"ახლა გამოჩნდება, ამდენი წელი ვინ როგორ იყენებდა სახელმწიფო სიკეთეს" - გზაპრესი

"ახლა გამოჩნდება, ამდენი წელი ვინ როგორ იყენებდა სახელმწიფო სიკეთეს"

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა და "სახლში დარჩენით" სწავლა-სწავლების რეკომენდაციაც გაიცა.

გადაწყვეტილება, ბავშვებიც დარჩენილიყვნენ სახლში კორონავირუსის საშიშროების გამო, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ დადებით ნაბიჯად შეფასდა. სასწავლო პროცესის უწყვეტობისთვის კი უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. ონლაინსწავლების შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ სასკოლო სასწავლო გეგმების დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტს, როლანდ ხოჯანაშვილს.

- ალტერნატივა გულისხმობს ორ საწინააღმდეგო აზრს. გვაქვს საკლასო ოთახისა და ონლაინსწავლების ფორმები. პირველი შეუძლებელია და საფრთხის შემცველიც კი. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მასწავლებლებმა მოძებნეს საფოსტო გზავნილებით მოსწავლეთა სწავლების ფორმა. ახლა 21-ე საუკუნეა და ფოსტალიონსა და მტრედებს ვერ გავატანთ ინფორმაციას ბავშვებთან. ამისთვის არსებობს ინტერნეტი და ე.წ. E-learning ფორმა. მე თუ მკითხავთ, ონლაინსწავლებას უამრავი დადებითი მხარე აქვს: რესურსების სიიაფე, დროის ეკონომია, გამჭოლი კომპეტენციების დაუფლება და სხვა.

- სოციალურ ქსელებში თავად მასწავლებლები წერენ, რომ არ აქვთ ბავშვებს წვდომა ტექნიკასა და ინტერნეტზე. ეს სწავლების არათანაბრობას არ გამოიწვევს?

- გავიხსენოთ, რომ საქართველოს სკოლებში "ბუქების" დარიგება ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას მოხდა. თუ ამ ტექნიკას უფრთხილდებოდნენ და სწორად იყენებდნენ, სკოლის არც ერთ მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიის დეფიციტი. ვიცი, რომ სახლში მიტანიდან რამდენიმე საათში გაუტეხა მამამ შვილს "ბუქი", რადგან მშობელი მთვრალი იყო და ამიტომაც "გასტყორცნა" კედლისკენ! ჩვენმა სახელმწიფომ წარმოუდგენლად დიდი თანხა ჩადო სკოლებისა და მოსწავლეთა ტექნოლოგიით უზრუნველყოფაში. თუ ვინმე არ მოუფრთხილდა ტექნიკას, კიდევ მივცეთ გასაფუჭებლად? იშვიათია საქართველოში ოჯახი, რომელსაც ერთი სმარტფონი მაინც არ აქვს! მჯობნის მჯობნს რა გამოლევს, მაგრამ ონლაინსწავლება სწავლებისთვისაა და არა თავის მოსაწონებლად, რით ვსწავლობთ ან ვასწავლით!

- რამდენად შეძლებენ მასწავლებლები დისტანციური სწავლების განხორციელებას?

- 2016 წლის 16 დეკემბერს ცვლილება შევიდა ზოგადი განათლების კანონში და მეექვსე მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: მუხლი 6-1, დისტანციური სწავლება.

1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისთვის, ტესტირებისთვის, კონსულტირებისთვის, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც კომუნიკაცია სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.

3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

ამ დამატების მიხედვით, როგორც ვხედავთ, ბევრ ჯერ კიდევ დაუსმელ კითხვას გაეცა პასუხი. 2016 წლის დეკემბრიდან მასწავლებლებს უნდა დაეწყოთ მობილიზაცია ონლაინსწავლებისათვის. რამდენიმე სკოლაში გვაქვს კიდეც ასეთი სწავლების გამოცდილებაც. მოვა დრო და 1-მოსწავლიან კლასებში, თანხების ეკონომიური ხარჯვისათვის დაიწყება ონლაინსწავლება, რასაც გაცილებით მეტი ეფექტი ექნება არა მარტო აკადემიური თვალსაზრისით, არამედ - სოციალურადაც! სადღაც მთის სოფლის სკოლაში 1 ბავშვი კლასში თუ მხოლოდ მასწავლებლის წინ იქნება, ის ასოციალურ მოქალაქედ გაიზრდება.

- რომელი საგანმანათლებლო პლატფორმებით შეიძლება ვასწავლოთ ეფექტიანად?

- ბევრი საგანმანათლებლო პლატფორმა არსებობს. გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ მას. ერთ-ერთი საუკეთესოა მაიკროსოფტ 365-ის კომპლექტი. ის უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს ინფორმაციის მისაღებად, გადასამუშავებლად და შესანახად. ამ კომპლექტიდან ჩემთვის ზედმიწევნით მოსახერხებელია თიმსი და ვან ნოუთი, რომლებიც ინფორმაციის გადაცემის გარდა, მაძლევს საშუალებას, შევადგინო ტესტები, ქვიზები, მივცე მოსწავლეებს უკუკავშირი, დავეხმარო კოლეგებს და დამეხმარონ მეც.

- რას გვეტყვით "ფეისბუკის" გამოყენებაზე?

- ამ ქსელს აქვს სოციალური დატვირთვა და ბავშვები იქ დაცულად ვერ იქნებიან სხვადასხვა სოციალური და ფსიქიკური აქტივობებისგან. რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს დაცული ნეტმორალი, ამიტომ ბავშვები დავტოვოთ იმ ვირტუალურ სივრცეში, სადაც დაცული იქნებიან მაქსიმალურად! ამასთანავე, ბავშვებს ყურადღება არ გაექცევათ სხვადასხვა თემატიკაზე. პირადად მეც ვიყენებ "ფეისბუკს", როგორც კარგ საინფორმაციო ინსტრუმენტს, მაგრამ ის ვერ იტვირთავს საგანმანათლებლო მულტიფუნქციურობას!

- რამდენად ეფექტიანი იქნება მოსწავლეთა ონლაინსწავლება?

- დავიწყოთ იმით, რომ მოსწავლის მოტივაციის ხარისხი პირდაპირ კავშირშია სწავლის ხარისხთან. მოსწავლეთა მოტივირება კარგ მასწავლებელს შეუძლია მარტივად - განმავითარებელი შეფასებით. ახლა ბავშვს ვერც კლასში და ვერც ვირტუალურ სივრცეში ვერ შეიტყუებთ ნიშნების მანიპულირებით!

- ნიშნით შეფასება თუ გამოვრიცხეთ, ეს არ გამოიწვევს დემოტივირებას?

- ნიშანი არ არის ძლიერი მოტივატორი. მასწავლებელი ვერასდროს ასწავლის მოსწავლეს იმდენს, რამდენიც მას მთელი ცხოვრება ესაჭიროება. პედაგოგის ვალია, მოსწავლეს ასწავლოს სწავლის სწავლა. ამას ეძახიან მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. განმსაზღვრელი შეფასება მოსწავლისთვის კი არა, მასწავლებლისთვისაა საჭირო. დაინახო, სადაა მოსწავლე, ეს საჭიროა, რათა უკეთეს ადგილზე "აამაღლო". არსებობს ე.წ. სოლო ტაქსონომია, რომელიც ცოტა მასწავლებელმა იცის, რა არის! საბედნიეროდ, "ახალი სკოლის მოდელმა" ათასობით მასწავლებელს შეატყობინა ამ ტაქსონომიის შესახებ და კარგად დაგვანახვა, რა უნდა ვაკეთოთ ბავშვის პროგრესირებისთვის. აქვე დავამატებ, ამავე "მოდელმა" აქტიურად დაიწყო ტექნოლოგიების სწორად "ჩაშენება" სასწავლო პროცესში. 21-ე საუკუნის მასწავლებელი არც მარტო ელექტრონული მოწყობილობებით უნდა ასწავლიდეს, არც მარტო ცარცით! ოპერირებისას კარგი აღმზრდელი ერთმანეთს უხამებს "ძველ" და ახალ სასწავლო რესურსებს.

სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის, დანერგვის, ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი უნარების გამომუშავების მიზნით, მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებაში, ასევე სკოლებისა და მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფაში, დიდი რესურსია ჩადებული. სამწუხაროდ, ბევრ სკოლაში ბევრი კომპიუტერი ჩაურთველადაც კი გაფუჭდა! ასე რომ, დანახარჯები არ არის ეფექტური. საერთოდ არ არის საჭირო, ჩავატაროთ კვლევა ამ მიმართულებით, უბრალოდ, ბევრ მასწავლებელს ნახავთ, რომლებიც თვლიან, რომ "კომპიუტერმა და ინტერნეტმა მოსპო განათლება". სკეპტიციზმი და ნოვაციებისადმი კონსერვატორული მიდგომა კლავს სასწავლო პროცესს და მის ხარისხს. შეიძლება კლასში ორი სხვადასხვა მისწრაფების ადამიანები იყვნენ? ბავშვს უნდა თანამედროვეობა, მასწავლებელს - მე-17 საუკუნე, რას მივიღებთ ამით?! კონფლიქტს ან უკეთეს შემთხვევაში - დემოტივაციას.

GzaPress

- ახლა, როცა მოსწავლეებს ვერ ხვდებიან მასწავლებლები, როგორ დააგროვებენ ცოდნას ბავშვები? - დეკლარატიული ცოდნის მისაღებად არსებობს უამრავი აუდიო, ვიდეო და ვერბალური, სრულიად უსაფრთხო მასალები. ჩემ მიერ წაკითხული "მე და ღამე" აჯობებს ბავშვისთვის, თუ გალაკტიონისეული, ციფრული ჩანაწერი? მივცეთ მოსწავლეებს სასარგებლო ბმულები, საინტერესო კითხვებით და ნახავთ, ბავშვები რა სასწაულებს მოახდენენ! მასწავლებლებს ვურჩევ, პროცედურული და პირობისეული ცოდნის გასააქტიურებლად გამოიყენეთ კომპლექსური დავალებები, კვლევები, პროექტები, თანამშრომლობითი ფორმატის აქტივობები. ამით გაიზრდება საგანმანათლებლო ეფექტიც და სოციალურად უფრო დახვეწილ თაობებსაც მივიღებთ.

- დისტანციური სწავლისგან ელოდებით განსაკუთრებულ შედეგებს?

- ბუნებრივია, ველოდები. თუ უშედეგობა დადგა, ეს არ შეიძლება დავაბრალოთ მოსწავლეს! ახლა გამოჩნდება, ამდენი წელი ვინ როგორ იყენებდა სახელმწიფო სიკეთეს და ვინ როგორ ემზადებოდა გამოწვევებისთვის. არის კიდევ ერთი და ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი, ლიდერის როლი! სკოლის დირექტორზე ბევრია დამოკიდებული. არაერთხელ გვინახავს, რა შეუძლია საქმისადმი სწორ მიდგომას, მიზნის გარშემო სწორად გაერთიანებასა და სოლიდარობას. ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია და თუ მოვინდომებთ, კარგადაც გამოგვდის! ოდესმე ვინმემ უნდა მოიკითხოს ჩვენი ფულის, ანუ ბიუჯეტიდან გახარჯული რესურსის მიზნობრივი ხარჯვა. გაგიკვირდებათ, რომ ვთქვა, უამრავი მასწავლებელიც, რომლებიც გადაემზადნენ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარებსაც კი ვერ ავლენენ.

- თვლით, რომ ჩვენ არ გვყავს სათანადო კომპეტენციის მასწავლებლები?

- ე.წ. სქემამ აჩვენა, რამდენი მასწავლებელი ვერ ფლობს ელემენტარულად საგნისა და პროფესიული უნარების კომპეტენციებს. მასწავლებლის ბიოლოგიურ ასაკს კი არა, მენტალურ ასაკს უნდა მიექცეს ყურადღება! სახელმწიფომ ათასჯერ დაიხია უკან და სკოლაში დატოვა ის მასწავლებლებიც კი, ვინც ვერ აბარებს გამოცდებს და თან ბედის ირონიაა, რომ ასეთი მასწავლებლები უკმეხად აცხადებენ, მოსწავლეთა გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყოო! ეს მიდგომა არის კრიზისი ფაქტობრივად და დროზე უნდა გამოსწორდეს... ყველა მასწავლებელს უნდა მიეცეს შანსი, წავიდეს წარმატების გზით, თუ მას ეს არ უნდა, ბავშვებთანაც არ უნდა შევიდეს "ჭკუის დასარიგებლად".

- დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ ინტერნეტსწავლებით გაიზრდება ბულინგის შემთხვევები...

- სწორედ საგანმანათლებლო პლატფორმები კონტროლდება მასწავლებლის მიერ ძალიან კარგად და ბულინგის ნიშნების გამოჩენისთანავე შეუძლია პრევენციის დაწყება. სოციალური ქსელებით სწავლებისას ბულინგის თავიდან აცილება უფრო რთულია, ვიდრე "თიმსში".

- თვლით, რომ ონლაინსწავლებას არ აქვს უარყოფითი მხარეები?

- ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი შეედრება, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სჯობს, რომ უსაფრთხოდ იყოს მოსწავლეც და მასწავლებელიც? დისტანციური სწავლება თანდათან აჩვენებს თავის ეფექტიანობას, მათ შორის, რესურსეკონომიურობასაც. ეკონომიურად გახარჯული რესურსი შეგვიძლია ისევ ბავშვის პროგრესირებაში დავხარჯოთ! მასწავლებლის მიზანი მოსწავლეების პროგრესია და არა მხოლოდ ხელფასის აღება!

- დისტანციური სწავლების ეფექტურობისთვის რა არის საჭირო?

- ბევრი რამ. ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი. ამბობენ, რომ სოფლებში ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ. ბევრგან მართლა ასეა. ამიტომ, მობილურმა ოპერატორებმა ამ კრიზისული პერიოდისთვის უნდა გააიაფონ ინტერნეტპაკეტები. ეს მათ სოციალურ პასუხისმგებლობაზეა. შესაძლოა, მოსწავლეთა 5%-ზე ნაკლებს არ ჰქონდეს მუდმივად ციფრული ტექნიკა და მათთვის შესაძლოა რაიმე გზის მოძებნა, მაგალითად, სახელმწიფო თანამონაწილეობით შეძენა.

- გაქვთ ინფორმაცია, როცა სახელმწიფო უწყებები ან კომერციული ორგანიზაციები კრიზისის პირობებში ეხმარებიან სოციალურად დაუცველებს?

- გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ჭიათურაში მერია გამოყოფს დაფინანსებას სოციალურად დაუცველებისთვის, ზესტაფონშიც, როგორც მითხრეს, ერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ იკისრა თანადგომა, ალბათ ბევრგან იქნება მსგავსი ხელშეწყობა. ეს წმინდა ადამიანური პოზიციაა - ხელი გაუწოდო ადამიანს, რომელსაც უნდა წინსვლა!

- ანუ დისტანციური სწავლისთვის მზად ვყოფილვართ...

- ნათქვამია, ვისაც საქმის კეთება უნდა, ეძებს საშუალებებს, ვისაც არ სურს კეთება - მიზეზებსო. ნუ მოვძებნით მიზეზებს, ეს სოციალურად და პროფესიულადაც გვაზარალებს...

P.S. მოგეხსენებათ, პედაგოგობის პარალელურად, როლანდ ხოჯანაშვილი ჟურნალისტიც გახლავთ. ის თავისი სოფლიდან, გეზრულიდან გვაწვდის ძალიან საინტერესო მასალებს. ცოტა ხნის წინ როლანდმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო:

"როცა დასრულდება კორონაობა, ქალბატონ მარინა ეზუგბაიას თაიგული უნდა გავუგზავნო საჩუქრად. თუ ვინმე შეძლებს ახლა, ფულს დავურიცხავ და მიართვას. მე შორს ვარ. დავრჩი სახლში!.. ტაშის გარდა, სხვა ფორმის ყურადღებაც ეკუთვნით ექიმებს!"

როლანდს სულ ცოტა ხანში, მეგობარმა - გიორგი ბოჭორიშვილმა ოცნება აუხდინა და მარინა ექიმს ყვავილები მიართვა, შემდეგ კი ამის დამადასტურებელი ფოტოც აიტვირთა "ფეისბუკზე".

აქვე, "გზის" სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ექიმს, საავადმყოფოებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს ჩვენზე ზრუნვისთვის და როლანდსაც - კარგი ინიციატივისთვის.

ლიკა ქაჯაია