"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ - გზაპრესი

"მეღვინეების ბრძოლაში" ქართველები ლიდერობენ

მოლდოვის მე-8 არხის ეთერში უკვე რამდენიმე კვირაა გადის გადაცემა "მეღვინეების ბრძოლა". პროექტი მოიცავს ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას, სომხეთსა და საქართველოს, ხოლო გადამღები და შემოქმედებითი ჯგუფი ლატვიურია. საქართველოდან პროექტში გასამარჯვებლად ორი კომპანიის წარმომადგენელი: აურიკა კროიტორი და თორნიკე ჩუბინიძე იბრძვის.

პროექტის მთავარი არსი ქვეყნებს შორის შეჯიბრებაა - ვინ უფრო კარგ ღვინოს აწარმოებს და ვინ უკეთეს მასპინძლობას გაუწევს კოლეგა მეღვინეებს. კონკურსი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის ღვინოსა და მის წარმოებას, ტექნოლოგიის თავისებურებებს, სამზარეულოს მრავალფეროვნებასა და მოცემულ ღვინოსთან კერძების შეხამებას, მასპინძლობისა და ყურადღების ხარისხს.

გადაცემა 8 ეპიზოდად დაიწყო და თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა თავი გამოიჩინოს ღვინითა და სტუმარმასპინძლობით. ეპიზოდების ნაწილი, რომელიც მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ეხებოდა, უკვე გავიდა ეთერში. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველები ლიდერობენ, მაგრამ ახლა ჯერი სომხეთზეა და ინტრიგა კვლავ შენარჩუნებულია...

გადავწყვიტეთ საქართველოს წარმომადგენლებს დავკავშირებოდით და მათგან შეგვეტყო, თუ რა გამოწვევების გადალახვა მოუხდათ პროექტის განმავლობაში. ორივე მონაწილეს დაახლოებით ერთნაირი კითხვები დავუსვით:

- როგორ გახდით მეღვინე?

თორნიკე: - 2014 წელს სოფელ შილდაში მიწის ნაკვეთი შევიძინე და მას მერე იქ გადავსახლდი. ავაშენეთ პატარა მარანი, ჩავყარეთ ქვევრები... ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, ამ დროისთვის 3 სახეობის ქვევრის ღვინო გვაქვს... თავიდან მხოლოდ დედას სჯეროდა ჩემი წამოწყების, მამა კი მეწინააღმდეგებოდა. ახლა მამაც ჩემი მთავარი დამხმარე და გულშემატკივარია.

GzaPress აურიკა: - სამწუხაროდ, ჯერ მეღვინე არ ვარ და არც ტექნოლოგიურ პროცესებში ვერთვები. ამ ეტაპზე მხოლოდ ვსწავლობ... ჩემი საქმე კომპანიის მენეჯმენტია. თუმცა, პროცესების ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფასა და ღვინის გაყიდვებში აქტიურად ვმონაწილეობ.

- თქვენი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის სახელი და გვარი, უცნაურად ჟღერს...

- წარმოშობით მოლდოველი ვარ. 8 წლიდან ზუგდიდში ვიზრდებოდი, შემდეგ კი თბილისში გავთხოვდი და როგორც ჩემი მეგობრები ხუმრობით ამბობენ, ორი სვანი შვილი მყავს... როდესაც ჩემს წარმომავლობაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ სულით ქართველი ვარ და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

- რატომ ჩაერთეთ ამ პროექტში?

- ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, შემესწავლა სომხური, მოლდოვური და უკრაინული ღვინის ბაზრის თავისებურებები. მცირე და საშუალო ქართული მეღვინეობები მომხმარებელს მარტო ღვინოს არ სთავაზობს. როგორც წესი, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურაც. არც ჩვენი კომპანიაა გამონაკლისი. ამიტომ საინტერესო იყო როგორც კონკურენტული შეთავაზებების ხილვა, ისე პერსპექტიული ბაზრების მოთხოვნილებებისა და გემოვნების შესწავლა, რაც დაგვეხმარება სწორი პროდუქტის შექმნასა და გამართული შეთავაზებების ჩამოყალიბებაში.

თორნიკე:

- ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა სხვა მეღვინეებთან ინტერაქცია და აზრთა გაცვლა, განსაკუთრებით, როდესაც მეღვინეები სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ამიტომ პროგრამაში მონაწილეობა ნაყოფიერია. ასევე საინტერესო იყო სხვა ქვეყნების ადგილობრივი, მათ შორის ენდემური ვაზის ჯიშებისა და მათგან დამზადებული ღვინის გაცნობა, დეგუსტაცია. გადაცემამ საშუალება მომცა გამეცნო მონაწილე ქვეყნების როგორც ღვინო, ასევე ადგილობრივი სამზარეულო, მათი წესებისა და ადათების ნაწილი.

აურიკა:

- ძალიან მომეწონა მოლდოვური მეღვინეობები. არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბსა და მოცულობებს, ყველგან სერიოზული და თავდადებული დამოკიდებულება იგრძნობა. ყველაფერი გათვლილი და სწორად ორგანიზებულია... სომხეთში შთაბეჭდილება მოახდინა გარემომ. დიდ სირთულეებს ეჭიდებიან და ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ ვაზი გაახარონ. მაგალითად, თუ საქართველოში ვენახი არ ირწყვება, იქ სარწყავი არხების გარეშე ვაზს პრაქტიკულად, ვერ გაახარებ.

გარდა ამისა, შევამჩნიე, რომ ქართველებთან შეჯიბრების მიუხედავად, ჩვენი სომეხი მეგობრები აშკარად აფასებენ და აღიარებენ ქართული ღვინის უპირატესობას... უკრაინაში ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ მასპინძლები ძირითადად მოლდოვური კერძებით გაგვიმასპინძლდნენ, რაც თავად მოლდოველებმა არ გააკეთეს.

თორნიკე:

- კულინარიის კუთხით გამოვარჩევდი უკრაინულ ბორშჩს, პელმენსა და ზღვის პროდუქტებს. ნამდვილად გემრიელია, ისევე, როგორც სომხური ტოლმა და ხორცისგან დამზადებული სხვადასხვა კერძი. მაგრამ რასაკვირველია, ქართულ სამზარეულოს ვერაფერი შეედრება. ღვინო კი ყველაზე მეტად, მოლდოვური მომეწონა. ეტყობა, რომ ამ ქვეყანაში უფრო მეტადაა განვითარებული მეღვინეობა/მევენახეობის დარგი. სხვათა შორის, მოლდოვურ ვენახებში დიდი წილი საფერავსა და რქაწითელს უკავია...

- ისეთი რამ ხომ არ გახსენდება, რაც არ მოგეწონა? GzaPress

აურიკა: - ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ერთ ჯერზე, ყოველდღიურ რეჟიმში, ოთხი მეღვინეობის შეფასება გვიწევდა. ძირითადად გზაში ვატარებდით დროს და ეს ძალიან დამღლელი იყო. გარდა ამისა, ყველა მეღვინესთვის ეს ფორმატი სიახლე გახლდათ. გადაცემაში ბევრი ისეთი რამ არ მოხვდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად გავაშუქებდით, მაგრამ პროდიუსერებმა შოუს ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა რამ წამოსწიეს წინა პლანზე...

თორნიკე: - ემოციურად - უკრაინაში მთები დამაკლდა, ხოლო სომხეთში საშინელი გზებია. მოლდოვას უფრო პროფესიული კუთხით შევაფასებდი - ჩემი აზრით, მეღვინეები ზედმეტად იყენებენ ადგილობრივ მუხას, რაც ხშირ შემთხვევაში, ცვლის გემოს და ჩრდილავს არსებულ არომატებს.

- რა მოგიტანათ ამ პროექტმა პირადად თქვენ?

- ალბათ, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ შევიძინეთ არაერთი მეგობარი მოლდოვაში, უკრაინასა და სომხეთში. დარწმუნებული ვარ, ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, საქართველო დადებითად წარმოგვეჩინა და სტუმრებისთვის გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, მრავალფეროვნება.

აურიკა: - დიდი გამოცდილება მივიღე, ახალი ურთიერთობები, ახალი ცოდნა... ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. გავიცანი თორნიკე, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან დიდ საქმეს შეეჭიდა და დამწყები ქართველი მეღვინეებისთვის კარგ მაგალითს წარმოადგენს. ამას გარდა, მასპინძლობა მხოლოდ მეღვინეობა და ღვინო ხომ არ არის, თორნიკესთან თავიდანვე შევთანხმდით, რომ ჩვენი პრინციპული მიზანი საქართველოს წარმოჩენა იყო და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ჩავრთეთ ამ საქმეში. დახმარება გაგვიწიეს როგორც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და თელავის მერიამ, ასევე სხვადასხვა მეწარმემ თუ კომპანიამ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში ამოგვიდგა, გვგულშემატკივრობს.