ერთადერთი პედაგოგი, რომელსაც საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნეს - გზაპრესი

ერთადერთი პედაგოგი, რომელსაც საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნეს

ციალა ჯაფარიძე 81 წლისაა. მართალია, ძალიან გაუჭირდა მოსწავლეებთან განშორება, მაგრამ შარშან გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო იყო და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. 80 წელი და სკოლასთან დამშვიდობება კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად აღნიშნა, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად მას ქუთაისში ვარსკვლავი გაუხსნეს. "ჩემმა იუბილემ ხალხის რწმენა დამანახვა, ისეთ სიმაღლეზე ამიყვანა, ყველაზე პატარამაც დამინახა. ვინ-ვინ და მე, მწვერვალების ჩრდილში გაზრდილმა, ვიცი, ამ სიმაღლიდან არ უნდა ჩამოვვარდე, ახლა დასვენების დროა. ქვეყნის ვალი მემართა, ობოლს გზას მიკვალავდა, ვეცადე გადამეხადა. ვფიქრობ, მეც ღირსეულად ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ღირსეული დასვენებაც დავიმსახურე", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ყველას, თუმცა ფიქრებით დღემდე სულ თავის აღსაზრდელებთან არის, სკოლაში...

- როდესაც მეუბნებიან, ასაკი არ გეტყობაო, ვპასუხობ, გული არ ბერდება, უბრალოდ, ასაკი გამექცა-მეთქი. მესტიაში დავიბადე. ობლად გავიზარდეთ და-ძმები. ნათესავმა თბილისში წამომიყვანა და ერთხანს იქ ვცხოვრობდი. 1958 წელს გავთხოვდი ქუთაისში, მე-10 კლასში ვიყავით, მე და ჩემი მეუღლე პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს. სვანეთში არ მინდოდა გათხოვება და იმერელს ამიტომ გავყევი (იცინის). გაიმართა სვანურ-იმერული ქორწილი, მაყრიონი სვანეთში გადმოვაფრინეთ. შესანიშნავი ქორწილი გვქონდა. 46 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მეუღლე 5 წლის წინ გარდამეცვალა, 2 შვილი და 4 შვილიშვილი მყავს. ახლა ჩემი შვილიშვილი თავისი ოჯახით ცხოვრობს ჩემთან.

- რატომ აირჩიეთ პროფესიად პედაგოგობა?

- რუსული ენის პედაგოგობა მინდოდა, მაგრამ ქულები დამაკლდა და დაწყებითებზე მოვხვდი. არ მინანია, პატარებთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი გაკვეთილი და აღსაზრდელები, მათი უმეტესობა ექიმია და როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა მაქვს, მათ ვურეკავ ხოლმე. თავდაპირველად მე-20 საშუალო სკოლაში დავიწყე მუშაობა პიონერხელმძღვანელად, მერე რამდენიმე სკოლა შევიცვალე, 11 წლის მანძილზე ვიყავი დაწყებითი სკოლის დირექტორი, ქუთაისის ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის. ძალიან კარგი მოსწავლეები მყავდა, ყველას ვუყვარვარ, ყველა მიყვარს და ვცხოვრობ ასე. ასაკის მიუხედავად, არ მიჭირდა მუშაობა და კიდევაც სიამოვნებით ვიმუშავებ - სიყვარულით ყველაფერი კეთდება. თუ ურთიერთპატივისცემა და დაფასება არ არის, შედეგს ვერ მიიღებ. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი უხვად მქონდა. 1980 წელს, ინგა ჩარკვიანს ვასწავლიდი, 7 წლის იყო მაშინ. კლასიდან კლასში წარმატებით გადადიოდა. მზრუნველი მამა მშობელთა კრებას სისტემატურად ესწრებოდა. ერთ-ერთი კრების დასრულების შემდეგ, ინგას მამამ, რუბენ ჩარკვიანმა ოთხად დაკეცილი თაბახის ფურცელი გადმომცა სიტყვებით: "აღზრდა და მხოლოდ აღზრდაა სკოლის მიზანი, გმადლობთ ყველაფრისათვის". გავშალე თაბახის ფურცელი, სადაც ეწერა: "სახსოვრად ჩემი შვილის აღმზრდელს, ციალა ჯაფარიძეს". აი, სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ აღზრდის საიდუმლო მოსწავლისა და მშობლის პატივისცემაში იმალება. ლექსი "ჩემი სვანეთი" საოცარი სიურპრიზი იყო ჩემთვის. ეს ლექსი 40 წლის მერე ვიპოვე შემთხვევით და კვლავ გავაცოცხლე. ერთ სტროფს წაგიკითხავთ: "აქ ღმერთი და ანგელოზი ხშირად სტუმრად ჰყავთ,/ ხარ-ირმებით და ჯიხვებით ირთობენო თავს,/ აქ ტკბებიან დილის ნამით, თან ლოცავენ სვანს,/ საღამოს კი ვარსკვლავებთან სვამენ სვანურ რახს,/ ღმერთი თურმე საქართველოს სადღეგრძელოს სვამს/ და ალავერდს ჯიხვის ყანწით იქვე აწვდის სვანს". დღეს კი მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა - მშობელი გამოჭერაზეა, რა შეეშლება პედაგოგს. უნდა ენდო მასწავლებელს, დაეხმარო, გვერდით დაუდგე. თუ საერთო საქმეს ერთად გააკეთებთ, წარმატება გარდაუვალია. პედაგოგმაც, თავის მხრივ, არ უნდა უღალატოს მშობელს, ვინც თავისი სულის ნაწილი მოგაბარა და მაქსიმუმი უნდა გააკეთო მისთვის. 5 დაწყებითი სკოლა იყო ქუთაისში, მაგრამ პირველობას არავის ვუთმობდი, ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ასე იყო. სიხარულის სკოლას ეძახდნენ ჩემს სკოლას, ჯაფარიძის სკოლას და მე მეამაყებოდა, შრომას რომ მიფასებდნენ.

- რა იყო ამის მიზეზი?

- თითოეული ბავშვის ნიჭისა და უნარის განვითარებაზე ვზრუნავდით, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ჩამოვაყალიბეთ, ხატვისა და ჭადრაკის წრე. მკაცრად ვარჩევდი პედაგოგებს. მასწავლებელი არ უნდა იყო კაპასი, ავყია, რომელსაც კონფლიქტი მოსდის ბავშვებთანაც და მშობლებთანაც, არავის უყარს მყვირალა და ავი პედაგოგი. დიდი მნიშვნელობა აქვს სტიმულს. კარგ ნამუშევრებს, ნაწერს თუ ნახატს დაფაზე გამოვფენდი ხოლმე.

GzaPress

- ქალბატონო ციალა, ახლანდელ თაობაზე რა აზრის ხართ? - ახლანდელი თაობა დამოუკიდებელია, კარგად მართავენ ემოციებს, მანამდე უფრო მასწავლებელზე იყვნენ დამოკიდებულ-მინდობილები. მართლა სჯეროდათ, რომ პედაგოგები არც ტუალეტში დადიოდნენ, არც ჭამდნენ... მე რომ ვეტყოდი, ისეთი აპარატი მაქვს, ყველას გხედავთ, სახლში ვინ რას აკეთებთ-მეთქი, ამბობდნენ, - შუქი ჩავაქროთ, იქნებ ვერ დაგვინახოსო. ახლა ამით ვის მოატყუებ? სამართლიანი ვიყავი, მომთმენი. პედაგოგმა კარგის დანახვა უნდა შეძლოს და ჩაეჭიდოს. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რამე კარგი არ ახასიათებს. არ უნდა გაარჩიო ბავშვები. განათლების რეფორმების შედეგად მასწავლებლის პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ ბავშვები ძალიან ზარალდებიან. მე ხომ ვიცი შიდა სამზარეულო. მუშა მასწავლებელი თუ ხარ, მშობლის სიყვარულსაც მოიპოვებ და მოსწავლისასაც. კიდევ ერთი რამ - კომპიუტერმა მოგვტაცა ბავშვები. ახლანდელებს კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, რთული პროცესია, ტექსტს გააზრება და ფიქრი სჭირდება. ინსცენირების გარეშე ტექსტი არასდროს ამიხსნია, ამიტომაც ჩემი მოსწავლეები საუკეთესო მკითხველები იყვნენ.

- ოდესმე თუ შეგშლიათ რამე ბავშვთან ურთიერთობაში, რაც მერე გინანიათ?

- არა არასდროს! მახსოვს, ერთხელ ბავშვებს ვკითხე, ვინ გინდათ გამოხვიდეთ-მეთქი? 90-იანი წლები იყო - არც შუქი, არც გაზი, არც საჭმელი. ერთმა მითხრა, ქურდი მინდა გამოვიდეო. რატომ-მეთქი, გიორგი? - გამიკვირდა. ჩემს მეზობლად ერთი ქურდი ცხოვრობს და ყოველდღე ნამცხვრებს ჭამსო... შენთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე-მეთქი, ვუთხარი და ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი. ბოლოს მოვიდა და მითხრა, თქვენ ისე გეწყინათ ჩემი გადაწყვეტილება, გადავიფიქრე, ქურდობა აღარ მინდაო. ის ბიჭი, გიორგი ჩახუნაშვილ ახლა თბილისში მუშაობს და თავისი ბევრი ამხანაგიც დაასაქმა. ერთ დღეს ჩემმა მეუღლემ, ვიღაცები გკითხულობენო. გიორგი იყო დედამისთან ერთად, "რაფაელო" მომართვა და მითხრა, თქვენ სწორ გზაზე დამაყენეთ მაშინ და ის ამბავი დღემდე მახსოვსო. ერთმანეთს არ კარგავენ, ერთმანეთზე დღემდე ზრუნავენ, ყველაზე მეტად სწორედ ეს გამოარჩევთ ჩემს აღზრდილებს.

- სჯიდით ხოლმე მოსწავლეებს?

- კუთხეში არავინ დამიყენებია, უბრალოდ, ნამუსზე ვაგდებდი და ვეტყოდი, სირცხვილი შენი, რომ არ მომისმინე და მუშაობაში ხელი შემიშალე-მეთქი... თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც საკმარისი იყო.

- ალბათ გაგიჭირდათ სკოლისა და მოსწავლეების მიტოვება...

- პირველ დღეს სულ საათს ვუყურებდი - აი, ახლა პირველი გაკვეთილი გამოვიდოდა, ახლა - მეორე, მესამე, ახლა მშობლები მოაკითხავენ ბავშვებს და ა.შ. არ ვიცი, მთელი კვირა როგორ ჩავათავე, ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

- ქალბატონო ციალა, ასეთ რთულ პერიოდში რას უსურვებთ ქვეყანას, ხალხს?

- ასეთი ძნელბედობის ჟამს მხნეობასა და გამძლებას ვუსურვებ ყველას! დაუნახაობა და უმადურობა არ მიყვარს, კარგისა და ცუდის გარჩევა უნდა შეგეძლოს კაცს - როდესაც ხედავ, რომ ზრუნავენ შენზე, სახელმწიფოს მიმართ თვითონაც პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ და უნდა გვესმოდეს, რომ "დარჩი სახლში" უალტერნატივოა...

ნინო ჯავახიშვილი