ბარიერები უსინათლოთათვის და მათი გადალახვის გზები - გზაპრესი

ბარიერები უსინათლოთათვის და მათი გადალახვის გზები

მარიამ მიქიაშვილი ორი წელი ამერიკაში სწავლობდა, მაგისტრატურა კი ნორვეგიაში დაასრულა. ნამყოფია 50-ზე მეტ ქალაქში, დაპყრობილი აქვს ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი, ჯომარდობს, დგას თხილამურებზე, ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, დაინტერესებულია ეკოლოგიური პრობლემებითა და სოციალური მედიით, არის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლის დირექტორის მოადგილე, ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა აღზრდასაც დამხმარის გარეშე ახერხებს. მარიამი უსინათლოა.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ბევრ სხვა სფეროშიც კომპეტენტურია, მას ამჯერადაც უსინათლოთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ვესაუბრეთ. თემის თვალსაჩინოებისთვის კი მისივე პირად, გადაჭარბების გარეშე, გმირობის ტოლფას გამოცდილებას შევეხეთ.

- 2014 წელს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოხდა, რომელიც გაერომ 2006 წელს მიიღო. ამ ფაქტმა ზოგადი ვითარება შეცვალა?

- ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კონვენციის სრულად განხორციელება შევძელით. სახელმწიფო ცვლის თავის მიდგომასა და სტრატეგიას, კანონმდებლობაშიც გვაქვს კონკრეტული ტიპის ცვლილებები, თუმცა, გასაკეთებელი მაინც ბევრი რჩება.

- ხომ არ ფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ცნობიერებაში უფრო გვაქვს ცვლილებები შესატანი, ვიდრე ფიზიკურ გარემოში?

- ცნობიერება მართლაც, დიდ პრობლემას წარმოადგენს. შშმ პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალია. ადამიანებს უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ შშმ პირს შეიძლება, ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, სწავლობდეს, მუშაობდეს, დამოუკიდებლად გადაადგილდებოდეს. თუ შენიშნეს, რომ ვინმე უმარტივესი საქმის გაკეთებას ახერხებს, მაშინვე "გმირი" და "სასწაულმოქმედი" ხდება.

GzaPress

- თუმცა, არის კიდეც გმირობა, თუ დღევანდელ გარემოში შშმ პირი ახერხებს იცხოვროს სრულფასოვნად, მით უმეტეს, თუ საქმესაც ემსახურება. - დიახ, ბევრ ბარიერს ვაწყდები ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების გამო, ისე ფიზიკური გარემოსა და კანონმდებლობის თვალსაზრისით. ჩემთვის დღემდე უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ბანკებთან ურთიერთობა. მხოლოდ ერთი ბანკია საქართველოში, რომლის სერვისებითაც ვსარგებლობ. სხვაგან არათუ სრულფასოვან, მინიმალურ სერვისსაც ვერ ვიღებ. შეხება მქონია საკმაოდ პრესტიჟულ ბანკებთან, მაგრამ ვერ გაძლევენ საშუალებას, რომ საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად განახორციელო. ხშირად მეუბნებიან, შენ რომ ელექტრონულ წერილს წერ, არ ვიცით, ნამდვილად შენ წერ თუ არა ან ჩვენ რომ გიგზავნით, არ ვიცით, შენ კითხულობ თუ სხვაო. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში არ იცოდე, რომ უსინათლო ადამიანები სპეციალური პროგრამების დახმარებით, ინტერნეტით სარგებლობას ახერხებენ. ვცდილობთ ლობირებას, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და ბანკებს ამ ტიპის მომსახურების უზრუნველყოფა დაეკისროთ, მაგრამ ამ მხრივ წინსვლა არ გვაქვს. საბანკო სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები, გარდა უსინათლოებისა, აქვთ მოტორიკის პრობლემის მქონე ადამიანებსაც. ისინი ვერ ახერხებენ, ყოველ ჯერზე იდენტური იყოს მათი ხელმოწერა. სმენადაქვეითებულ ან ყრუ ადამიანებს სჭირდებათ კომუნიკაციის დამყარება ჟესტურ ენაზე. ბანკის თანამშრომელმა, ცხადია, არ იცის ჟესტური ენა და ამბობს, რომ რადგან შშმ პირი სრულყოფილად ვერ ეცნობა დოკუმენტს, თან მინდობილი პირი უნდა ახლდეს. უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს აწყდებიან ინტელექტუალური დარღვევების ან ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებიც.

- მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში ხარ ნამყოფი. ამ კუთხით სხვა ქვეყნებში რა ვითარებაა?

- განვითარებულ ქვეყნებში ეს საკითხი მოგვარებულია, შეგიძლია ნებისმიერი ოპერაცია განახორციელო. თუ გსურს ხელშეკრულება ბრაილის შრიფტით დაგიბეჭდონ, წინასწარ დარეკავ და დაგახვედრებენ. შეგიძლია მას ელექტრონულადაც გაეცნო. გახმოვანებულია ბანკომატები, რაც უდიდესი პრობლემაა ჩვენთან. არც ერთ ბანკს არა აქვს გახმოვანებული ბანკომატი. უნდა მიხვიდე ფილიალში, სადაც უკვე ხელის მოწერის პრობლემა ჩნდება. საბოლოოდ, გამოდის, რომ დამოუკიდებლად ვერც ერთ საბანკო ოპერაციას ვერ ახორციელებ.

- ხომ არ გაჩნდა უსინათლოებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ადგილზე შეძენის საშუალება? წლების წინ ეს მხოლოდ გამოწერით იყო შესაძლებელი.

- არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ისინი შემოაქვს და მათი შეძენა უკვე ადგილზეა შესაძლებელი. რაც შეეხება თეთრ ხელჯოხებს, ისინი ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა და უფასოდ არიგებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. საერთოდ, ხელჯოხები განსხვავდება ადამიანის სიმაღლის, კონკრეტული საჭიროებების მიხედვით. ზოგიერთ უსინათლოს წონასწორობის დარღვევაც აღენიშნება, გადაადგილება უჭირს. მცირემხედველს განსხვავებული ხელჯოხი ესაჭიროება. გათვალისწინებული უნდა იყოს შემთხვევა, როცა ადამიანს მხედველობის არქონასთან ერთად, სმენის დაქვეითებაც აღენიშნება. შემოტანილი ხელჯოხები კი ყველა სტანდარტულია და უმეტესად, საჭიროებებს არ ერგება.

- ვიცი უსინათლო ბავშვთა სკოლის შესახებ, სადაც ამჟამად დირექტორის მოადგილედ მუშაობ. გარდა სასწავლო პროგრამისა, თქვენს სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ დამატებითი სერვისებითაც ისარგებლონ.

- ჩვენი სკოლა სპეციალიზებულია მხოლოდ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. რეგიონიდან ჩამოსულებს საშუალება აქვთ, ღამეც ადგილზე დარჩნენ, უფასოდ მიეწოდებათ კვებაც. სკოლასაც და პანსიონსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს. გვაქვს სხვადასხვა სარეაბილიტაციო მომსახურება, გვყავს ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტები, ვინც ბავშვებს დამოუკიდებლად გადაადგილებას ასწავლის; ასევე - სპეცმასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი. ისინი მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა-გამომუშავებასა და აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან. ვასწავლით სხვადასხვა დამხმარე საშუალების გამოყენებას. მაგალითად, მცირემხედველებს გამადიდებლები აქვთ, რომლითაც შეუძლიათ დამოუკიდებლად წაიკითხონ, დაწერონ. ვასწავლით ასევე ბრაილის შრიფტს, ვუწევთ კონსულტაციებს. კარგი შედეგები გვაქვს ბავშვებთან, ვისი მშობლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. მინდა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების სკოლებს, თუმცა ჯერჯერობით საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, როგორც ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო მომსახურებისა და სოციალური აქტივობის კუთხით. უნდა გვყავდეს მეტი კვალიფიციური მასწავლებელი.

GzaPress

- რა ვითარებაა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით? - ერთეული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადრეული ჩარევის ცენტრები მუშაობენ ამ მიმართულებით, პროექტების ფარგლებში გადამზადებული არიან ადრეული ჩარევის სპეციალისტები და აქვთ კომპეტენცია, იმუშაონ 2-დან 7 წლამდე ასაკის უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებთან, ასევე, იმათთანაც, ვისაც სხვა დარღვევებიც აღენიშნებათ. თუმცა, მათი რაოდენობა მცირეა და მთელ საქართველოს ვერ ფარავენ. დიდი პრობლემაა მშობელთა განათლება. უსინათლო ბავშვების მშობლები გარიყულ მდგომარეობაში იმყოფებიან: სამედიცინო პერსონალი მხოლოდ აშინებს მათ, უძლურია აგრძნობინოს მხარდაჭერა, ისევ და ისევ კომპეტენციის ნაკლებობის გამო. ისინი ან ვერ ნახულობენ ინფორმაციას ადრეული ჩარევის ცენტრების პროექტების შესახებ, ან იციან და სურთ ჩაერთონ, მაგრამ მათ რაიონში, რეგიონში არ არის ხელმისაწვდომი. სკოლაში მოსულ ბევრ ბავშვს 6-7 წლის ასაკში ის უნარ-ჩვევებიც კი არ აქვს, რაც ერთი წლის უსინათლო ბავშვს უნდა ჰქონდეს. ეს გახლავთ ელემენტარული თვითმოვლის უნარ-ჩვევები, კვების, ჩაცმა-გახდის, პირადი ჰიგიენის უნარები. არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როცა მშობელი თვითონ გაერკვა და შვილიც მიაჩვია საკუთარი თავის მოვლას. ხშირად მშობლებს ისეთი სტრესი აქვთ, არ იციან, როგორ მოიქცნენ, უჭირთ შვილებთან მუშაობა. საბოლოოდ კი, ბავშვები კარგავენ თავიანთი ცხოვრების პირველ ექვს წელს. ზოგჯერ მშობელი ან დიდ ყურადღებას უთმობს უსინათლოს და სხვებისთვის აღარ რჩება რესურსი, ან პირიქით - ვერ უთმობს სათანადო ყურადღებას. მნიშვნელოვანია, თანაბრად განაწილდეს რესურსი და ბავშვებს ერთმანეთის მიმართ მხარდამჭერი დამოკიდებულება ჰქონდეთ - მეგობრობდნენ, ინტერესდებოდნენ ერთმანეთის ცხოვრებით, ერთად თამაშობდნენ, დადიოდნენ სტუმრად. უმნიშვნელოვანესია ბავშვს ჰქონდეს მრავალფეროვანი განმავითარებელი გარემო - იქნება ეს ატრაქციონები, სათამაშოები, ბატუტი, სახტუნაო ბურთი თუ ბურთებიანი აუზი. თუკი მხედველი ბავშვი ტელევიზორში ან ფანჯრიდან დაინახავს ხეს, გაზაფხულზე მწვანე, ხოლო შემოდგომაზე ყვითელი ფოთლებით, უსინათლოს ეს ვერბალურად უნდა ავუხსნათ, ხელით უნდა შეეხოს. მშობლებს ხშირად ნათესავები სტრესავენ. დამეთანხმებით, რთულია, როცა მუდმივად ვიღაც გიმეორებს, რა საცოდავი ხარ... პირიქით, ასეთ მშობლებს მხარში უნდა ამოვუდგეთ, მათი შვილების ძლიერი მხარეების დანახვა-აღმოჩენაში დავეხმაროთ. ბევრი უსინათლო ადამიანი არის კარგად რეალიზებული და ბევრს აღწევს ცხოვრებაში.

- და ამის საუკეთესო მაგალითი თავად ხარ...

- მეც უსინათლო ბავშვთა სკოლაში ვსწავლობდი. მე-11 კლასიდან, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში წავედი. უკან დაბრუნებულმა თსუ-ში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგისტრატურა კი ნორვეგიაში დავამთავრე. ნორვეგიიდან ჩამოსული, ორი წელი სკოლაში, სპეცმასწავლებლად, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. დავარეგისტრირე არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლის საშუალებითაც პროექტებს უშუალოდ უსინათლოთა განათლებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ვახორციელებთ.

- დღეს რომ ასეთი რეალიზებული ხართ, ალბათ, მშობლების დიდი დამსახურებაცაა.

- მათ გარეშე მეათედსაც ვერ მოვახერხებდი. ერთი და მყავს. ერთმანეთისგან არასოდეს გვანსხვავებდნენ, ერთნაირი უფლებები გვქონდა და აკრძალვებიც ორივეზე თანაბრად ვრცელდებოდა. ოჯახის წევრებმა ჩემი განვითარებისთვის მაქსიმუმი შეძლეს. მოძებნეს უსინათლო ბავშვთა სკოლა, ეკონტაქტებოდნენ მასწავლებლებს ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე სკოლაში მივიდოდი. ცდილობდნენ გავმხდარიყავი რაც შეიძლება დამოუკიდებელი. სკოლის გარდა, ბევრ წრეზეც დავდიოდი.

- ახლა კი გყავს ოჯახი - მეუღლე და ორი პატარა გოგონა, რომლებსაც დამოუკიდებლად ზრდი.

- ელენე ორი წლისაა, ანასტასია - ოთხის. ბაღში დადიან. აქტიურად ველაპარაკები ჩემი მდგომარეობის შესახებ. უფროსმა კარგად გაიგო ჩემი მდგომარეობა და მიეჩვია კიდეც. ქუჩაში მობილიზებული და ყურადღებიანია. მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხი მუდამ თან მაქვს და ბარიერებს ვამჩნევ, რაიმე დაბრკოლების დანახვისას მაინც მაფრთხილებს.

- არაადაპტირებული გარემო და ამით გამოწვეული დისკომფორტი ქუჩაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას ალბათ, მეტად შესამჩნევია, არა?

- ამ დროს ყურადღების გაათმაგებული კონცენტრირებაა საჭირო. ბავშვებთან ერთად უცხო ადგილებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ, რადგან არ არის უსაფრთხო. ნაცნობ სივრცეში კი, მაგალითად, სახლის მიმდებარედ, ადვილად გადავაადგილდებით.

შორენა ლაბაძე