იუზა ბერაძე საერთაშორისო მსაჯი და ექსპერტკინოლოგი - გზაპრესი

იუზა ბერაძე საერთაშორისო მსაჯი და ექსპერტკინოლოგი

საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის ყველა ჯიშის ექსპერტკინოლოგისა და საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარის, იუზა ბერაძის თაოსნობით, საქართველოში 1994 წელს კინოლოგიური ფედერაცია დაარსდა. მოგვიანებით ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში გაწევრდა. ბატონი იუზა 2012 წლიდან საცხოვრებლად ჩეხეთში გადავიდა, თუმცა, ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და ყოველი კვირის ბოლოს, როგორც საერთაშორისო მსაჯი, სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. სიმღერების რამდენიმე ალბომის ავტორი ხატავს, გატაცებულია ფოტოგრაფიით, აშენებს ეგზოტიკურ ცხოველებს.

- ბატონო იუზა, რა მიზნით დაარსდა საქართველოში კინოლოგიური ფედერაცია?

- გვსურდა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გავმხდარიყავით, ამისთვის კი მოსამზადებელი დრო იყო საჭირო. უნდა დაგვეკმაყოფილებინა გარკვეული სტანდარტები, პირობები. საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია 98 ქვეყანას აერთიანებს. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი კინოლოგიური ორგანიზაციაა. იოლი არ არის, გახდე მისი წევრი. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ყველა კინოლოგიური ორგანიზაციის შეკრება-გაერთიანება და ერთ ორგანიზაციაში ამ კონკრეტული მიზნით მუშაობა მოგვიხდა.

- რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის წევრობას?

- იმ დროისთვის იყვნენ მომშენებლები, ვინც დაინტერესებული იყო თავისი ნაშენის საზღვარგარეთ, გამოფენებზე გაყვანით, ხარისხის შეფასებით. ამისთვის კი საჭიროა კონვერტირებადი საგვარეულო ნუსხის ქონა. თუ ფედერაციის წევრი არ ხარ, კონვერტირებადი საგვარეულო ნუსხა ვერ გექნება. იმის გამო, რომ საერთაშორისო ფედერაციის წევრი ვართ, ჩვენ მიერ გაცემული ლიცენზია მოქმედებს მთელ მსოფლიოში.

GzaPress

- რამდენად დიდია ახალგაზრდების ინტერესი ამ მიმართულებით? - ინტერესი ქართველებს ამ სფეროს მიმართ ყოველთვის ჰქონდათ, რადგან ევროპისკენ სწრაფვა გვახასიათებს, ეს კი ცხოველების სიყვარულსაც ითვალისწინებს. შემიძლია გითხრათ, ერთი ათასად არის დაინტერესება გაზრდილი იმ პერიოდთან შედარებით, როცა ამ საქმიანობაში მე ჩავერთე. 2012 წლიდან ჩეხეთის კინოლოგიურ კავშირში მსაჯად ვმუშაობ. ზაფხულში საქართველოს ფედერაციის უფრო მეტად გააქტიურების მიზნით, საქართველოში გადმოვედი. ერთი წელია აქ სტაბილურად ვარ, უბრალოდ, ყოველი კვირის ბოლოს, როგორც მსაჯს, სხვა ქვეყნებში მიხდება გამგზავრება. მანამდე შვიდი წლის წინ ვიყავი და იმ დროსთან შედარებით გაზრდილია როგორც ჯიშების მრავალფეროვნება, ისე ინტერესი. კინოლოგიურ კურსებზე ახლა 20 სტუდენტი სწავლობს, ამდენი არასოდეს ყოფილა. კურსის დასრულების შემდეგ მათ დასაქმებაზეც ვზრუნავთ. გამოცდები საკმაოდ რთულია, პროგრამა კი - გრძელი.

- როცა თქვენ ამ მიმართულებით დაიწყეთ საქმიანობა, ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე პროფესიონალი კინოლოგი იყო...

- სანამ საერთაშორისო ფედერაციის წევრები გავხდებოდით, საბჭოთა სტანდარტები მოქმედებდა. 1997 წლიდან კი საერთაშორისო სტანდარტები, წესები და პრინციპები მოქმედებს, რომლებსაც არ ვარღვევთ. სამწუხაროდ, გვაქვს გარკვეული ხარვეზებიც, რომლის გამოსწორებაზეც ვმუშაობთ.

- საქართველოდან თუ მონაწილეობენ ძაღლები საერთაშორისო გამოფენებზე?

- კი, მაგრამ ის რაოდენობა, რაც მინდა ვნახო, არ არის. არადა, გვყავს არაერთი საერთაშორისო ხარისხის ჯიში.

- როგორ იქცა ბავშვობის გატაცება პროფესიად?

- სკოლის ასაკში ლიტერატურის, ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთული იყო. მოულოდნელად ხელში ჯიშიანი ძაღლების ატლასი ჩამივარდა, სადაც პეკინესი დავინახე. მას შემდეგ ეს ჩემი საყვარელი ჯიში გახდა. სამ წელზე მეტია, პეკინესი მყავს - დავა, რომელიც უამრავი ჯილდოს მფლობელია.

- ულამაზესი დავა თქვენი გაწვრთნილია?

- არასოდეს ვწვრთნი ძაღლებს, უბრალოდ, იმდენს ვესაუბრები, ყველაფერი ესმით. ვეკონტაქტები, როგორც ოჯახის წევრს.

- გარდა იმისა, რომ ულამაზესია, კიდევ რა თვისებებით გამოირჩევა?

- გამორჩეულად ჭკვიანია. თუ ხასიათზე არ ვარ, ისიც თავისთვისაა, არ მაწუხებს. თუ შემამჩნევს, რომ ამაღლებული განწყობა მაქვს, თავადვე მეკონტაქტება. გამოფენებზე სულ ერთად დავდივართ. თვითონ სასტუმროში რჩება, როცა მე საგამოფენო რინგზე ვარ. ძალიან უყვარს პოზირება გადაღებებისას. საკმარისი არ არის ძაღლი მოგწონდეს. როცა გსურს სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავდეს, უნდა გაითვალისწინო, რომ მის მოვლას დრო, ყურადღება, ხარჯები და ენერგია სჭირდება. პირადად მე, ჩემს კოსმეტიკაზე გაცილებით ნაკლები მეხარჯება, ვიდრე დავას მოვლის საშუალებებზე, რადგან მისთვის ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთას ვიძენ, რაც ძალიან ძვირი ღირს.

- დავას გამსეირნებელიც ჰყავს?

- ყველა გამსეირნებელს ვერ ვანდობ ძაღლს. დარწმუნებული უნდა ვიყო, როგორსაც წაიყვანს, ისეთივეს დამიბრუნებს და არა უკვე ფსიქიკადარღვეულს. გამსეირნებელი კინოლოგიურად განათლებული უნდა იყოს, იცოდეს სავალდებულო ნიუანსები, მზად იყოს თავი დააღწიოს ექსტრემალურ სიტუაციებს.

- მაგალითად?

- მაგალითად, ქუჩაში მოდის ადამიანი, რომელიც დიდი ზომის ძაღლს ასეირნებს და არ იცის, როგორ მოარიდოს პატარას. უფრო მეტიც, შეიძლება, თავის ძაღლს წაქეზებაც კი დაუწყოს. ძაღლის გასეირნება არ ნიშნავს მისთვის მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ცხოველთან შეხებისა და ურთიერთობის სურვილი აქვს, დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს, გავლილი ჰქონდეს ძაღლის ფსიქოლოგიის საწყისი კურსები. მათზე ხომ ისევე ვზრუნავთ, როგორც ოჯახის წევრებზე?!

GzaPress

- 90-იან წლებში თბილისში ზოოეგზოტარიუმი გახსენით. როგორი იყო გამოხმაურება და ხომ არ აპირებთ ქალაქს კვლავ გაუკეთოთ მსგავსი საჩუქარი? - მაქვს კონკრეტული და კიდევ უფრო საინტერესო გეგმები, თუმცა, წინასწარ ამის შესახებ არ განვაცხადებ. რაც შეეხება ეგზოტარიუმს, შთაბეჭდილება იმდენად დიდი დატოვა, როცა დაიხურა, ადამიანები მოდიოდნენ, გულისწყვეტას გამოხატავდნენ და გვეკითხებოდნენ, როდის ექნებოდათ ბინადრების ხილვის საშუალება. იმდენად დიდი ენერგეტიკული კრიზისი იყო, იძულებული ვიყავით, ცხოველები გადასარჩენად სხვადასხვა ქვეყანაში გადაგვენაწილებინა. ცალკე იყო სააკვარიუმო დარბაზი, ცალკე პრიმატები, ფრინველები და ქვეწარმავლები. კონტაქტური ზოოპარკის მომხრე არ ვარ. არ მიყვარს, როცა ცხოველებს ზედმეტად აწუხებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია არსებობდეს ადგილი, სადაც ქალაქის მცხოვრებელს ბუნებასთან შეხების საშუალება ექნება. ეს ადამიანში მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს. დადებითი ემოციები კი ყველას სჭირდება. თავადაც მქონდა ქვეწარმავლების დიდი კოლექცია და ვაშენებდი.

- ჩეხეთში წასვლამდე ცნობილი მომღერალი იყავით. მღეროდით კიკის სახელით. ახლაც მღერით?

- დრო არ მაქვს, რომ ორივე საქმეს თანაბრად ვემსახურო. თავს მომღერლად არ მივიჩნევ, რადგან მგონია, სიმღერა ქართველისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული უნარია. კორპორაციულ საღამოებზე ახლაც სიამოვნებით ვმღერი. ჩეხეთში რომ ჩავედი, ორი წელი კლუბებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე აქტიურად ვმღეროდი.

- თქვენი ინიციატივით გამოვიდა კლიპი სახელწოდებით - "ნუ დაჩაგრავ", სადაც არაერთი ცნობილი მომღერალი მონაწილეობს. თემა დღესაც აქტუალურია.

- დღესაც არსებობენ ადამიანები, ვინც ძაღლების ჩხუბში წაგებულს, დაფლეთილს იქვე ტოვებს. მიხარია, რომ კანონები მკაცრდება. საზღვარგარეთ ცხოველის არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელი თავისუფლების აღკვეთაა. არავის აქვს უფლება, საკუთარი გამორჩენის მიზნით, ცხოველის მიმართ სისასტიკე გამოიჩინოს. ე.წ. მოჩხუბარი ჯიშები სპორტულად უნდა დატვირთო და არა სასტიკ ჩხუბში ჩართო.

- ფედერაცია თუ მუშაობს ცნობიერების ამაღლების კუთხით?

- მუშაობს და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ. გამოფენაზე "შრამიან" ძაღლს ვეღარ გაიყვანენ. ვინც ძაღლს აჩხუბებს, გამოფენები მისთვის დახურული იქნება.

- ბოლო დროს ცხოველების წამების არაერთი მძიმე ფაქტი გამოვლინდა. მოზარდებში ასეთ ძალადობრივ ქცევებს რას უკავშირებთ?

- ასეთი მოზარდების უმრავლესობა თავადაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. გამოსავლად საქმეში ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ექიმების ჩართვა და ცხოველების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მიმაჩნია. საჭიროა ინფორმაციული ხასიათის სატელევიზიო გადაცემები. 90-იან წლებში გადაცემას ვუძღვებოდი საკმაოდ მაღალი რეიტინგით. მოზარდები ცხოველების მიმართ პოზიტიურად უნდა განვაწყოთ.

შორენა ლაბაძე