"ერთი ულუფიდან საჭმლის გაზიარებაც სიყვარულთან ასოცირდება"
დები - სოფიო და ანუკა კვინიკაძეები უკვე რამდენიმე წელია, კორეაში ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ. წარმოშობით ქუთაისიდან არიან. იმის შესახებ, თუ რა ტრადიციები და კულტურა აქვთ იქაურებს, როგორ მოხვდნენ დები კორეაში და რატომ არიან პოპულარულები სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მათგანი, სოფიო გვიყვება.
- რატომ დაინტერესდი ამ ქვეყნით და კორეული ენის შესწავლით?
- კორეული ენით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავინტერესდი ანიმაციური ფილმების წყალობით. ჩემს ბავშვობაში თითქმის ყველა არხზე გადიოდა "ნარუტო", რომლის ფანიც ვიყავი და სწორედ ამ სიყვარულმა მიმიყვანა საერთოდ აზიის და საბოლოოდ, კორეული კულტურის აღმოჩენამდე. კორეული კულტურა შემიყვარდა ფილმების, სამზარეულოსა და კორეული ენის გამო.
- როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები, როცა კორეაში ჩახვედი?
- ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალე იქ კორეული ენის შესწავლა დავიწყე. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც კავკასიის რეგიონში ჩატარდა რიგით პირველი, კორეულ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე და უნივერსიტეტმა, სადაც ახლა ვსწავლობ, სრული სტიპენდია გადმომცა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად, სტუდენტ-თანამშრომლის პოზიციასთან ერთად. ჩამოსვლისას მხოლოდ იმას ვამჩნევდი, რაც უკვე ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, არ მეჩვენებოდა, რომ რამე განსხვავებული იყო ჩემი წარმოდგენებისგან, მაგრამ აი, ჩამოსვლიდან ერთი წლის თავზე გაუცხოება დამეწყო, შევამჩნიე განსხვავებული კულტურისა და ცხოვრების წესი. უკვე ორი წლის შემდეგ ამ განსხვავებულ გარემოსაც შევეგუე და ახლა აქაურობა ჩემთვის მეორე სახლია.
- რამ გაგაკვირვა - რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა ან რასთან შეგუება უფრო გაგიჭირდა?
- აქაური საჭმელი არ მომწონდა. გამიჭირდა კორეელი მეგობრების გაჩენა. ვფიქრობდი, რომ ძალიან არამეგობრული და მოჩვენებითი ქცევების მქონე ერია - თავიდან გიცინიან, მაგრამ სინამდვილეში ახლოს არ გიკარებენ, მაგრამ თურმე კულტურა აქვთ ძალიან განსხვავებული და სულაც არ არიან ცუდები, პირიქით, ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე მათგან.
- ცხოვრების როგორი წესი, როგორი ტრადიციები აქვთ?
- აქაურების დახასიათებაზე რომ მიდგება საქმე, პირველი, რაც გონებაში მიტივტივდება, არის მათი შრომისმოყვარეობა. მუშაობენ ბევრს, ძალიან ბეჯითად. ზარმაცი კორეელი, მგონი, ჯერ არ მინახავს. ასევე, უზომოდ სტუმართმოყვარეები და თბილები არიან. თავიდან ადვილად გეხსნებიან და შემოდიან ურთიერთობაში, მაგრამ შემდეგ, თუ რამე განსაკუთრებული ქმედებით არ დაიმსახურე, თავი არ გამოიჩინე და ა.შ. არ დაგიახლოებენ.
- შენს დაზეც მითხარი, ამჟამად რას აკეთებთ - სწავლობთ, მუშაობთ?
- ჩემი და სწავლობს კორეული ენის ცენტრში, რომელიც ეკუთვნის უნივერსიტეტს, სადაც მე მაგისტრატურას გავდივარ. ამჟამად კორეული ენის მაღალ დონეს გადის, თითქმის გამართულად ლაპარაკობს. ორივე ვმუშაობთ, მე რამდენიმე სამსახურში, ანა - სუშის სახლში; ზოგჯერ ბავშვებისთვის ზღაპრებს კითხულობს ინგლისურ ენაზე, ბიბლიოთეკაში.
- თუ არიან კორეაში ქართველები და თუ ხვდებით ერთმანეთს? თუ არის დაინტერესება კორეული ენის შესწავლის - ჩვენში და აქაურობის ნახვისა და გაცნობის - მათში?
- კორეაში ქართველები, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ ძალიან ცოტა, რამდენიმე ათეული ქართველია და მგონია, ყველა ერთმანეთს იცნობს. საელჩოსთან ძალიან ახლოს ვართ და გვეხმარებიან, ხშირად გვმასპინძლობენ და აწყობენ შეხვედრებს. კორეაში საქართველო ტურიზმის წყალობით გახდა ცნობილი. კორეელებს უყვართ მოგზაურობა და ბოლო დროს ხშირად ჩანს საქართველო ცხელ ტურისტულ წერტილებში. რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა რეიტინგი, სადაც კორეელებში დაინტერესების მაჩვენებლით საქართველო მეოთხე ადგილზე იყო. ეს ხომ შენი საქართველოაო! - უხაროდა.
- რა თქმა უნდა, თქვენს სახალისო ვიდეოებზეც უნდა გკითხო: რატომ მოგინდათ, საჯაროდ აგეტვირთათ ეს ვიდეოები?
- ვიდეოების ჩაწერა გადავწყვიტე ჩემსავით აზიასა და კორეულ კულტურაზე შეყვარებული ადამიანებისთვის, ინფორმირებისა და დაკვალიანების მიზნით. რაც შეეხება კამერასთან მანჭვასა და თავისუფალ ინტერაქციას - მიჩვეული ვარ, აქეთ-იქით დაფანტული ემიგრანტი ოჯახის წევრების დახმარებით. თუ რამე სასაცილო ხდებოდა ან ხდება, მინდა ვაჩვენო ოჯახის ახლობლებს, ყველასთვის ცალკე მოყოლას, ვიდეოს გადაღება ვამჯობინე. ანალოგიური რამ მოხდა "ფეიჯზეც": ბევრი მეკითხებოდა, როგორ წავედი კორეაში, სად ვსწავლობდი და დროის ნაკლებობის გამო გადავწყვიტე, ჩამეწერა საერთო განმარტებითი ვიდეო. ამას მოჰყვა ფართო გამოხმაურება. ბოლო თვეებში ისეთი ხალხი შემოიკრიბა, კორეა გაგონილიც რომ არ ჰქონდათ და გვერდის საშუალებით ამ ქვეყნის კულტურის შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს. ეს ნაწილობრივ ჩემი დამსახურება მგონია და ძალიან მეამაყება.
- კორეელები უცხოელებთან კეთილგანწყობილები არიან?
- კორეელებს ძალიან უყვართ უცხოელები. სეულში, დედაქალაქში, ათი მილიონიდან მილიონზე მეტი უცხოელია, რომელთაც კორეელები დიდი პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობიან. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, რომ როგორც ჩვენ გვექცევიან აქ, კარგად, თბილად და სტუმართმოყვარედ, ასევე მოვექცეთ ჩვენც კორეელებს, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. მე ვინც შემხვედრია, საქართველოში მოგზაურობით ყველა კმაყოფილი იყო, ქართველებს სტუმართმოყვარეობა არ ეშლებათ და მგონია, ამაში ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
- აუცილებლად უნდა გკითხო კორეულ სამზარეულოზე: რა არის მათი ტრადიციული კერძები?
- ყველაზე ხშირად მიირთმევენ ღორის ხორცს და ძალიან უყვართ წვნიანები. აქვთ მწნილის მსგავსი საჭმელი - "კიმჩი", რომელიც წიწაკაში შეკაზმული კომბოსტოსგან კეთდება და ძალიან გემრიელია. ბევრს ჰგონია, რომ აქ ძალიან უცნაური სამზარეული აქვთ, ტარაკანებსა და ხოჭოებს ჭამენ, მაგრამ ასე არ არის. ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. ყველაზე გავრცელებული ინფორმაცია კორეულ სამზარეულოზე ის არის, რომ ძაღლის ხორცს ჭამენ. მართლაც ჭამდნენ ადრე, მაგრამ ამასაც თავისი ისტორია აქვს - გაჭირვება და შიმშილგამოვლილ კორეაში დღესდღეობით ეს ტრადიცია თითქმის აღმოფხვრილია. მკაცრად იბრძვიან ახალგაზრდები ამის წინააღმდეგ. ამასთან, აქვთ ერთი ჯამიდან ჭამის კულტურა, რაც ბევრს შეიძლება ბინძურად მოეჩვენოს, მაგრამ ყველა გამვლელთან ერთი თეფშიდან კი არ ჭამენ, არამედ მხოლოდ ახლობელ ადამიანებთან, ისიც - ნებართვით. კორეაში, როგორც უკვე ვახსენე, რამდენიმე ათეული წლის წინ აქვთ გადატანილი საშინელი შიმშილისა და გაჭირვების პერიოდი, რამაც ჭამა ძალიან ძვირფას ფუფუნებად აქცია, და, - როგორ ხარო? - ამის ნაცვლად, ერთმანეთს ეკითხებიან, - თუ ჭამეო? - რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჭამე, ესე იგი, კარგად ხარ... ამიტომ ერთი ულუფიდან საჭმლის გაზიარებაც სითბოსა და სიყვარულთან, ახლობლობასთან ასოცირდება. ასე ბევრი აღარ აკეთებს, მაგრამ მე ეს კულტურა ბინძურად საერთოდ არ მიმაჩნია, პირიქით, ძალიან სუფთები არიან კორეელები. რაკი უცხოელი ვარ, სულ ცალკე მიდებენ ყველაფერს, რომ არ შემეზიზღოს და არ ვიწყინო საერთო თეფშიდან ჭამა. სულ ვეუბნები, - არა უშავს, ასე ვჭამოთ-მეთქი, - და ისე უკვირთ, ათასჯერ გადაამოწმებენ, მართლა საერთო თეფშიდან უნდა ამას ჭამა ჩვენთან ერთადო?..
- განათლების სისტემაზეც გვითხარი.
- განათლების სისტემა კორეაში ძალიან მკაცრია. ბავშვები დილიდან შუაღამემდე სკოლაში არიან და 2-3 წლიდან იწყებენ ინგლისურისა და ხშირად, ჩინურის სწავლასაც. ძალიან დატვირთულები არიან. ბევრჯერ მინახავს, დაღლილობისგან ცხვირიდან სისხლი რომ სდით. უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდში სუიციდის მაჩვენებელი მაღალია, რადგან ბავშვები უდიდეს სტრესს იღებენ. ეს ყველაფერი კი მაღალი კონკურენციითაა გამოწვეული. წარმოიდგინეთ, 50-მილიონიან ქვეყანაში, სადაც სწავლა და მუშაობა არავის ეზარება, რამდენად მაღალი იქნება კონკურენცია. ბევრია კარგი აკადემიური მოსწრების მქონე, მშრომელი და თავდაუზოგავი ახალგაზრდა, ამიტომ უფრო და უფრო მეტი ცოდნის მიღება სურთ, სხვებს რომ აჯობონ.
ნინო ჯავახიშვილი