გურული მარკუშას ამბავი - გზაპრესი

გურული მარკუშას ამბავი

ომარ ხუციშვილი ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობს, კარ-მიდამოს უვლის, მის ოთხფეხა მეგობარს, მარკუშას კი საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი ყოველთვის შეაქვს - პატრონს შეშის ნაჭრების წაღებაში ეხმარება. როცა ბატონ ომარს ჩაის მომზადება სურს, ხიდან ლიმონის მოწყვეტას მარკუშას სთხოვს, ძაღლიც დაუზარებლად გარბის და თხოვნას უსრულებს. მარკუშა თურმე, ყველა ხილს ცნობს და იმის გარჩევაც შეუძლია, რომელი უფრო მწიფეა. ჭკვიან ძაღლს, საჩუქრის მისაღებად, პატარა ხრიკებიც აქვს მოფიქრებული... მასთან ერთად ყოფნა სახალისოა.

ომარ ხუციშვილი:

- მარკუშას დედა ჩემმა დისშვილმა მაჩუქა. ძალიან ჭკვიანი ძაღლი იყო. ასეთი ჯიში - "გაურკვეველი" - არსებობს. ჰოდა, ამ ჯიშის წარმომადგენელი გახლდათ (იცინის). ძაღლები დიდხანს არ ცოცხლობენ - 15-16 წლის შემდეგ გვტოვებენ, ამიტომ ზოგი ადამიანი ძაღლს შინ არ ზრდის, რადგან პატრონისთვის მისი სიკვდილი ძალიან მტკივნეულია... ჩემს ძაღლს ლეკვები რომ ეყოლა, ერთ-ერთი დედას ძალიან ჰგავდა - ფერითაც, სხეულის ფორმითაც... მოკლედ, ეს ერთი ლეკვი დავიტოვე, დანარჩენები კი გავაჩუქე. 3 თვის იქნებოდა, როდესაც ერთ დილას, დედამისი მკვდარი დამხვდა, ლეკვი კი მასთან ჩახუტებული იყო... გული დამწყდა. სიკვდილის მიზეზი ვერ გავარკვიე. 12 წლის იყო, მაგრამ არაფერი სჭირდა. რა მოხდა, არ ვიცი... საერთოდ, 3 თვის ასაკში ლეკვს გაზრდა უჭირს. ჩემი ლეკვი ისე ცუდად გახდა, თითქმის მკვდარი იყო. ვდარდობდი - ალბათ ესეც მოკვდება-მეთქი... მეორე-მესამე დღეს ლეკვი გამოცოცხლდა. გავზარდე...Hჰოდა, ასეთი მარკუშა დადგა, როგორსაც დღეს ხედავთ. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი... მერე დედაჩემმა მითხრა, - ლეკვს შევულოცე, რომ გადარჩენილიყო, რადგან ძალიან განიცდიდიო (ლოცვები იცის)... ახლა მარკუშა ორწლინახევრისაა.

- მარკუშა რატომ დაარქვით?

- ჰოლანდიელი ფეხბურთელის - მარკო ვან ბასტენის პატივსაცემად. ეს ფეხბურთელი მოედანზე სულ მოძრაობდა - ბურთი ჰქონდა თუ არა. ჩემი მარკუშაც ასეთი მოძრავია: სულ დარბის, დახტის... ამიტომაც მარკო (მარკუშა) დავარქვი.

- როგორ გაზარდეთ?

- ჩვეულებრივად: რძით, მაწვნით ვკვებავდი და მოძლიერდა. ახლა ძაღლისთვის საჭირო ყველა აცრას ვუტარებ.

- ასე კარგად როგორ გაწვრთენით, რომ როცა ჩაის დალევა გსურთ, ლიმონსაც კი გიკრეფთ?

- პატარა ასაკში ეს ადვილია. ძაღლს ლაპარაკი სჭირდება. მარკუშას ჩვეულებრივად ველაპარაკები. ისიც მისმენს... ჩემს ძაღლს ძეხვი ნამეტანი უყვარს. უარს არც სოსისზე ამბობს. ჰოდა, ვაჭმევ, როცა ჩემთვის მოსაწონ რამეს გააკეთებს. როცა მოსაწონად არ მოიქცევა, ვეუბნები, - ეს მეტჯერ აღარ გააკეთო-მეთქი. ყურადღებით მისმენს. "ჩუსტების" მოტანაც ვთხოვე, ვეხვეწე - მომიტანე-მეთქი. ერთხელ მომიტანა, საქციელი მოვუწონე და დაიმახსოვრა... ლიმონებსაც კრეფს (წელს ძლიერი ყინვა იყო და ნაყოფი გააფუჭა, მაგრამ რამდენიმე ძირი გადახურულში გვქონდა). ზაფხულში მარკუშას ვეუბნები ხოლმე, - წადი, ვაშლი მომიტანე-მეთქი, და მოაქვს; თუ მსხლის მოტანას ვთხოვ, მსხალი მოაქვს...

GzaPress

- ყველა ხილს ცნობს? ხვდება, რომლის მოტანას სთხოვთ? - კი, აბა, რა!.. ნოემბერში მანდარინი უკვე ფერადდება. ერთხელ სასწაული ჭექა-ქუხილი, ელვა, წვიმა იყო. დენიც გაითიშა. მარკუშას ვთხოვე, - წადი, მანდარინი ამომიტანე-მეთქი. დედაჩემი გამიწყრა: ქვეყანა ინგრევა და ძაღლს თუ ეტყვი კაცი, წადი, მანდარინი ამომიტანეო!.. მარკუშა გაიქცა და ფოთლიანი მანდარინი მოიტანა; ხილი ცალ მხარეს ყვითელი იყო, ცალ მხარეს - მწვანე, ანუ ელვის შუქზე მწიფე ხილი აურჩევია. რას ვიზამდი? ხელში ავიყვანე და ვაკოცე (იცინის).

- კიდევ რა უნარ-ჩვევები აქვს?

- ბევრი რამე იცის. მაგალითად, ფოსტალიონი ჭიშკართან გაზეთს რომ ჩამოდებდა, მარკუშას ვეტყოდი, - წადი, გაზეთი მომიტანე-მეთქი. მიდიოდა, გაზეთს ფრთხილად ჩამოხსნიდა და მოჰქონდა. ახლა სოფლებში გაზეთები აღარაა - ფოსტალიონები ვეღარ დაატარებენ, რადგან ხალხი მატერიალურად ძლიერი აღარ არის, თორემ წინათ, ჭიშკართან არ მიშვებდა - გაზეთი სულ თვითონ მოჰქონდა... კიდევ, შეშას რომ დავჩეხავ და ნაჭრებს ხელზე ვიწყობ, 1 ცალს მარკუშაც იღებს და მომყვება - დაჩეხილი შეშის მშრალ ადგილზე გადატანაში მონაწილეობს... გურიაში დიდი ეზოები გვაქვს - მეზობელს რომ დაუძახო, მაღალ ხმაზე უნდა იყვირო, რომ გააგებინო (ახლა მობილური ტელეფონები გვაქვს და ამის გაკეთება აღარ გვიწევს). თუ ეზოში ვინმეს ღორი ან ძროხა დაუპატიჟებლად შემოვა, მარკუშა სახლში ყეფით მოვარდება, თავს შემოყოფს და მანიშნებს, - წამოდი, რაღაც ხდებაო. მეც მივყვები და მართლაც ან ძროხაა ეზოში შემოსული, ან - ღორი, ან ვიღაც კაცი, გზის შემოკლების მიზნით, ეზოზე გადადის... მოკლედ, ასეთი რაღაცები ხდება. მარკუშასთან ერთად არ მოიწყენ.

- ოინების მოწყობა თუ სჩვევია?

- მარკუშას ეს ნაკლი აქვს: "ჩუსტები" ყოველთვის მეორე სართულზე ხომ არ მრჩება - ზოგჯერ დაბლა ვტოვებ, როცა საქმეზე მივდივარ... უკან დაბრუნებულს ჩუსტები ადგილზე აღარ მხვდება. ვხვდები, რომ მარკუშას აქვს დამალული. ასე იქცევა: სადღაც წაიღებს, დამალავს - იცის, როცა "ჩუსტებს" მომიტანს, რაღაცას ვაჩუქებ. ვეკითხები, - მარკუშა, შენ დამიმალე "ჩუსტები"? ჭკვიანი თვალებით შემომხედავს. ვეუბნები, - წადი, მომიტანე-მეთქი. მიდის და მაგალითად, თხილნარიდან (სახლის უკანაა) მოიტანს და ჩამაბარებს (იცინის). ერთხელ, ქორწილში წასვლის წინ, ფეხსაცმელი დამიმალა: ფეხსაცმელები გავწმინე, მზის გულზე დავდე, ტანსაცმელი ჩავიცვი, მოვემზადე და უცებ ვხედავ, ცალი ფეხსაცმელი ადგილზე არ არის! მარკუშას ვთხოვე, - წადი, ფეხსაცმელი მომიტანე, შენი მოპარული და დამალულია, ვიცი-მეთქი. წავიდა, საიდანღაც გამოაძვრინა და მომიტანა, თორემ ქორწილში ვეღარ მივდიოდი (იცინის).

- თანასოფლელებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ძაღლს ყნოსვით 2500 კაცის დამახსოვრება შეუძლია. მარკუშა ბევრს ცნობს. ხვდება, ვინ როგორ ხასიათზეა და ჩვენს ეზოში ამის მიხედვით უშვებს ან არ უშვებს. თუ ადამიანი ცუდ ხასიათზეა ან გაბრაზებულია, ეზოსთან გააჩერებს და სახლში არ უშვებს. "მეუბნება", ჩამოდიო. მერე, როცა სტუმარს ვეტყვი, - მობრძანდი-მეთქი, მარკუშაც თანახმაა, რომ სტუმარი შემოვიდეს.

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მე, მარკუშა და დედაჩემი ვცხოვრობთ ერთად. ახლა, სკოლებში სწავლა რომ შეწყდა, თბილისიდან ჩემი დისშვილიშვილები - სანდრო და ოთო ჩამოვიდნენ. მარკუშა და ბავშვები სულ ერთად თამაშობენ... როცა გარეთ გასულს შინ დაბრუნება შემაგვიანდება, მარკუშა ეზოში გამოდის და "ტირილს" იწყებს, - ყმუის. გამოვჩნდები თუ არა, უხარია, "ცეკვავს"...

- ყველაზე ხანგრძლივად რამდენი ხნით დაგიტოვებიათ?

- ერთი კვირა თბილისში ვიყავი და ყოველდღე ყმუოდა. ბიძაშვილს ვთხოვე - აჭამე-მეთქი. ჰოდა, ის ამშვიდებდა, ჩემზე ეუბნებოდა, მალე ჩამოვაო. მარკუშაც ჩუმდებოდა, მაგრამ რომ ხედავდა, არ მოვდიოდი, ისევ "ტიროდა"...

- მეგობარი "გოგო" ჰყავს?

- ჯერჯერობით არ ჰყავს. არადა, მისთვის შესაფერის "გოგოებს" ვაკვირდები. არა და არ გამოჩნდა (იცინის). თავად მარკუშა ეზოდან არ გადის. ერთხელ გავიდა, რის გამოც გავუბრაზდი და დაიმახსოვრა: პატრონის ნებართვის გარეშე, ძაღლი ეზოდან არ უნდა გავიდეს.

- იმ ადამიანებს რას ურჩევთ, ვისაც რატომღაც, ძაღლები არ უყვართ?

- რას ჰქვია, ძაღლი არ უყვართ?! ძაღლი ერთადერთი არსებაა ქვეყანაზე, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად, პატრონი უყვარს. შეუძლია, შენ გამო თავი გაწიროს. თუ ვინმეს ძაღლები არ მოსწონს, ალბათ, ასეთ ხალხს ადამიანის მოდგმაც არ მოსწონს და შეიძლება, საზოგადოებისთვის საშიში იყოს. ვისაც ძაღლი უყვარს, ის წესიერი, პატიოსანი ადამიანი იქნება, - სხვაგვარად შეუძლებელია...

ეთო ყორღანაშვილი