"შორენას სილამაზემ შეაქმნევინა არსაკიძეს სვეტიცხოველი..." - გზაპრესი

"შორენას სილამაზემ შეაქმნევინა არსაკიძეს სვეტიცხოველი..."

"მე არქიტექტორიც ვარ და მოდი ასე ვიტყვი, შორენას სილამაზემ შეაქმნევინა არსაკიძეს სვეტიცხოველი... ალბათ არის ჭეშმარიტება და შთაგონებაც. ხელოვნება არის საშუალება, რითაც ცდილობ გაახანგრძლივო სილამაზე; ამ საშუალებით ვებრძვი სილამაზის გაქრობას და ვცდილობ გახანგრძლივდეს მარადიულად..." - ამბობს მხატვარი ლევან ბოლქვაძე, რომელიც ცნობილ, ულამაზეს ქართველ ქაბატონებს ხატავს... მის შემოქმედებაზე ხშირად ამბობენ, რომ შეუძლებელია ადამიანი უბრალო ფანქრით ასეთ ნახატებს ქმნიდეს...

- ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. თავიდანვე ვხვდებოდი, რა გზას ავირჩევდი, რადგან მშობლების გადმოცემით, ფანქარსა და კალამს სულ თან დავატარებდი. ვფიქრობ, ეს ნიჭი - ღმერთისგან ბოძებული, მე ვიგრძენი და მას მერე ვცდილობ განვავითარო. ამისათვის ბევრი შრომაა საჭირო და ალბათ, ამბიციაც - სხვაგვარად ვერ განვითარდები. ხატვის სიყვარულის გამო შემიყვანეს მოსწავლეთა სასახლეში, ხატვის წრეზე. ჩემი მასწავლებელი იყო ანტონ ფილიპოვი. შეიძლება ითქვას, რომ მან სხვა თვალით დამანახვა სამყარო. ალბათ აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯებიც.

- გამოფენები, კონკურსები...

- სკოლის პერიოდში ვმონაწილეობდი რეგიონალურ კონკურსებში, რაც ერთგვარი მოტივაცია იყო ჩემთვის. საპრიზო ადგილებზეც გავდიოდი. მაშინაც გრაფიკულ ნამუშევრებს ვანიჭებდი უპირატესობას. დღემდე პერსონალური გამოფენა არ მქონია. ბუნებრივია, ვფიქრობ და აუცილებლად გავაკეთებ.

GzaPress

- როგორც მხატვარს, რამდენად ხელსაყრელი გარემო გქონდათ საქართველოში და გაქვთ დღეს? - ძირითადად, სახლში ვხატავ... უფრო მეტად, ღამით მირჩევნია მუშაობა. ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს გარემოს და ქვეყანას, მთავარია ნიჭს არ მისცე მიძინების საშუალება, რაც დიდი შრომისა და მონდომების შედეგად მიიღწევა. ინტერნეტი კი დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ნამუშევრები უფრო მეტს ენახა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ხალხის შეფასება მოტივაციას მაძლევდა და არ ვჩერდებოდი. ერთი კია, თუ არ გიყვარს საქმე, კარგად ვერ გააკეთებ, მე კი ვფიქრობ, ხატვა ძალიან მიყვარს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დაღლილს, დაძინების ნაცვლად, მიხატია და თავზე დამთენებია. როცა ვქმნი ნამუშევარს, აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადავდივარ, რეალობას ვწყდები, ეს საოცრად მისტიკურია.

- საზღვარგარეთ წასვლაზე არასდროს გიფიქრიათ?

- მიფიქრია განათლების მიღებაზე, დარჩენაზე - არა. ჩემი ადგილი აქ არის, ჩემს სამშობლოში.

GzaPress

- რომელი ცნობილი მხატვრების შემოქმედება მოგწონთ გამორჩეულად? - დიდია იმ მხატვრების სია, რომელთა შემოქმედებაც მომწონს, მაგრამ გრაფიკოსებიდან გამოვარჩევ გურამ დოლენჯაშვილს... მისი ნამუშევრები ერთგვარი სტიმული იყო ჩემთვის.

- ცნობილ, ლამაზ ქალბატონებს ხატავთ... სილამაზე აუცილებელია შთაგონებისთვის?

- მე არქიტექტორიც ვარ და მოდი, ასე ვიტყვი, შორენას სილამაზემ შეაქმნევინა არსაკიძეს სვეტიცხოველი... ალბათ არის ჭეშმარიტება და შთაგონებაც. ხელოვნება არის საშუალება, რითაც ცდილობ გაახანგრძლივო სილამაზე, ამ საშუალებით ვებრძვი სილამაზის გაქრობას. მართალია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ ნახატი იმდენად რეალისტური გამოდის, რომ ღირს შრომად. შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ის ყველაფერი, რაც ემოციებს იწვევს.

GzaPress

- ამბობენ, რომ რასაც თქვენ ხატავთ, შეუძლებელია ადამიანმა უბრალო ფანქრით შექმნას... რას ეტყოდით მათ და ჟურნალ "გზის" მკითხველებს? - ხელოვანების მთავარი მიზანია მაყურებელს დაანახვოს ყველა შესაძლო რეალობა. ჩემთვის ხელოვანი უპირველესად მოაზროვნეა, ის უნდა ფლობდეს იდეის განსახორციელებელ ტექნიკას. ერთიც და მეორეც ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. დამწყები მხატვრისთვის ან ჩვეულებრივი ადამიანისათვის ძნელია ამის დაჯერება. ერთის მხრივ, კრიტიკა პასიურ როლს თამაშობს, მაგრამ კრიტიკის არქონას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ხატვა ჩემი ცხოვრების ნაწილია, სულ ვცდილობ უკეთესად დავხატო. ჩემს ნამუშევრებს დრო შეაფასებს.

- დღეს სრულიად სამყაროს რთული პერიოდი აქვს და რა გავლენა იქონია ამან თქვენს შემოქმედებაზე?

- რა თქმა უნდა, შეცვალა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. ახლა მაგისტრატურაზე ვსწავლობ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. როგორც ყველას, მეც დისტანციურად მიწევს სწავლა. სამაგიეროდ, უფრო მეტი დრო დამრჩა ხატვისთვის.

მანანა გაბრიჭიძე