დარჩი სახლში და მიიღე სამედიცინო მომსახურება "ცხელი ხაზით" - გზაპრესი

დარჩი სახლში და მიიღე სამედიცინო მომსახურება "ცხელი ხაზით"

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ქართველი მედიკოსები 24 საათის განმავლობაში ცდილობენ ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას. ჯანდაცვის სამინისტროსა თუ კერძო სადაზღვევო კომპანიების ცხელი ხაზების მეშვეობით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

აქტიურ რეჟიმში მუშაობს "ცხელი ხაზი" 112 და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისას, შესაძლებელია ექიმის ონლაინკონსულტაციით, მაქსიმალური მომსახურება მიიღოთ. ოჯახის ექიმები სწორედ ამ თემაზე გვესაუბრებიან.

ირინე ქაროსანიძე, ოჯახის ექიმი, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის გენერალური დირექტორი: - ვერ ვიტყვი, რომ მომართვიანობა ან ზარები გაზრდილია. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ჯერჯერობით სიმშვიდეა, უბრალოდ, საგანგებო რეჟიმზე გადავედით, ვირუსიანი პაციენტების მატების შემთხვევაში, სრული მზადყოფნა და მობილიზება რომ გვქონდეს. ამჟამად თბილისის მასშტაბით, 112-ის სისტემაში ოთხი დაწესებულებაა ჩართული, რომლებიც თბილისიდან შემომავალ ზარებს მთლიანად ჰყოფნის, თუმცა, ახლა უკვე ქსელი ფართოვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 20 დაწესებულება ჩაერთვება.

პირველადი ჯანდაცვის პერსონალი დისტანციურ მუშაობაზე გადადის, რათა პაციენტთან ნაკლებად ჰქონდეთ პირდაპირი კონტაქტი. ტელეფონით საუბრისას სერიოზული კონსულტაცია ტარდება, ეს არ ეხება მხოლოდ რამდენიმე ზედაპირულ შეკითხვას. მიმდინარეობს დეტალური გასაუბრება და ექიმი წყვეტს, რამდენად სჭირდება პაციენტს პირისპირ კონსულტაცია; თუ საჭიროა, შემდეგ უკვე სერიოზული პრევენციები და კონტროლის ზომები ტარდება. ზარების მხოლოდ 10% მოითხოვს რეაგირებას, დანარჩენი შემთხვევები მსუბუქია და სატელეფონო კონსულტაციებით მარტივად ხდება მართვა.

ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ამ დისტანციური ტრიაჟისა (დახარისხების, კლასიფიკაციის) და ტელეფონით კონსულტაციების სისტემის ამუშავებაა, რათა ამგვარად შევარჩიოთ "კოვიდ-19"-ზე საეჭვო პაციენტები, რომლებიც ახლა პირდაპირ კლინიკას მომართავენ და ასეთ დროს, რისკები იზრდება. აუცილებელია, მინიმალიზაცია მოვახდინოთ, ინფექცია რომ არ გავრცელდეს ან სამედიცინო პერსონალი არ გახდეს თვითონ ინფექციის გამავრცელებელი. მკაცრი ღონისძიებებია გასატარებელი. გაიდლაინი და პროტოკოლი მზადაა და ინტენსიური ტრენინგებიც დაიწყო 112-ში ჩართული ქსელისთვის. საჭიროების შემთხვევაში, იოლად მოხდება ადამიანური რესურსებისა და შესაძლებლობების გაორმაგება. რისკებისა და პრობლემებისთვის თავის გასართმევად მზად ვიქნებით. ექიმების სამუშაო საათები არ გაზრდილა. თუ რაიმე შეიცვლება და დამატებით სამუშაო დროზე გადავალთ, ქვეყანას აქვს საიმისო რესურსი, რომ შრომის ანაზღაურებაც შესაბამისი გახადოს.

- ამჟამად ვინც რეკავს, უმეტესად, რა სიმპტომები აქვთ?

- გაცივების, როცა თავს შეუძლოდ გრძნობენ, აქვთ ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ა.შ. ზედმეტად ეშინიათ, თორემ ეს სიმპტომები ჩვეულებრივ სეზონურ გრიპსაც ახასიათებს, მაგრამ ხალხი "კოვიდ-19"-ის გამო შეშინებულია, ამიტომ აუცილებელია მათთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა.

- სოციალურ ქსელებში გარკვეული ჯგუფებიცაა გახსნილი, სადაც ექიმებს ხშირად უსვამენ შეკითხვებს სწორედ გაცივებასთან დაკავშირებით. ბევრს აქვს ტემპერატურა 37 ან 37.2 და ამის გამო შიში იპყრობთ. ხომ არ არის ეს კორონავირუსის ნიშნები. როგორ უნდა განასხვაონ ეს ყველაფერი, სანამ თუნდაც ექიმთან დარეკავენ?

- უბრალოდ, მშვიდად უნდა იყვნენ, ყოველგვარი პანიკის გარეშე, რადგან "კოვიდ-19" ადამიანების 80%-ში მსუბუქად მიმდინარეობს. ღელვის მიზეზი არა აქვთ. მთავარია, გაცივების დროს, შვიდი დღე თვითიზოლაციაში იყვნენ, ის ადამიანები კი, ვინც მათ ეკონტაქტებოდა, ორი კვირა თვითიზოლაციაში დარჩნენ და გარეთ არ გავიდნენ. ამავე დროს, ექიმთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ. თუ პაციენტი მიხვდება, რომ სუნთქვა და ზოგადი მდგომარეობა გაუუარესდა, ქოშინი დაეწყო, თავს ცუდად გრძნობს, ცხადია, 112-ში უნდა დარეკოს და ოჯახის ექიმი შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ, საეჭვო ნიშნებს გამოავლენს.

- მაგალითად, აშშ-ში, როგორც მითხრეს, კორონავირუსიანი პაციენტები, თუ მძიმე მდგომარეობაში არ არიან, შინ მკურნალობენ და თავიდან კლინიკები მათ არც იღებენ. ასეთ შემთხვევაში, რამდენად გამართლებულია სახლის პირობებში "კოვიდ-19"-ის მკურნალობა? ჩვენც ხომ არ გვემუქრება მსგავსი სიტუაცია?

- როგორც გითხარით, კორონავირუსი 80%-ში მსუბუქად მიმდინარეობს და ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ფორმის დროს, გაუმჯობესება აუცილებლად შეინიშნება, ხოლო თუ ასე არ მოხდება და მდგომარეობა გართულდება, ეს იმ შვიდ დღემდეც გამოჩნდება.

ჩვენი სახელმწიფო ყველანაირად მზადაა და საკარანტინო სივრცეებიც საკმარისი რაოდენობითაა. თუ ადამიანს შინ შეუძლია თვითიზოლაცია და თავს ნორმალურად გრძნობს, უმჯობესია შინ დარჩეს, ვიდრე სტაციონარში გადავიდეს, რადგან მასობრივი ჰოსპიტალიზაციისას პირიქით, უფრო ვრცელდება ინფექცია და არანაკლებ საშიშია საავადმყოფოში ყოფნა. ასე რომ, ყველა უნდა დარჩეს სახლში! ჩვენი და გამოცდილი ქვეყნების რჩევაა, კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებში, თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 5-7 დღე რაიმე განსაკუთრებული მკურნალობაც კი არ ესაჭიროება. აუცილებელია, ოჯახის წევრებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს გავუფრთხილდეთ, რადგან ეს დაავადება ყველა შემთხვევაში მსუბუქი ფორმით როდი მიმდინარეობს. ვისაც რესპირაციული მოვლენები დაეწყო, მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანებიც აუცილებლად უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში! დანარჩენს უკვე ექიმი განსაზღვრავს - პაციენტი შინ დატოვოს თუ სტაციონარში გადაიყვანოს.

ყოველ შეხვედრაზე გვესმის, რომ ჩვენი სისტემა მაქსიმალურ მზადყოფნაშია. არც ველოდებით ისეთ შემთხვევებს, რომ ვერ ვმართოთ. ეპიდემიოლოგები ისეთ პროგნოზებს აკეთებენ, რომ რაიმე რესურსის თუ აღჭურვილობის უკმარისობა ნამდვილად არ გვაქვს. პირბადეებს არ ვგულისხმობ, ცხადია, ამის დეფიციტი მთელ მსოფლიოშია.

GzaPressთეონა სვანიძე, სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმი: - მომართვიანობა გაზრდილი არ არის. რამდენიმე ექიმია სპეციალურად გამოყოფილი, რომლებიც ონლაინრეჟიმსა და ვიდეოზარით მუშაობენ, რათა პაციენტებს გეგმური ამბულატორიული მომსახურებისთვის მიმართვების მისაღებად და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების გამოსაწერად ადგილზე მოსვლამ არ მოუწიოთ და კონსულტაცია ონლაინ მიიღონ. ვუმარტივებთ და კომფორტს ვუქმნით. ცხადია, ამ პაციენტებს ვიცნობთ და მათი ისტორიაც ვიცით. ვისაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს, ჩვეულებრივად მოდიან კლინიკაში. მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ზოგს ცოტა ნევროზული აშლილობა აქვს და მათ დასამშვიდებლად, სატელეფონო მომსახურება საკმაოდ ეფექტიანია.

- პანიკამ ბევრი მოიცვა?

- კი, ოღონდ, ძალიან - არა, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც შფოთავენ. ძირითადად, ტემპერატურის მატება აქვთ, ოღონდ დაბალი - 37 ან 37.2 გრადუსი, ყელის ტკივილით ან მის გარეშე. გამოკვლევებს იკეთებენ და როცა აღმოჩნდება, რომ არაფერი სჭირთ, ამ ჩივილებისგანაც თავისუფლდებიან, ანუ მაინც სტრესთანაა დაკავშირებული. თუმცა, ცხადია, ისეთი პაციენტებიც არიან, ვისაც მართლაც, სეზონური გაცივება, გრიპი აქვთ და არა კორონავირუსი. კორონავირუსით დაავადებული ან რაიმე საეჭვო ნიშნების მქონე პაციენტი ჩვენთან არ ყოფილა, რადგან "გაფილტვრა" წინასწარ ხდება, ეპიდანამნეზის გამოკითხვა, შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე პირი ჩვენთან არ ხვდება. ეს მოწმდება კლინიკაში შემოსვლის და ტელეფონით ჩაწერის დროსაც. სპეციალურადაა გამოყოფილი ეპიდემიოლოგი, რომელსაც აქვს კითხვარი, სიცხესაც უზომავს და ამის მიხედვით ადგენენ ეპიდანამნეზის რისკს. მოკლედ, ამ ეტაპზე, პირადად მე, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. როგორც გითხარით, არიან ასევე, დისტანციურად და ვიდეოზარით მომუშავე ექიმები.

თამთა დადეშელი