ქალბატონმა ნინომ მთელი ცხოვრება ძმის სახელის უკვდავყოფას შეალია... დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე უშანგი ჩხეიძის გადასვენება, მისი გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მოხდა...

- იმ დღეს სასაფლაოზე წასვლის წინ, ფეხები უკან მრჩებოდა: რაღაცნაირად, არაქრისტიანულია მიცვალებულის შეწუხება და ეს მთრგუნავდა. დილით ადრე, ალბათ რვის ნახევარზე, უკვე იქ ვიყავით: დიდუბის გამგებელი, ორი უცნობი კაცი (ალბათ, ასე იყო საჭირო), დედა, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი, დასის გამგე, ბატონი აკაკი კუჭუხიძე, მაშინდელი კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი და მესაფლავეები. დედაჩემი რომ მივარდა და დაემხო კუბოს, მე მხოლოდ ერთხელ დავხედე, ისეთ განცდებში ვიყავი (ქალბატონი მაია საუბარს ვეღარ აგრძელებს, ტირილი ეძალება. - ავტ.)... დედას ვთხოვე, ახლა ხელში არ ჩამაკვდე-მეთქი და გამოვიყვანე. მერე ვუთხარი: ეს შენი სურვილია და მადლობა ღმერთს, რომ იყო ხალხი, ვინც თვლიდა, რომ ასე უნდა ყოფილიყო. დედაჩემმა თავი ხელში აიყვანა და გარკვეულწილად, აღფრთოვანებულიც იყო, რადგან მისმა ძმამ ასეთ წმინდა ადგილზე პოვა სამუდამო განსასვენებელი. და იცით, რა თქვა? "უშანგიმ კიდევ ერთხელ დაინახა მზისქვეშეთი". საიდან მოუვიდა ეს აზრი? სხვათა შორის, ერთ-ერთმა გაზეთმა სტატია გადასვენების ფაქტთან დაკავშირებით, სწორედ ამ ფრაზით დაასათაურა.

GzaPress

- აქ, თქვენს სახლში გამოფენილი უშანგის ფოტოებიდან, ყველაზე მეტად რომელი გიყვართ? - "ურიელ აკოსტა", რომელიც მრავალი ათეული წელია, თაობიდან თაობაზე გადადიოდა. სპექტაკლი არის მარჯანიშვილის თეატრის მშვენება. ბოლოს, 2006 წელს სოფიკო ჭიაურელმა აღადგინა. ის სული და მუხტი, რაც თავის დროზე კოტე მარჯანიშვილმა ჩადო, თაობების ცვლასთან ერთად, წუთითაც არ განელებულა და არც გადასხვაფერებულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსახიობმა თავისებურად განასახიერა როლი. ვმონაწილეობდი ქალბატონი ვერიკოს მიერ აღდგენილ სპექტაკლში, მოცეკვავეების სცენაში. ამწუთას ეს არის ყველაზე ახლობელი უშანგის ფოტოებიდან.

- გრძელდება თუ არა თქვენი ოჯახის სამსახიობო ტრადიცია?

- ჩემს შვილს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როცა ავუხსენი ყველა სირთულე და თავადაც იცოდა თეატრის შიდა სამზარეულო, დამიჯერა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. ამჟამად, სულ სხვა პროფილით მუშაობს. შვილიშვილი ნიკა მითაიშვილი თეატრალურში, სამსახიობოზე სწავლობდა გიზო ჟორდანიას ბოლო ჯგუფში. ორი კურსი დახურა და ბატონმა გიზომ უთხრა, რომ მისი გონების მქონე ადამიანი ჯობდა, სარეჟისოროზე გადასულიყო. თავის მხრივ, ამას ნიკაც მიხვდა და ტელესარეჟისორო ფაკულტეტზე გადავიდა, რადგან თეატრში საკუთარი თავი ვერ დაინახა. შარშან დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგისტრატურაზე ფიქრობს, მაგრამ ამ ეტაპზე ხმის რეჟისორად მუშაობს ერთ-ერთ ტელევიზიაში. ამასობაში ოჯახი შექმნა და ახლა პატარა შვილთაშვილი მყავს.

დიდი ოჯახი მაქვს, ხუთი სული ერთად ვცხოვრობთ. წლინახევრის ბავშვი რომ გეყოლება, სახლში საქმეს რა გამოლევს?! სცენაზე ჯერჯერობით არ გამოვდივარ, მაგრამ არ განვიცდი. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი თეატრი და ჩემი კოლეგები. მათი არსებობა ჩემთვის სულიერი საზრდო და მაცოცხლებელი ძალაა. მარჯანიშვილის სიტყვებით დავამთავრებ: "ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა". სიხარული და მხნეობა ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.

ნანული ზოტიკიშვილი