"ყაზბეგურის" შესრულებისას განსაკუთრებით ვგრძნობ ქართულ სულს" - გზაპრესი

"ყაზბეგურის" შესრულებისას განსაკუთრებით ვგრძნობ ქართულ სულს"

იაპონელი მასაფუმი ნოგუჩი 31 წლისაა. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოშია, მაგრამ ქართულად წერასა და საუბარს უკვე ახერხებს. გარდა ამისა, ქართული ცეკვის ოსტატობასაც ეუფლება ანსამბლ "რუსთავში", ქორეოგრაფ კახა ცინცაძესთან. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რატომ და როდის დაინტერესდა ჩვენი ქვეყნითა და კულტურით, თავად გვეტყვის.

- წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვედი საქართველოში. ინტერნეტით ვნახე "სუხიშვილების" ვიდეო, ქართულმა ცეკვამ იმდენად წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ჩემს ქართველ მეგობარს ყველაფერი გამოვკითხე თქვენი ქვეყნის შესახებ. ის ინგლისურის მასწავლებელია იაპონიაში და სწორედ მან დამაკავშირა ანსამბლ "რუსთავთან".

GzaPress- სამშობლოში რას საქმიანობდი, რა პროფესიის ხარ?

- თეატრის მსახიობი ვარ - აკრობატიკა, ცეკვა, სიმღერა, ყველაფერი მეხერხება. 6 წელი ვიმუშავე მუსიკის თეატრში. ტოკიოს მახლობლად, გუნმას პრეფექტურაში ვცხოვრობ. მყავს მშობლები და ძმა. როდესაც ოჯახის წევრებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, გაუკვირდათ. ღმერთო ჩემო, იცი, სად მიდიხარო? - მკითხა დედამ. მანამდე მწირი, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა საქართველოს შესახებ.

- როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები აქ ჩამოსვლის შემდეგ?

- იაპონიაში ზაფხულის დადგომამდე ნესტიანი და წვიმიანი სეზონი იწყება. აქ სწორედ მაგ პერიოდში ჩამოვედი და გამიკვირდა, ძალიან რომ ცხელოდა და სულ მზიანი, თბილი ამინდი იყო. ქუჩაში ძაღლების სიმრავლემაც გამაკვირვა და მანქანების უთავბოლო მოძრაობამაც. რაც შეეხებათ აქაურებს, ქართველები კეთილგანწყობილები და მეგობრულები ხართ. ცეკვაზე აღარაფერს ვამბობ - ეს საოცრებაა.

- რომელ ცეკვებს გამოარჩევდი და რამდენად რთული იყო ილეთების შესწავლა?

- გამოვარჩევდი "მთიულურსა" და "ყაზბეგურს", რომლის შესრულებისას განსაკუთრებით ვგრძნობ ქართულ სულს, ასევე, "აჭარულსაც". რაც შეეხება სირთულეს, იოლი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით "ყაზბეგური", თითისწვერებსა და მუხლებზე ცეკვა რომ გიწევს. ჩემთვის რთული შესასრულებელი აღმოჩნდა ტექნიკურადაც და ფიზიკურადაც, მაგრამ ამან კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა. კვირაში 4 დღე ვვარჯიშობ, დანარჩენ დღეებში თავისუფალი დრო მაქვს და ვეცნობი საქართველოს ისტორიას, უკეთესად რომ ჩავწვდე ქართული ცეკვის ხასიათს. ვიცი, ქართულ ცეკვაში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს არ ეხებიან და ეს სწორედ ისტორიიდან, თქვენი კულტურიდან მოდის.

GzaPress

- საქართველოს რომელი კუთხე მოინახულე, რომელმა მოგხიბლა ყველაზე მეტად და აქაურ სამზარეულოზეც გვითხარი, როგორ მოგეწონა? - კახეთსა და აჭარაში ვიყავი, ვნახე ყაზბეგიც, მაგრამ უნდა ვაღიარო, კახეთმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, საოცრება იყო. ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებული ვარ, განსაკუთრებით - "ოჯახურით", თუმცა ხინკალი, ხაშლამა, მწვადი... უფ, მაგარია ყველაფერი, რა გითხრათ (ამას უკვე ქართულად მეუბნება. - ავტ.).

- დაბოლოს, როდის ბრუნდები უკან, იაპონიაში და ქართული ცეკვების დაუფლების შემდეგ რა მიზანი გაქვს?

- მაისში ვაპირებ იაპონიაში დაბრუნებას. მინდა, ჩამოვაყალიბო ანსამბლი და სტუდია, სადაც იაპონელებს ქართულ ცეკვას შევასწავლი. ეს ჩემი ოცნებაა. ვფიქრობ, იაპონელები დაინტერესდებიან თქვენი ქვეყნითა და ქართული ცეკვით.

ნინო ჯავახიშვილი