"ქართველი ქალების" ხელახლა დაბადება პარიზში - გზაპრესი

"ქართველი ქალების" ხელახლა დაბადება პარიზში

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, პარიზში XIX საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ფრანგი კომპოზიტორისა და დირიჟორის - ჟაკ ოფენბახის ოპერა-ბუფას - Les Georgiennes ("ქართველი ქალების") ორიგინალური ვერსიის პრემიერა გაიმართა. დიდი მაესტროს მიერ ქართულ თემაზე შექმნილი კომიკური ოპერის საორკესტრო მასალის ორიგინალი ხელნაწერი წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. ისიც ირკვევა, რომ მის შესახებ თანამედროვე საქართველოში, ფაქტობრივად, არაფერი იცოდნენ.

Les Georgiennes-ისა და პარიზული პრემიერის ამბავი ახლობელმა, ვოკალისტმა და კლასიკური საოპერო მუსიკის დიდმა მოყვარულმა ლაშა გასვიანმა შემატყობინა და ცხადია, მის შესახებ ქართველი საზოგადოებისთვისაც უნდა მომეთხრო.

ლაშა გასვიანი:

GzaPress- რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში წავაწყდი დიდ ფოტოკოლაჟს, რომელიც პატარ-პატარა სურათებისგან შედგებოდა. ერთ-ერთზე ეწერა - Les Georgiennes. დავინტერესდი და დავიწყე ძიება. კარგა ხანს ვერაფერს მივაკვლიე. მერე - დაახლოებით 2017 წელს, ნელ-ნელა გამოჩნდა ცნობები: ჯერ "იუთუბზე" დაიდო ინფორმაცია, მერე გაზეთ "ლე ფიგაროშიც" ვნახე ინტერვიუ, მალე კი ინტერნეტის ფასიან მუსიკალურ ჟურნალში ამოვიკითხე, რომ ასოციაცია Le Groupe Lyrique საზოგადოებას აუწყებდა ორიგინალი ხელნაწერის მიხედვით ამ ნაწარმოების ხელახლა დაბადებას და მას ლორან ზაიკის დირიჟორობით, ბერნარდ ტომასის ორკესტრი პარიზის სენ-ჟერმენის დარბაზში შეასრულებდა. სასწრაფოდ ინტერნეტითვე დავუკავშირდი პრემიერის სულისჩამდგმელებს. თავდაპირველად მთავარი როლის შემსრულებელმა - ბატონმა მეთიუ გიგემ მიპასუხა, მერე დამდგმელმა რეჟისორმა რენო ბუტენმა და ბოლოს - ორიგინალი ხელნაწერის აღმომჩენმა ჟან ქრისტოფ კეკმა. ამ უკანასკნელმა მიამბო, რომ ოპერა-ბუფა "ქართველი ქალების" ორიგინალი ხელნაწერის ნაწილი ოფენბახის ოჯახში ინახებოდა, ხოლო მეორე ნაწილი - სხვა პირად კოლექციაში. მან თავი მოუყარა ამ ნაწილებს და მის ხელახლა გამოცემას აპირებს. საუბარია საორკესტრო მასალაზე, რომელიც მივიწყებული და ფაქტობრივად, დაკარგული იყო. მე ჩავეკითხე ჟან ქრისტოფ კეკს, - შეიძლება ამ ნაწარმოების აღმომჩენად მოგიხსენიოთ-მეთქი? მან კი მიპასუხა: უკეთესი იქნებოდა გეთქვათ, 2019 წელს ჟან ქრისტოფ კეკმა ხელახლა გამოსაცემად თავი მოუყარა ოფენბახის ხელნაწერ მასალებსო. ასევე დავინტერესდი, პირველად ვის გაუჩნდა "ქართველი ქალების" კვლავ სცენაზე დადგმის იდეა. აღმოჩნდა, რომ ბატონ კეკისთვის Le Groupe Lyrique-ის დირიჟორს, ბატონ ლორან ზაიკს უთხოვია, რადგან 2019 წელი ოფენბახის საიუბილეო წელი ყოფილა - 200 წლისთავი და სურდათ, მისი ისეთი ნაწარმოები დაედგათ, რომელიც არც ძალიან ცნობილი იყო და იშვიათობას წარმოადგენდა. კეკს რამდენიმე ვარიანტი შეუთავაზებია, მათ კი სწორედ Lეს Gეორგიენნეს-ი აურჩევიათ. მერე რენო ბუტენისგან შევიტყვე, რომ ლიბრეტოს წაკითხვის შემდეგ, "ქართველ ქალებზე" შეუჩერებიათ არჩევანი. ოღონდ ნაწარმოები არ დადგმულა სრული ბრწყინვალებითა და მისი ორიგინალი მასშტაბით. დირიჟორმა, ფინანსური თავისებურებიდან გამომდინარე, მას რედაქტირება გაუკეთა და ორკესტრი 12 მუსიკოსამდე დაიყვანა, ანუ ეს მაინც ადაპტირებული დადგმა გამოდის. ჟან ქრისტოფისგანვე შევიტყვე, რომ თავდაპირველად ნაწარმოებს თურმე ერქვა "ფეროზა" - ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელი, თუმცა სწორედ იმ მომენტში გამიწყვიტა საუბარი, როდესაც სახელის გადარქმევის მიზეზს ჩავეკითხე...

"ქართველი ქალები" გახლავთ სამმოქმედებიანი ფრანგული ოპერა-ბუფა - კომიკური ოპერა, რომლის ლიბრეტოს ავტორი ჟიულ მუანო გახლავთ. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია ფაშა როდოდენდრონი, რომელმაც თავისი ჰარამხანის განახლების მიზნით, საკუთარი 32 მონითა და ამდენივე სპილოთი ალყა შემოარტყა ქართულ სოფელ ჯეგანს. ავადმყოფობის გამო, ადგილობრივ მამაკაცებს თავდამსხმელთა წინააღმდეგ ბრძოლის თავი არ ჰქონდათ. ამიტომ, შეურაცხყოფილმა და აღშფოთებულმა ქალებმა გადაწყვიტეს, ერთ-ერთი პერსონაჟის - ფეროზას მეთაურობით, ხელში აეღოთ ძალაუფლება. მას ორი სხვა ქალიც ეხმარებოდა - ნანი და ზაიდა. მედოლე-დეზერტირის ტანსაცმელში გადაცმულმა როდოდენდრონმა მოახერხა, დამხვდურთა შორის გარეულიყო. მაგრამ ის მაინც ამოიცნეს და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. როდოდენდრონი ლაზარეთში მყოფ ჯეგანელ ლტოლვილ კაცებთან ერთად, ქალაქიდან გაიქცა. ამჯერად ბოშების ტანსაცმელში გადაცმულებმა, ქალაქში უკან შემოსვლისთანავე, მისი ხელახლა დაპყრობა განიზრახეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ფაშა როდოდენდრონთან დაპირისპირება კვლავ მოუხდათ, ქალებმა ძალაუფლება საბოლოოდ ჯეგანელ მამაკაცებს გადასცეს.

GzaPress- გარდა სახელწოდებისა, ნაწარმოებში სოფლის სახელიცაა ნახსენები და ის ძალიან ჰგავს ქართულ ტოპონიმს. ოპერეტის ერთ-ერთ მთავარ გმირსაც ასევე, ჩვენში გავრცელებული სახელი - ნანი ჰქვია. ხომ არაფერია ცნობილი, რა აკავშირებდა ლიბრეტოს ავტორს საქართველოსთან?

- აღმოჩნდა, რომ ჟიულ მუანოს დიდი მეგობრობა აკავშირებდა დიდ ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმასთან (მამასთან), რომელმაც ამ წარმოდგენამდე 5-6 წლით ადრე იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში და სწორედ მან გაუწია დახმარება მუანოს ამ ლიბრეტოს შექმნაში. ის ურჩევდა მუანოს, რა ისტორიული ფაქტი და მოვლენა შეეტანა ლიბრეტოში. შემდეგ გაზეთი "ლე ფიგარო" წერდა, რომ 1864 წლის 16 მარტს, პარიზის თეატრ "ვარიეტეში", შუაზელის დარბაზში, Les Géorgiennes-ის პრემიერას ალექსანდრე დიუმაც ესწრებოდა და იგი თავად გახდა პარიზში ოპერეტა "ქართველი ქალების" დიდი ტრიუმფისა და წარმატების შემსწრე. ამის დამადასტურებელი პატარა ფაქტი არსებობს. პრემიერის შემდეგ გამოცემა Revue et gazette musicale de Paris წერდა:

"ყოჩაღ, მარგარიტა!" - წამოიყვირებს ის, სიკვდილის გზაზე მარშით მიმავალი. ამ ალუზიას (ირიბ მინიშნებას), რომელიც ალექსანდრე დიუმას მოთხრობა "ნესლეს კოშკიდან" არის ნასესხები, მაშინვე მიხვდება მთელი დარბაზი და სიცილით მიიხედავს იმ ლოჟისკენ, სადაც დიუმა ზის, როგორც უბრალო მოკვდავი, ამ სასაცილო დრამის გამოხატულება". ამიტომ, სრულიად არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთ მთავარ გმირს ჰქვია ქართული სახელი ნანი - მის როლს იმ პერიოდის ცნობილი ფრანგი სოპრანო, მსახიობი და მომღერალი ზულმა (მაგდალენა) ბუფარი ასრულებდა. რაც შეეხება სოფლის სახელწოდებას, ისტორიკოს ალექსანდრე გიორგიძის თქმით, ჯეგანში შეიძლება იგულისხმებოდეს ჯუგაანი, კახეთის სოფელი, რომელიც სიღნაღთან ახლოს მდებარეობს, ხოლო ცნობილია, რომ ამ რეგიონიდან ხშირად იტაცებდნენ ქალებს. იგი იმ ვერსიაზეც ფიქრობს, რომ რადგან ლაპარაკია მე-19 საუკუნეზე, იმ პერიოდში საქართველოში ყველაფერი ფრანგული ძალიან მოდური იყო და შეიძლება თავად ფრანგებმა მოისმინეს ეს ამბავი ამ სოფელში.

ჟან ქრისტოფ კეკს მაინც ვკითხე, - თუ იცით, რატომ გადაწყვიტა ოფენბახმა, ამ თემაზე შეექმნა მუსიკა-მეთქი? მან მიპასუხა, რომ ოფენბახს ეს თემა ლიბრეტისტებმა შესთავაზეს და კომპოზიტორს მასში სწორედ ფემინისტური ნაწილი მოეწონაო.

Les Georgiennes-ის 2019 წლის დეკემბრის წარმოდგენის შემდეგ, დამდგმელი რეჟისორი რენო ბუტინი ინტერვიუში ამბობდა: "ნაწარმოები ორმაგად საინტერესოა, როგორც მუსიკალური, ისე დრამატული თვალსაზრისითაც. "ქართველი ქალების" მუსიკა მრავალფეროვანია: ზოგიერთ ადგილას მეტ-ნაკლებად აღმოსავლურია, ზოგან - "მილიტარისტული" სულისკვეთებით შთაგონებული და მასში ჭარბად არის სენტიმენტალური მომენტებიც... აქ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი თანაარსებობს და ეჯახება ერთმანეთს: მამაკაცები და ქალები, თურქები და ქართველები... ნაწარმოების პერსონაჟები ის ქალები არიან, რომლებიც მამაკაცების საქციელით იმედგაცრუებულები, ხელში აიღებენ ძალაუფლებას და გადაწყვეტენ დაიცვან საკუთარი თავიც და თავიანთი სამშობლოც. თუმცა, მე ამ ნაწარმოებს ვუყურებ, როგორც უტოპიის გამოხატულებას ან უფრო - ექსპერიმენტს: რა იქნება, თუ ქალები აიღებენ ძალაუფლებას ხელში?.. ჩვენ არ ვართ შორს საკარნავალო ესთეტიკისგან, რომელსაც მორალური კანონების, ღირებულებათა და სქესთა კარიკატურული სახეცვლილებისკენ მივყავართ. ჟიულ მუანოს საქართველო შეიძლება გამოჩნდეს როგორც ანტისამყარო ან უფრო როგორც - "თავდაყირა მსოფლიო". მაგრამ ეს არის არა ქალების მხრიდან მამაკაცებზე გამარჯვების მოპოვების მცდელობა, არამედ ერთგვარი წონასწორობის დამყარება: ნაწარმოებში გაისმის ხმამაღალი განცხადებები, როგორც: "ძირს კაცები!", ისე - "გაუმარჯოს კაცებს!" ან "გაუმარჯოს ქალებს!" - და ბოლოს, ჩვენ წინაშეა ამ ორი ბანაკის ფინალური შერიგების ფორმა. მსურდა, თავიდან ამეცილებინა ოფენბახის დროინდელი წარმოდგენის შესაძლო რეკონსტრუქცია და მისი თანამედროვე ერაში გადმოწყობა. ნაწარმოები თავის ეპოქაშია დარჩენილი; ერთადერთი, საფრანგეთის მეორე იმპერიის პერიოდში, 1864 წლის პარიზში მიმდინარე მოქმედება თურქულ ბაღში გადმოვიტანე"...

1864 წელს, "ქართველი ქალების" პარიზული პრემიერიდან რამდენიმე თვეში, მისი პირველი უცხოური პრემიერა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, სახელწოდებით Die schönen Weiber von Georgien ("საქართველოს ლამაზი ქალები"). ნაწარმოები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი ზოგიერთი ნომერი ვენის საცეკვაო სალონებმაც გადაიღეს. ვენის პრემიერის კვალდაკვალ, იოზეფ შტრაუსმა, ვალსების მეფედ წოდებული იოჰან შტრაუსის უმცროსმა ძმამ, თურმე, ამ ნაწარმოების მოტივების შთაგონებით დაუყოვნებლივ გადაამუშავა კადრილი, რომელიც პირველად შესრულდა დინაზაალში გამართულ კონცერტზე 1864 წლის 9 ოქტომბერს. სამი დღის შემდეგ კი დღის სინათლე იხილა საფორტეპიანო ვერსიამაც და იქიდან მოყოლებული, ეს ნაწარმოები დიდხანს იყო შტრაუსის ორკესტრის რეპერტუარში.

1867 წელს "ქართველი ქალები" საუცხოოდ მიიღეს გერმანიაში, 1874 წელს კი ოპერეტა 100-ზე მეტჯერ მაინც დაიდგა ნიუ-იორკში და მას იქაც უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ვფიქრობ, ქართველებისთვის ეს ამბავი ისტორიული მნიშვნელობისაა. რადგან მისი მსოფლიო პრემიერა კვლავ პარიზში შედგა და საფრანგეთის მაყურებელმა იგი იხილა, მეც და ალბათ ბევრ ქართველსაც გაუჩნდება სურვილი, "ქართველი ქალები" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც აჟღერდეს.

ირმა ხარშილაძე