სააღდგომო პასქის რეცეპტი "დიასახლისების მხსნელისგან" - გზაპრესი

სააღდგომო პასქის რეცეპტი "დიასახლისების მხსნელისგან"

მადლიერების წერილებს მთელ მსოფლიოში მიმობნეული ქართველებისგან იღებს "იუთუბის" საკუთარ არხზე, რომელსაც "აპოლინეს სამზარეულო" ჰქვია. ამ წერილებში გემრიელის ეპითეტით ხან თავად მას ამკობენ, ხან კი მის შემოთავაზებულ კერძებს. "გემრიელი", "გულიანი", "დიასახლისების მხსნელი", "ოქროსხელება", "ტკბილხმიანი", "კეთილი ენერგიის მფრქვეველი" ქალბატონი თბილისელი ლალი ჭიღლაძეა, რომელიც ახლა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობს მეუღლესა და სამ შვილთან ერთად. ამ საგანგებო ვითარებაში ოჯახიდან ერთადერთია, რომელიც მუშაობს. არ წუწუნებს დაღლაზე, რადგან ის ასეთია - პოზიტიური და გონიერი. სიყვარულით სავსე ოჯახის კარგი, ქართველი დედა.

- ლალი, ორასზე მეტი კერძის რეცეპტი გაქვთ. პურის რეცეპტი ერთი კვირის წინ გამოჩნდა და ის უკვე 30 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს დროის მოთხოვნით გააკეთეთ?

- მას მერე, რაც საგანგებო ვითარება გვაქვს, ჩემი ოჯახისთვის ხშირად ვაცხობ პურს ამ რეცეპტით, სახლიდან ზედმეტად გასვლის აუცილებლობა რომ ავირიდო. ვიფიქრე, ჩემს "გამომწერებსაც" გამოადგებოდათ. "ნახვების" მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაამართლა.

- თქვენზე გვიამბეთ რამე...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, 2002 წლიდან მიუნხენში ვცხოვრობ. პროფესიით მუსიკოსი გახლავართ, თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით, თუმცა ახლა სულ სხვა საქმით ვარ დაკავებული.

- გერმანიაში რა განზრახვით გაემგზავრეთ?

- აქ "ოპერ გოგონად" წამოვედი. იმ პირველ პერიოდს ვერასდროს ვიხსენებ კარგად, რადგან ეს არ იყო ლამაზი და კარგი გზა. გამიჭირდა თავის დამკვიდრება. პირველ რიგში, ენის ბარიერი მიშლიდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლამდე გერმანულს ვსწავლობდი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ცოდნა სრულებით არ იყო საკმარისი. ალბათ ამ მიზეზის გამო, ოთხი ოჯახი გამოვიცვალე ჩამოსვლიდან მოკლე ხანში. სრულიად მარტო ვიყავი. არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა ჩემი ბედი, მომავალი მეუღლე რომ არ გამეცნო. ის ჩემი თანატოლია, ორივე გამოუცდელები, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ მას, მიუხედავად იმისა, რომ არც ისაა გერმანელი, მაინც სხვა ვითარება ჰქონდა, ის აქ, ამ ძალიან კარგ ქალაქში არის დაბადებულიც და გაზრდილიც. საოცარი ადამიანური თვისებები აღმოაჩნდა, ამან უფრო განმიმტკიცა მისდამი სიყვარული და ცოლად გავყევი. დღეს უკვე სამი შვილი გვყავს: უფროსი ვაჟი, ამიკო 16 წლისაა, შუათანა, ანა, 12-ის, ყველაზე პატარა, იასმინი კი ახლახან 7 წლის გახდა. ვისაც ოჯახი აქვს, იცის, რომ ცოლქმრობა არაა იოლი, ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევს, ჩვენს შემთხვევაში ამას კულტურული, ენობრივი ბარიერებიც დაერთო, მაგრამ შეუღლებიდან დღემდე, თანაბრად გვიწევს კომპრომისებზე წასვლა, ამას რომ გულწრფელად ვამბობ, ჩვენი თანაცხოვრების ხანგრძლივი გზა ამტკიცებს.

- რა პროფესიისაა თქვენი მეუღლე?

- თავისი პატარა ბიზნესი აქვს, მაგრამ ახლა სახლშია, კარანტინის გამო. რა თქმა უნდა, ეს დისკომფორტია, თუმცა ვცდილობთ, ამ ვითარებასაც გავუმკლავდეთ. როცა საგანგებო ვითარება გამოცხადდა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადი ბონუსი გაეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი საქმე აქვთ, მაგრამ იძულებულები გახდნენ საქმიანობა შეეჩერებინათ.

- როგორია ახლა თვითიზოლაციაში მყოფი მიუნხენი?

- სახლში არ ვრთავთ ტელევიზორს, რადგან გადაჭარბებული ინფორმაცია სტრესს იწვევს, მერე ეს სტრესი ერთმანეთზე გადაგვაქვს, ჯობს სხვა საქმით დავკავდეთ. ბავშვებს სამეცადინო აქვთ. მართალია, ამის გამო "ვომობთ", მაგრამ იციან, რომ როდესაც დედის ელექტრონულ ფოსტაზე მათი სამედიცინო ფაილები მოვა, უნდა იმეცადინონ. აქ ვიდეოგაკვეთილები არ გვაქვს, ყველა სკოლის მოწაფე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იღებს დავალებებს. არც ჩემი მეუღლეა უსაქმოდ, როდესაც ვირუსი უკან დაიხევს, მან თავისი ბიზნესსაქმიანობა უნდა გააგრძელოს, ალბათ ამას დასჭირდება ახალი მიდგომები. გარდა ამისა, მე ხომ თითქმის მთელი დღეები წასული ვარ, ბავშვები კი სახლში არიან და მათ ადევნებს თვალს - ესეც დიდი საქმეა. რამდენიმე წელიწადია სამედიცინო კლინიკაში ვმუშაობ, ის კორონავირუსამდე სარეაბილიტაციო ცენტრი იყო, სადაც ნუტრიციოლოგად ვმუშაობდი, ახლაც იმავეს ვაკეთებ, მაგრამ მოვალეობები დამემატა. ახლა ყოველ წუთას მიწევს ვირუსთან შეხება. უკვე რამდენჯერმე გაგვიკეთეს აქ მომუშავე პერსონალს ვირუსზე ტესტი, ესეც გარკვეულად გძაბავს. ბოლო კვირაში შვიდივე დღე ვიმუშავე, მერე ერთდღიანი შესვენება მომცეს...

რაც შეეხება მიუნხენის ქუჩას, აქ საგანგებო ვითარება არ შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, დაკეტილია ყველაფერი, მუშაობენ მხოლოდ სუპერმარკეტები, ბანკები, ფოსტა, პოლიცია და საავადმყოფოები, მაგრამ ხალხი ჩაკეტილი არ არის. მათ აქვთ უფლება ისეირნონ, ძაღლები ასეირნონ. უბრალოდ, აკრძალულია შეკრება, ღონისძიების მოწყობა და სტუმრად სიარული. თუმცა, ბავშვებს ვერ შეხვდებით ქუჩებში, ისინი ძირითადად სახლში არიან. ჩვენ შვილები, როცა ამისი დრო გვაქვს, ქალაქგარეთ, ბუნებაში გაგვყავს...

ბანკში, სუპერმარკეტებში ადამიანები ზედმიწევნით იცავენ დისტანციას, რაც საკმაოდ გძაბავს, უჩვეულოა და უსიამოვნო. გამონაკლისი არ არსებობს, ეს ნორმაა. არ უნდა დაარღვიო ორმეტრიანი დისტანცია, თუ არ გინდა, კეთროვანივით გაგექცნენ.

- კარგა ხანია შევთანხმდით, რომ დედამიწა დაპატარავდა, განსაკუთრებულად ეს ინტერნეტის გამოგონების შემდეგ შევიგრძენით ადამიანებმა; ახლა გაჩნდა ახალი განცდა, რომ ყველანი, მთელი დედამიწის მოსახლეობა ერთმანეთთან რაღაც უხილავი ჯაჭვით ვართ გადაბმული, რომლის გაწყვეტასაც თვითიზოლაციის გამოყენებით ვცდილობთ. მიუხედავად ამისა, ქვეყნები, ადამიანები მაინც ძალიან განვსხვავდებით.

- დიახ, ამ განსხვავებას კორონავირუსის აღქმაშიც აშკარად ვგრძნობ. საქართველოდან მეტი ფორიაქი, მეტი სიმძაფრე, თუნდაც სტრესი მოდის. აქ ვერ ვხედავ პანიკურს ვერაფერს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ეს ხალხი ზედმეტად ადვილად ხომ არ უყურებს ამ ყველაფერს-მეთქი.

GzaPress

- რატომ გახდით ბლოგერი? - ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საქართველოში ცხოვრების პერიოდში ბევრ დროს ვატარებდი სამზარეულოში, მაგრამ როცა ორი ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით შემეძინა, მივხვდი, რომ მშობლების დროის დეფიციტის გამო, აქაური ბავშვები მეტ-ნაკლებად ზარალდებიან იმით, რომ ხშირად უწევთ სახლის გარეთ ან მოტანილი საკვებით კვება. ბავშვებს უყვართ გარეთ ჭამა, ამას ვერ წაართმევ, მაგრამ მე სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი ჩემი ოჯახური ცხოვრება. მინდოდა დამენერგა წესი, რომ დღეში ერთხელ მაინც, მთელი ოჯახი ერთი მაგიდის ირგვლივ შევკრებილიყავით, ამიტომ კერძების მომზადება დავიწყე. რაკი დიდი კულინარიული ცოდნა არ მქონდა, რეცეპტების მოძიება მჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ადვილი, რადგან არც "იუთუბი" არსებობდა და არც ჩემს გემოვნებაზე მორგებული სამზარეულოს წიგნები იყო იოლად მოსაძებნი. მეტიც, ბევრი რეცეპტი ან დაუსრულებელი იყო, ან ბუნდოვანი. ამ მიზეზით, ხშირად, ჩემი სამზარეულოში წამოწყებული კულინარიული ომი, დიდი მარცხით მთავრდებოდა, თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია და რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩემი დამუშავებული და გამოცდილი საკმაოდ მნიშვნელოვანი რეცეპტების სია შევქმენი... როდესაც რეცეპტს აწვდი მაყურებელს, ვფიქრობ არ უნდა დაუტოვო მას პასუხგაუცემელი კითხვა.

- უკვე მეხუთე წელიწადია, რაც ბლოგერი ხართ. ბევრისთვის გასაკვირად, მხოლოდ ქართულენოვანი ბლოგერი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია გერმანული აღარანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენს თქვენთვის. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ამით აუდიტორიას იზღუდავთ?

- ვიდეოს, გადაღების შემდეგ, დამუშავება სჭირდება. თავად ვიღებ და ვამონტაჟებ, თუმცა ეფექტებს ჩემი გუნდის წევრი ადებს... ოღონდ, სხვა რამე მინდა ახლა ვთქვა. 18 წელიწადი დიდი დროა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, მით უფრო, როცა ოჯახი და სამი შვილი გყავს, მაგრამ აქ თავს მაინც უცხოდ ვგრძნობ. აქაური მოქალაქე ვარ, მაგრამ გერმანია მაინც იმ ქვეყნად რჩება, რომელშიც უბრალოდ ვცხოვრობ იმედით, რომ როცა ჩემი შვილები წამოიზრდებიან და აღარ დასჭირდებათ დედ-მამა ისე, როგორც ახლა სჭირდებათ, ავიბარგები ქმართან ერთად და წავალ უკან, ჩემს სახლში, საქართველოში. იმ პატარა მონაკვეთს, რომელიც მერე დამრჩება, ტკივილის გარეშე, ჩემს ქვეყანაში გავატარებ. ისე მაკლია ჩვენი ხალხი, ქართული ურთიერთობა, რომ ეს ვიდეოები ჩემი სულის ამოძახილია, ამიტომაა ის ქართული და ვუძღვნი ჩემს ხალხს და ბებოს, რომელიც ჩემი ბავშვობის უტკბილესი მოგონებაა. აქედანაა ჩემი არხის სახელიც, აპოლინე. ის მამაჩემის დედის, ჩემი გურული ლენა ბებოს ზედმეტი სახელია, რომელსაც შვილიშვილები ვეძახდით. "უკარგესი ხელი" ჰქონდა, ისეთ რაღაცას გააკეთებდა არაფრისგან, თითებს ჩაიკვნეტდი. საოცარი ხედვა ჰქონდა, თამამიც, როგორც მერე მივხვდი. ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ყველაფერი ჭირდა, აიღებდა რაღაც ფოთლებს, გადაახვევდა ამ ფოთლებში ბრინჯს და ჩამოგვირიგებდა ბავშვებს. უგემრიელესი იყო. ვერ დავესწარი მის დაკრძალვას... ახლა ბებიაჩემის სახელით წიგნის გამოცემასაც ვგეგმავ. ეს ლექსიკონივით იქნება - საკვების ლექსიკონი, სადაც ყველა რეცეპტი ბოლომდეა გაშიფრული. გამუდმებით ახლის ძიებაში ვარ. რა თქმა უნდა, ქართული კერძები ჩემი ოჯახის სადღესასწაულო სუფრისთვის აუცილებელი რამ არის, ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ და მეუღლეც, თუმცა ვცდილობ, ჩვეულებრივ დღეებში ძალიან არ გადავტვირთო ქმარ-შვილი. განსაკუთრებით მეუღლე, რომელიც აშკარად ვერ უძლებს ამდენ ნიგოზს, არადა, ჯიუტად მიირთმევს.

- ჩვენს მკითხველს რომელ რეცეპტს შესთავაზებთ?

- სააღდგომო საჩუქარი მაქვს "გზის" მკითხველისთვის. დარჩით სახლში და გამოაცხვეთ პასქა, რომელსაც ინგრედიენტების სწორად შერჩევის გარდა, თავისი წესები აქვს. უნდა იყოთ კარგ ხასიათზე და სიამოვნებით აკეთებდეთ ამას. გვჭირდება უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და არ უნდა ვიჩქაროთ. ინგრედიენტები:

GzaPress

8 საშუალო ზომის კვერცხი; 2600-2800 გ ფქვილი; 1 ლ რძე; 500 გ მარგარინი და 250 გ კარაქი; 1 კგ შაქარი; 80-100 გ ნედლი ან 3 ს/კ მშრალი საფუარი; 150 გ არაჟანი; 150 მლ ზეთი, 300 გ ცუკატები; 300 გ ქიშმიში; ზაფრანის ღერები; 1 ჩ/კ ილი; ნახევარი ჩ/კ დარიჩინი; ნახევარი ჩ/კ მიხაკი; 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი; 50 მლ კონიაკი, ვანილი.

მომზადების წესი:

თბილ რძეს მოვათავსებთ თასში. დავამატებთ საფუარს, კოვზ შაქარს და იმდენ ფქვილს, რომ არაჟნის კონსისტენციის ცომი მივიღოთ. ვურევთ კოვზით. გავაჩერებთ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ამოვა, ისევ მოვზელთ კარგად და დავდგამთ თბილ ადგილას.

ცალკე ვთქვეფთ 8 კვერცხს შაქართან ერთად, დავუმატებთ ცოტა მარილს და ვანილს. უნდა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ ვუმატებთ 150 გ არაჟანს.

მიღებულ მასას ვურევთ ცომში.

ცალკე ვადნობთ კარაქს, მარგარინს და ვუმატებთ ზეთს, ესეც გადაგვაქვს ცომში და ისევ კარგად უნდა მოვზილოთ. შემდეგ მასში ვახეხავთ 2 ფორთოხლის კანს, ერთი ლიმონის ქერქს, დავუმატებთ კონიაკში წინასწარ გახსნილ სუნელებს.

ახლა ვიწყებთ ფქვილის დამატებას. ფქვილი პორციებად და ნელ-ნელა შეურიეთ და ისე მოზილეთ ცომი, რომ ოდნავ წებოვანი იყოს. გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააგრძელეთ ზელა. შემდეგ ვტოვებთ ჯამში ცელოფანით თავდახურულს ამოსასვლელად. სჭირდება 3 საათი სითბოში.

ამასობაში ქიშმიში დაალბეთ ცხელ წყალში, დაამატეთ კონიაკიც. გააჩერეთ ერთი საათი, გააშრეთ ქაღალდზე. დაამატეთ ერთი კოვზი ფქვილი, ესეც გააშრობს.

3 საათის მერე კიდევ ერთხელ ჩაზილეთ ცომი. ამისთვის აღარ ვიყენებთ ფქვილს, მხოლოდ ცოტა ზეთს, ხელებზე რომ არ მიგვეკროს. კარგად გადაზელილ ცომს ჩავაზელთ ქიშმიშს და ცუკატებს. მოვათავსებთ ფორმებში. ცომმა ფორმის 1/3 უნდა შეავსოს. ვდებთ სითბოში, 40 წუთის განმავლობაში.

გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 15 წუთით, შემდეგ დაუწიეთ 160 გრადუსამდე და ზედა და ქვედა წვა ჩართეთ ერთდროულად. გამოსაცხობად კიდევ 20 წუთი დასჭირდება. არ გამოაღოთ ღუმელი გამოცხობამდე, თორემ ჩავარდება. გაცივების შემდეგ პასქა სურვილისამებრ მორთეთ.

დეა ცუცქირიძე