FIBA-ს მსაჯმა ჭიათურაში ედემის ბაღის მოწყობა გადაწყვიტა - გზაპრესი

FIBA-ს მსაჯმა ჭიათურაში ედემის ბაღის მოწყობა გადაწყვიტა

თანატოლ ბავშვებთან შედარებით მაღალი იყო და ფიზკულტურის მასწავლებელმა კალათბურთზე სიარული ურჩია. ასე მოხვდა 13 წლის მაკა კუპატაძე სპორტის ამ სახეობაში. მალე წარმატებებსაც მიაღწია: გახდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის "მეობას" გუნდების სახელით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ - 1994 და 1997 წლებში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატში... წლების შემდეგ კი, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გადაწყვეტილებით, საერთაშორისო კატეგორიის ერთადერთი ქართველი მსაჯი ქალი გახდა.

- ბოლოს სად იმსაჯეთ? როგორც ვიცი, საქართველოს ფარგლებს გარეთ იყავით.

- 10 მარტს ეკატერინბურგში ქალების მერვედფინალში უნდა მემსაჯა. მოსკოვში ჩავფრინდი და მეილი მომივიდა, - ეკატერინბურგში ჯერ თუ არ ჩასულხართ, უკან დაბრუნდითო... როდის გაგრძელდება საკლუბო თამაშები, არავინ იცის.

- 13 წლამდე სპორტზე არ გივლიათ, ე.ი. არ გაინტერესებდათ?

- ამას ვერ ვიტყვი. ჩემს ბავშვობაში გოგონები ძირითადად, მუსიკაზე ან ცეკვაზე დადიოდნენ. მეც ფორტეპიანოზე დამატარებდა დედაჩემი (იცინის). ძალით, როგორც იქნა, 5 კლასი დავასრულე. დედა მეხვეწებოდა, შვიდწლედი მაინც დაამთავრეო, მაგრამ უკვე ისეთი აზარტით ვიყავი კალათბურთის მიმართ განწყობილი, შანსი არ იყო, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლა გამეგრძელებინა.

- ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარება თავად გადაწყვიტეთ?

- ჩემი სურვილი იყო. მაშინ, ვინც სპორტს მისდევდა, ითვლებოდა, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტში უნდა ჩაებარებინა. საერთოდ, იურისტობა მინდოდა, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. როცა პატარა ვიყავი, ტელევიზიის ერთადერთი არხით ხშირად გამოდიოდა ინსპექტორი ქალი, რომელსაც გიული ერქვა, გვარი აღარ მახსოვს (აბულაძე. - ავტ.). მას რომ დავინახავდი ეკრანზე, გავიძახოდი, - აი, ეს უნდა გამოვიდე-მეთქი. ბებიაჩემი გიჟდებოდა: რად გინდა, გოგო, ინსპექტორობა, ქუჩაში ხომ არ უნდა იდგეო?!. დღემდე მიყვარს იურისტის პროფესია. დეტექტივების კითხვა და დეტექტიური გადაცემების ყურებაც ძალიან მომწონს. ფიზკულტურის ინსტიტუტში სამი კურსი დავხურე, სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავედი და მის საკალათბურთო გუნდში გავაგრძელე თამაში. სხვათა შორის, უფრო იმიტომ გადავედი, რომ შემპირდნენ, იურიდიულზე დაგსვამთო. მერე მითხრეს, ჯერ ისტორიულზე უნდა ისწავლოო.

GzaPress

- მერე, იურიდიული?.. - აუსრულებელ ოცნებად დამრჩა... უნივერსიტეტში ლექციებზე არ დავდიოდი, არ მაინტერესებდა. სწავლის მხრივ ფიზკულტურის ინსტიტუტში საკმაო მოთხოვნები იყო. რომ ამბობდნენ, იქ სტუდენტები არაფერს სწავლობენო, ასე არ გახლდათ. საუცხოო პედაგოგები გვასწავლიდნენ ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას... ქართულ ენაში გვყავდა მედეა როგავა - ისეთი მკაცრი ქალბატონი იყო, ყველას გვეშინოდა მისი. ერთხელ უნივერსიტეტში მივედი ფილოსოფიის ლექციაზე, პირველად და უკანასკნელად; მგონია, არაფერი ვიცი (იცინის). გვერდით მჯდომ ჯგუფელს ვუთხარი, წიგნი მათხოვე, გადავხედო-მეთქი. წავიკითხე და მაშინვე ამომიტივტივდა თავში ყველაფერი, რაც ფიზკულტურის ინსტიტუტში ვისწავლე. ისე ძირფესვიანად ვიცოდი მასალა, ლექტორი გაგიჟდა. იფიქრა, ხომ არ გადაიწერაო, მაგრამ დარწმუნდა, რომ წიგნის, რვეულისა და "პასტის" გარეშე ვიყავი მისული. ფილოსოფიის ლექციაზე იმის შემდეგ აღარც მივსულვარ. სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგმა მაღალი ნიშანი დამიწერა.

- თქვენი, როგორც სპორტსმენის მიღწევებით კმაყოფილი ხართ?

- ბევრი რამ ვერ მოვასწარი, ცუდი დრო იყო არა მარტო სპორტისთვის, არამედ საერთოდ, ქვეყნისთვის. ერთი სეზონი თურქეთის ანტალიის კლუბში ვთამაშობდი. სწორედ იმ წელს NBA-მ შექმნა ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია - WNBA. იქ მოხვედრა და თამაში ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ესეც ოცნებად დარჩა, როგორც იურისტობა... ვფიქრობ, მსაჯობაში უფრო წარმატებული ვარ. უკვე 14 წელი გავიდა, რაც საერთაშორისო მსაჯი გავხდი. სამჯერ ქალების "ევრობასკეტზე" ვიმსაჯე, მათ შორის ერთხელ - ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებელ მატჩში. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო და დიდ მიღწევად ვთვლი, რომ 2015 წელს პრაღაში ქალთა ევროლიგის ფინალზე ვიმსაჯე. ახლა, ვირუსის გამო ყველაფერი შეწყდა, თორემ ყოველ კვირას გამოძახება მქონდა სხვადასხვა ქვეყანაში ტურნირზე.

- ქალთა გუნდების მსაჯობა უფრო იოლია თუ მამაკაცების?

- საქართველოში, ასე ვთქვათ, ვემსახურები მხოლოდ მამაკაცების კალათბურთს (16, 18, 20 წლამდე ვაჟების ჩემპიონატებს), ხოლო ევროპაში ძირითადად, ქალთა ჩემპიონატებზე ვმსაჯობ. მამაკაცების მსაჯობა, ასე თუ ისე, იოლია, იქ თითქმის ყველასთვის ნათელია, რა არის დარღვევა. კაცები იმდენს არ დარბიან, რამდენსაც ქალები, მათთან კონტაქტიც ნაკლებია: კაცების თამაში უფრო ძალისმიერია, ქალებში კი მეტი სისწრაფეა, ანუ ბევრს დარბიან.

- კალათბურთში საერთაშორისო კატეგორიის ერთადერთი ქართველი მსაჯი ქალი რომ ხართ ეს ალბათ, გეამაყებათ, არა?

- თავიდან ეს გრძნობა არ მქონია. ძალიან რთული წლები გამოვიარე. პირველი ქალი მსაჯი ვიყავი და მოედანზე კალათბურთელი მამაკაცები ცოტათი ჩემს დაჩაგვრას ცდილობდნენ. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩემზე ზეწოლა იყო, გარკვეულ ფარგლებში, უფრო - ემოციური. ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. მთელმა საკალათბურთო სამყარომ ჩემს ხელში და ჩემ თვალწინ გაიარა, ლამის ყველა მოთამაშე და მწვრთნელი მიცნობს... მაქსიმალურად ვცდილობ, მაღალ დონეზე ჩავატარო ყოველი მატჩი და უკვე ისე მენდობიან, რომ ხანდახან ვიტყვი ხოლმე, ტყუილსაც დამიჯერებენ-მეთქი, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არასდროს ჩავიდენ. აი, ეს ნამდვილად მეამაყება.

- ბევრი კალათბურთელი მეგობარი გყავთ?

- ჩემი სამეგობრო წრე ძირითადად, კალათბურთის სფეროდანაა. ყოფილი თანაგუნდელები დღემდე ოჯახებით ვმეგობრობთ და ახლო ურთიერთობა გვაქვს. ბიჭებს უმეტესად, მოედანზე ვხედავ - ჩემი კურსელებიდან ზოგი მწვრთნელია, ზოგი - მსაჯი. "პაეზდკებიდან" ვიცნობ ზაზა ფაჩულიას, მარკოიშვილებს, ცქიტიშვილებს: ერთად დავდიოდით ტურნირებზე. ისინი მაშინ პატარა ბიჭები იყვნენ, ჩვენ ცოტათი უფროსები ვიყავით.

- ზაზა ფაჩულიას ბოლოს როდის შეხვდით?

- თბილისის მერიის თასის (თანამეგობრობის ბასკეტი) ამხანაგური ტურნირი ტარდებოდა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ გუნდები. ჩვენი ფედერაცია ამ ტურნირს ყოველთვის მხარში ედგა. მაშინ მომიწია ზაზას თამაშის მსაჯობამ.

- სოფელში გამოვიხიზნეო, მითხარით, როცა ინტერვიუს თაობაზე დაგიკავშირდით. რომელ სოფელში ხართ და რას საქმიანობთ?

- ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში ვარ, სადაც სახლი გამოკეტილი გვქონდა. ჩემი დატვირთული ცხოვრების გამო, წლებია აქ არ ვყოფილვარ და კორონავირუსი როგორ დავლოცო?.. ახლა მე და დედა სახლსა და ეზოს ვუვლით, ვასუფთავებთ... მინდა, ედემის ბაღი მოვაწყო, რომ მერე მეგობრები მოვიწვიო. თბილისიდან წამოვიღე სავარჯიშო ინვენტარი და სპორტული ფორმა. ეზოში სამუშაოს რომ მოვრჩები, ვარჯიშს ვიწყებ ხოლმე. აქ არის მთები, მდელოები, მდინარე ყვირილა... დედა ძალიან ბედნიერია - როგორც იქნა, აქაურობისთვის მოვიცალე.

ნანული ზოტიკიშვილი