წერილი სამხედრო მისიაში მყოფ მღვდელზე
font-large font-small
წერილი სამხედრო მისიაში მყოფ მღვდელზე
"მას ხმაში ხავერდი აქვს, თვალში - კეთილი ნათელი და თმაში ვერცხლი..."

ცოტა ხნის წინ ერთობ საგულისხმო ინფორმაციას წავაწყდი ინტერნეტში. მის ნამდვილობაზე ვერაფერს გეტყვით, შინაარსზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თანადგომის პროპაგანდაა. აი, ეს მონათხრობიც: ამერიკელმა ანთროპოლოგმა მარგარეტ მიდმა თავის სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა მიაჩნდათ ცივილიზაციის პირველ ნიშნად. სტუდენტებს ეგონათ, რომ ლექტორი დაიწყებდა მოყოლას კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტებზე, სათევზაო მოწყობილობასა თუ თიხის ჭურჭელზე. მაგრამ არა, მარგარეტმა უთხრა მათ, რომ უძველეს კულტურაში ცივილიზაციის პირველი ნიშანი არის ბარძაყის ძვალი, რომელიც გატეხილი იყო და შემდეგ შეხორცდა. მიდმა ახსნა, რომ ცხოველთა სამყაროში თუ ცოცხალი არსება ფეხს მოიტეხს, ის აუცილებლად იღუპება. მოტეხილი ფეხით ვერ გაექცევა საფრთხეს, ვერ მიაღწევს მდინარემდე, რომ წყურვილი მოიკლას, ვერ ინადირებს. ის მტაცებლების ლუკმა ხდება, რადგანაც ძვლის შეხორცება ხანგრძლივი პროცესია. მოტეხილი და შემდეგ შეხორცებული ბარძაყის ძვალი მიანიშნებს, რომ ვიღაცამ დრო დახარჯა, რათა დარჩენილიყო დაშავებულთან, გადაეხვია ჭრილობა, გადაეყვანა უსაფრთხო ადგილას, დახმარებოდა და გამოეკვება უმწეო თვისტომი. ძნელბედობის დროს სხვისი დახმარების სურვილი - აი, ეს არის ცივილიზაციის დასაწყისი, - დასძინა მარგარეტ მიდმა.


როცა კაცობრიობას ახალი და განსაკუთრებული გამოწვევა უდგას წინ, ისევ თანადგომის იმედად თუ ვიქნებით, სხვაგვარად გაუჭირდება ადამის მოდგმას. ამ გამოწვევამდეც სულ იყო საჭირო ვიღაცისთვის დახმარება. სტატისტიკა შემზარავია იმის შესახებ, როგორ იხოცებიან ბავშვები და მოხუცები შიმშილით, უწყლოობით, უწამლობით, არადა, ძალიან ბევრი ეკონომისტი წერდა და ამტკიცებდა, დედამიწას თავისუფლად შეუძლია ერთდროულად გამოკვებოს 40 მილიარდზე მეტი ადამიანიო. ისე კი, სულ 80 მილიარდს უცხოვრია ჯამურად ამ პლანეტაზე, უზენაესმა რომ გვაჩუქა და ამ 80 მილიარდს შორის შენც ხარ, მკითხველო...
ახლა მამა გიორგი წერეთელზე მინდა გიამბოთ. არა იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის ხოტბას ვაპირებდე. დეჰუმანიზაცია, ანუ ადამიანობის განშორების (განადამიანება) საფრთხე დგას სამყაროში. ვერცხლისმოყვარეობად ცნობილი ცოდვა ყველა რელიგიაში განსაკუთრებულ საშიშროებად არის აღიარებული. ფულსა და სიმდიდრეს დახარბებული ყველა ფასეულობას ივიწყებს და თაყვანისმცემელი ხდება წარმავალის. სამოქალაქო ისტორიამ ვერ გვასწავლა, რომ დროში ვცხოვრობთ და ეს დრო მხოლოდ მაშინაა ღირებული, თუ მას რიგიანად გამოვიყენებთ.
ვინ არის მამა გიორგი? ბავშვობიდან ვიცნობ. ახლა სამშვიდობო ძალებს ახლავს ავღანეთში და დამერწმუნეთ, დაუღალავად ლოცულობს მუდამ ჩემზე, თქვენზე, სამყაროზე. უბრალოება რომ ძვირფასი სამკაულია, მოგეხსენებათ და ამ სამკაულით გამშვენებულ ოჯახში გაიზარდა გიორგი. მის მშობლებს, ძალიან ახალგაზრდები რომ მიიცვალნენ, მხოლოდ გამორჩეული პატიოსნებით იცნობდნენ. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, გსმენიათ ალბათ. არავისზე ისე არ გამართლებულა ეს ანდაზა, როგორც მამა გიორგიზე. ობლების კვერი გამოცხვა, როგორც წესი, გვიან. მის გამოცხობამდე ბევრი მოთმენა იყო საჭირო და ბევრი მოითმინა გიორგიმაც.
GzaPress
ახლა, ამდენი წლის მერეც, ის ბავშვური ხავერდია გიორგის ხმაში, თვალში - კეთილი ნათელი, მე რომ მახსოვს დაახლოებით სამი ათეული წელია. უბრალოდ, თმაში ვერცხლი მოსძალებია. ეს არაფერი, ასაკსა და მოძღვარს ჭაღარა უხდება კიდეც.
ნეტარია, ვისაც არ უხილავს, მაგრამ სწამს. მაინც ხილული უნდა მოგითხროთ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ფინანსური და სულიერი კრიზისის დრო. ორივე შემთხვევაში, მამა გიორგის იმედი მაქვს, თან ბევრად უფრო, ვიდრე ნათესავების, ფინანსური და თერაპიული ინსტიტუციების. ზოგჯერ ფულზე მეტად საქმიანი სიტყვა უფრო გამოსადეგია, მაგრამ რაც საჭიროა, ის წერეთელს მუდამ აქვს მათთვის, ვინ დააკაკუნებს მასთან...
ახლა რომ საქართველოში იყოს მამა გიორგი, საეკლესიო მსახურების შემდეგ ფუტკრის სკებთან დაინახავდით მოფუსფუსეს. დამიჭერია მისი მზერა ფუტკრისადმი, რომელიც კაცს თაფლს უმზადებს, ღმერთს კი სანთელს და ბედნიერია იმ დროს, რადგან მეტი სარგებელი არც შეიძლება. მერე რა, რომ მრავალშვილიანი კაცია, თაფლი ქილებით უნდა ჩამოურიგოს ადამიანებს, არ დაივიწყოს დიდი და პატარა, ეს მისი ცხოვრების წესია, რადგან მცირედიც კი აძლიერებს ადამიანს. ვერ გეტყვით, იციან თუ არა ადამიანებმა, ვინც მისგან თაფლს იღებს საჩუქრად, რამდენი უშრომია "საშინაო" ანაფორით შემოსილ წერეთელს დღისით თუ ღამით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ღვთიური მწერის ნაღვაწს უშურველად გასცემს.
ყანაში მოფუსფუსეც უნახავთ მამა გიორგი, ტელეეთერშიც, მწუხარებასა თუ სიხარულში ჩაძირული ადამიანების გვერდითაც. ამბიონიდან ნათქვამი მისი "მშვიდობა ყოველთა" ერთ რამედ ღირს, ასამაღლებლის თქმაც და ქადაგებანიც, ოდნავ იმერული კილოთი, გაჯერებული საღვთო სჯულის სიბრძნით. მისმენია მისთვის სვერის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარსა და ქორეთის ათსაუკუნოვან საყდარში.
სვერი უძველესი დასახლებული პუნქტია. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ქალაქად ითვლებოდა, აქვეა ნაპოვნი კოტიას გამოქვაბული "კოტეს ჩონჩხით", რომელიც დაახლოებით იმ პერიოდს განეკუთვნება, რომელსაც "საწურბლიელი". ვახუშტი ბატონიშვილი თავის "აღწერა სამეფოსა საქართველოისაში" ასე წერს: "სვერი - მტრისაგან აროდეს ძლეული". მას სვერის ციხე ჰქონდა მხედველობაში, ბუნებრივია და თამარის მეფობამდე აგების მიუხედავად ადგილობრივები მაინც თამარს რომ "აკუთვნებენ". ზემო იმერეთში ღარიბი სოფლები იყო უმეტესად, ამიტომ ხის ტაძრებს აგებდნენ და მათი კვალი უკვე კომუნისტურ ეპოქაში ნელ-ნელა ქრება. იოანე ნათლისმცემლის (წინამორბედის) სახელობის საყდრებიც მრავლად ყოფილა, მაგრამ მერე ზოგს მაღაზიის ფუნქცია შესძინეს, ზოგს - საწყობისა და ნაწილი ღატაკთა სახლებადაც გაცემულა... თქმულების მიხედვით, XVIII საუკუნის შუახანებში ერთ-ერთმა დედოფალმა ამ ტაძარს იოანე ნათლისმცემლის ძვირფასი ხატი შესწირა, რომლის ადგილსამყოფელიც დღესაც დაუდგენელია. მეორე თქმულების მიხედვით, ეკლესია XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ტაძარში დასაფლავებულია პიროვნება გვარად ღვალაძე, რომელიც XIX საუკუნეშია გარდაცვლილი. ტაძრის ეზოში დასაფლავებულია ამ ტაძრის მსახური ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელიც 1847-1939 წლებში ცხოვრობდა. ამბობენ, 1937 წლიდან ნიკოლოზს სახლში ჰქონია მოწყობილი სანათლავი, ჯვრისწერის საიდუმლოს აღსასრულებელიც. ეს ვარაუდებია, სიმართლე კი ისაა, რომ ურწმუნოების ზეობის ხანაში ტაძრის სახურავზე ხეები ამოზრდილიყო და ყოველი გაწვიმებისას ისე ჩადიოდა წყალი, როგორც პატარა ბავშვის გაწვდილ პეშვში კლდიდან მოხეთქილი წყაროს ჩქერალი. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ზაფხულობისას, სოფელ-სოფელ წერეთლების ოჯახი საოჯახო კონცერტებს აწყობდა, კაპიკს კაპიკზე აწებებდა. ამ თანხით ეკლესიას რკინის კარი შეაბეს, ორი სასანთლეც დადგეს და ასე დაიწყო ტაძრის აღდგენა. შესაძლოა, მაშინ უკვირდათ, რატომ აკეთებდა ასეთ უჩვეულო საქმეს რაიონის კულტურის განყოფილების გამგის ოჯახი ან რატომ არ ეწინააღმდეგებოდა პარტიული სამსახურები ასეთ ქმედებას, მაგრამ მოგვიანებით ის აღარ გაჰკვირვებიათ, გიორგი წერეთლის თაოსნობით, ტაძარი რომ გახდა მოქმედი. ახლა ამ ეკლესიას ბავშვებისას ეძახიან, რადგან იქ მლოცველთა უმეტესობა ბავშვია. მახსენდება წერეთლის ავღანეთში წასვლის წინა ლიტურგია, როგორ იდგნენ ბავშვები უმანკო სახეებით და უსმენდნენ მოძღვრის სიტყვას, გახსოვდეთ ჯვარი და ჯვარცმულიო...
GzaPress
მეორე ტაძარი, სადაც მამა გიორგი წირავდა სამხედრო მისიაში წასვლამდე, ქორეთის ეკლესიაა. ქორეთში, საჩხერის მახლობელ სოფელში ზუსტად ქრისტეს აქეთ 1000 წელს, მარიამ დედოფალს და მის ვაჟებს, ხურსისა და გიორგის აუგიათ წმინდა სამების სახელზე ეკლესია. ხუთი საუკუნის შემდგომ, ანა დედოფალს ტაძრის საფუძველზე წმინდა სამების მონასტერი დაუარსებია. ლამაზად მოხატულ ტაძარს ბუხარიც ამშვენებს, რაც მართლმადიდებლური ეკლესიებში იშვიათად გვხვდება. ოდნავ მოგვიანებით აუშენებია გიორგი ერისთავს სულის სალხენად სავანე (მკითხველს ემახსოვრება აკაკის წერეთლის ძიძის სოფელი, მანო სადუნიშვილის ეზოს დაჰყურებს ეს ტაძარი), რომელზეც იკითხება: "სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმიდაი ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხ (სავარაუდოდ - ხურსი) ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და შვილისა ჩუენისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. წმიდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა. ამენ იყავნ. ქრონიკონი იყო 226. აეშენა მეფობასა ბაგრატ კურაპალატისასა". თუ ვინმეს სურს, ამ წარწერაში ისტორიასაც დაინახავს და ქართული მადლიანი სიტყვების ხიბლსაც. ფანატიზმის გარეშე გეტყვით, ელოდება ეს ტაძარიც მოძღვრის დაბრუნებას უდაბნო ქვეყნიდან, ელოდება მრევლიც, რომელსაც მღვდლის სიტყვა ისე მონატრებია, როგორც გვალვით დახეთქილ მიწას ჟუჟუნა წვიმა. ელოდებიან გიორგი წერეთელს ოჯახის წევრებიც, ხმაში ხავერდი რომ აქვს, თვალში - კეთილი ნათელი და თმაში ვერცხლი...
P.S. ჩვენ ხშირად საკმარისად რელიგიურები ვართ იმისთვის, რომ არ გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ არასაკმარისად მორწმუნენი, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. იმედია, ამ მცირე სტატიას სიძულვილით არავინ წაიკითხავს...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტკივილით სავსე გზა გამარჯვებამდე
"წლობით რომ დატოვებ, იმ ბავშვმა აღარ იცის დედის სიყვარული"
"მესმოდა აივნებიდან ტაში, ტირილი შეძახილთან ერთად - "ადიო ფელიჩე"
"ისე გადავეხვიე, თითქოს და, ფრონტზე დაკარგული ბაბუა აღმომეჩინოს..."
"მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან"
ბარსელონაში მცხოვრები ქართველის გულახდილი ინტერვიუ
"ძალიან უყვართ ქართველები. ამ კეთილგანწყობას რომ არ ვგრძნობდე, მართლა ვერ გავჩერდებოდი აქ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი