ლაჯანურჰესზე მიერთებული არხი, რომელმაც უკვე ორმოცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - გზაპრესი

ლაჯანურჰესზე მიერთებული არხი, რომელმაც უკვე ორმოცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, ლაჯანურის წყალსაცავი ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ლაჯანურას ქვემო დინების ვიწრო ხეობაშია განთავსებული. დღეღამური რეგულირების წყალსაცავს მდინარეები - ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე და მდინარე ცხენისწყლიდან არხით და გვირაბით გამოყვანილი წყალი ასაზრდოებს. მისი მშენებლობა 1953 წელს დაიწყო, 1960 წელს კი ექსპლოატაციაში შევიდა. სადგურის სიმძლავრე 112,5 ათასი კვტ.-ია. ყოველწლიურად ის 505 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამჟამად ჰესი სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" კერძო საკუთრებაა.

ჰესის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: "ენერგო-პრო ჯგუფი" წარმოადგენს წამყვან ჰიდროენერგეტიკულ ოპერატორს ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც სრულად პასუხობს რეგიონის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს. სს "ენერგო–პრო ჯორჯიას" კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ. კომპანია მიზანმიმართულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული განახლებადი ბუნებრივი რესურსები და აწარმოოს სუფთა ენერგია, რომელიც ჰარმონიაში იქნება გარემოსთან. ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები, გენერაციასა და დისტრიბუციაში, სრულიად აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქმედებებით მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და თავიდან ავიცილოთ გარემოზე ზემოქმედების ნეგატიური შედეგები. ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების მიზნით, ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ შედგენილ პროექტებში გათვალისწინებულია ეკოსისტემის და განადგურების რისკის ქვეშ მყოფი სახეობების დაცვისა და შენარჩუნების გეგმა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიის წარმოებას... ჩვენი მიზანია ყოველთვის ვიმუშაოთ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში."

"წამყვანი ჰიდროენერგეტიკული ოპერატორი ამიერკავკასიის რეგიონში" ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების მიმართ.. ბუნებრივი რესურსების "კეთილსინდისიერად" გამოყენებას... ენერგიის წარმოებას, რომელიც "ჰარმონიაშია გარემოსთან"... "გარემოზე ზემოქმედების ნეგატიური შედეგების" მაქსიმალურად აღმოფხვრას... ფლორასა და ფაუნას შენარჩუნებას... "სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიის წარმოებას"... მუშაობას "საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში"...

ფლორასა და ფაუნაზე, ჰარმონიას, სისუფთავესა და უსაფრთხოებაზე ხაზგასმა სულ მინიმუმ სირაქლემას პოზიციას ჰგავს იმ ფონზე, როცა ჰესის არსებობის მანძილზე არხს, რომელიც მოსახლეობის ჭიშკრებთან ჩაედინება და ლაჯანურჰესის გვირაბს უერთდება, უკვე ორმოცი ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული... ორმოცი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა შეძლო დინებისაგან თავის დაღწევა. მათგან ათის ცხედარიც კი ვერ იპოვა ჭირისუფალმა...

GzaPress 23 იანვარს ლეჩხუმის რაიონის სოფელ ჩხუტელში უმძიმესი დღე დაღამდა... სამი მეზობელი - 25 წლის აკაკი მეშველიანი, 31 წლის თორნიკე ჭიჭინაძე და 62 წლის ჯონი კვირიკაშვილი თორნიკეს მსუბუქი ავტომანქანით (Fit-ით) მეზობელის ქელეხიდან სახლში ბრუნდებოდნენ. არანაირი ალკოჰოლი... არანაირი გადაჭარბებული სიჩქარე... მოულოდნელად, ყინულიან გზაზე ავტომანქანა მოცურდა და ფილებს დაეჯახა, რომლებიც არხის ნაპირზე ჩაბეტონების ნაცვლად, უბრალოდ, დადებული იყო... დადებულმა ფილამ Fit-ის (მოცულობით სხვა ავტომანქანებზე ბევრად პატარა ზომის) დარტყმას ვერ გაუძლო და მანქანა არხში გადავარდა... არხს ცემენტის დამრეცი კედლები აქვს. ავტომობილი, თავდაპირველად, კედელზე გადაეკიდა. მანქანიდან გადმოსული თორნიკე აკაკუნას გადმოყვანას ცდილობდა, როცა ავტომობილი დაცურდა და მისი ყველა მგზავრი გაყინულ წყალში გადავარდა... 62 წლის ბატონმა ჯონიმ, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ შეძლო გაყინულ წყალთან ბრძოლა და მალევე გარდაიცვალა... თორნიკემ ცურვა იცოდა და როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ორჯერ მოუხერხებია წყლიდან ბეტონის კედელზე ამოსვლა. მაგრამ აკაკუნა რჩებოდა წყალში... და თორნიკეც ისევ წყალში ბრუნდებოდა... მეგობრის გადარჩენის მიზნით საშიში გვირაბისკენ მიმავალ დინებაში ორჯერ შებრუნებული თორნიკე ცურვისას გაიყინა... აკაკუნამ (ამ კნინობითი სახელით იხსენიებენ აკაკი მეშველიანს არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ ნაცნობებიც) არ იცოდა ცურვა... (აღმოჩნდა, რომ დედამ სპეციალურად არ ასწავლა, არხის შედარებით უსაფრთხო ნაწილში ზაფხულობით საბანაოდ ჩასულ თანატოლებს რომ არ შეერთებოდა...) მაგრამ ფიზიკურად დიდსა და ძლიერს ძალა შესწევდა გაყინულ წყალში ფეხზე მდგარიყო... წყლის დონე მხოლოდ მკერდამდე სცემდა, მაგრამ დინება მძლავრობდა და მსხვერპლი სასიკვდილო გვირაბისკენ მიჰყავდა... საკუთარი ფეხით ნახევარი კილომეტრი (!) გაიარა... ვერაფრით მოიკიდა ფეხი, რადგან უეცრად, რაღაც უბედობით წამოსულმა თოვლმა არხის კედლები კიდევ უფრო სიპი და მოუხელთებელი გახადა, სხვა ხელჩასაჭიდი კი ირგვლივ არაფერი იყო. თუნდაც ერთ კედელზე მიმაგრებულ რკინის ნაჭერს შეეძლო ეხსნა სამი ადამიანის სიცოცხლე ზედმეტად ნაადრევი სიკვდილისაგან... ერთ რკინის ნაჭერს შეეძლო ეხსნა სოფელი, რაიონი ამ დღის შემდეგ გამეფებული ზარისა და გარინდებისგან, რომელსაც დილა-საღამოს ლაჯანურჰესის გამკივანი ხმა გახევს ხოლმე... მთელი ცხოვრება ეშინოდა, თურმე, ამ არხის აკაკუნას... გვირაბისკენ მიმავალმა კარგად იცოდა, რომ იქ შესვლა გარდაუვალ სიკვდილს უქადდა. საშველად მეზობლებს უხმობდა, რომლებიც არხის ნაპირებს მიჰყვებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი იღონეს. სახლიდან ჩოჩქოლის ხმაზე გამოსულ დედ-მამას კი შვილი უკვე არხში აღარ დახვდა... GzaPress გვირაბის თავზე თოვლში ჩამხობილმა გაატარა აკაკუნას დედ-მამამ ის ღამე... ფიზიკურად ვერავინ მოახერხა მათი წამოყენება... გამთენიისას კი მაშველებმა მუშაობა განაახლეს და აკაკუნას ნაწამები, გაყინული (თუმცა, საოცარია - ვარდისფერლოყებიანი) ცხედარი გვირაბის შესასვლელთან იქვე მცხოვრებ დედ-მამას მიუსვენეს. შეიძლება, იყო ეს ბედისწერა... მაგრამ ფაქტია - რომ არა უბრალოდ დადებული ფილები... რომ არა გისოსების გარეშე არსებული მანამდე უკვე ათეულობით ადამიანის მშთანთქავი გვირაბის ხახა... რომ არა ჰესის დირექციასთან განხორციელებული ზარები და ჰესის ჩაკეტვის (და შესაბამისად, წყლის ნაკადის დაკლების) ნებართვის ლოდინი... რომ არა მოშიშვლებული ბეტონის კედლები... მოკლედ - რომ არა ჩვენი ყველაზე ვერაგი მტრის, გულგრილობის კვალი - ასეთი მძიმე თალხი არ გადაეკვრებოდა ბუნების სიმკაცრითა და ყოველდღიური საზრუნავით ისედაც ქედდამძიმებულ ადგილობრივ მოსახლეობას...

მომხდარის შესახებ ადგილობრივებსა და ლაჯანურჰესის დირექტორს ვესაუბრეთ...

გიორგი, სოფელ ჩხუტელის მკვიდრი:

- ადგილობრივები ამბობენ, რომ აკაკუნას, თორნიკესა და ბატონი ჯონის ჩათვლით ლაჯანურჰესმა უკვე ორმოცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ხნის მანძილზე ჰესის დირექციას კონკრეტული ზომების მიღება არასოდეს უცდია?

- რამდენჯერმე ფასადურად კედლების თავზე ხან ცემენტი ჩაასხეს, რომელიც მალევე დაინგრა, ხანაც არხს ლითონის ბადე შემოავლეს. მაგრამ არცერთი მათგანი არ ნიშნავს, რომ არხი დაცულია. მისი არსებობის მანძილზე ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო არასოდეს ყოფილა და სამწუხაროდ, ახლაც ასეთივე საშიშია.

- ამ არხში ჩავარდნილი არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა?

- მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა მამაკაცმა ამოსვლა შეძლო, რადგან არხი მთლიანად წყლით იყო სავსე.

- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მსხვერპლი აღარ იყოს?

- ამ ადამიანების დაღუპვამ არა მხოლოდ ოჯახები, მთელი სოფელი გაანადგურა. ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ მომავალში რომ იგივე არ განმეორდეს, ადგილზე მოსულ დირექციას ვურჩიე ყოველ 20 მეტრში არმატურის კიბე ჩაკიდონ. წყალში ჩავარდნილი იმას მაინც მოახერხებს, რომ კიბეს ჩაეჭიდოს. ამ შემთხვევაში ადამიანი მაშინაც კი გადარჩება, თუ ცურვა არ იცის. თუ ამოსვლას ვერ მოახერხებს, თავს შეიმაგრებს და მაშველს დაელოდება. გარდა ამისა, გვირაბის თავში რომ ბადე იყოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად დახურავს გვირაბის შესასვლელს, პრობლემა მოიხსნება. დირექციამ მოგვისმინა და რეკომენდაციები ჩაინიშნა, თუმცა, არავინ იცის გაითვალისწინებენ თუ არა. ხალხი ისეთი გაღიზიანებულია, არ გამიკვირდება, ეს ცემენტისა და ბადის მესერი მთლიანად გადაანგრიოს.

- თავშეკავების მიზეზად ფინანსებს ხომ არ ასახელებენ ხოლმე?

- ამას ვერ იტყვიან, რადგან ჰესი მილიონობით ლარს გამოიმუშავებს. მსგავსი შემოსავლიანი ობიექტი საქართველოში, შეიძლება, სულ 5-6 იყოს. წარმოიდგინეთ, რომ ამ მილიონებიდან რაიონის ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ რჩება! ხომ შეიძლება 20 % მაინც რაიონის ინტერესებს მოხმარდეს?! მაგრამ ჩეხებს რატომ დააინტერესებს ჩვენი რაიონი?! ჰესი იმხელა ზიანს გვაყენებს, ადგილობრივები ელექტროენერგიის გადასახადსაც არ უნდა ვიხდიდეთ. დღესაც უდიდეს პრობლემად რჩება რაიონში გზები და წყალმომარაგება. სამწუხაროდ, ლეჩხუმი დღეს ყველასგან მივიწყებული რაიონია...

- თავად მოსახლეობას არასოდეს ჰქონია მცდელობა თავად ემოქმედა, არხი უფრო დაცული საკუთარი ძალებით გაეხადა?

- უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტრაგედიამდე ასეთი მკვეთრი რეაქცია მოსახლეობას არასოდეს ჰქონია. იყო შეცხადება, უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ ასე არასდროს შევძრწუნებულვართ. კომუნისტების დროს რაიმე უკმაყოფილების გამოხატვისთვის დაგიჭერდნენ, ახლა კი ხალხის ჩივილს ყურად არავინ იღებს. დაუდევრობაა ყველაფრის მიზეზი. ის ორი ფილა, რომელსაც მანქანა შეეჯახა, ჩაბეტონებული რომ ყოფილიყო და არა ისე, უბრალოდ, დადებული... მანქანა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადაანგრევდა. ბედისწერაც არის, არხი მთლიანად ბეტონის კედლითაა შემოსაზღვრული... მხოლოდ ორი მეტრის მანძილზე იდო ის ორი ფილა და ავტომობილი მაინცდამაინც მათ შეეჯახა. შეგინიშნავთ ალბათ, ავტობანებზე გაბმული და ჩაბეტონებული დამცავი ტროსები. თუნდაც, ეს რომ ყოფილიყო, ბიჭები დღეს ცოცხლები გვეყოლებოდნენ. ეს ფაქტია - არაფერი იღონეს, რომ ადამიანები დაცული ყოფილიყვნენ. როცა გაქვს ინფორმაცია, რომ არხს ამდენი ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული, როგორ უნდა დარჩე გულგრილი?! ჰესის წინააღმდეგი არ ვართ, ვაცნობიერებთ ქვეყნისთვის მის მნიშვნელობას, მაგრამ ხალხი თუ აღარ დარჩა, ჰესი ვისთვისღა უნდათ?! ჩვენთვის ურემი უკვე გადაბრუნდა... წუხილს გამოხატავენ, მაგრამ მხოლოდ წუხილი პრობლემას ვერ მოაგვარებს. პრობლემას, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ადამიანის სიცოცხლეს უკავშირდება...

- მოსახლეობამ რაიმე კონკრეტულ ღონისძიებას თუ მიმართა?

- მოთხოვნა დაწერეს, ხელი მოაწერეს და ჰესის დირექტორს გადასცეს. დაპირებები მივიღეთ.

მერაბ მუკვანი, ლაჯანურჰესის დირექტორი:

- ბატონო მერაბ, სოფელ ჩხუტელში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ხომ არ იგეგმება კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, რომ არხში ჩავარდნილმა ადამიანმა იქიდან თავის დაღწევა შეძლოს? - დიახ, ჩვენ შევისწავლეთ ადგილი, შევხვდით მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი მოთხოვნები და ღონისძიებები არხის უსაფრთხოების მიზნით უკვე დაწყებულია. იგეგმება დამცავი კედლის გაძლიერება, ცხაურის გაკეთება გვირაბის შესასვლელთან, არხის დამცავი საშუალებებით აღჭურვა, მთლიანი არხის გასწვრივ განათების დამონტაჟება, არხის გადახურვა გვირაბიდან 20 მეტრის დაშორებიდან გვირაბის შესასვლელამდე. ამ ღონისძიებებისთვის უკვე გაწერილია თანხა 350 000 ლარის ოდენობით.

- სამუშაო ღონისძიებები როდის დაიწყება?

- ბიუჯეტი უკვე შედგენილია. სამუშაოები რამდენიმე პროექტისგან შედგება და ამჟამად პროექტირება მიმდინარეობს. აპრილის თვიდან შემოვიტანთ მასალებსა და მოწყობილობებს და პროექტი შემოდგომამდე სრულად დასრულდება.

- ამ ღონისძიებების გატარების საჭიროება მომხდარის შემდეგ გახდა ცნობილი?

- არხს დამცავი შემოღობვა ჰქონდა. საქართველოში ასეთი ტიპის არხებს არცერთს არ აქვს დამცავი საშუალებები. პროექტით არ არის გაწერილი, თუმცა, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელობამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება ამ მიზნით გადაწყვიტა.

- ადგილი, სადაც ორი ფილა იყო დადებული და ავტომანქანა არხში გადავარდა, ახლაც გადანგრეული და დაუცველია. როდის აპირებს ხელმძღვანელობა კონკრეტულად ამ ადგილის გამაგრებას?

- პირველ რიგში, მარტის ბოლოდან 10 აპრილამდე სწორედ ეს ადგილი გამაგრდება.

- თუკი ამის შესაძლებლობა არსებობდა, კარგი იქნებოდა, ეს ტრაგედიამდე მომხდარიყო...

- არ არის დამცავი საშუალებები ასეთ ობიექტებზე გათვალისწინებული, რთული ნაგებობაა. თუმცა, არხი შემოღობილი იყო.

- მაგრამ არხი მოსახლეობაშია შეჭრილი და წლების მანძილზე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული...

- სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. არათუ ადამიანი, საგანიც რომ ჩავარდეს, არ დაიკარგება...

იმედს ვიტოვებთ, რომ დანაპირები შესრულდება. მართალია, ეს უკან მიდევნებული ლამპარი იქნება ძაძით მოსილი არაერთი ოჯახისა და მათი გაუბედურებული წევრებისთვის, მაგრამ გამოვა, რომ ამ ახალგაზრდებმა საყვარელ მხარესა და მისი ხალხის მომავალ უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლით მსხვერპლი საბოლოოდ შესწირეს. შედეგად კი, ოთხ ათეულ ცხედარზე შეჩერდება "მკვლელი არხის" შემაძრწუნებელი ისტორია.

შორენა ლაბაძე