"ზოგს ჰგონია, მკლავჭიდი მხოლოდ კაცების საქმეა" - გზაპრესი

"ზოგს ჰგონია, მკლავჭიდი მხოლოდ კაცების საქმეა"

27 წლის მარინე ფუტკარაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 8 მედლის მფლობელია. შარშან კი აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატში ერთდროულად 2 მედლის მფლობელი გახდა. ბათუმში ცხოვრობს, თუმცა სავარჯიშოდ თბილისში ხშირად უწევს ჩამოსვლა. სწორედ სავარჯიშო დარბაზში შევხვდი. საუბრისას, როგორც იტყვიან, ცალი თვალი იქით ეჭირა და მეკითხებოდა, რამდენ ხანში დავასრულებთ, ვარჯიშს ვცდებიო. მარინე საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებშია, გარდა ამისა, ასპარეზობს როგორც პარასპორტსმენი. არაერთი ტკივილისა და განსაცდელის მიუხედავად, მებრძოლი ხასიათი აქვს. ყველაზე დიდი ტკივილი მისთვის დედის გარდაცვალება იყო, ამაზე საუბარი დღემდე უჭირს.

- ბათუმის ბავშვთა სახლში 2000 წელს მიმიყვანა მამამ, მაშინ 8 წლის ვხდებოდი, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. არ მინდა ბევრი რამის გახსენება... ვიცი, სად ცხოვრობს, ვნახულობ კიდეც. ორი და მყავს, ერთი თურქეთშია გათხოვილი, მეორე - თბილისში ცხოვრობს. ისინიც ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, ოღონდ ქუთაისში. 12 წელი ვიცხოვრე იქ.

- ბავშვთა სახლში გატარებული წლები როგორ გახსენდება?

- და-ძმებივით გვიყვარდა ერთმანეთი, მასწავლებლებიც. 18 წლისას სხვა თანატოლებთან ერთად, მეც უნდა დამეტოვებინა იქაურობა, მაგრამ დამტოვეს, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. გამიმართლა, ურეხის ბავშვთა სახლში რომ მოვხვდი, იქ ყველა ზრუნავდა, რომ კარგი განათლება და აღზრდა მიგვეღო. მე სმენასთან დაკავშირებული პრობლემები გენეტიკურად მქონდა, ჩემი დაც მუნჯია. როცა მიმიყვანეს, მაშინ საერთოდ არაფერი მესმოდა. ერთხელ ყურში თითქოს შუილის ხმა გავიგონე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყურთასმენა მქონდა. აღმზრდელი დამეხმარა და ყურის აპარატი მიყიდეს, რითაც მომეცა შანსი, ლაპარაკი მესწავლა. ახლა უკვე შემიძლია მარტო ცხოვრება. თბილისში ხშირად ჩამოვდივარ სავარჯიშოდ, რადგან ბათუმში მწვრთნელი აღარ გვყავს - თემურ ლიპარტაშვილი წავიდა. წელს შეჯიბრებაში ჩემი დაც მიიღებს მონაწილეობას, როგორც პარასპორტსმენი, მინდა, მანაც წარმატებას მიაღწიოს.

GzaPress

- მითხარი, როგორ ან რატომ დაინტერესდი მკლავჭიდით? - ზოგს ჰგონია, მკლავჭიდი მხოლოდ კაცების საქმეა. არადა, სპორტის ამ სახეობაში არაერთმა ქალმა მიაღწია წარმატებას, მთავარია, მონდომება და ჟინი. მკლავჭიდით დაინტერესება გოჩა შავაძის - მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის დამსახურებაა. ყოველთვის ენერგიული ვიყავი და არ ვიცოდი, ენერგია როგორ დამეხარჯა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენს ბავშვთა სახლს ბატონი გოჩა შავაძე ესტუმრა. ბავშვები შეგვაჯიბრეს და ყველას ვაჯობე. ბატონ გოჩას შემდეგ მოსვლაზე უთქვამს დირექტორისთვის, ამ გოგოს კარგი მონაცემები აქვსო. გამაცნეს ჩემი მწვრთნელი - თემურ ლიპარტაშვილი. ბევრს ვვარჯიშობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, იოლად არაფერი მომხდარა. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი გამარჯვებით მოგვრილი ემოციები და შთაბეჭდილებები, როდესაც ანტალიაში, ევროპის ჩემპიონატზე 55 კილომდე წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავედი. ეს იყო 2011 წელს, 16 წლამდე ასაკის გოგონებში ვასპარეზობდი, 24 ქვეყნის მკლავჭიდელი მონაწილეობდა. ეს ჩემთვის იმხელა სტიმული და წახალისება იყო, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი შედეგის დადება მომინდა.

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სხვა წარმატებების შესახებ რას გვეტყვი?

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეჯიბრებაში 8 მედალი ავიღე. 2019 წლის 13 მაისს საბერძნეთში ჩატარებული პარაოლიმპიადიდანაც ჩამოვიტანე მედლები.

- მარინე, თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- ხატვა მიყვარს, თუმცა უსახსრობის გამო, ვერსად ჩავაბარე. სულ ვვარჯიშობ, სახლშიც კი, ნაკლებად მრჩება დრო სხვა რამისთვის. ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება სპორტსმენებისთვის. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო თუ არაფერი შეიცვალა, საქართველოს მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ჩემპიონატი ტარდება 25-29 მარტს და ვნახოთ, როგორ ვიასპარეზებ.

საუბარში მარინეს მწვრთნელი, გენადი კვიკვინიაც შემოგვიერთდა:

- წლევანდელი წელი დატვირთული იქნება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ტარდება. დიდ იმედებს ვამყარებთ ქალთა ნაკრებზე. იმედია, გვასახელებენ, მაგრამ ლიდერად მაინც მარინე ფუტკარაძე მოიაზრება - ფიზიკურად ძლიერია, მონდომებული და ვფიქრობ, კარგ სპორტულ ფორმაშიცაა.

ნინო ჯავახიშვილი