როგორ მოვემზადოთ "მშვიდობისთვის" - გზაპრესი

როგორ მოვემზადოთ "მშვიდობისთვის"

კლინიკის ხელმძღვანელი, ცნობილი ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი, თავისი სამედიცინო მოღვაწეობის საიუბილეო, მეორმოცე წელიწადს თვითიზოლაციის რეჟიმშია, შვილიშვილებისთვის მეტი დრო აქვს და გონებრივი შრომის აუსრულებელ ოცნებებს იკმაყოფილებს. ახლა თქვენ იმისთვის გესაუბრებათ, რომ, როდესაც მთავრობა გვეტყვის, მზე ამოვიდა და წადით სამსახურებშიო, არც მასთან დაგჭირდეთ კონსულტაცია და არც მის კოლეგებთან...

შიში

- შიში, თავისთავად, სულაც არ არის ცუდი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ცოტაა და მალევე მთავრდება. მაგალითად, როდესაც ამერიკული გორაკებიდან ეშვები, ეს ძალიან კარგია, რადგან ასეთი შიში ორი-სამი წუთის შემდეგ მთავრდება, რის შემდეგაც, ადრენალინით სავსე, შეყვარებულთან ერთად კაფეში ჯდები და საყვარელ კოქტეილს წრუპავ. როდესაც სტრესს ზომიერად იღებ, ისევე როგორც ალკოჰოლს, რომლის მცირე ულუფებით გამოყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემას ქოლესტერინისგან წმენდს, ის არ არის ზიანის მომტანი, პირიქითაა, ასეთი მცირე დოზით ის შეიძლება ცხოვრების ელექსირადაც განვიხილოთ, მაგრამ თუ სტრესს ვეღარ ერევი, აუცილებლად იწყება დისტრესი, რომელიც, უნდა გაგახაროთ და, ჯერ ჩვენს საზოგადოებას არ აწუხებს, რადგან ახლა ჩვენი ორგანიზმის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ნაწილები ერთნაირად მობილიზებულია ამ საყოველთაო შიშის შედეგად გამოყოფილი ადრენალინის წყალობით, რომელიც, თავის მხრივ, იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. ასეთ დროს ადამიანი ხდება უფრო აზრიანი, თადარიგიანი, დგამს სწორ ნაბიჯებს, მეტად ადეკვატურია. არც ის შეიძლება ჩაითვალოს ანომალიად, რომ რეალური საფრთხის მიმართ ადამიანს შიში გაუჩნდეს, მაგრამ თუ ძალიან შევშინდით, ადეკვატურობასაც დავკარგავთ და რეალობის სწორ აღქმასაც, რაც არაფერში გვჭირდება, რადგან ძალიან მალე, კორონასთან მოგებული ომის შემდეგ, უამრავი საქმე გვექნება გასაკეთებელი.

ლეგენდა და რეალობა

- ერთი ძველი ლეგენდა მინდა გავიხსენო, რომელიც მამამ მიამბო ბავშვობაში: ქოლერამ უამრავი ხალხი შეიწირა აღმოსავლეთში, შავმა ჭირმა კი - დასავლეთში, შემდეგ გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდნენ და შავმა ჭირმა მიულოცა ქოლერას, შენ ჩემზე ორჯერ მეტი ადამიანი დახოცეო. ქოლერამ იუარა, რას ამბობ, მათი უმრავლესობა ხომ შიშმა მოკლაო. ეს ძველი სიბრძნე კიდევ ერთხელ ადასტურებს: ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან, რომ დიდი შიშის და კატასტროფების დროს განუზომლად მეტი ადამიანი გამოიყურება უფრო ცუდად, ვიდრე რეალურად არის ცუდად.

აი, მეკითხებით, შეიძლება თუ არა, რომ შიშმა მოკლას ადამიანი. თეორიულად, ეს შესაძლებელია, რადგან, პრაქტიკულად, ეს მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. შაქრიანი დიაბეტის დროს იმატებს "შაქარი", არტერიული ჰიპერტენზიის დროს - წნევა, მათ, ვისაც უძილობა ტანჯავდა მანამდეც, უფრო უჭირთ ჩაძინება; გარდა ამისა, შიში შთანთქავს იმ ენერგიას, რომელიც ორგანიზმს იმუნიტეტისთვის სჭირდება. ამიტომაა, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი ძალზე შეშინებულია, მას უფრო ხშირად ემართება ნებისმიერი სხვა ვირუსიც. უნდა გავიაზროთ - თუ გვეჩვენება, რომ ვირუსი გვეწყება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამას შიში ჰქვია და გონიერ ადამიანს შეუძლია მას იოლად მოერიოს. ასეთ "მოჩვენებებს" სხვანაირად, სამედიცინო ფაკულტეტის მესამეკურსელების ავადმყოფობა შეგვიძლია ვუწოდოთ: ფილტვების ანთებას სწავლობ? ე.ი. ფილტვების ანთება "გაქვს", ტვინში სისხლის ჩაქცევას გიხსნიან? ე.ი. "ტვინში სისხლი გექცევა"... ადამიანს შთაგონებით შეუძლია, სიზმარში ცეცხლში ჩავარდეს და დილით დამწვრობით გაიღვიძოს. ახლა სრულიად დედამიწა "სწავლობს" კორონავირუსს და განსაკუთრებული ყურადღებით უსმენს საკუთარ სხეულს, ამიტომ "ეჩხირებათ ყელში ბურთი", "ასხამთ ოფლი", "თვალებზე ეკვრებათ ლიბრი", "მაღლა უწევთ ტემპერატურა" ყოველ საღამოს, მას შემდეგ, რაც პირველი დაინფიცირებულის ამბავი მოისმინეს. ნერვულ სისტემას ყველაფრის მოდელირება შეუძლია. ჯობს, ეს ყველამ გაითავისოს, რომ საბოლოოდ, როცა ყველაფერი კარგად იქნება, დეპრესია არ დაიმართოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სიმშვიდე გარანტიაა ჩვენივე იმუნიტეტისთვის, ცოტა ნერვიულობა კი აუცილებელია ახლა. პირბადე, ხელთათმანი, გარეთ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების დროს გასვლა - მგონი, საჭირო არ არის ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის უკიდურესი საჭიროება. ამის იმედი მაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტივს.

GzaPress

დეპრესია

- ახლა დეპრესია არ გვაქვს. თუ აქვთ, ალბათ მხოლოდ ერთეულებს. ჩვენ ახლა სტრესის ფაზაში ვართ, რომელიც, თავისთავად, ანტიდეპრესიულია. ახლა სწორედ ეს სტრესი "გვშველის", რომ არ გვქონდეს დეპრესია. იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა იმყოფება, უფრო შფოთვა ჰქვია. ის არ განაპირობებს დეპრესიას, თუმცა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სისტემაზე, მაგალითად - გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ა.შ. საერთოდ, ასე ითვლება: დიდი საშიშროება წარმოქმნის შიშს, რომელსაც მოაქვს შფოთვა, რომელიც ფიტავს ადამიანის ორგანიზმს და როდესაც საფრთხე იწყებს გადავლას, ყალიბდება დისტრესი, აპათია და ბოლოს - დეპრესია. გახსოვთ "კავკასიური ცარცის წრე"? - "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!" ამ მარტივ ჭეშმარიტებებს სწორედ იმის გამო გიხსნით, რომ უნდა გვახსოვდეს - თუ "ძალიან ბევრი" შეგვეშინდა, როდესაც გვეტყვიან, რომ მზე გამოვიდა, ჭიტა, ვირუსი აღარსად არის, გარეთ გამოდითო, - სიხარულის თავი აღარ გვექნება.

ვიფიქროთ სიკეთეზე

- ადამიანი იმით განსხვავდება არამოაზროვნე არსებისაგან, რომ ავშიც კი სიკეთე ეძებოს. ახლა აგიხსნით, მე როგორ ვუყურებ ამ რეალობას დადებითად, თუმცა მანამდე ბოდიშს მოვუხდი იმ ეპიდემიოლოგებს, რომლებსაც ჩემთან შედარებით, უზარმაზარი ცოდნა აქვთ. მოკლედ, როგორც ბებიაჩემი ნინუცა იტყოდა, ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე დაკვირვებით, რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია, ანუ ჩემი სტატისტიკით, ზოგადი ავადობა ზამთარგამოვლილი საქართველოსთვის წელს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამ პერიოდისთვის იყო შარშან, შარშანწინ და, რაც დავიბადე, იმის შემდეგ. აღარ არის მძიმე გრიპები, მენინგიტები და ა.შ. იცით, რა არის ექიმი? გგონიათ, ის მხოლოდ ერთი კაცის მაჯის შემტყობარია? არა, ექიმის პროფესია, ავტორიტეტული ინსტიტუტების დასკვნით, ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიულია, ჩვენ შორის ძალიან მაღალია სუიციდის ინდექსი, რადგან ექიმებს, უფრო ხშირად იმის გამო გვირეკავენ, რომ გვითხრან - ცუდად ვარ!.. ამას იმიტომ გიხსნით, რომ ჩვენთან უამრავი უარყოფითი ინფორმაცია და ემოცია იყრის თავს, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ექიმი, რომელიც ამ ფრონტის ხაზზეა 1981 წლიდან, არ ვფლობდე ჩემივე სტატისტიკას, ერთი ადამიანის სტატისტიკას, რომელიც ყველა ადამიანს ეძვირფასება. თუმცა, დავუბრუნდეთ იმას, რაც ამ კორონავირუსმა ხალხს გაახსენა.

დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით

- კომენტარის სახით ერთ ამბავს მოგიყვებით. 2004-2008 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ისეთი თემა მქონდა არჩეული, რომლითაც თავი შემიძლია მოვიწონო. ერთ-ერთი ასეთი თემა პაატა იმნაძის უწყებასთან ერთად განვახორციელეთ. მიზანი გახლდათ, დაგვენერგა ინფექციური კონტროლის თამაშის წესები სამედიცინო დაწესებულებებსა თუ საზოგადოებაში. შეიქმნა გზამკვლევები სამედიცინო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა პროფილის (ინფექციური, ქირურგიული, ამბულატორიული და სხვ.) და თითოეული კუთხე-კუნჭულის მიხედვით (მაგალითად: საოპერაციო, ჰოლი, პაციენტის გასასინჯი ოთახი და სხვ.). ოთხი წლის განმავლობაში ეს ხალხი - პაატა იმნაძე, დათო წერეთელი და მათი გუნდი - დაუცხრომლად შრომობდა და სწავლობდა მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ქვეყნების მიხედვით, ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაამტკიცა და სახელმწიფო სტანდარტის სახე მისცა. ახლა საზოგადოებრივ აქტივობაზეც ვთქვათ: ვაწყობდით შეხვედრებს და ხელის დაბანის აქციებს, დავდიოდით სკოლებში, შევქმენით და გამოვეცით ხელის დაბანის გზამკვლევი. ჩემს ოთახში იკრიბებოდა ის ხალხი, რომელიც დღეს ამ სფეროს მესვეურები არიან. მაშინ რამდენიმეთეთრიანი ბიუჯეტით შევქმენით იმ უზარმაზარი დოკუმენტების წყება, რომელიც დღეს შეუფასებელია, მაგრამ ეს თქვენს ყურამდე ახლა მოვიდა პირველად, არა?.. ასე ხდება. მაშინ, როდესაც კამპანიის ფარგლებში, სკოლებში, ახალგაზრდულ ცენტრებში დავდიოდით, არ მახსოვს, აუდიტორიას უარი ეთქვას ჩვენს მოსმენაზე, არ მახსოვს, აპლოდისმენტები დაენანებინათ, მაგრამ ვიდრე კორონა არ გამოჩნდა, ეს თემა აქტუალური არ გახდა. არ "იყიდა" ინფექციური კონტროლის თემა მასმედიამ, შესაბამისად, არც საზოგადოებამ.

ნაჩუქარი კოცნა

- 60-იანი წლების ბოლოს, როდესაც ბრეჟნევის ეპოქა ძალაში შევიდა, საქართველოში შემოვიდა კოცნა. წინა ანუ ხრუშჩოვის ეპოქაში, კოცნა იმ სახით, რასაც დღემდე ვუყურებდით ჩვენს ქუჩებში, ქორწილებში, გასვენებებში და კიდევ სად აღარ, უბრალოდ, არ არსებობდა. ალბათ, ხრუშჩოვმაც იცოდა კოცნა, მაგრამ ყველაზე ეგზალტირებულად, მიზანსწრაფულად და კონტროლდაკარგულად კოცნას სწორედ გენერალური მდივანი ბრეჟნევი ასრულებდა; სწორედ ამხანაგმა ბრეჟნევმა "გვასწავლა", რომ ადამიანებს, რომლებსაც იცნობ-არ იცნობ, გახსოვს-არ გახსოვს, აუცილებლად უნდა აკოცო ტუჩებში; ქართველმა ტუჩების "კორექცია" მოახდინა და ლოყით შეცვალა, ხელის ჩამორთმევასთან ერთად. მამაჩემის თაობა ერთმანეთს ხელის ჩამორთმევის შემდეგ არ კოცნიდა. მახსოვს, როცა თვეების, წლების უნახავ მეგობარს შეხვდებოდა, მამა გულში იკრავდა ისე, რომ სახეები ერთმანეთის საპირისპიროდ ჰქონდათ მიქცეული, ანუ ისინი ქართულად ესალმებოდნენ ერთმანეთს. კოცნა არის ამხანაგ ბრეჟნევის საჩუქარი საქართველოსთვის, მაგრამ ვინაიდან ამ თვალსაზრისით, ჩვენ დიდად არ განვსხვავდებოდით ბრეჟნევის ეპოქისგან კორონამდე მაინც, ისევ ვკოცნიდით ერთმანეთს. არა მგონია, ისეთი გულუბრყვილო იყოს ჩვენი მკითხველი, ახლა არ დამეთანხმოს, რომ თუ "ლოკაციას" იხმარს, "ადგილმდებარეობა" შეიცვლის არსს. არადა, ჩვენ ხომ პროევროპელები ვართ? გვინდა ევროპა, ეს არის ნარატივი და მე შენზე უკეთესი ვარ იმიტომ, რომ ვხმარობ უცხო სიტყვას "ნარატივი" - აზრის, შინაარსის ნაცვლად, "მენეჯმენტს" - მართვის ნაცვლად და ა.შ., მაგრამ აუცილებლად ვკოცნით ერთმანეთს, - ე.ი. ერთი მხრივ, ვართ ევროპელები (ისე ჩვენი თავი ცხონდა!..), მაგრამ ამ ცოდნით ევროპაში არავინ მიგვიღებს. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ეპოქაში ჩავრჩით, ბრეჟნევივით ვკოცნით ერთმანეთს, ტვინის შერყევისას კვლავ ვნიშნავთ შარდმდენს და ახლა ამ კორონა-უბედურებაში, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირს, მე, უბედნიერესი იმით, რომ არც ერთი ჩემი ახლობელი ავად არ არის, ვხვდები, რომ ხელების სწორი დაბანა გავითავისეთ და ბრეჟნევის ნაჩუქარი გადაკოცნის მეთოდიც გადავაგდეთ. ეს უკვე კარგია!

GzaPress

თვითიზოლაცია სუბლიმაციის რეჟიმში

- ახლა სუბლიმაციის რეჟიმში ვარ ანუ ჩემი, ჩვეული ვითარებისთვის მისაღები იმპულსები, რომლებიც თუნდაც სახლიდან სამსახურში წასვლისკენ უნდა მიბიძგებდეს, აქ და ამჟამად, სასარგებლო იმპულსებად გარდავქმენი და "მუშაობად ვიქეცი". ამდენი, ალბათ, სტუდენტობის შემდეგ არ მიმუშავია: ან ტელეფონით და ონლაინ ვარ ჩართული პაციენტებთან, ან ვკითხულობ და ვწერ. ადამიანების გარკვეული კატეგორია ამტკიცებს, რომ ამ დღეებში ვერაფერს უდებენ გულს. ეს მარტივად ასახსნელია, რადგან სუბლიმაცია, საკუთარი ჩვეული იმპულსების დღევანდელობას მორგებულ სასარგებლო იმპულსებად გარდაქმნა არცთუ ისე იოლია. კარგად დაემთხვა, რომ სანამ "ჯანმრთელობის ინსტიტუტი" ონლაინმუშაობაზე გადავიდოდა ანუ - ჩვენს თვითიზოლაციამდე, უბრალო სურდოსაც კი გადავურჩი. როდესაც საზოგადოებრივად აქტიური ხარ, დადიხარ კონფერენციებზე, ლექციებზე, პანაშვიდებზე, ოთხასკაციან ქორწილებში, სადაც ორასი ნაცნობი უნდა გადაკოცნო, ეს რთული ამოცანაა, რადგან აქედან ოცი მაინც ხომ იქნება რაიმე ვირუსის მატარებელი?! საბედნიეროდ, ახლა ყველა ჩემი ექიმი სახლში მყავს, ყველა ჯანმრთელია და ონლაინრეჟიმში მუშაობს. არ ვაცდენ დროს, აღარ გავდივარ "სმოგიან" ქალაქში, არ მეხარჯება არც ფული და არც დრო წვერის გაპარსვაში. ამიტომ, იმ მიგდებული საქმეებისთვის, რომლისთვისაც არასდროს მეცალა, დრო გამომითავისუფლდა - იმდენი, რომ გონებრივი შრომის აუსრულებელი ოცნებები დავიკმაყოფილე.

ახლა, თუ რა შემეძლო კიდევ გამეკეთებინა, თუ არ მექნებოდა ინტელექტუალური შრომა ან გამითიშავდნენ ინტერნეტს?.. არ მოვიკლავდი თავს, იმიტომ, რომ ასევე აუსრულებელი ოცნებაა დავალაგო ავტოფარეხი; რომ დავალაგებდი, მერე მივადგებოდი სარდაფს, შემდეგ წიგნებს ჩამოვიღებდი თაროებიდან, მტვრისგან გავწმენდდი და უკვე თემატიკის მიხედვით დავალაგებდი. ჩემი ოთახიდან "კაპიტან გრანტის შვილებს" შვილიშვილებს გავუტანდი და ჩემთვის საინტერესო ბიოგრაფიულ წიგნებს სამუშაო მაგიდაზე მივუჩენდი ადგილს. ჰო, ყოველთვის გრჩება რაღაც გაუკეთებელი, რასაც უბრალოდ, შვებულება სჭირდება, რომელიც არასდროს მქონია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეს სიტუაცია უსასრულოდ მინდა გაგრძელდეს, მაგრამ გავიაზროთ, რომ ეს უსიამოვნო დღეები რაღაც კარგ შესაძლებლობასაც გვაძლევს. თუ ასე ვიცხოვრებთ, აღარც ცუდად ვიგრძნობთ თავს.

ინფორმაციის ავ-კარგი

- 21-ე საუკუნეში არაფერი არ უნდა დაუმალო საზოგადოებას. მეორე ამბავია, რაც უნდა უთხრა იმისთვის, რომ ცოტა ინერვიულოს კიდეც და ცოტა დისკომფორტშიც იყოს, რადგან სხვანაირად, სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს. ორი შანსია ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად: ან შინ უნდა ვისხდეთ და ინფორმირებულები ვიყოთ, რა ხდება, ან გარეთ გამოვიდეთ და ქვეყანაში კუბოების დეფიციტი შევქმნათ... მგონი, აქ არაფერია ასარჩევი. რა თქმა უნდა, მძიმეა ეს პერიოდი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ შვებულებაში ვართ და ეს არ დაგვაქცევს. წყნარად ვიბანოთ ხელები, მოვეფეროთ ცოლ-შვილს, დავურეკოთ შეყვარებულებს, არა უშავს, რომ ვერ ვხვდებით, - თუ ვუყვარვართ, ერთი თვის შემდეგ უფრო გაგვიხარდება ჩახუტება... ცოტა ფილოსოფიურად შევხედოთ ამ ყველაფერს და რაც მთავარია, ვიცოდეთ, რომ თუ შინ ვსხედვართ, კორონა თავისი ფეხით არ მოგვიხტება.

დავლიოთ თუ არა ფსიქოტროპული წამლები?

- თუ ექიმის დანიშნულია, უნდა დავლიოთ, მაგრამ კარგა ხანია, რაც ჩვენს საზოგადოებაში "ფსიქოტროპული" საძაგებელ სიტყვად იქცა. ვთქვათ, მოდის ჩემთან ადამიანი და მიმხელს, რომ თავის მოკვლაზე ფიქრობს, ქუჩაში აღარ გადის მთელი წელია, გამუდმებით ტირის... მთხოვს, ვუშველო. მოკლედ, იცის, რომ შველა სჭირდება, მაგრამ ბოლოს ამბობს: ოღონდ ფსიქოტროპული წამალი არ დამინიშნო, ექიმოო!.. აბა, რა დავუნიშნო, კუჭის წამალი? წამალი არასდროს არის კარგი და ის საწამლავია, თუ ადამიანს არ სჭირდება, მაგრამ უწამლობით მკვდარი ადამიანი ტრაგედიაა. რომ იცოდეთ, კოფეინი, კატაბალახა, კრაზანა, შროშანი, გვირილა, დუმფარა - ეს ყველაფერი ფსიქოტროპული წამლებია, რადგან ფსიქიკისკენაა მიმართული.

მოკლედ, ასე მოვიქცეთ, ახლაც და ნებისმიერ სხვა დროსაც: თუ ექიმმა უკვე დაგინიშნათ ფსიქოტროპული წამალი, საჭიროა, ჩვენი აზრები დავასვენოთ და დავუჯეროთ მას, თუ არაფერი დაუნიშნავს, გვირილის ჩაით დავკმაყოფილდეთ.

დეა ცუცქირიძე