"საწყალი, საბრალო, - ეტლი თქვენია?" - გზაპრესი

"საწყალი, საბრალო, - ეტლი თქვენია?"

35 წლის ირმა ზვერიაშვილის დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, ქვედა კიდურების პარაპარეზი, მაგრამ ეს საერთოდ არ უშლის ხელს, საინტერესოდ იცხოვროს. ხალასი და მებრძოლი ხასიათის წყალობით, პრობლემებს ღირსეულად უმკლავდება და ბევრისთვის სწორედაც რომ მაგალითია.

- რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. 6-7 თვისას ექიმმა არასწორი დიაგნოზი დამისვა, რასაც მოჰყვა ის, რომ ერთიანად მოვწყდი და ვერ გადავაადგილდებოდი. რუსეთში ვმკურნალობდი, მაგრამ 1989 წლის შემდეგ ვეღარ გავაგრძელეთ. მკურნალობის შედეგად დამოუკიდებლად შევძელი გადაადგილება, თუმცა ხელჯოხს მაინც ვიყენებდი. დაწყებით კლასებში მასწავლებლები ჩემთან შინ მოდიოდნენ და მამეცადინებდნენ, მაგრამ მინდოდა, სკოლაში მეც მევლო. ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატში შემიყვანეს, 5 საათამდე იქ ვრჩებოდი და მშობლები სამსახურის შემდეგ მაკითხავდნენ, თუმცა მალე თვითონ ვბრუნდებოდი სახლში.

- ეტლით მოსარგებლე უფრო გვიან, 28 წლის ასაკში გახდი; რატომ, რა მოხდა?

- ექიმმა მითხრა, რომ კუნთების განვითარებადი დისტროფია მჭირდა, რომელიც 3 წელიწადში გულამდეც მიაღწევდა და ამის შესაჩერებლად მუდმივად წამლები უნდა მესვა. დიაგნოზის დასმიდან ერთი კვირის შემდეგ ვიგრძენი, რომ გადაადგილება მიჭირდა, ერთ დღეს კი, საწოლიდან წამოდგომა რომ ვცადე, ჩავიკეცე. მეგონა, უბრალოდ, ფეხები დამიბუჟდა. ის ძალა, რაც მქონდა, აღარ მაქვს. ფეხზე დაყრდნობა და წამოდგომა შემიძლია, მაგრამ პატარა მანძილსაც ვერ გავდივარ. მიუხედავად ამისა, აქტიურად ვცხოვრობ. ბევრი პროფესია მაქვს - უცხო ენების სპეციალისტი ვარ, შევისწავლე საბანკო და საბუღალტრო საქმე, კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფა, "ფოტოშოპი", ბიზნესაკადემიაში საოფისე საქმის სპეციალობა. ახლა ევროპული ბიზნესსკოლის ონლაინკურსებს გავდივარ. არაერთი სამსახური გამოვიცვალე - ელექტრონული წიგნების დამკაბადონებლად ვმუშაობდი, კომპიუტერულ პროგრამებს ვაყენებდი, ტაქსების ქოლცენტრშიც ვიმუშავე, უცხოელებთან ბუღალტრად და თარჯიმნად. ხშირად ხუმრობით ვამბობ, - ერთი, მორგში არ მიმუშავია და ბალერინა არ ვყოფილვარ, სხვა ყველაფერი გამოვცადე-მეთქი.

GzaPress

- ამჟამად სად მუშაობ? - ერთხანს უმუშევრად დავრჩი, არსად მიღებდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების გამო. სამწუხაროდ, ასეც ხდება. 2020 წლის 17 თებერვლიდან მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტების მართვის განყოფილებაში დავიწყე. კვირის გარდა, ყოველდღე მიწევს თბილისში ჩამოსვლა. ხელით სამართავი ავტომანქანით ვსარგებლობ, გადაკეთებული მაქვს. გარდა ამისა, ვმუშაობ შშმ პირებთან და ხელს ვუწყობ მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან, ვატარებ ტრენინგებს. უნდა იცოდე, როგორ ისარგებლო და გადალახო ბარიერები ეტლის დახმარებით. როცა ეტლით მოსარგებლე არ ხარ, საკმაოდ რთული გასააზრებელი და შესაგუებელია ეს ყველაფერი, დრო გჭირდება ამისთვის, მაგრამ თუ სწორ გზასა და ძალას იპოვი, შეძლებ. დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემო მყოფების დამოკიდებულებასაც. დედა სულ მეუბნებოდა, შენ ეს შეგიძლია და უნდა გააკეთო, რატომ უნდა იყო სახლშიო?! მამას ხელში აყვანილი გავყავდი გარეთ. რომ არა მათი ასეთი დამოკიდებულება, ალბათ კარგა ხანს დავიმალებოდი. არაერთხელ გამიგონია ჩემ მიმართ ნათქვამი, - საწყალი, საბრალო, - ეტლი თქვენია? - მეზობლისაა-მეთქი, გამცინებია. მაღაზიაში უკითხავთ, - უი, დედა, ასე რატომ დადიხართ? - სიარული მეზარება და გორაობა მირჩევნია-მეთქი... ზოგჯერ იუმორით უნდა შეხედო ამ ყველაფერს. საცოდავები ნამდვილად არა ვართ და ეს სტერეოტიპი ჩვენ თვითონ უნდა დავამსხვრიოთ.

- სწორედ ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად დაინტერესდი სპორტით, არა?

- როდესაც ეტლით მოსარგებლე გავხდი, მაშინ უფრო კარგად გავიაზრე შშმ პირების პრობლემები და საჭიროებები. პარასპორტამდე, თბილისის ინკლუზიურ დასში ვცეკვავდი. ჩემმა მეგობარმა მკითხა, დასში მოცეკვავე სჭირდებათ და არ გინდა, წახვიდეო? მაშინ არც ვიცოდი, რომ არსებობდნენ ეტლით მოსარგებლე მოცეკვავეები. "ნიჭიერში" ვუყურე თემურ არაბიძეს, ეგ იყო და ეგ. მართლაც, ქეთი ზაზანაშვილთან დასში მივედი და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს მეწყვილე ლაშა გურგენიძესთან ერთად ავიღე რომა არჩაიას სახელობის თასი ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე. არაერთხელ გამოვსულვარ ცეკვის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე. ახლა გამოცდილებას მეგობრებს ვუზიარებ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი მშვილდოსნობასაც. ძალიან მომწონს სპორტის ეს სახეობა.

- ირმა, ოჯახის შესახებაც მითხარი რამე.

- ვცხოვრობ მშობლებსა და შვილებთან ერთად: ნინო 10 წლისაა, ზურაბი - 8-ის. ორივე ძალიან მიწყობს ხელს. ახლა, როცა გაიზარდნენ და მეტად გაიაზრეს ჩემი მდგომარეობა, მიფრთხილდებიან და ცდილობენ, არ დავიტვირთო. 24 წლისა გავთხოვდი, ოღონდ ახლა მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს.

- რა შეცვალა შენში მომხდარმა, რა გასწავლა?

- პირველ რიგში, მე შევიცვალე. მივხვდი, რა ბარიერებს აწყდებოდნენ ეტლით მოსარგებლეები, მეტი ადამიანის გაგება ვისწავლე და არა მხოლოდ მე, არამედ შშმ პირების მიმართ აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი მეგობრების დამოკიდებულებაც...

ნინო ჯავახიშვილი