ფერადი პირბადეები - გზაპრესი

ფერადი პირბადეები

წესით, ახლა გაზაფხულის ყოვლისმომცველი სიცოცხლის ძალა ყველაფერს მხიარულად უნდა აფერადებდეს, მაგრამ მოწყენით მწვანდება ტყე, მქრქალად ყვავის ხეხილიც და საფიქრალს დაუმძიმებია ადამიანებიც. სადარდებელია ხვალინდელი დღეც და მისი შემდგომიც. თითქოს გარუხებულია ყველაფერი, თუმცა ჩემი ნაცნობი ერთი ადამიანის უანგარო სიკეთე ჯადოსნური ყალმით ხატავს კაცობრიობის პერსპექტივას მაინც...

ბევრი კარგი ექიმი გვყავს ქართველებს, მათ შორისაა მირანდა ჯანხოთელიც, რომელიც ყოველთვე 30 ფეხმძიმე ქალს მაინც არეგისტრირებს და კონსულტაციას უწევს. ვირუსის საშიშროების გამო, ყველა ვიზიტზე პაციენტებისთვის აქვს პირბადეები, მაგრამ ამოუწურავი არაფერია და სულ ფიქრობს, სად და როგორ უშოვოს მომავალ დედებს ხელისგულისოდენა დეფიციტური სამედიცინო პროდუქტი. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ მირანდა ექიმზე, ხათუნა ჩიტაძეზე უნდა მოგახსენოთ.

ხათუნა ხაშურში ცხოვრობს. როცა გარეთ ცრიატი ამინდია და ბევრ ადამიანს სძინავს, ხათუნა ზის საკერავ მანქანასთან და თითქოს მოსაწყენ, მაგრამ საჭირო საქმეს აკეთებს - ფერად პირბადეებს კერავს და უსასყიდლოდ ურიგებს მსურველებს. ასეთ დროს ფულზე როგორ უნდა იფიქროო და თავს, თვალსა და ხელს ძალას აყენებს! ამ გარჯით ის მალე მირანდა ექიმსაც გაუგზავნის მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს...

- დავიბადე 1977 წლის 17 იანვარს. წარმოვიდგენ ხოლმე მამის სახეს, როდესაც ნანატრი, სამი ძმის შემდეგ გაჩენილი მეოთხე გოგო ვეკავე ხელში. მამა ქირურგი იყო - სერგო ჩიტაძე. წარმოშობით ზვარიდან ვართ. ბაბუაჩემი - აკაკი ჩიტაძე სამამულო ომის შემდეგ გადმოსახლებულა ხაშურში, ისიც ქირურგი იყო. დედა, მანანა მარაბდელი პედაგოგი გახლავთ. წარჩინებით დავამთავრე ხაშურის რკინიგზის მეოთხე საშუალო სკოლა და იმავე წელს სიყვარულით შევქმენი ოჯახი გიორგი ღონღაძესთან ერთად. სამი ქალიშვილისა და ორი ვაჟის დედა ვარ. ასევე, სამი შვილიშვილის ბებია. გახლავართ პედაგოგი, ვასწავლი ხელოვნებას. ასევე ვმუშაობ ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად. ვარ მწერალთა კავშირის წევრიც. მინდა ჩემი ქმედებით ყველა ის ადამიანი გამოვიწვიო, ვისაც შეუძლია მცირეოდენი შექმნას და დაეხმაროს როგორც თანამოძმეებს, ასევე საკუთარ თავს. სულაც არ არის ძნელი მოვუწოდოთ ჩვენს თავს, ვაკეთოთ სიკეთე. ეს ერთადერთი იარაღია, რომელიც ყველაზე კარგად ,,მუშაობს". რა დროც უნდა დასჭირდეს სიძნელის გადალახვას, არ ვაპირებ თუნდაც ერთი დღე მივცე თავს შესვენების უფლება!" - თითქოს ამით უნდა დაასრულოს ჩვენთან საუბარი, მაგრამ ასე იოლი არაა თავდახსნა და პირბადის შეკერვის ტექნოლოგიაც გამოვტყუე:

"როგორ უნდა შევკეროთ უსაფრთხო პირბადეები? ქსოვილი უნდა იყოს აუცილებლად ნატურალური, 100 ან 90 პროცენტით ბამბა. გამოსაყენებელი ქსოვილებია: ჩითი, მიტკალი, იარდალი, ბამბაზია და მარლა. მარლა შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო, ისე ჩვეულებრივი. ჩვენი სახის ზომაზე ისე, რომ დაიფაროს მთლიანად ცხვირი და ნიკაპი, გამოვჭრით ოთხკუთხედ ნაჭერს, რომელიც ჩითის ან მიტკლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს სამი ფენა. ორი ჩითისა ან ორი მიტკლის შუაში - ოთხი ფენა მარლა ან ერთი ფენა ბამბაზია, ერთი ფენა ჩითი, მიტკალი ან იარდაზი უნდა ჩავდოთ. ამ სიზუსტეს ვიცავთ ყოველი პირბადის შეკერვისას. პირბადეს გვერდებზე ვუკეთებთ სანტიმეტნახევრიან ორ-ორ ნაკეცს. გვერდებზე კარგად ჩავკერავთ და ჩვენი სახის ზომაზე აჭრილ რეზინს მივუკერებთ. ასეთი ქსოვილებისგან დამზადებული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენებისაა. გარეცხვის შემდეგ აუცილებლად უნდა გაუთოვდეს ორივე მხარეს. მამას პირბადეებს ბებია უკერავდა. ის უნდა ყოფილიყო აუცილებლად მიტკალი ან ჩითი, ან ექვსი-რვა პირი მარლა. ნატურალური ქსოვილი იხარშება, ირეცხება და კარგად უთოვდება. ამის შემდეგ კი სტერილურია".

GzaPress მაშასადამე, ბებია... ჰო, ბებიაზე ხათუნას უკვე დაწერილი აქვს, დიდი ხნის წინ, მონატრებითა და მოწიწებით... "ისევ გამოვიტანე სამზეოზე, მაინც ვერ მოვისვენე... მთელი დღეა, ხმაამოუღებლად ნემსთან ერთად დავტრიალებ თავზე ჩაცვენილ, გაცრეცილ, ფერგასულ ფხაჭებსა და თვალჩაქცეულ ჩაჭდეულ-ჩარღვეულ ქსოვილს ვებრძვი. სიძველესა და დროს თავისი გაუტანია... გული შემეკუმშა, მაგრამ მაინც ვიბრძვი! ბებო ძალიან კარგად კერავდა, ქარგავდა, ქსოვდა, ყაისნაღის უბადლო მომხმარებელი იყო. მე, მხოლოდ მისი ანასხლეტი ვარ, მხოლოდ მისი აჩრდილი... ახლაც თვალწინ მიდგას ძველისძველი "ზინგერის" ფეხის საკერავი მანქანა, რიმა ბებო, მისი სახე, მანქანის ხმა, ქსოვილების ნაირფერი ძაფები, ნემსები, მაქო, ბებოს შეკერილი ულამაზესი სამოსი, ჩემი ძმების დაგვირისტებული ხალათები, ფარჩა-ატლასისა, ისეთი, ორივე მხრიდან რომ იცვამდნენ... მახსოვს ბებოს ლაბადა, შავი, ბეწვით... მისი შემოქმედება და გვირგვინი რედიკული, მაღალყელიანი შავი ხელთათმანები, დახვეწილი, სრული და სრულყოფილი სხეული, ნამდვილი ქართული სახე, სიამაყე და დიდბუნოვნება ერთად იყო შეხამებული.

ბავშვები არ მეშვებიან, მექაჩებიან და ცხარობენ, რას მივჯდომივარ ამდენ ხანს და რას ვაკეთებ, რომ მათ ყურადღებას აღარ ვაქცევ! უკვირთ პატარებს. დემეტრე ტირის... მაინც ვერ ვწყდები საქმეს. დღეს, ახლა, აუცილებლად უნდა დავამთავრო, გადადება არ შეიძლება! ბებოს ჩემი ხვეწნა-მუდარით გული ჰქონდა გაწვრილებული, ოღონდ მანქანასთან მივეშვი. ისიც ნებას დამრთავდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... საშინლად განვიცდიდი, როცა მაქოში ძაფი ჩამეხვეოდა და ვერ ვასწორებდი. მოვიდოდა, უხმოდ შეაკეთებდა და ისევ ვაგრძელებდი... 12 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა... კარგა ხანს მანქანას არ შევხებივარ, ვტიროდი ჩუმად, როცა მის ოთახში შევდიოდი და მანქანა დუმდა, უფრო სწორად ორივე ერთად ვტიროდით, მე და მანქანა... კრემისფერ ზედას იკერავდა ბოლო ჯერზე, ოქროსფერი სირმებით მოსილს და უმკლავებოდ დარჩა ის ზედა... დავიქადნე, მე დავასრულებ-მეთქი... ვერ დავასრულე... ვიწვალე, ვიწვალე და ისეთი ვერ შევკერე, როგორიც ჰქონდა ჩაფიქრებული! დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ჩემს გამორჩეულ, ძლიერ, ამაყ, დახვეწილ ბებიაზე - რიმა თიკანაშვილზე; დაუსრულებლად შემიძლია ვწერო მის დიდქალობაზე, სიძლიერესა და სისპეტაკეზე, და როგორი ამაყი ვარ! დღეს, მხოლოდ დღეს შემიძლია ვთქვა თავაწეულმა, რომ მეც ბებოსავით შემიძლია თავგანწირვა! კეთება იმ საქმისა, რომელიც ჩემი ფესვებიდან ასე უშურველად მოედინება! მაინც შევძელი! დღის სინათლეზე გამოტანილი ბებოს ხელით შექმნილი, ულამაზესი ხალათი, შავი, ჭრელი ყვავილებით მოჩითული ფარჩა-ატლასი ისევ გამოცოცხლდა! ისევ მზეს გამოეფინა! ყველა სიძველე, წლების ქარიშხალი და ტკივილიანი ღარი ამოვავსე! მე სხვანაირად სიცოცხლე არ შემიძლია! ბებოს ხალათი! ჩემი ლექსის მუზაც გამხდარა და დღეს ისე მარგია ტანთ, როგორც ამ 40 წლის წინ ამშვენებდა თიკანაშვილების დიდებულ ქალბატონს! დაკემსილი! მეორე სიცოცხლე! ბებო, მენატრები!"

ეს წარსულია უკვე. ახლა სკოლა და მოსწავლეები ენატრება ხათუნას. ხელოვნების გაკვეთილზე ბავშვებს უნდა ასწავლოს ფერი, ხაზი, ჟანრი, ფერწერა თუ სხვა რამე. ხელოვნების გარეშე, აბა, როგორი ადამიანი შეიძლება იყო? ესეც მისი მონათხრობია:

"სკოლაში ვაპირებდი ასვლას, ისეთი ნივთები მაქვს კარადაში, რომლებიც სახლშიც მჭირდება, განსაკუთრებით წიგნები, რვეულები და ის მასალები, ურომლისოდაც ვერც ვხატავ და ვერც ვწერ. ვერ ავედი... გავემზადე, მაგრამ ვერ ავედი... არ შემიძლია ვიარო იქ, სადაც აღარ ირეკება ზარი, არ ისმის პატარა გოგო-ბიჭების ხმაური, მისალმება, შეძახილი, ღიმილი, სირბილი თუ დინჯი სიარული... ზაფხულში ეს შეგრძნებები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ დადგენილ, ნაჩვევ წესებს, რომლებიც მრავალი წელია, ჩვეულებრივად მიგვაჩნია, არ განვიცდით ასე ძალუმად ჩვენ, მასწავლებლები. არდადეგები სხვა თემაა... ვიცით, ეს ასე უნდა იყოს... ახლა იძულებით, რაღაც ვერაგი ვირუსის გამო, ასე ხელოვნურად შეწყვეტილი ჟრიამული გულს მიკლავს. არ დავფიქრებულვარ არასოდეს, თუ რაოდენ დიდი ტკივილი იქნებოდა მოსწავლეების გარეშე ჩემი ყოფა. როგორ მენატრებიან! იცით, რამდენჯერმე ვიტირე, რადგან ახლა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც დედიკოები საზღვარგარეთ ჰყავთ, ჩემი სითბოც მოაკლდათ... განსაკუთრებით ჩემი პატარა, პირველი საფეხურის მეგობრები მენატრებიან. ჩემი თვალციმციმა გოგო-ბიჭების ჩახუტება მენატრება!

"მასწავლებელო მიყვარხარ!" მენატრება! "მეც მიყვარხართ!"- დაძახება მენატრება! უთბილესი ბავშვების ხელები მენატრება... ძნელია დღეები უბავშვებოდ! სახლიდან დიდ სიყვარულს, მოფერებას გიგზავნით, ბავშვებო! საოცრად გაიწელა დრო და ვიცი, ჯერ კიდევ დიდხანს მომიწევს ლოდინი. ვერ ავალ სკოლაში უთქვენოდ. არ მინდა ცარიელ საკლასო ოთახებს შევხედო, გამოკეტილ, ჩარაზულ კლასებს ჩავუარო, დაცარიელებულ სამასწავლებლოს ვესტუმრო. მოიცდიან ჩემი ნივთები. მე ვერ ვიცდი მხოლოდ, მე მეჩქარება თქვენთან შეხვედრა!.. ღმერთს ვევედრები, ოღონდ მალე დასრულდეს ეს ნაცრისფერი, არაფრისმთქმელი დღეები, მალე შევაღოთ კარი ჩვენს საყვარელ სკოლაში, როგორც მოსწავლეებმა, ისევე მასწავლებლებმა. უფრო მეტად დავაფასოთ ერთმანეთი!"

როგორ მარცხდება ყველა დაბრკოლება? უბრალოდ, ადამიანური ძალისხმევით. გავა დრო და თავად ხათუნა იტყვის, რა ცოტა გააკეთა ბევრისთვის...

"როდესაც ხალხს დასჭირდა პირბადეები და ერთ დღეში გაქრა სააფთიაქო ქსელებიდან, რომლის ფასიც სამ ლარს აღემატებოდა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემს ქალაქს რეალური საფრთხე ელოდა. მაშინ გავიფიქრე, რომ აუცილებლად შევკერავდი პირბადეებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურს ვერ დატოვებდნენ. გამახსენდა, თუ როგორ პირბადეებს ატარებდა მამა ოპერაციების დროს. ეს ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. ვთვლი, რომ ადამიანების მოვალეობაა, გაჭირვების დროს, ვისაც რა შეუძლია, ის გააკეთოს და დავეხმაროთ ერთმანეთს. აგერ უკვე სამი კვირაა, ყოველდღე, თითქმის შეუსვენებლად ვკერავ და ვჩუქნი პირბადეს ყველას, ვისაც სჭირდება. უფლის წყალობით, დღემდე არ მქონია შემთხვევა, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ხელცარიელი გამეშვას. ორი კვირის შემდეგ ამოვწურე ყველა რესურსი, რაც სახლში გამაჩნდა, საშველად მეგობრებს მივმართე და ახლა მაგიდაზე მიდევს ნაირ-ნაირი, ფერად-ფერადი, ჭრელი ჩითისა და მიტკლის ქსოვილები. პრობლემა იყო რეზინი, რომლითაც მეგობრებმა მომამარაგეს..."

P.S. როცა ეს წერილი თქვენამდე მოვა, მკითხველო, ხათუნას შეკერილი ფერადი პირბადეები უკვე მირანდა ექიმს ექნება, რომელიც ფეხმძიმეების უსაფრთხოებისთვის თავისებურად, უპრეტენზიოდ და მოკრძალებულად დღესა და ღამეს ასწორებს. მე მაქვს ხათუნას და მირანდას მსგავსი ადამიანების იმედი...

როლანდ ხოჯანაშვილი