"თავისუფლება ურთულესი რამ გახლავთ"
font-large font-small
"თავისუფლება ურთულესი რამ გახლავთ"
რა საწამლავს გვაწვდიან ქართველებს - ბექა ქურხულის თვალით დანახული რეალობა

"ვფიქრობ, ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი და საბედისწერო კონფლიქტი საკუთარ თავთან აქვს და შემდეგ ეს ყველაფერი გარემოზე გადადის. თავის მხრივ, გარემოც მოქმედებს ჩვენზე, ხშირად - დამთრგუნველადაც. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი გამძლეობა და მყარი ფსიქიკა დაგვანათლა ღმერთმა", - ამბობს მწერალი ბექა ქურხული. ვნახოთ, რა არის მისი კონფლიქტი რეალობასთან, რას ფიქრობს მომავალ თაობაზე და რაში ხედავს გამოსავალს?


- საქართველოს დამოუკიდებლობის 31-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენს თავზე უამრავმა ტრაგიკულმა და სისხლიანმა ქარბორბალამ გადაიარა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ყველას თავისი დაღი დაგვასვა. პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ყველაზე გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელი გახლავთ პოლიტიკოსებისა და თითქმის ყველა ფორმაციის ხელისუფლების სრულიად უპასუხისმგებლო, უპრინციპო, ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას მოკლებული და ხშირად დანაშაულებრივი დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისადმი, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა. ხშირად ეს მათი "პოზიცია-ოპოზიციაც" საკმაოდ პირობითია, ისე ადვილად და უაპელაციოდ ღალატობენ თანამებრძოლებს, იდეებსა და პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს. ძალიან დიდი ხანია, პოლიტიკოსების არაპროფესიონალიზმი, სიხარბე და რეგვნობა ყველა ზღვარს გასცდა და პროტესტის, კონფლიქტისა და აგრესიის გარდა, სიცილს და ცინიზმამდე მისულ ირონიას იწვევს.
- როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოვჩნდით ამ რეალობაში, ეს რისი (ვისი) ბრალია?
- ამ კითხვაზე შემიძლია დღეისთვის ძალიან მოდური პასუხი გაგცეთ: ყველა სახელმწიფო და საზოგადოება იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, რომ მეტის ღირსები არ ვართ, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია და ა.შ. ოღონდ, თითქოს ამ უალტერნატივო და უაპელაციო აქსიომაში, ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ის კატეგორიული, სნობური და პრეტენზიული ტონია, როგორითაც ამ მაღალინტექტუალურ სენტენციებს გვაფრქვევენ. როგორც წესი, "ჩვენ"-ში და "მეტს არ ვიმსახურებთ"-ში, საკუთარი თავის გარდა, ყველას გულისხმობენ. ჩვენი მრავალჭირნახული, ნაომარი, დახოცილი და საკუთარი სახლებიდან ცეცხლითა და მახვილით გამოყრილი ხალხისგან დისტანცირდებიან. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ეს არის პროვინციალიზმი, დაშტამპული და პრიმიტიული აზროვნება. ეს გოიმური, სულელური, უაზრო და უმწეო მცდელობაა საკუთარი ხალხის უბედურებას, უმეცრებას, გაუნათლებლობასა და ტანჯვასთან გამიჯვნისა. ამ დროს, სწორედ ასე მოაზროვნეები ატარებენ გაათმაგებულად ჩვენს ყველა ეროვნულ ნაკლს: ამპარტავნებას, სიზარმაცეს, მლიქვნელობას, ლაჩრობას, შურს, შემგუებლობას, გულგრილობას...
რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენი ბრალია, ოღონდ, ეს "ჩვენ" აუცილებლად საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. საკუთარი უბედურების სხვისთვის, მით უმეტეს მტრისთვის გადაბრალება უნდა დავივიწყოთ. წარმოუდგენელი აბსურდია, მოსისხლე მტერს შენზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება მოსთხოვო. მტერი იმისაა, რომ უნდა გიმტროს და სისულელეა, მას ამის გამო დაემდურო. მტერი უნდა დაამარცხო, მტერზე გამარჯვება კი მხოლოდ საკუთარ თავზე გამარჯვებით არის შესაძლებელი. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შესაძლებელია, თავს უფლება მივცეთ და ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე, - დიდსულოვნებასა და მიმტევებლობაზე ვიფიქროთ.
GzaPress
- ტენდენციებიდან, დამკვიდრებული სტერეოტიპებიდან რომელი არ მოგწონთ?
- საშინლად არ მომწონს, "ეს რა საშინელი ხალხი ვართ", "ღრუზინები" - და სხვა იდიოტური ტერმინები. სიმართლეა ის, რომ ჩვეულებრივი ერი ვართ, მკვეთრად გამოხატული ეთნომენტალიტეტით, რომელიც გარემოს, ბუნებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, საუკუნეების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა. შეუძლებელია, ვინმეზე უკეთესები ან უარესები ვიყოთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ვითომ კრიტიკაში მისხალიც არ ჩანს ილია ჭავჭავაძის იმ საშინლად დაუნდობელი კრიტიკისა, როდესაც "ჩვენისთანა ბედნიერ ერში" თითოეულ სიტყვას სისხლს აყოლებდა. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე სკანდალურ ნაწარმოებში - "კაცია-ადამიანი?!" - რომლის გამოქვეყნების შემდეგ, ლამის მოკლეს და დუელი დუელზე დაუნიშნეს, ვიზუალურად საკუთარი თავი აღწერა და გმირს კი საყვარელი მეფის, ლუარსაბ I-ის სახელი დაარქვა. საკუთარი ხალხის მიმართ ასეთივე დაუნდობლები იყვნენ ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, დავით სარაჯიშვილი, მაგრამ ისინი საკუთარი თავით იწყებდნენ. საკუთარი ხალხის ყველა ჭირის, უბედურებისა და გაჭირვების გამზიარებლები იყვნენ და წილ ტყვიასაც კი არ იცდენდნენ. დღევანდელ "ღრუზინების" მაძახებლებზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საკუთარი ეგოცენტრიზმის დაკმაყოფილება, თვითდამკვიდრება, კომპლექსებთან, ხელმოცარულობასა და შეუმდგარობასთან, საკუთარ მანიაკალურ დეპრესიასთან გამკლავება უფრო ანაღვლებთ, ვიდრე საკუთარი ხალხის ნაკლოვანებებთან, უწიგნურობასთან ბრძოლა. ულამაზოა საკუთარი ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემის შეჭირვებულ ხალხზე ხელის შეწმენდის მცდელობა. არ მჯერა ასეთი ადამიანების, არც მათი ექსპერტობის და ინტელექტუალურობის.
არსებობს ლეგენდა: როდესაც დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გამეფდა, თავის ვეზირთუხუცესს, ანუ პირველ მინისტრ გიორგი ჭყონდიდელს ჰკითხა, - როგორ მოვიქცე, პირველ რიგში, რა გავაკეთოო? გიორგი ჭყონდიდელმა უპასუხა: ხალხს ღირსების გრძნობა აღუდგინეო. მან კარგად იცოდა, რასაც ამბობდა. მაშინდელი ქართული ეპოქისა და იმპერიის შექმნაში, დავით აღმაშენებელზე მეტი თუ არა, ნაკლები ღვაწლი არ მიუძღვის. ვისურვებ, ჩვენ, ყველას ერთად, ღირსების გრძნობა აღგვედგინოს!
- როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი ჩვენს რეალობაში? ქვეყნის წინაშე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სათანადოდ გააზრებული გვაქვს?
- მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა და ნაკლოვანებისა, საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა, რომ სხვადასხვა ჯურის ხელისუფლება, პოლიტიკოსები და პოლიტიკანები იმაზე მეტს ვერ გვიბედავენ, ვიდრე კადრულობენ. ამ მხრივ, რეგიონის სახელმწიფოებს ნამდვილად ვუსწრებთ, თუმცა ამან ხიბლში არ უნდა ჩაგვაგდოს. წინ ძალიან ბევრი სასწავლი, საომარი გველის, ბევრი განსაცდელიც და თვალის მოხუჭვა წამითაც არ შეიძლება. მომწონს და მახარებს ჩვენი ახალგაზრდობა, რომელსაც მემკვიდრეობით დაჰყვა თავისუფლებისადმი მისწრაფება, ბრძოლის უნარი და ჩემი თაობისგან განსხვავებით, გაცილებით სწორად და რაციონალურად აზროვნებს, პასუხისმგებლობის გრძნობაც გამძაფრებული აქვს. ამ მხრივ, მამების თაობაზე გაცილებით ზრდასრულად და სერიოზულად გამოიყურებიან. სამხედრო საქმის აქსიომა და დაუწერელი კანონია - ვიდრე სახმელეთო ჯარი და ჯავშანტექნიკა შეტევაზე გადავა, მანამდე საარტილერიო დარტყმა მზადდება, აქტიურად ხდება მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური, მენტალური და იდეოლოგიური დამუშავება, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური და დეზინფორმაციული ცეცხლით დათრგუნვა, არსებული ისტორიული მონაცემების გაყალბება...
- ეს ჩვენს რეალობაში განსაკუთრებით საგრძნობია, არა?
- სურთ ჩაგვაგონონ, რომ არაფრის მაქნისი, მოქეიფე და მუცელღმერთა ხალხი ვართ, რომ გადაშენების პირას ვდგავართ და უკეთეს შემთხვევაში, ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსია შორტებიანი რუსი ტურისტების გარშემო შამფურზე წამოცმული მწვადით ტლინკაობა, სადღეგრძელოების ლექსად თქმა, სიმღერა, თრობა, "ხაჩაპური", "ვინო", ჩაქაფული, ხინკალი... ანუ ისეთებად გვხატავენ, როგორებიც თავად უნდათ, რომ ვიყოთ... თითქოს ეს ამხელა ისტორიული, კულტურული, ლიტერატურული აუწონავი საგანძური და სიმდიდრე ჩვენ არ შეგვექმნას, არ გვეკუთვნოდეს, თითქოს ესეც ჩვენი მეზობლების ნაწყალობევი და ნაჩუქარი იყოს. ჩვენ ლაღი, მიმნდობი და გულუბრყვილო ხალხი ვართ, ადვილად წამოვეგებით ქებას და ტკბილ სიტყვაში არეულ საწამლავსაც ბოლომდე გეახლებით. არადა, გაცილებით ფხიზლად უნდა ვიყოთ...
- არსებული რეალობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?
- ბრძოლაში, სიყვარულში, საქმის კეთებაში, ერთიანობაში, კეთილშობილებაში, თანაგრძნობაში, საქმის კეთების სურვილში, სიცოცხლის წყურვილში... უნდა ვიცოცხლოთ, უნდა ვიცხოვროთ სისხლსავსედ. ვიომოთ, გვიყვარდეს, გვძულდეს, წავიფორხილოთ, ისევ წელში გავიმართოთ და ვიაროთ ბოლომდე... ეს სიტყვები ჩემთვის არც ლოზუნგებია, არც ლირიკა, არც ჩვენი ურთულესი და ხშირად აუტანელი ყოფის რომანტიზების მცდელობა, სრულიად გულწრფელად მოგახსენებთ. სიზარმაცე, სასოწარკვეთა და შიში ბევრი ვერაფერი თავშესაფარია. თავზე ხელების წაფარებით და წუწუნით არავინ შეგვიბრალებს, არც ღმერთი, არც ეს დაუნდობელი წუთისოფელი და მით უმეტეს - არც მტერი. გავიხსენოთ, წინაპრებმა რაღაც წარმოუდგენელი სასწაულით, აქამდე მოგვიტანეს სახელი, გვარი, ქვეყანა, სარწმუნოება, ენა... აქ სამწყემსო, გასაპარს ცხვრებად კი არა, მგლებად დაგვტოვეს!
- რა მოგწონთ ჩვენს რეალობაში?
- ბევრი რამ. მაგალითად, რომ გავიხედავ და ჩემი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ფრიალებს, რომ ავად თუ კარგად, ოკუპირებული ტერიტორიებით და მძიმედ დაჭრილები, მაინც ცოცხლები ვართ. შინაური თუ გარე მტრების ჯინაზე, მაინც შევდექით სახელმწიფოდ. თბილისი იყო კავკასიის ცენტრი და მუდამ ასე იქნება. ვიმეორებ, ბევრი ნაკლი გვაქვს, ძალიან ბევრი უბედურება გვჭირს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელი და საომარია. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, ეს კი მართლა ერთ რამედ ღირს.
- უკეთესობისკენ რაიმე მიმართულებით მაინც შევიცვალეთ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს. გვიყვარს, ავაფრენთ ხოლმე ალალებს, გაწევა და გადარევა ჩვენ რომ ვიცით, ისეთი უნდა, მაგრამ საბოლოოდ, თავისუფალ საქართველოში, სადაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, პირდაპირ ჯანსაღი სელექცია მიმდინარეობს. ყალიბდება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ვფიქრობ და მტკიცედ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველებს, საქართველოსა და საერთოდ კავკასიას უხდება თავისუფლება, ლამაზია, მზიანი; მთებია, ზღვაა... თავისუფლება კი ურთულესი რამ გახლავთ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარკუს მეტრეველის გულახდილი ინტერვიუ
ინტერვიუ კარანტინში მყოფ ჟურნალისტთან
"ბევრი უსინათლო ადამიანი კარგად რეალიზებულია"
"გაზრდილია როგორც ძაღლის ჯიშების მრავალფეროვნება, ისე მათ მიმართ ინტერესი"
რას ჰყვება უმცროსი ჯაბა ბაბუასა და "მხედრიონზე"
წაიკითხა ყველაფერი ამ დაავადების შესახებ და მაინც მხნედ არის
"არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში"
"დავინტერესდი, პირველად ვის გაუჩნდა "ქართველი ქალების" კვლავ სცენაზე დადგმის იდეა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი