"კაცი, რომელიც კვდებოდა, ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი "უპატრონოდ" რჩებოდა"
font-large font-small
"კაცი, რომელიც კვდებოდა, ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი "უპატრონოდ" რჩებოდა"
იტალიელი მოხუცების საოცარი სიყვარულის ამბავი

"ჭინჭარი" - ასეთია მისი ფსევდონიმი. უკვე 5 წელია, რაც იტალიაშია და საინტერესოდ წერს ემიგრანტობაზე. ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ის არის, რომ ბევრისგან განსხვავებით, სხვანაირად ფიქრობს მიტოვებული შვილებისა თუ მშობლების ბედზე...


შეხვედრა დომენიკოსთან
"ავიღე ჩემოდანი და დავადექი გზას. რეგისტრაციის რიგშივე გავიცანი თანამგზავრები. ათენის აეროპორტში, ვისი გზაც რომში მიდიოდა, შევგროვდით. დაძაბულები ვიყავით, დაბნეულები. ძალა მოვიკრიბე და რომიდან მამაჩემს დავურეკე. აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე იოლად გავიგენი გზა, ისევ ქართველებთან ერთად. შემიტყუა ერთმანეთზე ზრუნვის სცენამ, მეამაყა, გული ამიჩუყდა. ნეაპოლში, სადგურის დარბაზში მარტო დავრჩი. ანგარიშზე აღარ მქონდა, რომ დამერეკა. მეწერა წინადადება, როგორ მეყიდა ბილეთი, მინის მიღმა მჯდომი ქალი კი რაღაცას მეკითხებოდა. ალბათ, გამგზავრების ჩემთვის სასურველ დროს, მაგრამ მაშინ ლოგიკური არაფერი იყო ჩემთვის, გაოგნებული ვიყავი. აპარატით ვიყიდე ბილეთი, სხვებს ვუყურე, როგორ ხდებოდა და ისე. მე-13 ბაქანი იყო. ვერ მივაგენი. მატარებელი ნახევარ საათში გადიოდა. ვიღაც კაცმა ბილეთი გამომართვა, ჩემოდანი აიღო და ხელებით გამაგებინა, გავყოლოდი. მატარებლის მოსვლამდე იცდიდა, ამიყვანა და დამაბინავა. გამცილებელს ელაპარაკებოდა. ისიც მზრუნველად მიხსნიდა რაღაცას. მშიოდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. მწყუროდა, მაგრამ წყალი არ მქონდა. ჩასვლის მეშინოდა. სამოც წლამდე კაცი დამიჯდა წინ, წიგნს კითხულობდა. აჰ, წიგნი! "სამოსელი პირველი" მქონდა თან. ჩავედით, მე - რეჯოში, დომენიკო - კამორაში. ის კაცი მთელი გზა ჩემს ცრემლებს უყურებდა და ვინ იცის, რას ფიქრობდა; ვიდრე არ ნახა, რომ ვიღაცამ მომაკითხა, არ წავიდა. თვეების შემდეგ, უცნაური დამთხვევით, ისევ შემხვდა სადგურზე, მშობლების სახლში წამიყვანა და დღემდე დედამისს ვუვლი..."

"ჩამოსული ბევრი მინახავს, წასული არავინ"
"ორი რამ მაღიზიანებს ჩამოსვლის დღიდან - ემიგრანტებს გმირებს რომ უწოდებენ და ემიგრანტების სახელით ლაპარაკობენ. არც მე ვილაპარაკებ ემიგრანტების სახელით, მაგრამ შესახებ - კი. ბოლოს და ბოლოს, თითქმის 5 წელია ემიგრანტი ვარ და იმაზე მაინც ვერავინ მომედავება, რომ თქმის უფლება არ მაქვს. იტალიაში, ჩემი გათვლით, 3 წლით წამოვედი. რომ ვთქვი, სასაცილოდ არ ეყოთ ქალებს. 2 წელი რომ გავიდა და ფინანსურ პრობლემებს ისევ ვერ დავაღწიე თავი, მივხვდი, მართალი იყო ხუმრობა - ჩამოსული ბევრი მინახავს, წასული არავინო. მეც მეცინებოდა მერე ორწლიანი გეგმით ჩამოსულებზე. ჩვეულებრივი ამბავი გახდა - ემიგრაციიდან არავინ ბრუნდება, არც ისინი, შვილებს რომ იფიცებენ, ვერ ვძლებ, ერთ წელში წავალო. რატომ ხდება ასე? "ჭინჭარის" აზრით, ადამიანი იოლი გამოსავლის მოტრფიალე გახლავთ და იმიტომ. არა, ემიგრანტობა არ არის იოლი, ძალიან რთულია... მწარეა, მაგრამ ემიგრანტობის ტკივილია ტკბილი - კმაყოფილი ხარ, რომ მსხვერპლად ეწირები. მეტი აღარაფერი გევალება. აღარანაირი პასუხისმგებლობა, ემიგრანტი გახდი და მორჩა! მსხვერპლი ხარ, მაშასადამე, თავისუფალი პასუხისმგებლობისგან. თუ ქმარი გიღალატებს, იტყვი, რომ შვილებისთვის იყავი "გადავარდნილი" და დამნაშავე მხოლოდ ქმარია; თუ შვილი გზას ასცდა, იტყვი, რომ მხოლოდ მისთვის გაწირე თავი და მან არ დააფასა; თუ დედა ემიგრაციაში ყოფნისას კამერით დაიტირე, მსხვერპლი მაინც შენ ხარ - შვილებისთვის თავგანწირულმა მშობელი დედაც კი ვერ ნახე უკანასკნელად, ყველაზე მეტად სწორედ შენ შეეცოდები ყველას. აი, რა დამოკიდებული ხდები სიბრალულზე. როცა ვინმეს არ ებრალები, სიბრაზე გახრჩობს! როგორ, შენ ემიგრანტი ხარ და არავის უნდა ეცოდებოდე? ემიგრანტი ხარ და ყველა ვალდებულია თანაგრძნობას და უპირობო პატივისცემას გამოხატავდეს შენ მიმართ! როგორ თუ რატომ? შენ ხომ საკუთარი ოჯახისთვის თავი გაწირე და სამშობლო დატოვე! შენი გმირობა თაობებს უნდა შემორჩეს! სწორედ იმ თაობებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება დათვურ სამსახურს უწევდი და რადგან შენი ოჯახისგან ოდნავ სიბრალულს ვეღარ გრძნობ, ახლა სამშობლოს ავალდებულებ, ებრალებოდე. სიბრალული - ემიგრანტის მთავარი "საკვები" ანუ ემიგრაციაში ჩარჩენის პირველი ნიშანია..."
GzaPress
"ხომ შეიძინეთ ყველაფერი, რაზეც თქვენი ოჯახის წევრები ოცნებობდნენ"
"წლები გავიდა, დავიღალე, შინ დაბრუნებაზე უფრო ხშირად ვფიქრობ. რაც გუშინ შემეძლო, დღეს შეუძლებელია; რასაც გუშინ ვუძლებდი, დღეს ვეღარ ვუძლებ; რაც გუშინ მინდოდა, დღეს აღარ მინდა... ემიგრანტობის ეტაპები თანამიმდევრობით გავიარე. ყოველი დღე დომენიკოდ გადაქცევა იყო - დაბრუნების შიში, რომ დავბრუნდე, ვაითუ... ასე როგორ დავბრუნდე, დომენიკოსავით როგორ დავბრუნდე? თქვენ შეიძლება საერთოდ არ იცით, ვინ არის დომენიკო. შეიძლება დომენიკო იცით, მაგრამ არ იცით, რომ დომენიკო ხართ. დომენიკოობაა, შინ რომ ვერ ბრუნდებით. თქვენ მოაგვარეთ ფინანსური პრობლემები, რის გამოც ემიგრანტი გახდით; ასწავლეთ შვილებს, შეიძინეთ და გაარემონტეთ სახლები, გაქვთ მანქანები, ტექნიკის ბოლო მოდელები - ყველაფერი, რასაც ემიგრატობისგან ელოდით; ყველაფერი, რისთვისაც ჩამოხვედით, მაგრამ რატომღაც, შინ დაბრუნება მაინც არ ხერხდება.
ღმერთო, როგორი ნათელია, რომ ყოველი ჩავლილი, გაძლებული დღე ჩემი სახლისთვის გამოცლილი ბოძია, ჩემი ცხოვრებისთვის მოპარული საუკუნეა და მაინც ფიქრობ, ასე როგორ დავბრუნდე? ხომ თქვენც გიფიქრიათ, ცარიელი როგორ დავბრუნდეო? ხომ თქვენც აღიარებთ, რომ 10 წლის შემდეგაც ცარიელი ხართ? ხომ შეიძინეთ ყველაფერი, რაზეც თქვენი ოჯახის წევრები ოცნებობდნენ? ხომ გაქვთ კომფორტული სახლი და გყავთ გზაზე დაყენებული შვილები? და როცა გუშინდელზე მძიმეა თვალების გახელა, როცა ყველაფერზე მეტად საკუთარ ჭერქვეშ გაღვიძება გინდათ (ყოველი ღამის ოცნება), რატომღა გეფიქრებათ, ცარიელი როგორ დაბრუნდეთ? ხომ თქვენი შექმნილია იქ ყველაფერი? რატომ არ ვაღიარებთ, რომ იქ, სადაც ჩვენი გაფრენილი წლები ითვლება, სანაცვლოდ არაფერი გროვდება? ამდენი წელი რომ სიცარიელეზე ვცვალეთ, რატომ არ ვაღიარებთ?"

"პატივს არ გვცემენ იმიტომ, რომ არ ვიმსახურებთ"
"მე არალეგალი ვარ, მაშასადამე, მიგრანტი, ანუ ზედმეტი ხარჯი იტალიისთვის, დანაზოგი - პესკების ოჯახისთვის, ემიგრანტი - საქართველოსთვის. არ მაქვს მუშაობის, სწავლის კანონიერი უფლება; არ მაქვს უფლება, გამოვხატო პროტესტი; ქუჩაში შესწრებულ უმსგავსობაზეც კი ვერ ვამბობ ვერაფერს, მაგალითად, ვერ ვუთითებ იტალიელ ქალს, რომ მოძრაობის წესი უხეშად დაარღვია, დაანაგვიანა ქუჩა; იმიტომ, რომ სხვის მიწაზე, სხვის ქვეყანაში არაკანონიერად ვიმყოფები, არ მაქვს სამედიცინო დაზღვევა; პენსია, რომელსაც მე ხელფასად მიხდიან, იგზავნება საქართველოში; არ მაქვს სამუშაო კონტრაქტი, ანუ არ ვიხდით გადასახადებს არც მე, არც - ოჯახი; შვებულებით ვერ ვსარგებლობ, არ მინაზღაურდება დღესასწაულები. იტალია არ არის ჩვენი სამშობლო და ამაყად გვჯერა, რომ ჩვენი სამშობლო საქართველო ჩვენს კისერზე დგას (ხომ მოგისმენიათ, რომ ემიგრანტებმა გადაარჩინეს საქართველო).
უნდა ვუყვარდეთ თუ არა იტალიელებს? უნდა ვუყვარდეთ იმიტომ, რომ ქართველები ვართ, ღვთის რჩეული ერი და სამყარო ვალდებულია ვუყვარდეთ. რომელი იტალიის ისტორია და კულტურა, ქართულთან ყველაფერი ზღვაში წვეთია - ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არ მოგვწონს იტალიური ენა, ტრადიციები, არაფერს ვაფასებთ იტალიურს და გული გვწყდება, რომ ჩვენზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაფერი იციან. ჩვენ ჩამოსულები ვართ სამუშაოდ, არაფერს ვითხოვთ ამ ქვეყნისგან სხვას - მხოლოდ ის სამუშაო გვჭირდება, რომელსაც უკიდურესი გაჭირვებულების გარდა, იტალიელები არ აკეთებენ. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ და ერთმანეთს ვერ ვიტანთ. ათი ჩვენგანიდან ცხრა ამბობს, რომ ქართველებს ერიდება, მაგრამ ათივე მოვითხოვთ, პატივი გვცენ იტალიელებმა. ერთი ქართველი გოგოს ნათქვამი მახსოვს, ჩეხეთში სწავლობდა, მგონი - ყველანი ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართო. ამიტომ იცნობენ ცუდად და ცუდი მხარეებით საქართველოს. რა აზრი უნდა შეექმნას იტალიელს, როცა ხედავს, ე.წ. ქართველების ბაღში როგორ ყაყანებენ ქალები? როგორ სვამენ და ჭამენ ქუჩაში, როგორ აბინძურებენ ქალაქს, როგორ იმხობენ თავზე ბარებს და ქუჩებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის შეუფერებელი ქცევით. როცა იტალიელ პოლიციელს, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე იმ ქალების გაშველება უწევს, რომლებიც სამუშაოდ მოვიდნენ მათ ქალაქში და მოწყალებასავით ითხოვენ სამსახურს? როცა ხედავენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელები ვართ? როცა ესმით, რომ ქართველმა მოიპარა საცვალი იმ მაღაზიაში, სადაც მათი შვილი, ნათესავი თუ მეგობარი მუშაობს და ნაქურდალი ნივთის ღირებულება მათიანის გადასახდელი გახდა? როცა ხედავენ, რომ ყველაფერს ვითმენთ კაპიკებისთვის, როცა იციან, რომ მათი მოხუცი მშობლებით ვვაჭრობთ და სამსახურებს ერთმანეთზე ვყიდით? ჩვენ არაკანონიერად ვართ სხვის ქვეყანაში და კანონებით ვლაპარაკობთ. მოვითხოვთ, იტალიელებმა გვცენ პატივი მათსავე ქვეყანაში, მაგრამ პატივს არ გვცემენ იმიტომ, რომ არ ვიმსახურებთ!"
GzaPress
სიყვარულის ამბავი
"რენატო 13 წლის იყო. უმამოდ იზრდებოდა, დედასა და პატარა ძმასთან ერთად. ერთი შარვალი და ძმასთან საზიარო პერანგი ჰქონდა. გაჭირვებით ნაყიდ ან წაბლზე გადაცვლილ ხორბალს ზურგზე იკიდებდა და უახლოეს დასახლებაში, წისქვილში მიჰქონდა. იხსენებდა, დილას პური რომ აღარ გვქონდა, დედაჩემი შემწვარ სოკოს და წაბლს მიყრიდა პატარა, მოქარგულ ტომსიკაში, გზაში ჭამეო. გზა რომ გამოჩნდებოდა სიბნელეში, იმ დროს მივდიოდი წისქვილში და ვახშმობას ვუსწრებდი დაბრუნებასო. გზადაგზა მხოლოდ წყაროებთან ვისვენებდი, ვიცოდი, მშიერი ძმა მელოდებოდაო. ერთ წყაროზე როზა ნახა. პუტკუნა, სავსე მკერდით, გრძელი ნაწნავით, კოჭამდე ჭრელი კაბით იდგა და მიყურებდაო. შეუყვარდა როზა, როზასაც შეუყვარდა. უკითხავს რენატოს, ვინაა ეს გოგოო? უთქვამთ, როზალბინო რუსოს ქალიშვილია, არც იოცნებო, ვინ მოგცემს მაგის თავსო.
როზალბინო რუსო ალბის ტყის მცველი იყო. უიმისოდ ტყეში ჩიტი არ დაფრინავდა და სახელიც ჰქონდა გავარდნილი, ბუნების კანონივით სამართლიანი კაციაო. მშიერი ძმის წარმოდგენაზე, ანთებული თვალები ჩამიქრა და სახლში წავედიო. მეორე დღესვე დაბრუნებულა წყაროზე, ოთხი საათი უვლია. როზა ნაცრისფერი, თეთრი მაქმანებით გაწყობილ კაბაში იდგა წყაროსთან და რენატოს ელოდებოდა თურმე. მერე უთქვამს, ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდიო. 30 კილომეტრს გადიოდნენ ერთმანეთის სანახავად. ერთი წლის შემდეგ როზას დედასთან მისულა რენატო, - ქალბატონო, მიყვარს თქვენი შვილი, სიღარიბე ვერ დამიდგება წინ და ნურც თქვენ ეცდებითო. როზას დედა კატერინა, ცნობილი თავისი მკაცრი ხასიათითა და სიავით, ახარხარებულა, - წადი, შვილო, დედის რძის სუნი აგდისო. ამასობაში რენატოს ზეთის ხილის პლანტაცია ერგო მემკვიდრეობით. დღეში ასჯერ ვკოცნიდი ხეებს, მთელი ჩემი მომავალი მათზე იყო დამოკიდებულიო. ზეთისხილმა ივარგა. რენატო გაიზარდა და გაიმართა. როზას მამამ ქორწინების უფლება მისცა, - ჩემს შვილს შენზე მეტად არავინ შეიყვარებს, გაძლევ ქალსო, მაგრამ ომი დაიწყო... რენატო გაიწვიეს.
წერილები ხან იკარგებოდა, ხან ჩადიოდა როზამდე.
ერთ მეზობელს დააბარა რენატომ, ეს ბრძოლა დამთავრდება და შვებულებით ჩამოვალო. სწორედ იმ დღეს, აფეთქებისას, რენატოს ნამსხვრევები ჩაუცვივდა პირში. ერთი ნამსხვრევი ღრძილში ჩარჩა. ამის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეორე დღეს, გემით გამგზავრებამდე, საავადმყოფოდან პროცედურების გამო დააგვიანა გამოსვლა და მისკენ გაქცეულმა თავისი თვალით ნახა, როგორ აფეთქდა გემი. ათი წუთით დააგვიანა სიკვდილამდე. როზას გემის აფეთქება რომ გაუგია, გლოვა დაუწყია. თავისი ხელით მოქარგული შავი თავსაფარი ეხურა თურმე, იმ საკაბის ნაჭერი, რომელიც რენატომ წასვლისას აჩუქა. რენატო მეორედ მაშინ გადაურჩა სიკვდილს, დაცემული მეგობრის ასაყენებლად შემთხვევით რომ დაიხარა. მესამედ დაიჭრა, მაგრამ თითში. ოცი კაციდან მარტო დავრჩი, ასეთი იღბალიც არ მინდოდაო. დაბრუნდა რენატო. 1946 წელს იქორწინეს. ქორწილის შემდეგ, სახლში რომ დავბრუნდით, გვშიოდა, მაგრამ მხოლოდ 200 გრამი მაკარონი გვქონდა და მეორე დღისთვის დავტოვეთო. როზას დედა ავად გახდა, რენატოსი - გარდაიცვალა. როზას პატარა დებს ერთად ზრდიდნენ. გაუჩნდათ შვილები, პირველი კანის მოურჩენელი ავადმყოფობით, მეორე - გულის. მეორე შვილი მოუკვდათ. შემდეგ კიდევ ორი შეეძინათ. დღე და ღამე მუშაობდნენ, 3 შვილისთვის უმაღლესი განათლების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. ქორწინების ორმოცდაათი წლის თავზე აქ, რეჯოში, იყიდეს თავიანთთვის სახლი. შვილები გზაზე გვეყენა, შვილიშვილებს ჩვენ ვუვლიდით, გვინდოდა, თავიანთი შრომით მიეღწიათ უკეთესი ცხოვრებისთვისო, - მეუბნებოდა ხოლმე.
ასეთ ცხოვრებას იოლი არ ეთქმის. პირველად რომ მომიყვა, მაშინ ვკითხე, ამდენი გადაიტანეთ, მაინც ასეთი მხიარული როგორ ხართ-მეთქი? აი, ამიტომო, - სავარძელში მჯდომ, უგონოდ მყოფ ცოლზე მიმითითა. მე ხომ როზამ მაცხოვრა ბედნიერად, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერება, იცი, რა არის? ჩემს ცოლს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ისიც ასე რომ იტყოდა ჩემზეო. მაშინ პირველად იტირა რენატომ ჩემი თანდასწრებით. მეორედ იმ ღამეს, ყელში გაჩხერილმა კიბომ სუნთქვა რომ გაუჩერა. კაცი, რომელიც კვდებოდა და ძალიან კარგად იცოდა ეს, ტიროდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი "უპატრონოდ" რჩებოდა. როზას, მართალია, სიტყვა არ უთქვამს, რაც ვიცნობ, მაგრამ სხეულის ენით ჰყვებოდა მთელ ისტორიას.
გვერდიგვერდ სავარძლებში ისხდნენ მთელი დღეები, ერთმანეთისკენ შებრუნებული სახეებით. თუ რენატო ხელს გაუშვებდა, როზა უკონტროლო ხდებოდა. საპირფარეშოში გასული რენატო იქიდან ეძახდა, მოვდივარ, საყვარელოო.
დილით გაიღვიძებდა თუ არა, ცოლს ჰკოცნიდა. როგორ მიკვირდა... შეტევის დროს რენატო სასწრაფოდ ავაყენეთ, როზამ ვერ გაიგო რენატოს ცუდად ყოფნა, მაგრამ სამოცდაათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საწოლიდან კოცნის გარეშე ამდგარი ქმარი რომ დაინახა, ბოლო ხმაზე იყვირა - რატომ?
როცა როზას კრიზისი ჰქონდა და ვერავინ ვეკარებოდით, რენატო შუბლზე კოცნიდა და ეჩურჩულებოდა, "ჩემო სიყვარულო, ელიზას დაუჯერე". როზაც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების აზრით, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, მორჩილად შემომხედავდა და კოცნას მიგზავნიდა. როზას ჩემ მიმართ აგრესია მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნახა, რომ მის ქმარს შევეხე სკამიდან წამოყენებისას. როგორც კი შვილი მოვიდა, ჩემზე ანიშნებდა, მომაშორეთო. რენატოს ბოლო დღეებში როზამ ლაპარაკი დაიწყო. უშველეთო, გვემუდარებოდა. რენატო ისე დავკრძალეთ, როზას გარდაცვლილი არ ვაჩვენეთ. თვეების განმავლობაში ეძებდა ქმარს. "რენა, რენა", - ყვიროდა სახლის ყველა კუთხეში. ორი წლის შემდეგ, შემთხვევით, რენატოს სურათი რომ ნახა, აღრიალდა, სად არისო. ყველა სურათი გადავმალეთ, რენატოს აღარ ვახსენებთ.
არც ერთ ფილმში, არც ერთ წიგნში, ლეგენდაში, მითოლოგიაში არ მსმენია ისეთი სიყვარული, როგორსაც 2 წელი საკუთარი თვალით ვუყურებდი. ეს იყო სიყვარული, რომელსაც მხოლოდ სიტყვებით კი არა, მხოლოდ საქმით კი არა, მთელი არსებით უმტკიცებდნენ ერთმანეთს..."
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტკივილით სავსე გზა გამარჯვებამდე
"წლობით რომ დატოვებ, იმ ბავშვმა აღარ იცის დედის სიყვარული"
"მესმოდა აივნებიდან ტაში, ტირილი შეძახილთან ერთად - "ადიო ფელიჩე"
"ისე გადავეხვიე, თითქოს და, ფრონტზე დაკარგული ბაბუა აღმომეჩინოს..."
"მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან"
ბარსელონაში მცხოვრები ქართველის გულახდილი ინტერვიუ
"ძალიან უყვართ ქართველები. ამ კეთილგანწყობას რომ არ ვგრძნობდე, მართლა ვერ გავჩერდებოდი აქ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი