კეთილი საქმისთვის ნაჩუქარი ავტომობილი - გზაპრესი

კეთილი საქმისთვის ნაჩუქარი ავტომობილი

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გაგვიმხილა, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა სამშობლოს დატოვებას აპირებდა, მაგრამ გადაწყვიტა, საქართველოში დარჩენილიყო და კეთილი საქმის კეთებით, ადამიანების გულებში სიკეთე გაეღვივებინა... 35 წლის ზაქარია დოლიძე უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს უსასყიდლოდ ამზადებს და ცხოველებს საკვებსაც უტოვებს. თავდაპირველად, ძაღლების დასახმარებლად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ნაქირავები ავტომობილით სტუმრობდა, ახლახან კი ალუმინის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ ზაქარიას ავტომობილი აჩუქა...

- ჯერჯერობით ამ ამბავს კიდევ ვერ ვიაზრებ, რადგან ძალიან მოულოდნელი იყო! წელიწადზე მეტი, დაქირავებული მანქანებით ვშრომობდი, ახლა კი, მოულოდნელად, კომფორტი გამომიჩნდა - მანქანა საქმეში დამეხმარა, მოვლენები დამიჩქარა...

- ძაღლებზე ზრუნვის სურვილი როგორ გაგიჩნდათ?

- შარშანწინ, ოქტომბრის ბოლოს ლეკვი - რიკი მაჩუქეს. რიკუწა მოულოდნელად ავად რომ გახდა, პირველი, რაც გავაკეთე, "ფეისბუკზე" "შევძვერი" - ვიფიქრე, იქნებ, ვინმემ მიშველოს-მეთქი, მაგრამ სოციალურ ქსელში იქით საშველი ხალხი დამხვდა... მათი რჩევა იყო, ექიმთან მიდიო... პროფესიით რეჟისორი ვარ. არის პერიოდები, როცა არ ვმუშაობ. იმ პერიოდში 2 თვე უმუშევარი ვიყავი, კლინიკაში ძაღლის ერთ ვიზიტს კი 45-50 ლარი სჭირდება. დაახლოებით ხუთჯერ უნდა მივსულიყავი, რასაც ბევრი ფული სჭირდებოდა... რეალურად, უცხოელი მეგობრები დამეხმარნენ და რიკი გამომაჯანმრთელებინეს...

ძაღლებისთვის სახლების დადგმას თუ გადავწყვეტდი, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლაც საჭირო ხელსაწყო მაქვს ხელში და ცხოველებისთვის სახლს ვაკეთებ... რადგან ფული არ მქონდა, მარტივი გზების ძებნა დავიწყე, რომ ძაღლებს ისე დავხმარებოდი, ფინანსებზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. იმ პერიოდში ერთი ძაღლი კვდებოდა და მისი დახმარება მქონდა გადაწყვეტილი. ჩემს მშობლებთან, სახლში ძველი კარადა აღმოვაჩინე და ის დავშალე. მაშინ ხელსაწყოებიც არ მქონდა, ძალიან ვიწვალე, მაგრამ "იუთუბი" დაილოცოს - ვიდეო ჩავრთე, ჩავუჯექი, კარადის ნაწილები მივჭერ-მოვჭერი... საბოლოოდ, მშვენიერი "სახლუშკა" გამომივიდა, რომელიც ძაღლს წავუღე. ის გადარჩა და ისეთი საოცარი მადლიერება გამოხატა ჩემ მიმართ, რომ ჟრუანტელმა დამიარა. ჰოდა, რაღა გამაჩერებდა? ამ საქმის კეთება გავაგრძელე... ასაკოვანი ძაღლია. ახლა თბილისის განვითარების ფონდის ეზოში ცხოვრობს - მათ "იშვილეს". დღეს კანფეტივითაა - ახალგაზრდა "ბიჭივით" გამოიყურება (იღიმის). მადლიერების ნიშნად, ძაღლი ენას ხელზე რომ აგისვამს ("გაკოცებს"), მერე კი თვალებში შემოგხედავს, მის სიყვარულს და დამოკიდებულებას მაშინვე გრძნობ ადამიანი. სწორედ ეს მაფრთიანებს...

GzaPress

- ამ კეთილი საქმის კეთებისას, პრობლემებს თუ აწყდებით? - ბევრ პრობლემას ვაწყდები. თავდაპირველად, რაც დავთვალე, ძაღლის 30 სახლი მაშინვე მომპარეს, არადა, დავდივარ, ვწვალობ, მასალებს ურნებიდან ვაგროვებ, ხელფასად აღებული "2 კაპიკიდან" ნახევარი "კაპიკით" მასალებს ვყიდულობ... ეს თემა გულს მიკლავს: როცა შენ ვიღაცას ეხმარები, სხვები კი იპარავენ, ამტვრევენ და აფუჭებენ, გულსატკენია... ზოგი ამბობს, - ძაღლი ხელს გვიშლის, სახლის დადგმით კი აქ ასახლებ ცხოველს. შიშით ვერ გამივლია, "შემჭამაო"... ჩვენი საზოგადოების რეალური სურათი ხომ იცი? ადამიანები სტრესში არიან. ერთი მხრივ, ჩემი საქმე იმასაც ემსახურება, რომ ხალხს დავანახვო - კეთილი საქმეების კეთება რთული არ არის. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა მეუბნებიან, - წადი, შვილო, ხალხს დაეხმარე, ძაღლებს რომ უდგამ სახლებსო. ასეთ ადამიანებს ვპასუხობ, - აჰა და თუ შეეტევი, შედი და იცხოვრე, პრობლემა არ არის-მეთქი (იცინის). მერე გიჟდებიან... ბევრი ადამიანია, ვინც ჩემს საქმიანობას დადებითად უყურებს, ახალგაზრდებს მოტივაცია ეძლევათ... ძაღლს რომ სახლი აუშენო, ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ეს არ არის: შეიძლება, ასეთი საქციელით ის ისწავლო, რომ ცხოველს წიხლი კი არ უნდა მიარტყა, მასზე უნდა იზრუნო... ბევრს გაუჩნდა სურვილი, ძაღლებს სახლები თავადაც გაუკეთოს. როცა ქალაქგარეთ მივდივარ, თარგები მიმაქვს და ჩემს ცოდნას სხვებს ვუზიარებ... მოკლედ, მგონია, რომ ასე გადავრჩებით.

- ბევრი ოთხფეხა მეგობარი გყავთ, რომლებსაც სახლებს უდგამთ?

- ბევრი ოთხფეხა მეგობარი მყავს. ყველას "დიდფულიანი" ვგონივარ (იცინის). თბილისში კიდევ არიან ადამიანები, ვინც ბევრ კარგ საქმეს გულიანად აკეთებს. ბევრს მზაკვრული იდეები და მიზნებიც აქვს, რის გამოც მათ დავდევ და "ვფაქტავ". თითიდან გამოწოვილი თემები არ მიყვარს. მარტივ მაგალითს გეტყვით: ქუჩაში ნაგავი ყრია. არჩევანი გაქვს: ან ნაგავს ფოტო უნდა გადაუღო და თქვა, - "ღრუზინები" რა დამპალი ხალხი ვართ, ნახეთ, ნაგავი ყრიაო და ან ნაგავი უნდა აიღო, ურნაში ჩაყარო და თქვა, - აი, ნაგავი ავიღე, მე ქართველი ვარო. დაე, მისაბაძი იყავი და ქართველის სახელი ფეხქვეშ არ გათელო. ეს თემა მკლავს... ამიტომ კიდევ ბევრ რამეს ვაკეთებ, მითი რომ დავანგრიო, თითქოს ქართველები ცუდები ვართ.

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან? საქმეში გეხმარებიან?

- მეუღლე, 3 შვილი - ტასო, კეკო, იო (ანასტასია, კესარია, იოანე) და მშობლები მყავს. ჩვენი საგვარეულოს წარმომადგენლები, ძირითადად, მხატვრობაში არ ვვარგივართ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვივარგოთ. ამ მხრივ, ბავშვები აქტიურობენ - შესაღებს ღებავენ (იღიმის)... მამაჩემი იდეებს მაწვდის, რჩევებს მაძლევს... მაგალითად, დღეს მამის შენიშვნა არ მივიღე, შედეგად თითი გამეჭრა. მერე კი ვაღიარე მამაჩემი...

სხვათა შორის, ყველა მეკითხება, ამ სახლებს რა ჯადოს უკეთებ, რომ დადგმული არ გაქვს, ცხოველები უკვე შიგნით შედიანო (იცინის)? იყო შემთხვევა, როცა მითხრეს, - ძაღლს სახლი გავუკეთეთ, მაგრამ არ შედის. გეხვეწები, სხვა მოიტანე, ეს კი წაიღეო...

- რატომ მოსწონთ თქვენი დადგმული სახლები ძაღლებს?

- როცა სახლის კეთებას დავასრულებ, მას ჯერ ჩემი ცუგრიები - "ბატონი" რიკი და "ქალბატონი" ლუსი "მოინახულებენ" ხოლმე. სახლში ძაღლის სუნს ტოვებენ და მიზეზიც ეს არის.

- ლუსი როგორ გაჩნდა რიკის ცხოვრებაში?

- მოულოდნელად: ჩემი მეგობრის ოჯახში საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა - ლუსის შეფარება გახდა საჭირო და შევიფარეთ.

GzaPress

- ძაღლები გცნობენ? - მაგრად. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: თბილისის ზღვაზე გადაღება გვქონდა. გადაღების დაწყებამდე, "სეტზე" მარტო ვიყავი. იქ ტყეა... უცებ, ჩემგან 100 მეტრში, ძაღლმა თავი გამოყო. როგორც კი დამინახა, ისტერიკული ყეფა დაიწყო და ჩემკენ გამოექანა. გზადაგზა სხვა ძაღლები უერთდებოდნენ. ყველანი (დაახლოებით - 15 ძაღლი) ჩემკენ მორბოდნენ... თან, იცი, როგორი ძაღლები იყვნენ? ზოგს გვერდი ჰქონდა ჩამოგლეჯილი, ზოგს - მხოლოდ 3 ფეხი, დორბლი სდიოდათ... მოკლედ, საშინელი სურათი იყო! გაქცევას აზრი არ ჰქონდა. არ ვიცოდი, რა მეღონა. ყველანი მოცვივდნენ და სახესთან მიყეფდნენ, მდორბლავდნენ... იმ წუთში უკვე წარმოვიდგინე, როგორ დამგლიჯეს. შევშინდი... დავიხარე და ასე ვუთხარი: - არ გრცხვენიათ, ამის დედა ვატირე-მეთქი?! წამიერად ყველა ძაღლი გაჩერდა. მეც წამის მეათედში მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, ტემპი აღარ დავაგდე და საყვედური განვაგრძე, - რა "პონტია", არ გრცხვენიათ?.. მე თქვენკენ ვარ, თქვენ სად ჯანდაბაში იყურებით-მეთქი?.. უცებ, უკანა ფლანგიდან თეთრი, "მობუნძულებული" ძაღლი გამოვიდა და წამომიგორდა. ხელი დავადე - მოდი, შე ძონძო-მეთქი (მოფერებით "ძონძებს" ვეძახი)... როცა გადამღები ჯგუფი მოვიდა, მე გადასაღებ მოედანზე ვეგდე და უამრავი ძაღლი მლოკავდა. ყურები, თმა სულ სველი, დორბლიანი მქონდა (იცინის).

- ძაღლებზე ზრუნვის გარდა, რას საქმიანობთ?

- ძირითადად, კრეატივზე, მარტივ იდეებზე, სცენარებზე ვმუშაობ. ახლა ბავშვებისთვის სპექტაკლის დადგმას ვაპირებ, რომელშიც ცხოველებსა და ადამიანებზე ვისაუბრებთ. უბრალოდ, ადგილს ვარჩევ, სადაც ეს სპექტაკლი შეიძლება დაიდგას. კიდევ მაქვს გეგმები - ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ვარ შეჭიდებული. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ის დღე, რომ გავასაჯაროო...

- წარმატებას გისურვებთ!.. როგორც ვიცი, "ფეისბუკზე" გვერდი - SAPG - Stray Animals Project in Georgia (უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში) გაქვთ, სადაც ადამიანები გეკონტაქტებიან. გვითხარით, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს თხოვნა, ძაღლისთვის სახლის დადგმის შესახებ?

- ის ადამიანი, ვინც ამას ითხოვს, ცხოველს აუცილებლად უნდა იცნობდეს - მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა ხედავდეს, რომ ვიცოდეთ: ნამდვილად ქუჩის ძაღლია? ნამდვილად იმ უბანში ცხოვრობს? იქნებ არსებობს ვინმე, ვინც მასზე ზრუნავს, აჭმევს? გამორიცხულია, ძაღლი ერთსა და იმავე ლოკაციაზე იყოს და მას არავინ კვებავდეს. ვეძებ და ვპოულობ ადამიანს, ვინც ძაღლს კვირაში ერთხელ მაინც დახედავს, როცა სახლს დავუდგამ... უკვე თითქმის 300 სახლი მაქვს გაკეთებული. მათ ჩემი ტელეფონის ნომერს ვაწერ, რომ თუ რამეა, დამირეკონ, მაგრამ თავიდანვე უსაფრთხო ადგილი უნდა შეირჩეს, რომ ძაღლის სახლმა ხელი არავის შეუშალოს.

- ძაღლების სახლების დაზიანების შემთხვევები ისევ არის?

- სიმართლე გითხრა, არის, მაგრამ რაც დრო გადის, ასეთი შემთხვევები იკლებს, რადგან ეტყობა, ადამიანების ცნობიერების დონე იზრდება. ალბათ ვხვდებით, რომ კარგის გაკეთება უკეთესია, ვიდრე ცუდის... ღმერთმა ქნას, ამას ყველანი მივხვდეთ...

ეთო ყორღანაშვილი