ვინ არის და რას საქმიანობს ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი - გზაპრესი

ვინ არის და რას საქმიანობს ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი

"ის აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყო. ამ სახელმა დიდი პასუხისმგებლობა მომცა და სტიმულს მაძლევს, რომ ცხოვრებაში მეტი კარგი რამ ვაკეთო", - აღნიშნავს ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი, უმცროსი ჯაბა იოსელიანი ბაბუასა და ოჯახზე ექსკლუზიურად ჟურნალ "გზასთან" საუბრისას. ის იმ რთული წლების სასიამოვნო მომენტებსა და ამბებს იხსენებს, რომლებიც მისი ოჯახის წევრებს უკავშირდება.

- განათლება იტალიაში მივიღე, მილანში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვმუშაობდი მერიაში, შემდეგ - თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ახლა კი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში ვმუშაობ. ბავშვობისას ვწერდი, ვხატავდი, ვძერწავდი. ხელოვნებასთან შეხება პროფესიულად არ მქონია, მაგრამ ოჯახის წევრების მონაცემები მეც გამომყვა. ხატვის პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ იმ დონეზე არ ვარ, რომ ნამუშევრები საზოგადოებას გავაცნო. შეიძლება ოდესმე ეს მომენტიც დადგეს, არ ვიცი.

- სახელი და გვარი - ჯაბა იოსელიანი რამდენად გეხმარებათ ან გიშლით ხელს?

- ბავშვობაში ამის გამო, დიდი პრობლემები გადავიტანე. ეზოში თამაშიც კი შეზღუდული მქონდა. ძირითადად, დაცვა დაგვყვებოდა და მის გარეშე, ბაბუს მხოლოდ ერთ მეგობარს ჰქონდა პრივილეგია, რომ წელიწადში ერთი-ორჯერ სადმე წავეყვანე, ოღონდ, ქუჩაში ჯაბას არ მეძახდნენ, სხვადასხვა სახელს იგონებდნენ და მაფრთხილებდნენ, დღეს ეს სახელი გქვიაო (იცინის). რაც ამ სახელმა მომცა, არის დიდი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ჩემი ოჯახის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სტიმულს მაძლევს, რომ ცხოვრებაში მეტი კარგი ვაკეთო.

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც იგებენ, რომ ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი ხართ?

- უფრო მეტად, დადებითი. თუმცა, განსხვავებული აზრიც არის, მაგრამ როდესაც პირადად მეცნობიან, ცუდი რეაქცია არავის აქვს.

GzaPress

- 1990-იან წლებში, იმ რთულ პერიოდში, გარეთ გამოსვლისას, შიშის მომენტი გქონდათ? - სიმართლე გითხრათ, შიშის ფაქტორი ნამდვილად არ მქონია. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც შედარებით "ჩაკეტილი" იყო. ამ მხრივ პრობლემები არ მქონდა. ჩემს კლასელებთან, სკოლელებთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

- ქალბატონი ლილი იოსელიანი მიამბობდა, რამდენად რთული ცხოვრება გამოიარეს ბავშვობისას და შემდგომ წლებშიც, როდესაც ძმასთან მაგალითად, ციმბირში ჩადიოდა, ციხეში მოსანახულებლად და საკვების ჩასატანად... რას გიყვებოდათ ჯაბა თავის ცხოვრებაზე? როგორი იყო ის, როგორც ბაბუა?

- ჯაბამ და ლილიმ და-ძმა ადრეულ წლებში დაკარგეს და ერთმანეთს განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ, უდიდესი სიყვარული ჰქონდათ. მართლაც, რთული ცხოვრება გამოიარეს, მაგრამ ბაბუა ამაზე ჩემთან არასდროს საუბრობდა, შესაძლოა, ასაკიც არ მქონდა შესაბამისი და არც უნდოდა ნეგატიური ინფორმაციის გადმოცემა. ცხოვრებისეულ სწავლა-დარიგებებზე უფრო ჰქონდა აქცენტი, რჩევებს მაძლევდა - ადამიანები, ქვეყანა უნდა გიყვარდესო; როგორც ქართველს და მამაკაცს, პასუხისმგებლობის გრძნობა გქონდესო. ძალიან ბევრი რამ მომცა, განათლება, სიყვარული, ისეთი ადამიანური გრძნობები, რომლითაც დღეს ვამაყობ. ეს არის ზუსტად ის, რის გამოც მიხარია, რომ ჯაბა ვარ, იოსელიანი. მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ისეთი ადამიანების გარემოცვაში გავზრდილიყავი და ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც იყო ჯაბა, ლილი, ასევე, დედის მხრიდან ბებია-ბაბუა, როგორებიც არიან ჩემი მშობლები...

როცა ჯაბა "თავისუფლებაზე" იყო, მაქსიმალურად ხშირი კონტაქტი გვქონდა, სულ ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა, ვსაუბრობდით, რადიოს ვუსმენდით. პირველად სწორედ რადიოს მოსმენის გამო დაიჭირეს - "ამერიკის ხმას" უსმენდა. სულ რაღაცებს მეთამაშებოდა, ჩემთვის ზღაპარიც მოიფიქრა და სულ ბაბუასთან ერთად მინდოდა დაძინება, რომ ის ზღაპარი მომესმინა.

ჯაბას შეხვედრებზეც დავყვებოდი. მაგალითად, როცა ციხიდან გამოვიდა, სვანეთში წავედით და ეს მოგზაურობა არ დამავიწყდება. თანაც, მონატრებული მყავდა. 5 წლის ვიყავი, როცა დაიჭირეს და 10-ის - როცა გამოვიდა, ამიტომ, დიდხანსაც აღარ მოგვეცა ურთიერთობის დრო, სამ წელიწადში გარდაიცვალა...

GzaPress

- მაშინდელი პოლიტიკოსებიდან ვინ გახსენდებათ? ვინ დადიოდა თქვენთან? - საერთოდ, ოჯახში ცდილობდნენ, ამ ყველაფერთან მე შეხება არ მქონოდა, გასაგები მიზეზების გამო. ერთი, რაც მახსოვს და ფოტოც გვაქვს, იყო ის, რომ მე, ბაბუა და ედუარდ შევარდნაძე ოპერაში ვიყავით. ბატონმა ედუარდმა მკითხა, თვლა იციო? - კი-მეთქი. - აბა, მილიონამდე თუ დაითვლიო. - ერთი, ორი, მილიონი-მეთქი, - ვუთხარი. მანდ დამთავრდა ჩვენი საუბარი (იცინის). მგონი, იმ დროს ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც მას ასე, ორ სიტყვაში მოუგო (იცინის).

- ამ გადასახედიდან, ბატონი ჯაბას მაშინდელ პოლიტიკურ ნაბიჯებს როგორ აფასებთ?

- ვფიქრობ, ბოლო პერიოდის ნაბიჯები იდეოლოგიურად სწორი იყო. იმ მომენტში, როდესაც რეალურად ჯარი არ არსებობდა, ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა. იდეა, რის გამოც "მხედრიონი" შეიქმნა, სწორედ ეს იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მერე ისე მოხდა, რომ ბევრმა ადამიანმა სახელი გაუტეხა და საბოლოო ჯამში, დღეს ჩემთვისაც მიუღებელია "მხედრიონის" ის სტერეოტიპი, რომლითაც დღეს მათ იცნობენ. ამას ჩვენთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია. სახელი გაუტეხეს ხელოვნურად, ისტორია დამახინჯდა და საბოლოო ჯამში, ისე "დაარტყა" ჩემს ოჯახსაც, რომ დღემდე მოჰყვება... თუმცა, ვინც "მხედრიონის" რეალურ იდეოლოგიას იზიარებდა, პატრიოტი და გულანთებული ბიჭები იყვნენ. ზოგი დღემდე აგრძელებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

- სამოქალაქო ომი, ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა... ამ ყველაფერმა მძიმე კვალი დაამჩნია ქვეყანას, დღემდე განსჯის საგანი და საკამათო საკითხებია...

- სამოქალაქო ომში "მხედრიონი" ნაკლებად იყო ჩართული და ისტორიების უმეტესობა, რომლებსაც დღეს ვისმენთ, რეალურად არ არსებობდა. გარკვეული გადაცდომები, ალბათ, იყო. ჩვენ და ბატონი ზვიად გამსახურდიას ოჯახი ყოველთვის ვახლობლობდით, მაშინაც და ახლაც. ბატონ კონსტანტინეს ბებიაჩემზე - სუსკიაზე ნაწარმოები აქვს შექმნილი. ჩემი გადმოსახედიდან, მაშინ ბევრი რამ ხელოვნურად დაიძაბა, ვიღაცების ცუდი ჩარევით.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, დღემდე კრიტიკა ახლავს იმ ფაქტსაც, რომ ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. არასახარბიელო ტექსტებს წერენ, იწყევლებიან - "ამოთხარეთ", გადაასვენეთო... თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რის გამოც ჯაბა იოსელიანი საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში უნდა განისვენებდეს?

- ეს იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ვისაც იმ დროს რაღაც ეთქმოდა და იცოდა, რას აკეთებდა, მათ შორის, პატრიარქმა, რომელიც ჯაბას კარგად იცნობდა, უყვარდა და მეგობრობდნენ. მასთან შეხვედრაზე ბაბუას მეც წავუყვანივარ. ყველას თავისი აზრი აქვს და არ ვართმევთ, დემოკრატიის პრინციპია, მაგრამ წყევლა არასწორად მიმაჩნია. ჩვენთან, რატომღაც, ბევრი ინფორმაცია ინერციით არასწორად ვრცელდება და არასწორი ილუზია შექმნეს ჯაბაზეც, "მხედრიონზეც", რომელსაც პირადად მე, არ ვეთანხმები. იმედი მაქვს, ისტორია რეალობას გამოაჩენს და დადგება დრო, როდესაც არქივები გაიხსნება, ბევრ რამეს სხვანაირად შევაფასებთ.

- ჯაბა იოსელიანი, როგორც კანონიერი ქურდი...

- ერთხელ, ბებიაჩემს ჰკითხეს, თქვენი მეუღლე ქურდია? ბანკებს ტეხავსო? ბებიას გაუკვირდა, - რად უნდა ჯაბას "ბანკების" გატეხვაო? მას ეგონა, ქილებს გულისხმობდნენ (იცინის). იმდროინდელი რეჟიმის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ბაბუა ძალიან პატარა ასაკში დააპატიმრეს და ალბათ, ცხოვრების ეს გზა, პროტესტის ერთადერთი რეალური ფორმა იყო მისთვის. მე ვერასდროს აღვიქვამ ჯაბას კანონიერ ქურდად. ბევრი სხვა დამსახურება ჰქონდა, პროფესორი იყო, მაგალითად, ყოველდღიურად, მინიმუმ ერთ საათს ვისხედით და ვკითხულობდით, თანაც სხვადასხვა ენაზე და ეს ენები სწორედ მან მასწავლა. რეალურად, ის აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყო, ვიდრე მას გარედან იცნობდნენ. ჯაბა იოსელიანი ყველაფერს ქვეყნის სიყვარულით, გულით აკეთებდა.

- ბებია - ჯაბას მეუღლე რას საქმიანობდა?

- ექიმი იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში არ მუშაობდა, ოჯახის საქმეებით გახლდათ დაკავებული. იმ დროს ჯაბას ცოლობა ალბათ, რთული იყო. თუმცა, ერთმანეთში საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ, სიყვარულს ასხივებდნენ. ბებიაჩემი და ლილი, წლების განმავლობაში დადიოდნენ ჯაბასთან ციმბირში, მაშინ ჯერ კიდევ საცოლე იყო.

- თქვენს ოჯახზე საუბრისას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ქალბატონი ლილი იოსელიანი, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის ათეულობით სტუდენტის საყვარელი პედაგოგი იყო, ძალიან ნიჭიერი და თბილი პიროვნება...

- ლილი იოსელიანი ცალკე ფენომენი იყო. უაღრესად დადებითი და განათლებული ადამიანი, საოცრად თბილი და მოსიყვარულე. სულ ვიხიბლებოდი მისი პიროვნებით. ბედნიერი ვარ, რომ არა მხოლოდ ჯაბას, ლილი იოსელიანის შვილიშვილიც ვარ. ბაბუდას ვეძახდი. ასეულობით სტუდენტი აღზარდა, ისინი დედას ეძახდნენ. სიცოცხლის ბოლო პერიოდშიც კი მოდიოდნენ მასთან და სახლში სპექტაკლებს დგამდნენ. ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, რომ ის ადამიანები, რომლებიც კინოდან თუ სპექტაკლებიდან მიყვარდა, ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ, ლილისთან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

- მშობლებზეც გვიამბეთ...

- გამიმართლა, ორივე ძალიან კულტურული ადამიანია. ეს ოჯახებიდან მოსდევთ - ჩემი მეორე ბაბუა - ალეკო ცინცაძე, ასევე პროფესორია. დედაჩემი სამსახიობო სფეროს ჩამოშორდა და ამჟამად, ტელევიზიაში მუშაობს, ლექციებს კითხულობს. ისე მოხდა, რომ მამა ბევრ რამეში "დაიბლოკა", არადა, ნიჭიერი ადამიანია. მასთან ურთიერთობა და კონტაქტი ჩემთვის სიამოვნებაა, ბევრ ცხოვრებისეულ სიბრძნეს მიზიარებს. მამაჩემი 19 წლის იყო, ბაბუამ ომში რომ წაიყვანა და იმ მოცემულობაში გაიზარდა. მეც მივყავდი, 2 წლის რომ ვიყავი - თუ საჭირო იქნება, ამასაც წავიყვანო (იცინის).

- ჯაბა, თქვენც ხომ არ გაგჩენიათ პოლიტიკაში რაიმე ნაბიჯების გადადგმის სურვილი?

- ყოველთვის მინდოდა, შევწინააღმდეგებოდი იმას, რაც რეალურად არასწორად მიმაჩნდა და რაიმე უკეთესი გამეკეთებინა. თუმცა, სურვილი რეალობად არ მიქცევია, ფარსში ჩარევა არ მინდოდა. თუ ოდესმე ასეთი ნაბიჯის გადადგმას დავაპირებ, მხოლოდ სწორად და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების წრესთან ერთად. მინდა, რეალურად განვვითარდეთ და სახელმწიფოდ შევდგეთ.

თამთა დადეშელი