რა აკავშირებს თემურ მამაცაშვილს ინგლისთან, ავსტრალიასთან, იაპონიასთან... - გზაპრესი

რა აკავშირებს თემურ მამაცაშვილს ინგლისთან, ავსტრალიასთან, იაპონიასთან...

თემურ მამაცაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა უცხოეთში. მოსკოვში საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიის დამთავრების შემდეგ, როგორც ამბობენ, გზა ჰქონდა გახსნილი საზღვარგარეთ სამუშაოდ. მისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ის პერიოდი, როცა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას ასრულებდა.

ხანგრძლივი მივლინება ავსტრალიაში

- საგარეო ვაჭრობის აკადემია დავამთავრე და გამანაწილეს "ტექმაშექსპორტში", სადაც სამი თვე ვიმუშავე. 1974 წლის დამდეგს ავსტრალიაში ხანგრძლივ მივლინებაში (სამი წელი) გამგზავნეს ოჯახით. საინტერესოდ ვიცხოვრეთ, საქმეშიც დიდი მიღწევები მქონდა. ჩემი ჩასვლის შემდეგ ვაჭრობის ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა. ვყიდდით საბჭოთა ფოტოაპარატებს, სამეცნიერო აპარატურას, საათებს, ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის, სომხურ კონიაკსაც, რომელსაც სომხური დიასპორა ყიდულობდა.

ერთხელ ავსტრალიაში მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა, რომლის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბახტოვი იყო. დელეგაციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ სასტუმროში კი არ გაჩერდებოდა, არამედ მამაცაშვილებთან და მართლაც, ჩვენთან დარჩა. ის საგარეო ვაჭრობის სისტემაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. რა თქმა უნდა, ეს ჟესტი შეუმჩნეველი არ დარჩა. ამის საფუძველი კი ის იყო, რომ კონსტანტინეს ქალიშვილი მერი და სიძე ვალერი სელივანოვი ჩვენი ოჯახის მეგობრები იყვნენ. საერთოდ, საზღვარგარეთ მუშაობამ საშუალება მოგვცა შევხვედროდით უამრავ საინტერესო და ცნობილ პიროვნებას. ავსტრალიაში, მაგალითად, იოსებ ნონეშვილი ჩამობრძანდა მწერალთა კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. ამავე კონგრესს ესწრებოდა ცნობილი რუსი პოეტის - ბელა ახმადულინას ყოფილი ქმარი, ასევე ცნობილი პოეტი მიხეილ ლუკონინი. ჩემი მეუღლის - ირას დედამ, ნონეშვილს ამანათი გამოატანა ჩვენთან. საპატიო სტუმრები სახლში, ვახშამზე დავპატიჟეთ. თამადობდა ბატონი იოსები და თან, თავს იწონებდა ლუკონინის წინაშე, ქართველების სტუმარი ხარო. ძალიან მალე მიხეილს სუფრაზე ჩამოეძინა. სასწაული კი ის იყო, რომ როგორც კი ბატონი იოსები სადღეგრძელოს დაამთავრებდა, ლუკონინი იმავე წამს გამოფხიზლდებოდა, შესვამდა სასმელს და ისევ გაითიშებოდა შემდეგ სადღეგრძელომდე. ასე გაგრძელდა ვახშმის ბოლომდე, ლუკონინს თამადის არც ერთი სადღეგრძელო არ გამოუტოვებია...

GzaPress მოსკოვური ეპიზოდები - საგარეო ვაჭრობის აკადემიადამთავრებულებს მთავრობამ მოსკოვში ჩაწერისა და ცხოვრების ნება მოგვცა და იქ კოოპერაციული ბინა შევიძინეთ. ახლა დღის წესრიგში დადგა ირას სამსახურის მოძიება, ის ექიმია. ჩვენი სამინისტროს ტექნიკური სამსახურის უფროსი ვლადისლავ მალკევიჩი ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად, ოჯახებით ვმეგობრობდით. ვლადისლავი კი მეგობრობდა საქვეყნოდ ცნობილ აკადემიკოს ვლადიმერ ბურაკოვსკისთან, რომელიც საქართველოდან წავიდა და მოსკოვში კარდიოლოგიური ცენტრის დირექტორი გახდა. სწორედ ვლადისლავმა შემომთავაზა, ბურაკოვსკის ვეტყვი ირას სამსახურის თაობაზეო. ბურაკოვსკის ნახევარი ინსტიტუტი ქართველებით ჰყავდა დაკომპლექტებული. ღირსეული პიროვნება იყო და ყველანაირად ქართველობდა! მალკევიჩის თხოვნაზე თურმე, ცოტა შეიჭმუხნა, ალბათ გაიფიქრა, კიდევ ერთი ქართველი... რა გვარიაო? ჰკითხა. რომ გაიგო, ირინა არხანგელსკაია იყო, - ოო, აქედან დაგეწყო, შე კაცო, კიდევ კარგი, რუსული გვარი აქვსო!

1982 წელია, 10 ნოემბერს მისრულდება 40 წელი, მრგვალი თარიღი უნდა აღვნიშნოთ. ირა მზადებაშია, თბილისიდან სტუმრები და შემწვარი გოჭები უკვე მოსკოვშია, მოსკოველი სტუმრებიც დაპატიჟებული მყავს. გათენდა ეს დღე და რაღაც ისე არ არის... ტელევიზიისა და რადიოს ყველა არხი სამგლოვიარო მუსიკას უკრავს, ყველა დაბნეულია... შუადღისთვის მასმედიამ მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ გარდაიცვალა გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. ამ დროს ჩემს სახლში საზეიმო სუფრაა გაშლილი. ქვეყანა გლოვობდა თავისი ლიდერის გარდაცვალებას და სამწუხაროდ, ზეიმი გამოირიცხა. მიუხედავად იმ მატერიალური და მორალური ზარალისა, რომელიც მოგვაყენა გენერალური მდივნის წასვლამ უკეთეს სამყაროში, ჩვენი ოჯახური დღესასწაული მაინც შედგა, მხოლოდ ცოტა მოგვიანებით.

იაპონელი მეგობრები და იაპონური კურიოზები - იაპონიაში, საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობაში სამი წელი ვიყავი "ლიცენზინტორგის" ხაზით. თავიდან ძალიან გამიჭირდა. მათთან კონტაქტში შესვლა საკმაოდ ძნელია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა, აეწყო ურთიერთობები და კარგი მეგობრები შევიძინეთ როგორც ბიზნესის, ისე კულტურის სფეროში. მათ შორის იყვნენ იამასირო გუმის ანსამბლის წევრები, რომლებიც შესანიშნავად ასრულებდნენ ქართულ სიმღერებს და რეგულარულად აწყობდნენ კონცერტებს. ტოკიოში იყო საერთაშორისო მეგობრობის სახლი, მისი ხელმძღვანელი ბრძანდებოდა ზღაპრული პიროვნება, ქალბატონი ხიროკო კაკო, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში ან დახმარებებს გზავნიდა. ჩვენი დიდი მეგობრობა დღემდე გრძელდება.

ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ მაშინ - გავყიდეთ ერთი კოსმოსური რაკეტის რეალური მაკეტი, გავყიდეთ ქართული მაწვნისა და კეფირის წარმოების ტექნოლოგია, საბჭოთა კოსმოსურ სადგურზე გავუშვით იაპონელი "კოსმონავტი", რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანი იყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. შეარჩიეს ორი ტელეწამყვანი, - მამაკაცი და ქალბატონი. ისინი გავგზავნეთ საბჭოთა კავშირში, რათა გაევლოთ საკმაოდ ხანგრძლივი მომზადება კოსმოსში გაფრენის წინ. მომზადებამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ყველა პარამეტრებით, კოსმონავტობის კანდიდატი ქალი სჯობდა კაცს. მიუხედავად ამისა, არხის ხელმძღვანელობამ უპირატესობა კაცს მიანიჭა და საბჭოთა მხარემაც ვერდიქტი მიიღო - კოსმოსში წავა ტოიჰირო აკაიამა. გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს. საწყალმა აკაიამამ კოსმოსური სადგურიდან რეპორტაჟების ნაცვლად, გულისრევის გარდა, პრაქტიკულად ვერაფერი გააკეთა და ტელეარხის მიერ გადახდილი 12 მილიონი დოლარი წყალში გადაიყარა.

იაპონიაში ასეთი კურიოზი შემემთხვა. მახსოვს, საქართველოში ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ჩვენი მეგობრის ქალიშვილი ეთერ ჭკადუა, რომელიც ამერიკელზე გათხოვდა. სიძე - კევინი ქართველოლოგი იყო, ეთერი - მხატვარი. მათ ქორწილში კარგად მოვილხინეთ. ერთხელ კევინი ჩამოვიდა ტოკიოში, დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში ვმუშაობდი და იმ დროს ამერიკელის შინ მიპატიჟება, სამშობლოს ღალატს უდრიდა. არადა, როგორ მეთქვა უარი. ჩვენს ტერიტორიას გარშემო ღობე ერტყა, დაცვა იდგა და უცხოელის შემოსვლა გამორიცხული იყო. მოვილაპარაკეთ, კი ბატონო, მოდი, სახლში გელოდები-მეთქი. დაემთხვა ისე, რომ ზუსტად იმ დროს სახლში დამადგა მოსკოვიდან ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე უშიშროების საკითხებში. დიდ ხათაბალაში ჩავვარდი, კევინს შემოსასვლელში დავხვდი და გავაფრთხილე, ინგლისურად სიტყვა არ წამოგცდეს, ქართულად ილაპარაკე-მეთქი. კიდევ კარგი, ქართული საკმაოდ კარგად იცოდა და ეს "კაგებეშნიკი" ვერაფერს მიხვდა. მას რუსულად ვუთარგმნიდი კევინის სიტყვებს.

GzaPress ინგლისური "ეპოპეა", ანუ საელჩოს პირველი შემადგენლობა - 1995 წლის 26 მაისი არასოდეს დამავიწყდება. არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, არამედ ხანგრძლივი, წლინახევრის ლოდინის შემდეგ, გავემგზავრე ლონდონში ჩემს უმცროს ქალიშვილ ნათიასთან ერთად. ბრიტანული ნავთობის ფირმის მიერ დაქირავებული შვიდკაციანი კერძო თვითმფრინავით გავფრინდით. ფირმის ხელმძღვანელები ჯონ კენი და დევიდ რობსონი საქართველოში, კერძოდ, ნინოწმინდასა და სუფსაში ნავთობის მოძიებაზე მუშაობდნენ. ისინი ბატონ ედუარდ შევარდნაძეს დაჰპირდნენ საელჩოსთვის ყოველნაირ, მათ შორის, ფინანსურ დახმარებას. თუ არ ვცდები, 50 ათას დოლარზე იყო ლაპარაკი, კომპანიამ შეასრულა პირობა და თანხა ჩაგვირიცხა.

ერთი კვირით ადრე, ამავე თვითმფრინავით ლონდონში ჩაფრინდა საელჩოს მრჩეველი გია სულხანიშვილი - ძალიან გონებაგახსნილი, განათლებული, კარგი დიპლომატი. მე და ნათიას თითო ჩემოდანი და ორი ყუთი გვქონდა, არყის და კონიაკის ბოთლებით სავსე. პატივსაცემმა ადამიანმა, ბატონმა გივი ახვლედიანმა მოგვართვა სასმელი, რაც იმ დროს ყველა თავისუფალ ვალუტაზე ძვირფასი იყო. ლონდონში რომ ჩავედით, არც ბინა გვქონდა, არც ოფისი, არც ფული! დავრბოდით ბინის დასაქირავებლად, რა საბუთი აღარ დაგვჭირდა... მე და გია სულხანიშვილი ვიყავით მთელი საელჩო, არც მძღოლი გვყავდა და არც სხვა პერსონალი. მანქანას თვითონ ვატარებდი, ამიტომ ბევრი პრობლემა გვექმნებოდა. ლონდონში მანქანის გაჩერება ძნელია. მძიმე პერიოდები გადავიტანეთ. მდივანიც არ გვყავდა. მერე ქართველი გემის კაპიტნის, მიშა ცქიტიშვილის ოჯახი რომ გავიცანი, მდივნად მიშას ქალიშვილი, ნინო ავიყვანეთ სიმბოლური ხელფასით.

ამ დროს ჩემი შვილი ნათია, რომელიც ნინოსთან მეგობრობდა, შინ უსაქმოდ იჯდა. მოდი, შენც მდივნად გაგაფორმებ-მეთქი, შევთავაზე. გაუხარდა და ორი გოგო უკვე ერთად მუშაობდა. მაგრამ ნათიას ჩემი ჯიბიდან ვუხდიდი ხელფასს, თანხას ბუღალტერს ვაძლევდი. ნათია დარწმუნებული იყო, რომ საელჩო უხდიდა (როცა გაიგო, სახტად დარჩა). მერე ჩამოვიდა გიგა კუხალეიშვილი, პირველი მდივანი ეკონომიკურ საკითხებში. მალე შემოგვიერთდა საელჩოს ატაშე, მაკა ბაქრაძე და კულტურულ ურთიერთობებსაც თავისი პატრონი გამოუჩნდა. მას მოჰყვა ირაკლი ჟორდანია - კონსული, ბუღალტერი - დათო კალანდაძე. ეს იყო საელჩოს პირველი შემადგენლობა. რაღაც მომენტში საელჩოს კოლექტივს პირველი მდივანი, ნატა გალოგრე შემოუერთდა... პირადად მე, ძალიან დიდი დატვირთვა მქონდა - ევრობანკში ვიყავი მმართველი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში - მუდმივი წარმომადგენელი, ირლანდიაში - შეთავსებით ელჩი. ბოლოს შეიქმნა ნავთობით დაბინძურების ფონდი, რომელშიც საქართველო, საელჩოს მცდელობით, უმოკლეს ხანებში გაწევრდა და მივიღეთ პრაქტიკულად უფასო დაზღვევა ნავთობის დაბინძურების შემთხვევაში. ასე რომ, ამ ფონდშიც დამკვირვებლად ვიყავი.

უცნაური "მინიბარი" - ერთხელ, დედოფალთან მიღებაზე, მისმა ვაჟმა, პრინც ჩარლზმა ჩამოგვიარა. ხელი კი ჩამოგვართვა, მაგრამ ეტყობოდა, ყურადღებას არ გვაქცევდა. მაშინ ვიფიქრე, სხვებისგან რამით უნდა გამოვირჩეოდე-მეთქი. ახლო ნათესავებმა, ნანა და აწ გარდაცვლილმა ნოდარ ბაქრაძეებმა ჩოხის შეკერვა შემომთავაზეს. წამიყვანეს, ზომები ამიღეს, ქამრები, მასრები, "აზიურებიც" შევუკვეთეთ. ძველებური ხანჯალი ვოვა კანდელაკმა მაჩუქა. ერთი სიტყვით, ჩოხა გავიმზადე, როცა მივლინებით ვიყავი ჩამოსული თბილისში. ლონდონში დავბრუნდებოდი და მეორე დღეს დედოფალს ჰქონდა მიღება. ამ მიღებაზე ან ფრაკი უნდა ჩამეცვა, ან ეროვნული ტანსაცმელი. თბილისში წამოსვლის წინ გია სულხანიშვილს ვთხოვე, ორი დღით დაექირავებინა ჩემი ზომის ფრაკი. ჩავფრინდი ლონდონში და დარწმუნებული ვარ, ფრაკი მელოდება. მოვიზომე და პატარა აღმოჩნდა. იძულებული გავხდი, ჩოხა ჩამეცვა. ამან ისეთი ფურორი მოახდინა და ისეთი პოპულარული გავხდი, რომ მას მერე აღარც გამიხდია. მიღებებზე სულ ჩოხით დავდიოდი. ის ხალხი, ვინც მაინტერესებდა და ვის გასაცნობადაც რიგში უნდა დავმდგარიყავი (დავუშვათ, მინისტრები), ახლა პირიქით - თავად დგებოდნენ რიგში ჩემთან სასაუბროდ და შეკითხვებს ბოლო არ უჩანდა, ყველაფერი აინტერესებდათ. განსაკუთრებით მასრები იწვევდა ინტერესს - სიგარები ხომ არ არისო? უფრო მეტად, ქალბატონები აქტიურობდნენ, გამეცნობოდნენ, მერე მოიყვანდნენ ქმრებს და მაცნობდნენ. ამ ჩოხამ დიდი სამსახური გამიწია. ერთ-ერთ მიღებაზე, ერთმა მასრაც კი ამომაძრო. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, მე-18 საუკუნის ხანჯალი მეკეთა და ძვირფასი ქამარი, ეს კი ამ მასრით დაინტერესდა. ნამდვილად არ მესიამოვნა ასეთი უცერემონიო საქციელი.

თბილისში რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, ამათ ვუჩვენებ სეირს-მეთქი. მივედი ხელოსან ბიჭებთან, რომლებიც ჩოხების ატრიბუტიკაზე მუშაობენ და მასრების ნაცვლად, იმავე ზომის თავსახურიანი ვერცხლის ამპულები შევუკვეთე, რომლებსაც ქართული კონიაკით ვავსებდი. ვუხსნიდი, მინი ბარია-მეთქი. არ სჯეროდათ და ერთ-ორს რომ გავასინჯე, გაგიჟდნენ. ხმა მალე გავრცელდა. ყველამ გამიცნო და ყველას მოუნდა კონიაკის გასინჯვა.

GzaPress მანქანის საბარგულიდან ვაჭრობა - ინგლისში რუსეთის ელჩ ანატოლი ადამიშინთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა - ოლგა, ძალიან ვუყვარდით მე და ირა. მათ დაგვპატიჟეს კენტში. ეს აგარაკი-სასახლე საბჭოთა კავშირს, იმავე სტალინს აჩუქა ლორდ გოშენმა მადლიერების ნიშნად, რადგან ლორდის შვილი საბჭოთა მეზღვაურებს სიკვდილისგან გადაურჩენიათ. გოშენის სასახლე საელჩოს აგარაკი იყო. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, რუსებმა "დაითრიეს". არადა, უზარმაზარი სასახლეა, 100 ჰექტარი მიწით და საუკუნოვანი ხეებით. არაჩვეულებრივი ადგილია, დაახლოებით ერთი საათის სავალია ლონდონიდან. რუსეთის ელჩი გვეპატიჟებოდა მხოლოდ უკრაინის ელჩს, არაჩვეულებრივ პიროვნებას სერგეი კომისარენკოს და მე. ერთი-ორჯერ, ღამისთევითაც დაგვპატიჟა.

ერთ დილას ოლგამ შემოგვთავაზა, წავსულიყავით ქალაქგარეთ პატარა ბაზრობაზე, რომელსაც ჰქვია "ჩარბოოტ სალე", ანუ მანქანის საბარგულიდან ვაჭრობა. ეს ბრიტანული ტრადიციაა, ინგლისელებს არ უყვართ ძველი ნივთების გადაყრა, გამოაქვთ ასეთ ბაზრობებზე და იაფად ყიდიან. ხანდახან ძვირფას რამესაც წააწყდები. ყოველ შაბათ-კვირას ეწყობა ამ ტიპის ბაზრობები მთელ ინგლისში, ქალაქგარეთ. პრესაშიც არის ინფორმაციები, აქა და აქ იმართება "ჩარბოოტ სალეებიო". ჩვენც მივეჩვიეთ და ყოველ კვირადღეს გავდიოდით ამ ბაზრობებზე. ეს სასიამოვნო იყო თუნდაც იმიტომაც, რომ დაძაბული კვირის შემდეგ გვეძლეოდა საშუალება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გაგვესეირნა, დაგვეთვალიერებინა სავაჭროდ გამოტანილი საქონელი. ჩემი ძირითადი "სპეციალიზაცია" გახლდათ სურათები, ჩარჩოები და ყველაფერი ბარისთვის.

ნანული ზოტიკიშვილი