"თავი საშინელებათა ფილმის გმირი მგონია" - გზაპრესი

"თავი საშინელებათა ფილმის გმირი მგონია"

თითქოს ბევრი მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, რადგან კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. მიუხედავად ამისა, თვითიზოლაციის წესის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. გადავწყვიტეთ, მომღერალ მარკუს მეტრეველთან, რომელიც ახლახან გერმანიიდან დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იმყოფება, ინტერვიუ ჩაგვეწერა (ცხადია - ტელეფონით) და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზეც გვესაუბრა... იმედია, მასთან ინტერვიუ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ცნობიერების ამაღლებასა და 14-დღიანი მარტოობის ნაყოფიერად გამოყენებაში დაეხმარება, მით უმეტეს, რომ გერმანიიდან გამომგზავრებისას, მარკუსმა სოციალურ ქსელში "პოსტიც" გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის გამო, მოსალოდნელ თვითიზოლაციასა და კარანტინსაც ახსენებდა:

"ცოტა არ იყოს, შეშინებული ვარ იმ ფაქტის გამო, რომ 2-კვირიანი კარანტინი მელოდება წინ. არ აქვს მნიშვნელობა, მაქვს თუ არა სიმპტომი. გულწრფელად რომ ვთქვა, მთრგუნავს ეს ყოველივე. ჯერ მიჭირს გააზრება, რომ ვერ ვნახავ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ა.შ. ვერც იმას ვიაზრებ, რომ შეიძლება ვინმესთვის საშიში აღმოვჩნდე. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირადი ეგოიზმი საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე უფრო მაღლა ვერ დადგება. სწორედ ამიტომ მზად ვარ, მაქსიმალურად დავიცვა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩემი ხალხის უსაფრთხოებისთვის იქნება აუცილებელი. არ აქვს მნიშვნელობა, კარანტინში ვიქნები თუ თვითიზოლაციაში..."

მარკუსი გულშემატკივრებს სთხოვდა, რომ ის გაემხნევებინათ და მომავალი 14 დღის გადატანაში დახმარებოდნენ...

- თბილისიდან 9 მარტს გავემგზავრე. ბერლინში ჩემი კონცერტი 10-ში იყო დაგეგმილი. სხვათა შორის, ძალიან ვნერვიულობდი, კონცერტზე სტუმრები მოვიდოდნენ თუ არა. ვიცოდი, ბილეთები გაყიდული იყო, მაგრამ გერმანელები საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. გერმანიაში დაგეგმილი გრანდიოზული ღონისძიებები (კონცერტები, ფეხბურთის მატჩები...) გადაიდო. ვფიქრობდი, ჩემი კონცერტიც გადაიდებოდა და ბერლინში ჩაფრენა ტყუილად მომიწევდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა: მშვიდი ვითარება დამხვდა. აეროპორტშიც, ქალაქშიც პანიკა საერთოდ არ იგრძნობოდა. ამ საშინელ ვირუსს, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, საზოგადოება მშვიდად შეხვდა... 10 მარტს კონცერტი გაიმართა. რა თქმა უნდა, იმ რაოდენობის ხალხი არ მოვიდა, რამდენი ბილეთიც გაიყიდა, თუმცა მაყურებელთა ნაკლებობას ნამდვილად არ შევუწუხებივართ... 10-11 მარტიდან ქალაქში მობილიზაცია დაიწყო. ვხედავდი, სუპერმარკეტებში ხალხი ბევრ პროდუქტს ყიდულობდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ნიღბები და ხელთათმანები არავის ეკეთა.

- მარკუს, გვითხარი, რა ტიპის კონცერტში მონაწილეობდით? ალბათ, გერმანიაში თქვენს ვიზიტს ჩვენი საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა, რადგან 10 მარტისთვის რეკომენდაცია, რომ ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით, მოგზაურობისგან თავი შეგვეკავებინა, უკვე გაცემული იყო...

- რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი მეგობარი მეკითხებოდა, თუ რატომ გავემგზავრე, ეს ნაბიჯი რატომ გადავდგი, ღირდა თუ არა ბერლინში ეს კონცერტი 2-კვირიან თვითიზოლაციად? მინდა გითხრათ, რომ ღირდა: ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი თავად ვარ. არაფერს ვნანობ: ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. კონცერტი დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ და ორგანიზატორებს ვერ დავაღალატებდი: შარშან, როცა ბერლინში ვიმყოფებოდი, სადაც ჩემი კოლექცია წარვადგინე, გერმანელმა პროდიუსერმა - საშა ჰილიგერმა (რომელიც გრანდიოზულ კონცერტებს მართავს, ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევს...) შემომთავაზა, რომ გაისად ჩემი კონცერტი "გაეკეთებინა". რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ კონცერტის დაგეგმვა დავიწყეთ. აბსოლუტურად ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან კმაყოფილი ვარ. კონცერტზე ბევრი უცხოელი სტუმარი მოვიდა და აღფრთოვანებული წავიდნენ. ასევე, ჩემთან ერთად, კონცერტში ამერიკელი, ბრიტანელი, აზერბაიჯანელი და ჰოლანდიელი მომღერლები მონაწილეობდნენ. მომღერლებს შორის მარლენ დიტრიხის შთამომავლებიც იყვნენ. საინტერესო სანახაობა იყო...

- მონაწილეებს როგორი განწყობა ჰქონდათ, პანიკა ხომ არ შეინიშნებოდა?

- სხვათა შორის, "არტისტებს" შორის პანიკა არ შეინიშნებოდა. თავის დაზღვევის მიზნით, მიკროფონებს და სხვა აპარატურას სადეზინფექციო ხსნარებით წმენდნენ. კონცერტის ყველა მონაწილე და ყველა გერმანელი, ვინც იქ გავიცანი, მშვიდად იყო. აი, როცა ბერლინის აეროპორტში მივედი, რეგისტრაცია გავიარე და თვითმფრინავში ჩავჯექი, 15 წუთის შემდეგ გამოაცხადეს: პატივცემულო სტუმრებო, მგზავრებო, გვინდა, სამწუხარო ინფორმაცია შეგატყობინოთ, გერმანიისა და თურქეთის ავიახაზები ყოველგვარ ფრენას აჩერებს და თუ აუცილებელი საქმე გაქვთ, რომ გერმანია დატოვოთ, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, თვითმფრინავში დარჩეთ ან ბერლინის ტერიტორიაზე დაბრუნდით. 3 კვირის განმავლობაში ყოველგვარი ფრენა უქმდებაო... ჩემთვის ეს კოშმარი იყო, რადგან 300-კაციანი ბოინგი თითქმის დაიცალა - მგზავრების ნახევარზე მეტი თვითმფრინავიდან ჩავიდა. მოგეხსენებათ, ეს როგორი რთულია - ამდენი ადამიანის ბარგი თვითმფრინავიდან უნდა ჩაეტანათ... ხალხი პანიკაში იყო. გერმანელების ასეთი გაოცებული სახეები პირველად ვნახე. პანიკამ შიდაკონფლიქტიც გამოიწვია. ბორტგამცილებლებს გაოცებული სახეებით ეპასუხებოდნენ (გერმანული არ მესმოდა). ამ აჟიოტაჟის ფონზე, 2-საათ-ნახევრის შემდეგ, როგორც იქნა, თვითმფრინავი დაიძრა და თურქეთში, სტამბოლში გავფრინდით. პირადად მე, აეროპორტშივე დამხვდა ადამიანი, რომელმაც ნეიტრალურ ზონაში შემაცილა და დიდი ბოდიში მომიხადა. მითხრა, - თქვენი ფრენა გადაიდო, რადგან დააგვიანეთ. დილის 7 საათზე განსხვავებული რეისით გაფრინდებითო... ასე ჩამოვედი საქართველოში. აქ, ჩემდა გასაკვირად, უსაფრთხოების ზომები მართლა მაღალ დონეზეა დაცული. ყველანაირი ტესტი გავიარე. მომაწერინეს ხელი, რომ აუცილებლად თვითიზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სხვა ადამიანებს საფრთხე არ შევუქმნა.

GzaPress

- თვითიზოლაციაში მყოფი თავს როგორ გრძნობთ? - რთულია, რადგან აქტიური ადამიანი ვარ, ბევრი სამუშაო მაქვს, ბევრ ადამიანს ვეკონტაქტები... ასევე, ვვარჯიშობ. წარმოიდგინეთ, უცებ ეს ყველაფერი შემეზღუდა. ჩემთვის საკვები მეგობრებს, ახლობლებს კარამდე მოაქვთ და ტოვებენ. მერე კარს ვაღებ და საკვები შემომაქვს. თავი საშინელებათა ფილმის გმირი მგონია (იცინის). ასეთი სიუჟეტის ფილმებს ვუყურებდი და ყოველთვის მეგონა, რომ ასეთი პერიოდი აუცილებლად დადგებოდა. აი, დადგა კიდეც...

ყველაფერს მშვიდად შევხვდი. მთავარია, ეს საშინელი ვირუსი საქართველოში არ გავრცელდეს - ისედაც ცოტანი ვართ, ეს ვირუსი კი უფრო გაგვანადგურებს. ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, რომ დაავადება არ გავავრცელოთ.

- თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს რას ურჩევთ, რომ ეს იძულებითი დასვენების პერიოდი ნაყოფიერიც იყოს?

- კარგი პერიოდია, რომ დრო საკუთარ თავს დაუთმონ. ასევე, შეუძლიათ, სახლში ივარჯიშონ, წიგნი წაიკითხონ, ფილმები ნახონ.... პირადად მე, ასე ვიქცევი. სახლში ყველა პირობა მაქვს შექმნილი, რომ ვივარჯიშო, მეგობრებთან კონტაქტი არ დავკარგო და რაღაც ახალი შევქმნა... თვითიზოლაცია დიდი ტრაგედია არ არის.

- ხომ არ გქონიათ თვითიზოლაციის დარღვევის ცდუნება?

- ბერლინში ყოფნისას, საქართველოს ახალ ამბებს თვალყურს ვადევნებდი და ვიცი, ბევრმა ადამიანმა თვითიზოლაცია დაარღვია. ასე არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არც კი გამიფიქრებია, რომ თვითიზოლაცია დამერღვია. მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანმრთელად ვგრძნობ, არანაირი პრობლემა, რამე საეჭვო არ გამომივლინდა, მაინც თავს ვიზღვევ. სახლიდან დედაჩემიც კი წავიდა. მეგობართან ცხოვრობს. არ ვიცი, დღეები რომ გავა, როგორ განწყობაზე ვიქნები, მაგრამ საკმაოდ კანონმორჩილი ადამიანი ვარ და გაცნობიერებული მაქვს - ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, თვითიზოლაციის წესი არ უნდა დავარღვიო...

ეთო ყორღანაშვილი