"კოვიდი არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება" - გზაპრესი

"კოვიდი არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება"

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის, საბედნიეროდ, უკვე ბევრია გამოჯანმრთელებული. მათ შორის არის ამერიკაში მცხოვრები ექიმი ნინო ქავთარაძეც, რომელსაც 26 მარტს ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მოუვიდა. ნინო ქავთარაძე და ეკა მეტრეველი თითქმის 2 ათეული წელია, ამერიკაში ცხოვრობენ. ფილადელფიაში საკუთარი კლინიკა გახსნეს, პარტნიორები და კოლეგები არიან.

ეკა:

- ოჯახის ექიმები ვართ, სასწავლებელში გავიცანით ერთმანეთი და შარშან გადავწყვიტეთ, ჩვენი კლინიკა გაგვეხსნა. ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა პაციენტთა შემოდინება - ეშინიათ, ფრთხილობენ და პრევენციის მიზნით იღებენ ანალიზებს, რაც კარგია. ხომ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში და ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, ეს ყველაფერი რომ რეალურია. როდესაც ნინოს დადებითი პასუხი მოუვიდა, ამის დაჯერებაც გაუჭირდათ, განსაკუთრებით ქართველებს. ისიც თქვეს, თითქოს ეს სიმართლე არ იყო.

- ნინო, მომიყევი, რა სიმპტომები გქონდა, რატომ გახდა საჭირო ტესტის გაკეთება?

- როდესაც პანდემია გამოცხადდა, ტესტები ძნელი მოსაპოვებელი იყო. ლაბორატორიის წარმომადგენელს ჩივილით დავემუქრეთ ლამის, რომ ტესტები ჩვენი კლინიკისთვისაც გაემეტებინათ. მოგვცეს, მაგრამ მალევე მოგვთხოვეს, დარჩენილი ტესტები უკან დაგვებრუნებინა, ჰოსპიტალებში გვჭირდებაო. ველოდებოდით 5 პაციენტს, რომლებსაც ტესტები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ მოვიდნენ. ლაბორატორიიდან ყოველ წუთს გვირეკავდნენ და მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რაკი პაციენტებთან შეხება გვქონდა, თვითონ გამოგვეყენებინა. სხვადასხვა სამეცნიერო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% ისე ინფიცირდება და გადააქვს ვირუსი, ვერ იგებენ. შეიძლება ითქვას, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა მეც მსუბუქი ფორმებით მქონდა - მაწუხებდა დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება და თავის ტკივილი. არც ხველა, არც ცხელება არ მქონია. რამდენიმე დღის წინ თავი უსაშველოდ მტკიოდა და სტრესს დავაბრალე. რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც ეკას, თავის ტკივილმა ძალიან შემაწუხა-მეთქი.

ეკა: - არადა, ნინოსგან მსგავსი წუწუნი წარმოუდგენელი იყო. ვაიმე, ტკივილს რატომ არ მიყუჩებს წამალიო, წუხდა. დაღლილობას დავაბრალეთ. დღე-ღამეში 16 საათი რომ მუშაობ, როგორი გასაძლებია.

ნინო: - 3 დღეში მოვიდა პასუხი. ეკა სულ ამბობდა, მე არ მეშინიაო და სიმართლე გითხრათ, არც მე მეშინოდა. ეკამ ისეთი ხმით მითხრა, ტესტის პასუხები თუ ნახეო, რომ მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. დამიდასტურდა-მეთქი? - მაშინვე ეს ვკითხე. რადგან ჩემი დედამთილი დიაბეტიანია და თირკმლის პრობლემაც აქვს, მე და ჩემი მეუღლე თავიდანვე შევთანხმდით, რომ კლინიკაში გადმოვიდოდი საცხოვრებლად. ეკა და მისი მეუღლე მეხვეწებოდნენ, ჩვენთან იყავიო, მაგრამ როდესაც საკუთარ ოჯახს არ ვაყენებ რისკის ქვეშ, მათი ოჯახი რატომღა უნდა ჩამეგდო საფრთხეში? დაახლოებით ერთ კვირაში ვიგრძენი უკეთესობა. როცა კვლავ ენერგიული გავხდი და აღარც სისუსტეს ვგრძნობდი, მივხვდი, ჩემს ორგანიზმში ვირუსი აღარ იყო. ეს ამერიკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებულმა პასუხმაც დაადასტურა, განმეორებით ტესტზე პასუხი უარყოფითი მოვიდა. ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ ვიტამინების გარდა, არაფერი მიმიღია. "დ" ვიტამინს ვსვამდი წინა პერიოდში, კვირაში ერთხელ, "ც" ვიტამინიც დავლიე რამდენიმე დღე, ეს იყო და ეს. წყალი არ მიყვარს და იმ დღეებში ვაიძულე თავი, ბევრი სითხე მიმეღო. საერთაშორისო გაიდლაინები გვატყობინებენ, რომ ორგანიზმის მოსაძლიერებლად ვიტამინები უნდა მივიღოთ, ასევე დაემატა ცინკიც, ანუ თუთია. მნიშვნელოვანია, რომ თვითნებურად არ დალიოს არავინ, ექიმმა საჭირო დოზა უნდა დანიშნოს ინდივიდუალურად.

- დაინფიცირების წყაროსა და კონტაქტების კვლევა ალბათ, მანდ რთულია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა იყო?

- ერთ საღამოს დამეკონტაქტა ქართველი ქალი, დედამთილი ცუდად მყავსო და ისეთი სიმპტომები დამისახელა, შეიძლებოდა, ჰქონოდა კორონავირუსი, თუმცა არ გამოვრიცხე, ყოფილიყო შარდის ბუშტის ანთება. სამუშაო საათები მთავრდებოდა, მაგრამ ვუთხარი, თუ ანალიზს მოიტანდა, იმას მაინც გამოვრიცხავდი, რომ შარდის ბუშტის ანთება არ იყო. არადა, თვითონ ამ გოგომ ერთი დღით ადრე ჩვენთან გაიკეთა ტესტი და ნეგატიური პასუხი მოუვიდა. შეიძლება, უკვე გადავლილიც ჰქონდა ეს პერიოდი, რადგან მეუბნებოდა, ესა და ეს სიმპტომები მაქვსო. კარანტინამდე მომიწია ქალაქში გასვლამაც საქმეებზე და შესაძლოა, მაშინ დავინფიცირდი. შეიძლება, რომელიმე თანამშრომელსაც ჰქონდა უსიმპტომოდ. შემთხვევით რომ არ გამეკეთებინა ტესტი, მეც ხომ ვერ გავიგებდი?

- ხშირად აღნიშნავენ, რომ ამერიკა ვერ გაუმკლავდა გამოწვევას.

ეკა:

- უბრალოდ, გამოცდილება არ ეყო. ასეთი დონის ეპიდემიოლოგიური აფეთქება რამდენი ხანია, ამერიკაში არ ყოფილა და ვერ განსაზღვრეს მასშტაბი, ამაში მოიკიჭლეს. თავიდანვე თადარიგი რომ დაეჭირათ და მომზადებულიყვნენ, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, დეფიციტი მაინც შეიქმნებოდა, რადგან ამ მხრივ ჩინეთზე იყვნენ დამოკიდებულები. დემოკრატებს სწორედ ამის გამო საყვედურობდნენ "რესპუბლიკელები", რომ ობამას დროს წარმოების გატანა მოხდა საზღვრებს გარეთ. ასეთ სიტუაციაში სხვაზე ხარ დამოკიდებული და მარაგი აღარ გაქვს. GzaPress ნინო:

- თუმცა, შტატის გუბერნატორებმა მაინც იყოჩაღეს და დროულად გამოაცხადეს კარანტინი, ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ არა - ფატალური.

- ამერიკელების განწყობა როგორია?

ეკა:

- ვფიქრობ, ამერიკელები უფრო კანონმორჩილები არიან, ჩვენზე მეტად მშიშრებიც და აქედან გამომდინარეობს მორჩილებაც. როგორც გავიგე, უფრო ახალგაზრდები არღვევენ წესებს. ამას წინათ აქ, უახლოეს ეკლესიაში ხალხი შეიკრიბა, მეზობელმა პოლიცია გამოიძახა, ბევრი ხალხია და უსაფრთხო გარემო არ არისო. პოლიციამ ყველა გააფრთხილა, რომ ამდენი ერთად არ უნდა ყოფილიყვნენ.

ნინო:

- აქაც ისე დაიტაცეს ყველაფერი, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. არ ვიცი, უყურეთ თუ არა ვიდეოს, ბრუკლინში, ცენტრში, პირდაპირ სატვირთო მანქანა მიაყენეს სახლს და ნიღბები გამოზიდეს. ვიღაცამ მოასწრო, იყიდა დიდი რაოდენობით და მერე ძვირად ყიდდა. პოლიცია დაადგა თავზე. ასეთ დროსაც კი ვიღაც გამორჩენაზეა და მსგავსი ადამიანები ყველგან არიან. რაც შეეხება პრუდუქტის გაძვირებას, სახელმწიფომ სანქციები დააწესა და ვერავინ ბედავს ფასების მომატებას.

- დაბოლოს, რას გვირჩევდით?

ეკა:

- პრევენციულად იარეთ ექიმთან. ჯანმრთელი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს გააძლიერებს იმუნიტეტს. ახლა ყველას გვიჭირს მშვიდად ყოფნა, ძალიან მოიმატა მომართვიანობამ, განსაკუთრებით ნიუ-იორკიდან. არ არის რეკომენდებული ვიტამინებისა და წამლების განუსაზღვრელად ყლაპვა. ზედმეტი წამალი საწამლავად იქცევა ხოლმე. ერთმა ჩვენმა პაციენტმა მიიღო გადაჭარბებული დოზით ვიტამინი, რამაც გამოიწვია კალციუმის აწევა და გულის სერიოზული პრობლემები შეექმნა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნინო:

- მთავარია, კარგი განწყობა შევინაჩუნოთ, ეს ნამდვილად საჭიროა. როგორც ეკამ აღნიშნა, მანამდე უნდა ვიზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. ასევე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ კოვიდი არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება, ეს არის ვირუსული დაავადება და დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე. ამიტომ, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ისინი მაინც დავრჩეთ სახლში, ვისაც ბებია და ბაბუა ან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები გვყავს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ნინო ჯავახიშვილი