ქვემო ხოდაშნის ამბები, ანუ სადაც ყველაფერს სიყვარულის ფერი აქვს - გზაპრესი

ქვემო ხოდაშნის ამბები, ანუ სადაც ყველაფერს სიყვარულის ფერი აქვს

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თბილისელ კაცს მიწის ასეთი სიყვარული შეეძლო. რამდენიმე დღის წინ კახეთში, ქვემო ხოდაშენში გახლდით მეგობრებთან ერთად. მასპინძელი ლოტკინზე დაბადებულ-გაზრდილი, რამდენიმე დიპლომიანი ზაურ სამადაშვილი აღმოჩნდა. მისი კარ-მიდამო საკმაოდ დიდია და კუთხე-კუნჭულს მზრუნველი ხელი ატყვია. ისეთი სიფაქიზე და გემოვნება იღვრება ყველგან, უთქმელადაც ირწმუნებ, რომ მასპინძელი მხოლოდ გამრჯე და დაუზარელი კი არა, ხელოვანიცაა. სხვანაირად, ასეთ სილამაზეს ვერც შექმნიდა.

გახსოვთ, 80-იან წლებში გახმაურებული ქართული ფილმი "მშობლიურო ჩემო მიწავ"? ჰოდა, იქ რომ მესხი მევენახეა, ბაგრატ დევნოსაძე, აი, იმ კაცის შვილიშვილია ბატონი ზაური (ქალიშვილის მხრიდან). როცა სამცხე-ჯავახეთში გადაღებები დაიწყო, სოფელ კლდის მკვიდრმა ბაგრატ დევნოსაძემ ქართულ ვაზის ჯიშებზე და ზოგადად, მევენახეობაზე ბევრი სასარგებლო რჩევა მისცა თურმე რეზო ჩხეიძეს, რეჟისორსაც ბევრი აღარ უფიქრია და ფილმში მიიწვია... მას მერე დიდი დრო გავიდა. ზაურ სამადაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის კურსი დაამთავრა, იქვე არსებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც და უშიშროების აკადემიაც ბაქოში, მაგრამ წლების შემდეგ მაინც იმ საქმისკენ გაუწია გულმა, რაც ხშირად გენეტიკურად გადაეცემათ ხოლმე ადამიანებს.

ბატონი ზაურის მეუღლე, ხათუნა კუტალაძე მეთერთმეტე წელია ემიგრანტია, ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან ეხმარება მრავალსულიან ოჯახს. მათ ოთხი შვილი და ათი შვილიშვილი ჰყავთ. თითქოს ახალი და უცხო არაფერია იმაში, ცოლი რომ საზღვარგარეთაა, ქმარი კი - აქ. ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდში უამრავი ჩვენი თანამემამულე, რომელთა უმეტესობა ქალია, უცხოეთში შრომობს, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი მინახავს, სადაც ცოლის გამოგზავნილ ფულს ქმარი უყაირათოდ, არამიზნობრივად ფლანგავს. სამადაშვილების ოჯახში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ბატონმა ზაურმა სინანულით აღნიშნა, - რომ არა ინფარქტი და რამდენჯერმე გაკეთებული სტენტირება, ხათუნას არ გავუშვებდი ამერიკაშიო. იდეა, სოფლად კარ-მიდამოს ყიდვისა, სწორედ დედას ეკუთვნის. ხათუნა და ზაური ის "ერთი მთლიანობაა", შორი მანძილი და სივრცე რომ ვერაფერს აკლებს. დღეში ცხრაჯერ მაინც უკავშირდებიან ერთმანეთს და ყველა წვრილმან-მსხვილმანზე თანხმდებიან.

GzaPress

- ბატონო ზაურ, გვიამბეთ თქვენს გზაზე - თეატრმცოდნედან მეურნემდე...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ლოტკინზე საკუთარი სახლი გვქონდა. ძალიან მიყვარდა თეატრი, კინო, ამიტომაც გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. მასწავლიდნენ ისეთი დიდი კორიფეები, როგორებიც იყვნენ ვასილ კიკნაძე, ნათელა ურუშაძე... ქალბატონებს: ზინაიდა კვერენჩხილაძესა და ელენე ყიფშიძეს ძალიან უყვარდათ სტუდენტებთან ურთიერთობა და ხშირად მსტუმრობდნენ ლოტკინზე. ჩემი მეუღლე, ხათუნა მეგობრის ოჯახში გავიცანი. მისი ბიძაშვილი გახლდათ, საჩხერიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ჩამოსული. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. დავინახე თუ არა, მაშინვე გულში ჩამივარდა. როცა ხათუნასგანაც ვიგრძენი სიყვარული, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. კარგა ხანს ვმალავდით ურთიერთობას, მაგრამ... ჩემმა მეგობარმა რომ გაიგო, ძალიან იწყინა, ჩემს ბიძაშვილს ეს როგორ გაუბედეო და... მოკლედ, გვარიანად მცემა. მე და ხათუნამ გაპარვა გადავწყვიტეთ, მაგრამ მაშინ, სტუდენტს სად მქონდა შესაძლებლობა?! ოხვრას ლამის გულიც ამოვაყოლე და ძლივს ამოვთქვი ხათუნასთან, რომ ფული არ მქონდა, იმან კი, რა პრობლემაა, მე მაქვს ფულიო და წავედით... მეიმედებოდა, რომ "მდევარს" იოლად არ გადაუშვებდნენ "საზღვარზე" (ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ აწყურში გადასასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო), მე კი, ბაბუა და ნათესავები მყავდა სოფელ კლდეში. ასე დავქორწინდი საცოლის ფულით. თითქმის ერთმანეთის მიყოლებით გაგვიჩნდა ნოდარი, გიგა, სალომე და საბა. მომავალი გვეიმედებოდა, მაგრამ ცხოვრება თანდათან რთულდებოდა. ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 90-იან წლებში. 4 შვილს რჩენა უნდოდა. საიდან რა გაგვეკეთებინა, აღარ ვიცოდით. ერთ მშვენიერ დღეს, შეძლებულმა ნათესავმა ჩემს შვილებს 50 დოლარი აჩუქა. მაშინ ეს კარგი თანხა იყო. მეზობელი ბულგარეთში დადიოდა და კბილის პასტები, შამპუნები, სარეცხი საშუალებები ჩამოჰქონდა. გავატანე ეს 50-დოლარიანი და ვთხოვე, რაც ამ თანხით მოუვიდოდა, ჩემთვისაც ჩამოეტანა. გაოცებული დავრჩი, როცა ჩამოტანილმა საკმაოდ კარგი მოგება დამიტოვა. მერე კიდევ გავატანე და სული მოვითქვით, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი აღმოჩნდა. ბავშვებს, გარდა კვებისა, ბევრი სხვა რამ სჭირდებოდა. გავრისკე და ორ უფროს ვაჟთან ერთად ევროპას იმ იმედით მივაშურე, რომ ვიმუშავებდი და ოჯახს დავეხმარებოდი, შვილებს კი კარგ განათლებას მივცემდი. ინგლისში გატარებული ერთი წელი ურთულესი აღმოჩნდა ჩემთვის. ისე ვიდარდე, ინფარქტი დამემართა, ძლივს გადავრჩი. თბილისში დაბრუნებულს ერთ-ერთ სკოლაში თეატრალური სტუდიის ჩამოყალიბება შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. იქვე სწავლობდნენ ჩემი შვილებიც. 12 წელი ვიმუშავე, მაგრამ გაჭირვებას მაინც ვერ დავაღწიეთ თავი. დიდხნიანი ფიქრისა და მსჯელობის მერე გადაწყდა, რომ ხათუნა წასულიყო ამერიკაში. ეს არჩევანი მძიმე იყო ჩემთვის, როგორც კაცისთვის, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობდა, შვილები ფეხზე უნდა დაგვეყენებინა. ამერიკიდან ხათუნამ შემომთავაზა, - შეარჩიე კახეთში მიწის ნაკვეთი და სახლიც ავაშენოთო. თავიდან ვუარობდი, მერე კი ეს აზრი მეც დამიჯდა ჭკუაში. თელავის რაიონზე შევაჩერე არჩევანი, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრებმა, მიშო წივილაშვილმა მირჩია, ჩემთან ახლოს კარგი კარ-მიდამო იყიდებაო. ვნახე და მომეწონა. მართალია, სახლი ძველი იყო, მაგრამ დავშალე და სამ წელიწადში აი, ასეთი ავაშენე, როგორსაც უყურებთ.

GzaPress

- თუმცა, მხოლოდ სახლი არ აგიშენებიათ. აქ თითქმის ყველაფერია, რაც სოფელს, მერე კი ქალაქს აღონიერებს, ოჯახებს დოვლათით ავსებს. - დიახ, მაქვს საკმაოდ დიდი ვენახი, ყურძნის ჯიშებიდან მომყავს საფერავი, რქაწითელი და მანავის მწვანე. ღვინო იმდენი მაქვს, რომ მეც და ჩემი შვილების ოჯახებსაც ჰყოფნით და ვყიდი კიდეც. ეს რა სიყვარული სცოდნია მიწას, გავგიჟდი. დილას ჩიტების ჟღურტულს, შაშვის გალობას რომ გავიგონებ, მაშინვე ვდგები. სეზონურად რა სამუშაოებიცაა სოფლად, დილის რიტუალივით ვატარებ და აღარც წამლები მახსოვს და აღარც სტენტჩადგმული გული. ვაზს ისე ვეფერები, როგორც შვილს. ტყუილად ხომ არ უთქვამთ: ვაზო, შვილივით ნაზარდოო. მომყავს კიტრი და პამიდორი. იმდენი ვაშლი, გარგარი, ალუჩა, მსხალი და მარწყვი მაქვს, ჩემს შვილებს ხილის ყიდვა არც სჭირდებათ. თავად ვამზადებ ჯონჯოლის, კიტრის, ნივრის მწნილებს. ღორებიც მყავს. "ვიჩინაც" კარგი გამომდის და ვინც ჩემს ნახელავს გემო გაუსინჯა, ისე მოეწონა, რომ ახლა უკვე მუდმივი კლიენტები მყავს. რესტორნებიდანაც მაკითხავენ. გაზაფხულზე კურდღლებსაც ვყიდულობ, მერე კი, შვილიშვილებს ვამარაგებ გემრიელი ხორცით. მართალია, ხათუნა მიწის ყიდვასა და სახლის აშენებაში დამეხმარა, მაგრამ მე აქ გულხელდაკრეფილი არ ვარ. ადრე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მიწასთან ასე ახლოს ვიქნებოდი და მეურნე გავხდებოდი, მაგრამ მართლაც არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს!" მე ახლა ისე მიყვარს აქაურობა, თბილისში ჩასვლა აღარც მინდა. შვილები მაკითხავენ. ვაჟებს ორ-ორი შვილი ჰყავთ, ქალიშვილმა კი დედას მიჰბაძა და ოთხი გააჩინა. ბავშვებისთვის აქ სუფთა გარემოა, ყველაფერს ნატურალურს მიირთმევენ და ამით მეც ბედნიერი ვარ, თუმცა სრულყოფილი მაინც არაა ეს ბედნიერება. ხათუნა რომ ფიზიკურად ასე შორსაა ჩვენგან, ძალიან განვიცდი. მეორე ვაჟი, გიგა კარგა ხანია ირლანდიაში ცხოვრობს, იქ დაოჯახდა, ირლანდიელმა რძალმა საქართველოს სიყვარულით გოგონას ჯორჯია დაარქვა. ისინი წელიწადში ორჯერ ჩამოდიან.

GzaPress

- ძირითადად, მაინც მარტო ხართ. თბილისელ თეატრალ კაცს, რომელიც ხმაურიან ცხოვრებას იყო მიჩვეული, არ გიჭირთ ასეთ სიწყნარეში ყოფნა? - ზოგჯერ სერგო ზაქარიაძის გმირივით ვარ ფილმიდან "მალე გაზაფხული მოვა", სტუმარი რომ დასანახად ენატრება, მაგრამ ეს უფრო ზამთარშია... გაზაფხულზე კი, სოფლად სამუშაოს რა დალევს? ხათუნას მადლიერი ვარ, რომ დამაძალა სოფლად სახლ-კარის შეძენა. მე რომ ქალაქში ვყოფილიყავი, არ ვიცი, ჩემს ავადმყოფობას როგორ გავუმკლავდებოდი. აქ თითქოს თავიდან დავიბადე. ენით გამოუთქმელ სიამოვნებას განვიცდი, როცა მიწას ვბარავ, ვენახს ვსხლავ, ხეებს ვწამლავ, ბოსტანს ვმარგლავ, ღორებს ვუვლი. საქმიანობაში დრო მალე გადის. სამეზობლო კარგი მყავს, ჩემ ირგვლივ სულ მშრომელი ხალხია: მელიქიძეები, იოსებაშვილები, ჯერენაშვილები, წივილაშვილები. სწავლა სიკვდილამდეო და მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე.

- თქვენი სურვილი, რომ შვილები ფეხზე დაგეყენებინათ, არ გასჭირვებოდათ და სათანადო განათლება მიეღოთ - ეს ყველაფერი უკვე აგისრულდათ. კიდევ რაზე ოცნებობთ?

- იცით, ქართველი ქალები რატომ მიდიან უცხოეთში სამუშაოდ? იმისთვის, რომ შვილებს არ გაუჭირვონ, ოჯახი ფეხზე დააყენონ და მერე ისევ დაუბრუნდნენ საკუთარ კერას. როცა ხათუნა ამერიკაში მიდიოდა, მისი სურვილი შვილების კეთილდღეობა იყო, უნდოდა, სოფელში სახლი გვქონოდა. მე შევუსრულე ეს ნატვრა. ჩემი საძინებელი ოთახის ჭერზე ცა და ღრუბლებია გამოსახული. რომ დავწვები, შევყურებ ამ ცას, ღრუბლებს და იმ დღეზე ვოცნებობ, როცა ხათუნა დაგვიბრუნდება. აი, მაშინ უკვე სრულყოფილი იქნება ჩემი ბედნიერება. ერთად ნაშენებ კარ-მიდამოში მხიარულად შევეგებებით შვილებსა და შვილიშვილებს, თავს მოვიწონებთ ჩვენი ნაშრომ-ნახელავით. ქართული მიწა ისეთი ნოყიერია, თუ არ დაიზარე, ბარაქა სულ გექნება.

მართლაც, ქართველმა კაცმა თუ მოინდომა, ცაში აფრენაც შეუძლია და მიწაზე სასწაულების ჩადენაც. მთავარია, ამ ყველაფრის სათავე სიყვარული იყოს. ზაურ სამადაშვილსაც ოჯახისადმი ერთგულებამ და სიყვარულმა შეაძლებინა ბევრი რამ. დღეს მის ეზოში შესულს თვალს მოგტაცებს აფრიალებული საქართველოს დროშა, გზაზე პატარა ქვებით გაკეთებული გვირილები, შუაგულში რომ ბებო, პაპა და ათივე შვილიშვილის სახელებია ჩაწერილი, იქვეა ნატვრის ხე, ჩამოკონწიალებული პატარა გოგრებით, სიმინდებით და ფერადი ლენტებით მორთული. სახლის პირველ სართულზე, კედელზე ინგლისურად წერია "ტკბილი სახლი", მეორეზე კი გამთლიანებული საქართველოს რუკაა გამოსახული... ზაურ სამადაშვილის ქვემო ხოდაშნის იდილიურ კარ-მიდამოში ყველაფერს სიყვარულის ფერი აქვს.

მარინა ბაბუნაშვილი