ბელგიური მრავალპროფილიანი კლინიკის ქართველი შეფმზარეული - გზაპრესი

ბელგიური მრავალპროფილიანი კლინიკის ქართველი შეფმზარეული

"ამბავი ჩემზეა, მშრალად მოგიყვებით, რომ არ დაგღალოთ... 1996 წელს სამუშაოდ წავედი საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში. რატომ? არ დავიწყებ ახლა ზნექვას და ტყლარჭვას, - იმიტომ, რომ 22 წლის უკვე ქვრივი ვიყავი, არც სამსახური მქონდა, მხოლოდ ერთი პერსპექტივა არსებობდა - მაღალჩინოსნის საყვარელი გავმხდარიყავი და გარდამავალი წითელი დროშასავით, ხელიდან ხელში გადავსულიყავი. ეს ვერ შევძელი და წავედი. ჩემებმა იციან და აქ არ მოვყვები, როგორ გავიზარდე!.. მოკლედ, კარგად ვისწავლე ბერძნული ენა. ბავშვის მომვლელად რომ ვმუშაობდი, სალონიკში დავამთავრე უმაღლესი სკოლა, სასტუმროს მენეჯმენტის და რესტორნის მართვის განხრით, და გადავწვიტე, სამსახური კუნძულზე მეშოვა. სასტუმროც ბევრი იყო და რესტორანიც, თან ანაზღაურებაც დიდი გახლდათ.

მოკლედ, სალონიკში იყო ე.წ. გრაფიოები, პატარა ოფისებივით: ერთი ოთახი იყო, სადაც იჯდა ვიღაც და 100-200 დოლარად სამსახურს შოულობდა სხვებისთვის. მივედი ამ "გრაფიოში" და ქართველი ქალბატონი დამხვდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ინგლისურად დაველაპარაკე. ეტყობა, ინტუიციამ თავისი ქნა. ქალმა რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, "ვენები გადაიხსნა", მეფერა, მკოცნა. მეც, დედასა და ყველას მონატრებულს, გული ამიჩუყდა. სასწრაფოდ გიშოვი, დედიკო, სამსახურს, საუკეთესო ოტელშიო. არ მითქვამს, დიპლომი რომ მქონდა და ბერძნულიც ქართულივით ვიცოდი - აქაც ინტუიციამ დამიცვა. დამიბარა მეორე დღეს... შესახედავად ურიგო გოგო არ ვიყავი. - გიშოვე სამსახურიო, - მითხრა, - ოტელში იცხოვრებ და კვებაც იქ გექნება, გადასარევი ხალხია მეპატრონეები, სასტუმრო კვიპროსზეაო. მეპატრონე ჩამოსულია, პერსონალს აგროვებს და შეგახვედრებო. იღება კარი და შემოდის "მელეხი" ბაბუ, კრიალოსნით. გვერდით მოჰყვება ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი, "საკუბოედ" გამოწყობილები. დაჯდა ბაბუ, მუშტრის თვალით შემათვალიერა და რა თქმა უნდა, ქალბატონს დაუწყო დეტალებზე საუბარი. ამ ქალმაც უთხრა, - თავისუფლად ისაუბრეთ, ენა არ იცისო. ბორდელის მეპატრონე იყო, დაცვასთან ერთად. კარგა ხანს ვუსმინე, ხმა არ ამომიღია და პასპორტის მიცემაზე რომ მიდგა საქმე, ქალბატონმა მომთხოვა, - მიეცი, დედიკო, პასპორტი, ხელშეკრულებისთვის სჭირდებაო, - იქ კი გავიძვრე ფეხსაცმელი და წავუშინე ამ ქალს! ისეთი ამბავი დავატრიალე, ერთმანეთს ასწრებდნენ. მე გადავირჩინე თავი 200 დოლარად გაყიდვას, მაგრამ რამდენი ჩემნაირი ჩაითრიეს და წამალზე დასვეს, მერე რომ ემართათ, ვინ იცის?! კაცები რასაც სჩადიან, კარგად ვიცით, მაგრამ დამერწმუნეთ, ქალზე საშიშები ვერ არიან..."

სოციალურ ქსელში წაკითხულმა ამ პოსტმა მისი ავტორი მომაძებნინა. ეკა ლოლაძე ამჟამად მეუღლესა და შვილთან ერთად, ბელგიაში ცხოვრობს და ერთ-ერთი კლინიკის შეფმზარეული გახლავთ. საუბრობს ნიდერლანდურად, ბერძნულად, რუსულად, ინგლისურად. გარდა ამისა, წერს ლექსებს, ხატავს.

GzaPress

- 19 წლის დავქვრივდი. 2 წლისა და 10 თვის შეუღლებულები ვიყავით, მეუღლე ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპა. საჭესთან მისი მეგობარი იჯდა. სატვირთო მანქანას შეეჯახნენ. 23 წლის იყო თვითონ, წლისა და 10 თვის ბიჭი დამრჩა. ფაქტობრივად, თვითონაც ბავშვი ვიყავი. ქიმიის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ 90-იან წლებში, იცით, ქვეყანაში რაც ხდებოდა და ამიტომ, 1993 წელს გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი. იქიდან ერთ კვირაში ჩამოხვალო, - მითხრა მამაჩემმა. არ ჩამოვალ-მეთქი, ვუპასუხე. ბავშვი, რა თქმა უნდა, მშობლებთან დავტოვე და საბერძნეთში წავედი. არ ვიცოდი, რა მელოდა. დაახლოებით 10 დღე ვცხოვრობდი ნაცნობთან, მაგრამ მასთან დიდხანს ვერ გავჩერდებოდი და ოჯახში დავიწყე მუშაობა. გამიმართლა, კარგი ადამიანები შემხვდნენ, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო, მე რომ საკუთარი შვილი მყავდა დატოვებული და აქ სხვას ვუვლიდი. მაშინ ინტერნეტით ისე ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდით ოჯახის წევრებს, როგორც დღეს. არ მინდოდა, მთელი ცხოვრება ასე გამეტარებინა. ვიცოდი, რისი პოტენციალიც მქონდა, ამიტომ სასტუმროსა და რესტორნის მართვა შევისწავლე, რაშიც იმ ოჯახმა ძალიან შემიწყო ხელი. დიასახლისი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო, მამეცადინებდა და ბერძნულსაც მასწავლიდა. 10 თვეში ენა უკვე კარგად ვიცოდი, დიპლომსაც მალე ავიღებდი და შევძლებდი, დამოუკიდებლად მეცხოვრა, ოთახი მექირავებინა და სხვაგან მემუშავა. 2 ქართველ გოგოსთან ერთად ქირით გადავედი. მერე კუნძულზე წასვლა გადავწყვიტე, რადგან იქ უკეთესი ანაზღაურება იყო. სამწუხაროდ, ბერძნები უფრო დამეხმარნენ ყველაფერში, ვიდრე ქართველები. ნელ-ნელა ვისწავლე, რომ უცხოეთში ბევრს არ უნდა ენდო და საკუთარი თავი თვითონ დაიცვა. იმ ამბავს აღარ მოგიყვებით, უკვე წაგიკითხავთ - ის ქართველი ქალი ისე ჩამაცივდა და ისეთი რამეები მკითხა, ეჭვი გამიჩნდა. ბოლოს, პასპორტი მოგვეციო, რომ მითხრეს, აი, მაშინ გავგიჟდი. პოლიციაში ვერ განვაცხადებდი, ისევ მე გამომიშვებდნენ უკან, არავინ დამიჯერებდა. ისიც კი არ ვიცოდი, სად უნდა დამეცვა ჩემი უფლებები. მოკლედ, ვიშოვე სხვა სამუშაო, რესტორანში, რომელიც ეკუთვნოდა ცოლ-ქმარს, - ქმარი ბერძენი იყო, ცოლი რუმინელი, 2 შვილი ჰყავდათ. რამდენიმე მიმტანი სჭირდებოდა, თვითონ შეფი იყო და ჩვენც იქვე უნდა გვეცხოვრა. სულ ჩხუბი და დავიდარაბა ჰქონდა ცოლ-ქმარს. სამლოცველო იდგა მოპირდაპირე მხარეს, ეზოში შევდიოდი და ზოგჯერ იქ მეძინა, წასასვლელი არსად მქონდა. ჯერ ცოლი გაექცა, მერე - ორივე დასაქმებული ქალი და ისე მოხდა, რომ ბოლოს მე დავრჩი. რამდენიმე ღამე გარეთ, ქუჩაში დავდიოდი. ფულსაც არ მაძლევდა, სადმე რომ წავსულიყავი ან ოთახი მექირავებინა. ხვალ მოგცემ, ზეგ მოგცემო, გაიძახოდა და ამასობაში 2.000 დოლარი დაუგროვდა. აბსოლუტურად დაუცველი ხარ და აი, ახლაც კი, როცა ამას ვყვები, თითქოს თავიდან "გავდივარ" ყველაფერს. 3-4 დღეში ჩამოვიდნენ ბერძენი გოგოები სამუშაოდ. ჩემი ამბავი ვუამბე მათ და დამამშვიდეს, რამდენიმე დღე ვიმუშავებთ, შევხედავთ, რა ხდება, ნუღარ გეშინიაო. იმათ ყველას რომ მისცა ნამუშევარი, მე კი მხოლოდ 100 დოლარი და გავაპროტესტე, მითხრა, აქ ჭამდი და აქ გეძინა, მეტი რატომ უნდა მოგცე? თუ არ გაჩერდები, პოლიციას დავურეკავ ან ბორდელის მეპატრონეს მიგყიდი, მისი ვალი მაქვსო. მოკლედ, ყველანი ერთად წამოვედით სამუშაოდან. რთულია, მაგრამ ამ ყველაფერს ვეგუებოდი, სხვა გზა არ მქონდა... შენ მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვი, არჩევანის საშუალება არ გაქვს. იბრძვი, რომ არ მოკვდე და არა იმიტომ, ფული აკეთო და იცხოვრო. გეშინია, ვიღაცამ არ მოგკლას, ცუდ ამბავში არ გაეხვიო. იმ პერიოდში მაკედონიიდან ჩამოსული ალბანელების ჯგუფი გოგონებს აუპატიურებდა, ხოცავდა, კუწავდა და მარხავდა. 5 გოგო იპოვეს. ამ ბანდას ერთხელ მეც გადავეყარე, მაგრამ ალბანელ ბიჭს ვიცნობდი, მებაღედ მუშაობდა იმ ოჯახში, სადაც მე; მისი სახელი ვახსენე და ამან მიხსნა.

- საქართველოში როდის დაბრუნდით?

- 5 წლის შემდეგ ჩამოვედი. ამდენი ხნის მანძილზე არავინ მყავდა ნანახი. საბერძნეთიდან წამოსვლა ბერძენმა მეგობარმა გადამაწყვეტინა. 20 საათი ვმუშაობდი, 4 საათი მეძინა, თან მძიმე სამუშაოს ვასრულებდი. შენი წამება უნდა დამთავრდესო, მითხრა, ბილეთი ამიღო და თბილისში გამომიშვა. 8 წლის იყო ჩემი შვილი, ვერ ვიცანი... თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დავიწყე მუშაობა, მერე - ნავთობსაზიდი ტერმინალის მშენებლობის ოფისში და მალევე გავთხოვდი კიდეც.

- მეუღლე ბელგიელია?

- არა, ქართველია, გიორგი ურიადმყოფელი. მან გადაწყვიტა ბელგიაში საცხოვრებლად წამოსვლა, თორემ მე ნამდვილად აღარ მინდოდა სხვა ქვეყანაში ყოფნა. საზღვარგარეთ ხვდები, რა შეგიძლია და ვინ ხარ, რაზე ხარ ხელის მომწერი, რადგან მარტო რჩები. თუ უკიდურესი მდგომარეობა არ გაქვს, ქვეყნიდან არ უნდა წახვიდე, ასე მიმაჩნია... ბელგიაში ლტოლვილებად ჩავბარდით. ახლა მოქალაქეები ვართ. 6 წელიწადზე მეტხანს საბუთი არ გვქონდა, რის გამოც საქართველოში ვერ ჩამოვდიოდით. გვყავს 16 წლის გოგონა, მარიკო, არქიტექტურულ კოლეჯში სწავლობს, ვაჟი კი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის პრეზიდენტია, ყოფილი წყალბურთელი. მეუღლესაც ჰყავს შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც არქიტექტორია და ისიც თბილისში ცხოვრობს.

- ეკა, ამჟამად რას საქმიანობთ?

- დავამთავრე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური უმაღლესი სკოლა და რამდენიმე წელი პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებთან ვიმუშავე. მივხვდი, არ შემეძლო, ჩემში ვიტოვებდი მათ პრობლემებს და შინ მომქონდა, ვერ ვივიწყებდი. ასეთი ბავშვების "გახსნა" ურთულესი პროცესია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, ეს ყველაფერი გადაიტანო და ნორმალური ფსიქიკის ადამიანად დარჩე. ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველა ბავშვის ამბავი ვიცოდით, მაგრამ გამჟღავნების უფლება არ გვქონდა. იყვნენ გოგონებიც და ბიჭებიც, 5 წლის ბავშვიც კი. ყველას ამბავი ერთმანეთს ჰგავდა, რადგან მოძალადე იყო უმეტესად, ოჯახის წევრი - ან ბიძა, ან მამა, ან ბაბუა. ამჟამად შეფმზარეული ვარ მრავალპროფილიან კლინიკაში. 9 წლის ვიყავი, სამზარეულოში ტრიალი რომ მომწონდა და რაღაცებს თვითონ ვამზადებდი ნინო ხოფერიას წიგნიდან, ბევრს ჩემითაც ვიგონებდი. საბერძნეთში, სასტუმროში მუშაობისას იტალიელი შეფი გვყავდა. სულ მის გვერდით ვიდექი და ვუყურებდი, რას როგორ ამზადებდა. მერე გადავწყვიტე, პროფესიონალი მზარეული გავმხდარიყავი. გავიარე კურსები, ვისწავლე ყველანაირი პროდუქტის თერმოდამუშავება. დიეტოლოგების ჯგუფთან ერთად, თანხმდება კლინიკის მენიუ. საერთოდ, ბელგიელებში ფრანგული სამზარეულოს გავლენა შეიმჩნევა და ზღვის პროდუქტები უყვართ. ქართულ სამზარეულოს კი ჩემთან აგემოვნებენ და მოსწონთ. ასე რომ, აქაურებს მე და ჩემი მეუღლე საქართველოს დღემდე ვაცნობთ.

ნინო ჯავახიშვილი