ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა - გზაპრესი

ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ამას წინათ შემოგთავაზეთ თემა: ნაპოვნი დედმამიშვილი და გთხოვდით, საკუთარი თავგადასავალი მოგეყოლათ, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ თემაზე მუშაობა ასე გამიჭირდებოდა - ბევრმა მკითხველმა მომწერა შემზარავი ამბავი, რომლის მთავარი გმირები საკუთარ მშობლებს სასიკვდილოდაც კი წირავდნენ იმ დანაშაულის გამო, რომელიც წლების წინ ჩაიდინეს და რომელიც მათი შვილებისთვის სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდა... თუმცა, ცხადია, მხოლოდ ცუდი მაგალითებით არ შემოვიფარგლებით და იმ მკითხველების ამბებსაც მოგიყვებით, რომლებიც დედმამიშვილის პოვნამ გააბედნიერა...

გოგა, 18 წლის:

- პირველად და ალბათ, უკანასკნელად, 16 წლის ასაკში შემიყვარდა გოგო, რომელიც ჩემი და აღმოჩნდა. ამ ამბავმა ისეთი სულიერი ტრავმა მომაყენა, რომ ფსიქიატრის დახმარებაც კი დამჭირდა.

- იქნებ შენი ტკივილი გაგვიზიარო და ყველაფერი დაწვრილებით გვიამბო...

- ამას სიამოვნებით გავაკეთებ, რადგანაც მაშინ, როცა ჩემს გასაჭირს სხვებს ვუზიარებ, ტკივილი ცოტათი მაინც მიმსუბუქდება... ელენე რუსთაველის თეატრში გავიცანი. ორივენი სპექტაკლის - "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" სანახავად ვიყავით მისულები. ის ჩემ გვერდით იჯდა და წარმოდგენას ისე ემოციურად ადევნებდა თვალს, რომ გაკვირვებული ვუყურებდი - არ მეგონა, ჩემი თანატოლი და თანაც გოგონა, ასე თუ გაიზიარებდა სხვების პრობლემას. მოკლედ, სპექტაკლის შემდეგ ის და მისი დაქალები გავიცანი, მერე კი ტელეფონის ნომერი სამივეს გამოვართვი. დაიწყო რეკვები, "ესემესების" მიმოწერა. მე და ელენემ საერთო ენა მალე გამოვნახეთ და დავმეგობრდით. რამდენიმეკვირიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ელენეს გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო და მას სიყვარულში გამოვუტყდი. მეგონა, ჩხუბს დამიწყებდა, ჩემს გრძნობას გრძნობითვე არ უპასუხებდა, მაგრამ შევცდი - თურმე, მასაც შევყვარებივარ. მოკლედ, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვნახულობდით და ცხადია, ერთურთს ვეხვეოდით, ვეალერსებოდით კიდეც. დაახლოებით ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ელენე ჩემი მშობლებისთვის გამეცნო - ვაპირებდი, დამენიშნა და ცოლად ტრადიციების მიხედვით მომეყვანა, მაგრამ როგორც კი დედას ჩემი შეყვარებული ვუჩვენე, გული წაუვიდა, მამას კი ენა მუცელში ჩაუვარდა... ელენე რომ გავაცილე, მხოლოდ ამის შემდეგ გამომიტყდნენ, რომ ის ჩემი ნახევარდა იყო: თავის დროზე მამას საყვარელი ჰყოლია და იმ ქალს მისგან შვილიც კი გაუჩენია. მიხვდით ალბათ, რომ ლაპარაკია ელენეზე, ჩემს სიყვარულზე... ამ ამბის დამალვას ვერც დედას ვაპატიებ და ვერც - მამას; მეტიც, როცა სიმართლე გავიგე, მამას ვეცი და ყელი ლამის კბილებით გამოვღადრე. თავის დროზე მათ ჩემთვის სიმართლე რომ ეთქვათ, ელენე შეიძლება, დად არ მეღიარებინა, მაგრამ სხვანაირად მაინც არ დავუწყებდი ყურებას.

- სიმართლე ელენემაც გაიგო?

- აბა, რა უნდა მეთქვა, რატომ გშორდები-მეთქი? სიმართლე რომ ვუთხარი, ლამის გადაირია...

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტეთ, რადგანაც ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის გვრცხვენია - ჩვენ, და-ძმა ხომ ერთურთს სხვანაირად ვეფერებოდით...

სანდრო, 19 წლის:

- ამ თემას გვერდი ვერ ავუარე და მინდა, ჩემ შესახებ გიამბოთ. 15 წლის ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს უბანში ცხოვრობდა გოგონა - ნია, რომელიც გარეგნულად ძალიან მგავდა. თავიდან, ეს უბრალო დამთხვევა მეგონა, მაგრამ როცა გავიცანი, მის მიმართ საოცარი სითბო ვიგრძენი და ეჭვმა გამკრა, რომ ის ჩემი სისხლი და ხორცი უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში ნიასაც გამოვუტყდი: ასე მგონია, და-ძმა ვართ-მეთქი. მან ბევრი იცინა და მისაყვედურა: რა გინდა, თქვა, რომ დედაჩემი ბოზია და მამაშენთან ჰქონდა ურთიერთობა? მერწმუნე, ძალიან ცდები; იმაშიც დარწმუნებული გახლავარ, რომ აყვანილი არა ვარ, რადგანაც და-ძმა მყავს და ისინიც ძალიან მგვანანო. მერე კი ვითომ გამეხუმრა: იქნებ შენ ხარ აყვანილიო, მაგრამ იქვე დასძინა: არა მგონია, დედაჩემი ისეთი უგულო იყოს, რომ გაეშვილებინე; ჩემს მშობლებს ბავშვები ძალიან უყვართო. ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტე გამერკვია, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გვაერთიანებდა და საქმის გამოძიება დავიწყე. ჰოდა, დიდი წვალების შემდეგ დედა გამოვტეხე, რომ აყვანილი ვიყავი. მან მითხრა: მე და მამაშენი შვილის ყოლაზე დიდხანს ვოცნებობდით, მაგრამ ეს ოცნება ოცნებადვე დარჩა. მერე ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც სამშობიაროში მუშაობდა, შენი თავი მომიყვანა და მითხრა: - ეს პატარა ბიოლოგიურმა მშობლებმა გაჩენისთანავე მიატოვეს და იქნებ შენ გაზარდოო. მე და მამაშენი ღვთის წყალობაზე უარს როგორ ვიტყოდით? ჰოდა, დაგიტოვეთ და გაგზარდეთ, წლების შემდეგ კი ქვეყნიერებას შენი დაიკოც მოევლინაო. სიმართლემ ლამის ჭკუიდან შემშალა და მშობლებს დავემუქრე: ან მეტყვით, ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები, ან ყელს გამოვიჭრი-მეთქი.  ორივემ დაიფიცა: არ ვიცით, ვინ არიან, რადგან მათ არასდროს შევხვედრივართო. სამწუხაროდ, დედაჩემის ბიძაშვილიც უკვე გარდაცვლილი გახლდათ და ცხადია, ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაციას ვერც ის მოგვაწვდიდა. დედ-მამას ვუთხარი: ვიცნობ გოგონას, რომელიც ძალიან მგავს. მის მშობლებთან მივალ, დაველაპარაკები და იქნებ მათ მაინც მითხრან რაიმე ხელმოსაჭიდი. თქვენც თუ გამომყვებით, მადლიერი დაგრჩებით-მეთქი. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, გამომყვნენ. ნიას მშობლებთან რომ მივედით, დედამისმა ტირილი დაიწყო, მერე კი სიმართლეშიც იოლად გამოგვიტყდა. აღმოჩნდა, რომ ნია ჩემი დაიკო იყო. თურმე, მე და ის ლალის (ასე ჰქვია ჩემს ბიოლოგიურ დედას) პირველი ქმრისგან ვეყოლეთ. ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა, როცა მეორედ გათხოვდა, მის საქმროს კი მომავალი მეუღლისთვის ულტიმატუმი წაუყენებია: ცოლად მოგიყვან და შენს გოგონას ვიშვილებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუცელს მოიშლი. იმ კაცის მეორე შვილსაც ვერ გავზრდი, მე ჩემი ღვიძლი შვილები მინდაო. ლალის მომავალი მეუღლე ისე ჰყვარებია, რომ ჩემი თავიდან მოცილება იმწამსვე გადაუწყვეტია, მაგრამ ვინაიდან 5 თვის ფეხმძიმე გახლდათ, ექიმებს მისთვის აბორტი არ გაუკეთებიათ - ანუ იძულებული გახდა, გავეჩინე, მაგრამ ქვეყნიერებას მოვევლინე თუ არა, გამაშვილა. ეს ამბავი რომ გავიგე, ლალის პირში მივახალე: საზიზღარი ადამიანი, კაცს დახარბებული ქალი ხარ და იცოდე, ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებ-მეთქი, მერე კი იმ სახლიდან გიჟივით გამოვვარდი... ახლა ისევ გამზრდელებთან ერთად ვცხოვრობ, ბიოლოგიურ დედ-მამას კი არ ვაღიარებ. სამაგიეროდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ისეთი დაიკო, როგორიც ნიაა. სხვათა შორის, მის და-ძმასთანაც (არ მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩემი ნახევარდა-ძმა არიან) კარგი ურთიერთობა მაქვს.

- იმ დღის შემდეგ ბიოლოგიურ დედას შენი ნახვა, შვილთან საერთო ენის გამონახვა არ უცდია?

- მხოლოდ ერთხელ დამირეკა და მთხოვა, მენახა, მაგრამ ისეთები ვუთხარი, ჩემთან ლაპარაკს ვეღარასდროს გაბედავს. არაფერში მჭირდება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელმაც უდანაშაულო პატარა გადასაგდებად გაიმეტა. მადლობა უფალს, რომ გვერდით მყვანან ისეთი პატიოსანი და თბილი ადამიანები, როგორებიც ჩემი ნამდვილი დედ-მამა არიან...

ლიფსო:

- არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ მე მაინც მოგიყვებით: ერთი ძალიან სიმპათიური ძმაკაცი მყავს. სანდრიკა მამამ მაშინ მიატოვა, როცა ის 3 წლის იყო. რა ექნა დედამისს, შვილისთვის ხომ უნდა მიეხედა? ჰოდა, ვინაიდან სამსახური ვერ იშოვა და დამხმარეც არავინ ჰყავდა, ადგა და ცირკთან დაიწყო სიარული - "იტოგში", ბოზობდა, რა... წლების შემდეგ, უკვე დავაჟკაცებულმა სანდრიკამ მეგობრებს გვახარა: ბიჭებო, ერთი გოგო მიყვარს და ის უეჭველად, თქვენც უნდა გაგაცნოთო. მართლაც, მან "ლოვე" ჩვენც გაგვაცნო და დედასაც წარუდგინა მისი თავი. დადგა დრო, როცა შეყვარებული წყვილის მშობლებსაც უნდა გაეცნოთ ერთმანეთი. როცა სანდრიკამ დედა ანას სახლში მიიყვანა, ქალს ენა მუცელში ჩაუვარდა: ანას მამა მისი ძველი კლიენტი აღმოჩნდა, რომლისგანაც შვილიც ეყოლა და რომელზეც უარი თავადვე უთქვამს. ცნობისათვის, მაშინ ანას მამა უცოლო ყოფილა და... სანდრიკას დედა ისე მოქცეულა, ვითომც არაფერი და არც იმ ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ უთქვამს შვილისთვის რაიმე; აი, ანას მამამ კი გოგონას ისეთები უთხრა, რომ მას არა მარტო სადედამთილო, შეყვარებულიც შეაძულა. ჰოდა, გოგომ "ლოვეს" მეორე დღესვე, სიმართლე პირში მიახალა და დაშორდა. იმ დღეს სანდრიკა დედას მაგრად ეჩხუბა, გამოლანძღა და შინიდან წამოვიდა. ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა. სანდრიკას ანა ახლაც უყვარს, მაგრამ რას გააწყობს?.. P.შ. რამდენიმე თვეში ანა გათხოვდა, სანდრიკამ კი თავის მოკვლა ორჯერ სცადა: ერთხელ ჩვენ და ერთხელაც, პატრულმა გადაარჩინა".

ანანო, 17 წლის:

- რამდენიმე თვის წინ მეც ვიპოვე დედმამიშვილები. თურმე დედაჩემს ჩემ გარდა კიდევ 5 შვილი ჰყავდა და ჩემი გაჩენა არ უნდოდა, მაგრამ ვინაიდან ამ ქვეყანას მაინც მოვევლინე, ჩემს მოკვლას ამჯობინა, გავეშვილებინე და ამის სანაცვლოდ, ხელიც მოეთბო. ჩემი გამზრდელი დედ-მამა არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი არც სითბოს მაკლებენ და არც - ყურადღებას, მაგრამ როცა გავიგე, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ, უმადურობა გამოვიჩინე და ჯერ ორივე გამოვლანძღე, შემდეგ კი ნამდვილი დედ-მამის ძებნა დავიწყე.

- ვინ გითხრა, რომ ნაშვილები იყავი?

- დაქალმა, რომელსაც დად მივიჩნევდი. ერთხელ, მე და მას ჩხუბი მოგვივიდა და სწორედ ამ დროს წამომაძახა: თავი დიდი ვინმე რომ გგონია, სინამდვილეში, აყვანილი ხარ; შე საწყალო, ისიც კი არ იცი, დედაშენი ვინააო. მისმა სიტყვებმა გული მატკინა და სასწრაფოდ შინისკენ გავიქეცი. დიდხანს ვფიქრობდი, ეს ყველაფერი უნდა დამეჯერებინა თუ არა, მაგრამ მერე, როცა ეჭვებმა შემაწუხა, მშობლებს ვუთხარი: გთხოვთ, სიმართლე არ დამიმალოთ; მე მაქვს უფლება, ვიცოდე, ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები-მეთქი. სიმართლის გაგება მტკივნეული აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ჩემი ნამდვილი ოჯახი გამეცნო და გამზრდელებს მოვთხოვე, ბიოლოგიურ დედ-მამასთან მივეყვანე.

- ადვილად დაგთანხმდნენ?

- მათთვის ჩემი სიტყვა ყოველთვის კანონი იყო და არც ამჯერად გამაწბილეს. გამზრდელებმა მეზობელ რაიონში, ორსართულიან სახლში მიმიყვანეს, სადაც უცნობი ადამიანების თვალები გაკვირვებით მომაშტერდნენ, რადგანაც მათი ოჯახის დიასახლისს ანუ ჩემს ბიოლოგიურ დედას გაჭრილი ვაშლივით ვგავდი. როდესაც ჩემმა და-ძმებმა სიმართლე შეიტყვეს, დედას მოსთხოვეს აეხსნა, რატომ გამიმეტა გასაშვილებლად; გიორგიმ, ჩემმა უფროსმა ძმამ მას უსაყვედურა კიდეც: სადაც ჩვენ გაგვზარდეთ, იქ ამ ერთი გოგოს გაზრდა რა ისეთი ტვირთი იქნებოდა, რომ ვერ გეზიდათო? ბიოლოგიური მამა - გივი შინ არ იყო და სწორედ იმ დროს შემოგვისწრო, როცა მისი მეუღლე აღსარებას გვაბარებდა: გივის არ უნდოდა, შვილი კიდევ გვყოლოდა, მაგრამ როცა მუცელი გამეზარდა და მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ნაყოფის მოშორებაც ვერ შევძელი, რადგან უკვე 6 თვის ფეხმძიმე გახლდით. ჰოდა, ქმრისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში საყვედური რომ არ მომესმინა, გადავწყვიტე, ადრე თუ გვიან, ეს ბავშვი თავიდან მაინც მომეცილებინა. მოკლედ, გივიმ არც იცის, გოგონა რომ გავაშვილე. მას დღემდე ჰგონია, რომ ჩვილი დაბადებისთანავე გარდაიცვალა და სიმართლე ახლა რომ გაიგოს, შეიძლება, მომკლას კიდეცო. სწორედ ამ დროს კარი გაიღო, ოთახში ჭარხალივით გაწითლებული კაცი შემოვარდა და ცოლს კისერში ეცა, მისი დახრჩობა უნდოდა. ძლივს გააშველეს. როცა გონს მოვიდა, კაცმა შემომხედა, ჩემს ფეხებთან დაიჩოქა და აზლუქუნდა, პატიებას მთხოვდა. ამ ყველაფრის მოსმენისა და ნახვის შემდეგ, იმ ოჯახიდან გაქცევა მომინდა, სადაც წესით, უნდა გავზრდილიყავი. ჰოდა, გამზრდელებს ჩავჭიდე ხელი და ავყვირდი: აქედან წამიყვანეთ, თქვენ გარდა მშობლები არ მყავს-მეთქი... რამდენიმე დღე დამჭირდა გონს მოსასვლელად და ყველაფრის გასაანალიზებლად. მთელი ამ დროის მანძილზე გამზრდელი დედ-მამა გვერდით მედგა, მამხნევებდა და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ცდილობდნენ, ჩემი ბიოლოგიური მშობლების საქციელისთვის ახსნა მოეძებნათ... ერთი კვირის თავზე და-ძმებმა მომაკითხეს და მითხრეს: გასაგებია, რომ მშობლებს ვერ აპატიებ, მაგრამ ჩვენ ხომ შენთვის არაფერი დაგვიშავებია? გთხოვთ, ჩვენ მაინც ნუ გვკრავ ხელს, შენ გვერდით გვიგულეო. ვიდრე რაიმეს ვიტყოდი, მათ მამაჩემმა უთხრა: ანანოს ახლა გონს მოსვლა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დაგიკავშირდებათ. ვინაიდან ის ჩვენი ერთადერთი შვილი ანუ დედმამიშვილებს დანატრებულია, მჯერა, თქვენ ხელს ვერ გკრავთ. ჰოდა, იცოდეთ, ჩვენც მშობლებად გვიგულეთ და როცა გენებოთ, გვესტუმრეთო. ამ სიტყვების გამო მისი უზომოდ მადლიერი ვარ; მამას მათთვის ეს რომ არ ეთქვა, მე ვერასდროს გავბედავდი, იმ ბავშვებისთვის და-ძმები მეწოდებინა... ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მყავს საყვარელი დედა, მამა და ნანატრი და-ძმები. რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს, მათი სახელის გაგონებაც კი არ მსურს...

- დარწმუნებული ხარ, რომ მათ შეცდომას ვერასდროს აპატიებ?

- შეიძლება, ოდესმე ბიოლოგიურ მამას ვაპატიო ის, რომ ჩემი ჩასახვის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ დედას, რომელმაც გამაშვილა მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარს მისთვის საყვედური არ ეთქვა, რომელმაც დასაკლავი ხარივით გამყიდა, ამ საქციელს ვერასდროს ვაპატიებ. ის კი არა, და-ძმებიც ძლივს დავითანხმე, მშობელი დედა რომ არ მიეტოვებინათ. ბოლოს და ბოლოს, იმ ქალს მათთვის ხომ არაფერი დაუშავებია?!.

დათო, 21 წლის:

- 20 წლის ვიყავი, როცა ჩვენს სახლში ვიღაც კაცი მოვიდა და მე და ჩემს დას გამოგვიცხადა: თქვენი დედმამიშვილი ვარ და იმედია, მიმიღებთო. თავიდან გვეგონა, გვეხუმრებოდა, მაგრამ როცა დედ-მამას დავუძახეთ და მოვთხოვეთ აეხსნათ, თუ ვინ იყო სტუმრად მოსული მამაკაცი და რა საერთო ჰქონდა ჩვენს ოჯახთან, დედას ტირილი აუტყდა. როგორც აღმოჩნდა, მას სტუმრად მოსული მამაკაცი ჯერ კიდევ მაშინ გაუშვილებია, ვიდრე მამაჩვენს გაჰყვებოდა ცოლად. ცხადია, ნახევარძმა მივიღეთ და დედასაც ყველაფერი ვაპატიეთ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა გავიგეთ, რომ თავის დროზე მას კიდევ ერთი შვილი - მარინე გაუსხვისებია, მე და ჩემმა დამ სულ ცოფები ვყარეთ.

- მისი არსებობის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

- მას შემდეგ, რაც ჩვენს ცხოვრებაში მამუკა ანუ ჩემი ნახევარძმა გამოჩნდა, დედას თურმე, მარინეს დაბრუნების სურვილიც გაუჩნდა; მას ეგონა, კიდევ ერთ დედმამიშვილს ჩვეულებრივად, ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე მივიღებდით და მარინეც ბედნიერი იქნებოდა ბიოლოგიური დედის პოვნით, მაგრამ მწარედ შეცდა... ერთ დღეს ის მარინეს გამზრდელებს ესტუმრა და განუცხადა, - ეს გოგო ჩემი შვილია და აუცილებლად უნდა ვუთხრა, რომ მათი ბიოლოგიური მშობელი ვარო. მეორე ოთახში მყოფ მარინეს ეს ყველაფერი გაუგონია და უცხო ადამიანს პირში მიახალა: შეიძლება მართლაც თქვენი ბიოლოგიური შვილი ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. იცოდეთ, ჩემი ნამდვილი დედ-მამა ის ადამიანები არიან, რომლებმაც გამზარდეს, თქვენ კი ძალიან გთხოვთ, საიდანაც მობრძანდით, ისევ იქ დაბრუნდეთ და ჩემი სახელის ხსენებაც კი აღარასდროს გაბედოთო. მართალია, იმ დღეს მარინემ დედა გამოაძევა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დაინტერესებულა, და ან ძმა ხომ არ მყავსო და როცა ჩვენ შესახებ შეიტყო, ცდუნებამ სძლია და გაგვეცნო.

- ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ძალიან კარგი! ის ჩვენი ღვიძლი და - ანუ მამაჩემის შვილიცაა. მშობლების თქმით, მარინე თურმე, მხოლოდ იმიტომ გააშვილეს, რომ მატერიალურად უჭირდათ. მე და ჩემმა დამ მათ ეს დღემდე ვერ ვაპატიეთ და საცხოვრებლად ჯერ ბებია-ბაბუასთან გადავედით, მერე კი - ნახევარძმასთან. მადლობა უფალს იმისთვის, რომ შესანიშნავი დედმამიშვილები ვიპოვე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ძმისგან განსხვავებით, მშობლებს ვერასდროს ვაპატიებ, თავის დროზე უდანაშაულო პატარები ბუდიდან რომ მოიშორეს.

ლიკა ქაჯაია