ლამაზად დაბერებული ბებოს ამბავი
font-large font-small
ლამაზად დაბერებული ბებოს ამბავი
"არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში"

გასული საუკუნის ორმოციანი წლების მერე დაიწყო ციალა ბებომ ისეთი საოჯახო ნივთების შეძენა, რომელიც მაშინ აუცილებლობა იყო და ახლა მხოლოდ დეკორაციაა. იმედით სავსე ქალი იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. იმედიანობის საფუძველი ზოგჯერ ქმრისგან მიძღვნილი, თივიდან აღებული გამხმარი ვარდკაჭაჭას ღერი იყო, ზოგჯერ მხოლოდ ღიმილი, მაგრამ ერთმანეთს ემატებოდა საკერავი მანქანა, "შიფონერკა", ნიკელის საწოლები და კიდევ ათასი რამ, რაც სიმდიდრე იყო მაშინ... რა ცხოვრება გაიარა კასპის სოფელ თვალადში მცხოვრებმა ციალა კელაპტრიშვილმა 91 წლის განმავლობაში, თვალადური ქართულით გვიამბობს, რომელსაც ცვლილება მართლა არ მოუხდება, ასეთი ქართული მხოლოდ გიორგი შატბერაშვილის მოთხრობებში წამიკითხავს და ამიტომ...


- დავიბადე კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, 1929 წლის 3 აპრილს. ექვსშვილიან ოჯახში გავიზარდე. მყავდა ოთხი და და ერთი ძმა: ეთერი, შემდეგ მე, ალექსანდრე, დარიკო, თამარი და მერი. თამარს ვეძახდით ნაზოს და მერის - ლილის, ასეც დარჩათ ეს მოფერებითი სახელები... და-ძმებისგან დღეს ოთხი ისევ ალამაზებს ამ ქვეყანას. დედაჩემი ცამეტი წლისა გაუთხოვებიათ. მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ მაშინ ასე ხდებოდა. დედამთილი არ ჰყოლია, შესაბამისად, მამის მხრიდან ბებია არასდროს მინახავს. პაპა ბუნდოვნად მახსოვს; ძალიან პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. დედის დედა კი კარგად მახსოვს, სოფელ ხიდისთვიდან იყო, დარო ბაიაძე. დედის მამა არასდროს მინახავს. გადმოცემით ვიცი, რომ პაპაჩემი ბერძენი იყო. საბერძნეთიდან წამოსულან ძმები, ისეთ ქვის საბადოს ეძებდნენ, რომელიც საფლავის ქვების დასამზადებლად გამოადგებოდათ. საბადო აღმოუჩენიათ სოფელ ჭყოპიანთან, ქონდარაანის მხარეს. დარჩენილან და დასახლებულან თეძმის ხეობაში. მერე თავიანთი დედაც ჩამოუყვანიათ, უჩვენებიათ, აქ დავსახლდითო და მასაც მოუნდომებია მათთან ერთად, საქართველოში ცხოვრება. მათი შთამომავლობა დღესაცაა სოფელ ჭყოპიანში - ხინიზოვები, დედაჩემის ძმების შთამომავლები... დედას ორი და და ორი ძმა ჰყავდა.
GzaPress
ბავშვობა მახსოვს ომით. დიდი გაჭირვება იყო. ჩვენ ვაშლის ბაღები გვქონდა, დიდი მოსავალი მოდიოდა. მე და ჩემი და ეთერი, რომელიც ორი წლით იყო ჩემზე უფროსი, ავიკიდებდით ვაშლით სავსე ჩანთებს და ფეხით ჩავდიოდით გრაკლის რკინიგზის სადგურზე. 6 კილომეტრს ფეხით გავდიოდით. ვაშლი ჩაგვქონდა თბილისში, გავყიდდით და ღამის მატარებლით უკან ვბრუნდებოდით, ისევ ფეხით, სადგურიდან სახლამდე. ასე თოთხმეტი-თხუთმეტი წლისა ვიქნებოდით მაშინ. ერთხელ, გავყიდეთ ვაშლი და ძალიან მშიერი ვიყავი. მაშინ ბაზრებში სახლში გამომცხვარ ღვეზელებს ყიდდნენ... ვიყიდე ღვეზელი და როგორც კი ჩავკბიჩე, ვიღაც ბიჭმა გამომტაცა და გაიქცა ჭამა-ჭამით... ვფიქრობდი გამწარებული, ნეტა მეტის შეჭმა მომესწრო-მეთქი...
ჩემი ოჯახი თავს ხილით ირჩენდა, ვყიდდით, ხან ვცვლიდით ხორბალში. ჩვენი სოფლის ზემოთ ოსებით დასახლებული სოფელი იყო. მამა ვაშლს წაიღებდა და სანაცვლოდ პური მოჰქონდა... რა გემრიელი იყო "ქარძინა პურები", ასე ვეძახდით მაშინ. ჩვენი ოჯახი ეხმარებოდა მეზობლებსაც, ორ მარტოხელა მოხუცსა და ერთ ხუთშვილიან ოჯახს, რომლებსაც მამა-მარჩენალი ომში მოუკვდა. ყოველ დილით მოჰყავდა მამას ისინი ჩვენთან, ვათბობდით და პურსაც ვაჭმევდით. სოფელი მშიერი იყო და ფაფებით გადიოდნენ ძირითადად.
შვიდი კლასი ზემო ხანდაკის სკოლაში ვისწავლე, შემდეგ სასირეთში გადავედი და იქ დავამთავრე ათი კლასი, 2 კილომეტრს ფეხით დავდიოდი ყოველდღე. დირექტორიც მახსოვს - თამარ მჟავანაძე, ძალიან დიდ პატივს გვცემდა ბავშვებს, ყოველთვის კარგად მახსენდება. სკოლა რომ დავამთავრე, მალევე გავთხოვდი, ცხრამეტი წლის ვიყავი. ომი ოთხი წლის დამთავრებული იყო. მაჭანკალმა გამათხოვა. ჩემი მომავალი მეუღლე - ლევანი საჭიდაო მოედანზე დავინახე. შაბათობით სოფელში ჭიდაობა იმართებოდა და მეზობელი სოფლებიდან მოდიოდნენ ახალგაზრდები. ლევანი სახელოვანი, ბეჭდაუდებელი ფალავანი იყო. ყურადღებას იპყრობდა, რადგან სულ იმარჯვებდა. დედისერთა გახლდათ. მისი ძმა, არჩილი ძალიან პატარა წაუყვანიათ ომში. წავიდა და წავიდა... როგორც ჩემი დედამთილი იტყოდა, ერთი სამკუთხა წერილი მივიღე, სადაც ეწერა, - დედა, სევასტოპოლში მივდივართ. არ ვიცი, დავბრუნდები თუ არაო... არც დაბრუნებულა. ამის მერე თავის შვილზე აღარაფერი გაუგია... შეშინებული იყო, მეორე შვილიც არ წამართვანო... თხუთმეტი წლისა ჭაბურღილზე მიუყვანია სამუშაოდ. არ იღებდნენ პატარას, მაგრამ ბევრი უხვეწია. თავი გამოუჩენია და მის მერე მთელი ცხოვრება გეოლოგად მუშაობდა. მივლინებით მოიარა ბევრი ქვეყანა და ქალაქი. მიიღო უამრავი ჯილდო, პრემიის ლაურეატი გახდა, ბოლოს გაგრაში აღმოაჩინა გოგირდის წყალი და დიდი სანატორიუმიც ააშენეს... გაგრიდან რომ წამოვიდა, მეორე დღეს აფხაზეთის ომი დაიწყო...
ჩემი ქმარი მშრომელი და დაუზარელი იყო. სწორედ მასზე სასაუბროდ მოგვადგა ერთხელ მამაჩემის დეიდაშვილის ცოლი, კვნიწიანთ ნინა. ის კავთისხევში იყო გათხოვილი და ლევანის დედასთან მეგობრობდა. მკითხა, გოგო, კავთისხევში არ გათხოვდებიო? გამეცინა, არ ვიცოდი, რაზე ან ვისზე საუბრობდა. მითხრა, ის ბიჭი, აქა, საჭიდაოზე დადის, მოდრეკილაძე ლევანიო. მომავალ შაბათს უკვე მოპრანჭული წავედი საჭიდაოზე და კარგად დავრწმუნდი, რომ კვნიწის არჩეული სასიძო სწორედ ის ლევანი იყო, ვინც ყველას თვალსა და გულს სწყვეტდა. მალე ნინა ისევ გვესტუმრა. ნახეო? კი-მეთქი. მოგეწონაო? მომეწონა-მეთქი. ვინმე იტყვის ეს ქალი გაგიჟებულა, ეგრევე თანხმობა უთხრაო, მაგრამ ლევანი ვის არ მოეწონებოდა? ჩემმა მშობლებმაც მაშინვე თანხმობა განაცხადეს. სახელი არ აკლდა, სახე და ტანი. ამის მერე სახლში გვესტუმრნენ ლევანი და დედამისი დარო. ჩანდა, ლევანსაც შევუთვალიერებივარ და ჩემი შერთვა უნდოდა. დაითქვა ნიშნობა. პატარა ქორწილიც გვქონდა, ზემო ხანდაკში და კავთისხევშიც, მაყრითა და სუფრით. დედამთილს ძროხა დაეკლა, ინდაურები... ორმოცდაათი კაცი იქნებოდა ჩვენს ქორწილში. დედამთილის ძმამ მანქანა გამომიგზავნა. ყველას გაუკვირდა, მაშინ ურმებით მიჰყავდათ პატარძლები. თავთ ფატა მედგა, ყვავილებიანი, ჩემი მეჯვარის მშობლების მორთმეული... ლევანს და მის მეგობარს მეჯვარეობა ჰქონიათ ნათქვამი, მაგრამ ცხონებული 23 წლისა გარდაცვლილა. ჰოდა, ლევანი რომ დაოჯახდა, მეჯვარედ იმ მეგობრის, ოთარის მამა გამოგვყვა, შვილის სურვილი აასრულა. ოთარის მშობლებმა ძვირფასი ბეჭედი მომართვეს, ჩემს მეუღლეს კი "კალიცო", ვითომ ჩვენი შვილისთვის გვიყიდიაო... ქორწილის მეორე დღის ტრადიცია იყო "განადირება" - მექორწილეები ოჯახის მიცვალებულის საფლავზე უნდა გასულიყვნენ. ჩვენ გავედით ლევანის მამის - ესტატეს საფლავზე. იმ დროს და კიდევ დიდხანს არჩილს ისევ ელოდებოდა ოჯახი. იმედი გვქონდა, რომ ცოცხალი იყო, დაბრუნდებოდა. ჩემი ქმარი ამბობდა, ოღონდ დაბრუნდეს და ყველაფერს მას დავუტოვებ, ისე წავალ სახლ-კარიდან, არაფერს წავიღებო... კიდევ ერთი ტრადიცია მახსოვს: ქორწილის მეორე დღეს, სასაფლაოდან მობრუნების მერე, ეზოში მამლები შემოგვიფრინეს მეზობლებმა, ვისაც პატივისცემა უნდოდა, ხუთი მამალი იქნებოდა, ისიც დაკლეს და სტუმრებს მიართვეს...
GzaPress
წლისთავზე ვაჟი შეგვეძინა - ოთარი დავარქვით... ორი წლის მერე ლალი გაგვიჩნდა და მალევე მიხეილი - მამაჩემის მოსახელე. მას მერე ვარ ბედნიერი ქალი და დედა. მყავს შვიდი შვილიშვილი და თერთმეტი შვილთაშვილი. ერთადერთი, ვინც გული დამწყვიტა, არის ჩემი ლევანის გარდაცვალება, ის იყო ჩემი ცხოვრების მეგზური, ჩემი დიდი იმედი და ნუგეში... სულ მეკითხებიან, შენი დღეგრძელობის საიდუმლო რაშიაო? მალე 91 წლისა გავხდები... ერთხელ სიზმარი ვნახე. თუ სიზმარს რამე დაეჯერება, ვითომ ავად ვიყავი, ქალი მოვიდა და მითხრა, შენ ას ცამეტი წელი იცოცხლებო. აბა, რად მინდა ას ცამეტი წელი... ისე, ბოლო ორი წელია, რაც წამლების მიღება დავიწყე, მანამდე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. სამი შვილი გავაჩინე და გავზარდე მარტომ. მოდარდე გული მაქვს. ვდარდობ ყველაზე - შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე.... მათ ჯანმრთელობაზე. მინდა ბედნიერები იყვნენ. შრომა არასდროს მაკლდა... როცა დედამთილი გარდამეცვალა, ბრიგადირი მოვიდა და მითხრა, თუ მეურნეობაში არ იმუშავებ, ნაკვეთს ჩამოგართმევთო. ვუთხარი, ორმოცამდე მაგლოვეთ ეს ქალი და გამოვალ-მეთქი, სხვა გზა არ იყო. იმ დღიდან მოყოლებული, 41 წელი ვიმუშავე მეურნეობაში, დღეში 2 მანეთად. ჩემი მეუღლე თუ მივლინებაში არ იყო, მეხმარებოდა, გეგმას გადაჭარბებით ვასრულებდი. ლევანი თავის სფეროში იღებდა ჯილდოებს, მე გადაჭარბებული გეგმების გამო...
დღესასწაულებიდან ბარბარობა და აღდგომა მიყვარს. ბარბარობას კაკლებს დავაწყობდი ღუმელზე, ნიგვზიანებს დავუცხობდი შვილიშვილებს და ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მივდიოდით. უკანა გზაზე, კავთურის პირას გავუშლიდი სუფრას, წავაქეიფებდი ცოტას. უხაროდათ ძალიან. სააღდგომო მზადებას დიდი ხნით ადრე ვიწყებდი. თონეში ვაცხობდი პასკასა და ნაზუქს, შოთსა და ლავაშს, ბოლო წლებში რძლები მეხმარებიან და ტრადიციას აგრძელებენ. მყავს პატარა რძლებიც, შვილიშვილების ცოლები, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანები. მთელი ოჯახი იკრიბება აღდგომას და მათ ყურებას არაფერი სჯობს. ყოველღამე ვლოცულობ ჩემი მოდგმისთვის. ღმერთმა გამიმრავლოს ისინი, მოდრეკილაძეები, გიგაურები, ხმალაძეები, აბულაძეები... აი, ჩემი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი. მინდა მათ ვუთხრა, - ბებერი ბაბო გთხოვთ, სუფთა გულისანი იყავით, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ზოგადად, ადამიანებს... ისწავლეთ და იშრომეთ. არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში... ყველაფერი წავა - ომი, ავადმყოფობები, გაჭირვება... მუდმივი არაფერია ღმერთის გარდა, დაილოცოს ღვთის განგება, უფლის გწამდეთ და გჯეროდეთ.

P.S. უყურებ ბებოს და ხედავ, როგორ აზრიანად გაუტარებია ცხოვრება, რაოდენ უღვაწია და ყველაფრისთვის სიყვარულის გემო დაუყოლებია... აი, თუნდაც ბავშვობის დროიდან გახსენებულ ჭინჭრისა და შინდის კერძებს. შინდს გარეცხავთ, მოხარშავთ, გახეხავთ, წვენს მოუკიდებთ საფანელს და შეაგემებთ ნივრითა და ნიგვზით. უგემრიელესია. ღვინისფერია. შენ თუ გინდა მომჟავო გემოზე დააყენებო, მაგრამ ციალა ბებოს ნამზადს უფრო სიყვარულის გემო აქვს, დამერწმუნეთ... ამ გახსენებასაც ამურის ისრები ატყვია, ლექსად რომ ამოთქვა ერთმა შვილიშვილმა:
"სოფლის კაცია პაპაჩემი, მოხუცი ჩია,/ დილაღამიდან საქმეშია, და ჰა, ინათა,/ თივიდან ხმელი ვარდკაჭაჭა ამოარჩია,/ და ბუხრის პირას მიმჯდარ ბებოს ნაზად მიართვა:/ - შეხე, შენსავით რა ლამაზად დაბერებულა,/ ცისფერ თვალებზე ნაკოცნები უჩანს ნიავთა..."
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი