"აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი"...
ნინო კაკულია აშშ-ში წლების წინ, მეუღლე საშა გურევიჩთან და ქალიშვილ თათასთან ერთად წავიდა. მერე ელენიკოც შეეძინათ. ჟურნალისტი წყვილი საქართველოში და თავიდან, აშშ-შიც საქმიანობას მედიაში განაგრძობდა, მაგრამ შემდეგ პროფესიის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და სამედიცინო სფეროში გადაინაცვლეს.
ამჟამად ოკლენდის კლინიკაში - Kaiser Permanente Oakland Medical Center Kaiser მუშაობენ. ნინო კორონავირუსთან დაკავშირებით იქ არსებულ პრობლემებსა და სიტუაციაზე გვიამბობს.
- მე ფლაბატომისტი, ლაბორატორიის თანამშრომელი ვარ და ვმუშაობ როგორც ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებთან, ასევე მათთან, ვინც გარედან შემოდის, რაც ამ სიტუაციაში იოლი არ არის, რადგან ვირუსის გადადების დიდი საფრთხეა, თუკი სათანადო დამცავი აღჭურვილობა არ გაქვს. პალატაში მყოფ პაციენტთან, ასე თუ ისე, მაინც მომზადებული და დაფარული შედიხარ. ჩვენს კლინიკაში პაციენტების უმეტესობა, ძირითადად, გათიშულ მდგომარეობაშია, სუნთქვის აპარატებზე ჰყავთ შეერთებული და ვერაფერს გრძნობენ. განსაკუთრებით ცუდად არიან ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ახალგაზრდები ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, კორონავირუსი თავის კვალს ორგანიზმზე მაინც დატოვებს. ჩვენ ერთი სართული გვქონდა, ე.წ. ებოლას სართული, რომელიც დაკეტილი იყო, ახლა კი სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი: ჩაბნელებულია, სიჩუმეა, ექიმები სპეცტანსაცმელში, სკაფანდრებში გამოწყობილები, ზომბებივით დადიან სპეციალურ პალატებში, უამრავი მონიტორია ჩართული და აკვირდებიან ავადმყოფების მდგომარეობას.
- ასეთ სიტუაციაში, თანამშრომლები რამდენად დაცულები ხართ? პირბადეს ხშირად გიცვლიან? აშშ-ში საიდან შემოდის საჭირო ინვენტარი? - როგორც ცნობილია, ამერიკას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანას არ შეუძლია, ელემენტარულად, ხელთათმანებისა და პირბადეების წარმოება. ყველაფერი ჩინეთიდან შემოდიოდა, ყველაფერი იქ კეთდება, იაფი მუშახელის გამო. ახლა, ჰოსპიტლები ითხოვენ, თუ ვინმეს შეუძლია, პირბადეები მიაწოდონ. რამდენიმე ცნობილი დიზაინერი უკვე უსასყიდლოდ ამზადებს. მე ხშირად ჩემი პირადი პირბადე დამაქვს, რომელიც ორი საათის შემდეგ უნდა გამოიცვალო, მაგრამ ვინახავ, რომ რამდენიმე დღე მეყოს. სახისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე ჩამოსაფარებელი, წესით, უნდა გადავაგდოთ, ჩვენ კი გვეუბნებიან, გაწმინდეთ, რადგან მეტი არ გვაქვსო. ბახილებიც შეზღუდულია, თავსაბურავებიც შენახული აქვთ. თუკი აქამდე პირბადე ხელმისაწვდომი იყო ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც, ახლა მენეჯერს უნდა სთხოვო, რომ ერთი მოგცეს. თუ დაინფიცირებულ პაციენტთან პალატაში შევდივართ და საჭირო დამცავი აღჭურვილობა არ გვაქვს, შეგვიძლია მომსახურებაზე უარი ვთქვათ.
ჩვენთან, ჰოსპიტალში სექტემბრიდან გრიპის აცრები კეთდება და მე ყოველთვის ვიკეთებ, რადგან მჯერა, რომ ვირუსებისგან მიცავს. ვინც აცრას არ იკეთებს, იმათ პირბადე უნდა ატარონ, გრიპის მთელი სეზონის განმავლობაში, რაც მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. თუმცა, იმის გამო, რომ სისხლის აღების დროს, პაციენტთან მიახლოება მიწევს, პირბადე ყოველთვის მიკეთია და ასეთ დროს მის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია.
- კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა როგორ ხდება?
- თუკი ვინმეს სიმპტომები აქვს, თავდაპირველად ურჩევენ, სატელეფონო კონსულტაცია გაიაროს: არსებობს მობილური სადგურები, ექიმი ნებართვას გასცემს, რეკავ, ეუბნები, მოვდივარ ამა და ამ მანქანითო, ჩამოსწევ ფანჯარას, შეფუთული ადამიანი ცხვირ-ყელის არეში მასალას აგიღებს, რომელიც დასამუშავებლად ჩვენს ლაბორატორიაში შემოდის და შემდეგ ტესტირებისთვის, სხვა ლაბორატორიაში მიაქვთ. თუ დადებითი პასუხია, პაციენტს ურჩევენ, თვითიზოლაციაში დარჩეს, მაგრამ ვისაც გართულებული ფორმა აქვს, პლუს სიმსივნე ან დიაბეტი, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალში მიიღებენ, თუკი ადგილი აქვთ. როგორც გვითხრეს, ერთ-ერთი ლაბორატორია და აფთიაქი მთლიანად დაიკეტება და ეს ტერიტორია პალატებად გადაკეთდება, რათა პაციენტები მიიღონ.
- თვითიზოლაციაში ყოფნა ხომ მკურნალობა არ არის. რას ეუბნებიან ინფიცირებულებს, რა პრეპარატები უნდა მიიღონ, როგორ იმკურნალონ?
- უმეტესად, სიცხის დამწევს, პარაცეტამოლს უწევენ რეკომენდაციას, ასევე - "ც" ვიტამინს, რომ ორგანიზმი გაძლიერდეს. ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, ყველა პაციენტი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული და დიდი რაოდენობით ჟანგბადს აწვდიან, რადგან კორონავირუსი ფილტვებს ძალიან უტევს. თუკი გამოუვალი მდგომარეობაა, პაციენტს არ აწვალებენ, შეიძლება აპარატიდანაც გამორთონ, თუკი მან ასე ისურვა ან ოჯახის წევრებიც თანახმანი არიან... სამწუხაროდ, სასუნთქი აპარატების დიდი დეფიციტია.
- სხვა შტატებში როგორი სიტუაციაა?
- კალიფორნია, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი - ძირითადად, ყველა საკუთარ თავს უვლის, რადგანაც ფედერალურმა მთავრობამ, რომელიც ეპიდემიის საშიშროების თაობაზე ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილეს, ეს საფრთხე სერიოზულად ვერ აღიქვა. გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება, ასევე, დაავადებულებისაც. ყველაზე ცუდი სიტუაცია ამჟამად ნიუ-იორკშია. იმედია, ვადაზე ადრე არ გააუქმებენ თვითიზოლაციის წესებს და რამდენიმე კვირა ხალხი ისევ სახლებში დარჩება, უფრო დიდი მასშტაბით გავრცელება რომ ავირიდოთ თავიდან.
- ნინო, იქაური ქართველები რა მდგომარეობაში არიან?
- ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ყველა კარგადაა. ჩაკეტილები არიან. ადრე ხშირად ვიკრიბებოდით, დღესასწაულებს აღვნიშნავდით, ახლა ყველაფერი გაუქმებულია.
- უცნაურად დაპაუზებულ სიტუაციაში აღმოვჩნდით მთელი მსოფლიო...
- დიახ. ხშირად, შუაღამისას მეღვიძება და მინდა თუ არა, ტვინი თავისით გარბის ამ საფიქრალისკენ... ბავშვისთვისაც ძალიან ძნელია. სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, საერთოდ აღარ იქნება აგვისტოს ბოლომდე, შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისამდე. ყველა შეკეტილია, არც ჩვენთან მოდის ვინმე და არც ჩვენ მივდივართ სადმე სტუმრად. ინდოელი მეზობლები გვყავს და ჩვენთან კარი არ იკეტებოდა, ბავშვები სულ ერთმანეთთან შერბოდნენ, ახლა ჩაკეტილები არიან. ონლაინსწავლება კი არის, მაგრამ ბავშვს ძალიან უჭირს. ვეუბნებით, რომ ეპიდემიაა, შეიძლება ავად გავხდეთ, თუ ხელებს ხშირად არ დავიბანთ და სხვებთან ვიკონტაქტებთ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვენაცვლებით ელენიკოს მოვლაში: ის ღამის ცვლაში მუშაობს, მე - დღისით. საშაც "კაიზერში", "სასწრაფო ოთახის" (Emergency room) ექთანად მუშაობს.
ქალაქში სპეციალური ადგილებია, სასიარულო ბილიკები, სადაც გასვლა შეიძლება და ხალხი ერთმანეთის მოშორებით დადის, მხოლოდ იქ ვახერხებთ ბავშვის გაყვანას. სამსახურში მეტროთი დავდივარ და გამაფრთხილეს, რომ სამსახურის საშვი ვატარო თან. მაღაზიებში ქაოსი აღარ არის, ხალხი ჩვეულებრივად შედის და იმას ყიდულობს, რაც სჭირდება.
- ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ვინ ეხმარება მათ? ხარჯებს ვინ ანაზღაურებს? - ორი ტრილიონი დოლარი გამოიყო, რომ ხალხს გარკვეული თანხა დაურიგონ. მიზერულია - დაახლოებით 1.200 დოლარი ერთ კაცზე. თან იმას ითვალისწინებენ, რა შემოსავალი გქონდა გასულ წელს და შეიძლება ამდენი არც მოგცენ. სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყება დარიგება. ბანკებმა 3 თვით შეღავათი მისცეს ხალხს; იგივე შეეხო კომუნალურ გადასახადებს. ყველა კომპანია კერძოა და ასე ეხმარებიან მოქალაქეებს.
- ცნობილი ადამიანები რა თანხებს რიცხავენ კორონავირუსით ინფიცირებულთა დასახმარებლად?
- ამ კამპანიაში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული და მილიონობით დოლარს რიცხავენ, მათ შორის, იმ ფონდში, სადაც ვაქცინაზე, წამალზე მუშაობა მიმდინარეობს.
- როგორც ვიცი, თქვენი უფროსი ქალიშვილი, თათა ექთანია და ის აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს.
- დიახ, თათამ უნივერსიტეტი დაამთავრა და ექთანია. ასეთ სიტუაციებში და საერთოდაც, აქაური სამედიცინო სფერო ექთანების მხრებზე დგას. ძალიან მაღალანაზღაურები და მოთხოვნადი პროფესიაა. თავიდან, როცა სკოლის მოსწავლე იყო, მოხალისედ დადიოდა ჰოსპიტლებში, ჩემს მეუღლეს დაჰყვებოდა და ხალხს ეხმარებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როდესაც თავისი მონაცემები გაგზავნა, ყველა ჰოსპიტლიდან დადებითი პასუხი მოუვიდა, მაგრამ თვითონ სადაც უნდოდა, იქ წავიდა სამუშაოდ, - სიეტლში, ერთ-ერთ კლინიკაში "სასწრაფო ოთახის" ექთანია. სხვათა შორის, სწორედ სიეტლი იყო ერთ-ერთი, სადაც კერძო ლაბორატორიებმა პირველებმა დაიწყეს სწრაფი ტესტირება.
- ამ სიტუაციიდან გამოსავალს ამერიკელები რაში ხედავენ?
- ისევ და ისევ - კარანტინში. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს აუცილებელია! აქ ზოგი ამბობს, რომ შემოდგომასა და ზამთარში უარესი გველის. ამიტომაა აუცილებელი ვაქცინა, მაგრამ ამას 18-24 თვე სჭირდება. ამიტომ მთელი მსოფლიოს საზრუნავი ვირუსთან ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბრავო საქართველოს! თქვენ ყველაზე კარგად ართმევთ თავს ამ რთულ სიტუაციას. ღმერთმა ქნას, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
თამთა დადეშელი