რა იწვევს კანზე გამონაყარის გაჩენას? - გზაპრესი

რა იწვევს კანზე გამონაყარის გაჩენას?

სპეციალისტების თქმით, კანზე გამონაყარის გაჩენა ძალზე საყურადღებოა, რადგან ზოგჯერ ეს დაავადებაზე მიგვანიშნებს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა კანზე გამონაყარი გაჩნდება, ამ საკითხზე ექიმი-დერმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა კუდავა გვესაუბრება.

- კანის მოვლა ძალზე აქტუალურია, ხშირად ადამიანებს კანზე გამონაყარი აწუხებთ, ზოგჯერ ჩირქოვანია და ამას მტკივნეულად განიცდიან. რა იწვევს კანის ჩირქოვან დაავადებებს?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება კანის ჩირქოვანი დაავადებები. პიოდერმია კანის ჩირქოვანი დაზიანებაა, რომელიც მასში ჩირქმბადი მიკრობების შეღწევის შედეგად ვითარდება. კანის ჩირქოვანი დაავადებების, პიოდერმიების ბევრი სახეობა არსებობს. რაც შეეხება მათ განვითარებას, ეს საკითხი შეიძლება ორი მიმართულებით განვიხილოთ: ერთი, როგორც დამოუკიდებლად განვითარებული დაავადებების ჯგუფი და მეორე, როგორც კანის სხვა დაავადებების გართულებები. მოგეხსენებათ, კანს აქვს ბარიერული ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვის. როცა ეს ფუნქცია ირღვევა, მაშინ პიოდერმიების განვითარებისთვის საუკეთესო პირობები იქმნება. პროცესი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: კანის pH-ის, ოფლისა და ცხიმის როგორც რაოდენობრივ, ისე შემცველობით ცვლილებებს, კანის მთლიანობის დარღვევებს (ნაკაწრები, ნახეთქები, სხვადასხვა სახის ტრავმების არსებობა). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კანის სიმშრალეს, როცა განსაკუთრებით დაუცველია კანი. სწორედ ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და დამატენიანებელი საშუალებების აქტიური გამოყენება, აგრეთვე, კვების რაციონის ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება.

- მაინც რა იწვევს ამ დაავადებას?

- პიოდერმიის გამომწვევები ძირითადად, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ბაქტერიებია, იშვიათად - სხვა სახის. დაავადების წყარო შესაძლოა იყოს დაბინძურებული ჰაერი, ოთახის მტვერი, ტანსაცმელი და სხვა. ბაქტერიები კანის მექანიკური ან ქიმიური დაზიანების დროს წარმოიქმნება - ამ დროს მიკრობი კანის შრეებში აღწევს და ანთებას იწვევს. ჩირქის გაჩენა მიუთითებს, რომ იმ უბანზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. კანის ჩირქოვანი დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებებიც, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

GzaPress

- რომელ დაავადებას გამოყოფდით? - პიოდერმიის ხელშემწყობი შეიძლება გახდეს: კუჭ-ნაწლავის, ცენტრალური ნერვული სისტემის, ღვიძლისა და სისხლის დაავადებები, ვიტამინების ცვლის დარღვევა, ჰიპოვიტამინოზი და გადაღლა, ხშირია პიოდერმიების გამოვლენა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში. კანის ჩირქოვანი დაავადებების კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლიკულიტებს, ვულგარულ სიკოზს (სინონიმი - სტაფილოკოკური სიკოზი), ფურუნკულს (ძირმაგარა). ფურუნკული სტაფილოდერმიის ღრმა ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თმის ბუდისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, კარბუნკული (ეს არის ფურუნკულის გროვა, რომელიც ვითარდება კანქვეშ) და სხვა. პიოდერმიის ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული ფორმაა იმპეტიგო. კანის ეს პათოლოგია განსაკუთრებით მომატებული სიხშირით ზაფხულის პერიოდში და უპირატესად ბავშვებში გამოირჩევა. კანზე გამოვლინდება როგორც ზერელე ფორმის ჩირქოვანი დაზიანება, მეტად ფლიქტენების ფორმით, რომლებიც მოგვიანებით იფარება მოყვითალო ფერის ქერქით. განსაკუთებით ხშირად ზიანდება სახე, ტანი და კიდურები, თუმცა არც ასე იშვიათია გამონაყარი თავის თმიან არეში. დაავადება სწრაფად ვრცელდება ბავშვებში პირდაპირი კონტაქტის გზით ან საერთო დაინფიცირებული სათამაშოებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. წყალი იმპეტიგოს გამომწვევი არ არის, თუმცა ხშირი ბანაობა ხელს უწყობს გამონაყარის გავრცელებას, ისევე, როგორც საერთოდ, თბილი ტენიანი კლიმატი და ჰიგიენის დაუცველობა.

პიოდერმიების ფართოდ გავრცელებულ ჯგუფს მიეკუთვნება ფოლიკულიტებიც ანუ თმის ფოლიკულის ანთება. თუმცა, ამ დაავადებაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავსი კლინიკური გამოვლინებით მიმდინარე განსხვავებული ეტიოლოგიის პათოლოგიები (მექანიკური ფოლიკულიტი, სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფოლიკულიტი, სტეროიდული ფოლიკულიტი, ოკლუზიური ფოლიკულიტი, "ცხელი აბაზანის" ფოლიკულიტი, ეოზინოფილური ფოლიკულიტი). მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციაა. თავდაპირველ ეტაპებზე დაზიანება გამოიყურება როგორც მცირე ზომის წითელი ამობურცულობა ან თეთრთავიანი მუწუკი თმის ფოლიკულის გარშემო. თმის ფოლიკულა მცირე ზომის ჯიბისებრი სხეულია, რომელშიც თმა იზრდება. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს და გარდაიქმნას ძნელად სამკურნალო, ფუფხიან მუწუკებად. მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. თუმცა ფოლიკულიტი იწვევს ქავილს, ტკივილსა და უხერხულობას. მძიმე ინფექციები კი იწვევს თმის სამუდამო დაკარგვასა და ნაწიბურის გაჩენას. თუ პაციენტს აღენიშნება მსუბუქი ფორმა, მოსალოდნელია, რომ სახლის პირობებში მკურნალობის შედეგად, რამდენიმე დღეში ფოლიკულიტი გაქრეს. თუმცა ფოლიკულიტის უფრო სერიოზული შემთხვევების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პიოდერმია ასევე შეიძლება იყოს ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებების (მუნი, ატოპიური დერმატიტი და სხვა) გართულებაც, მეორადი დაინფიცირების შემთხვევაში.

დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და კანის მოვლის სწორი წესების დაცვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიოდერმიის გამონაყარი ადვილად ვრცელდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამონაყარის გამოვლენისთანავე მიმართოთ დერმატოლოგს. ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში, პრობლემის გადაწყვეტა გაცილებით მარტივია და მკურნალობა ხშირად, ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით შემოიფარგლება. გავრცელებული პიოდერმიები და ღრმა დაზიანებები კი მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას ანტიბიოტიკებთან ერთად. თუ გამონაყარი გართულდა, ჯობს, შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს, რადგან თვითმკურნალობით გამოწვეული დაზიანების მკურნალობა ხშირად, უფრო რთულია, ვიდრე დაავადების.

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მის შვილს კანზე გამონაყარი ხშირად უჩნდება?

- როგორც გითხარით, ბავშვებში პიოდერმია კონტაქტით ვრცელდება, ამიტომ თუ ოჯახში გამონაყარი ერთ ბავშვს აქვს, სხვები უნდა მოერიდონ მის საწოლში ჩაწოლას, ჩახუტებას, მისი ტანსაცმლის გამოყენებას. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ გამონაყარი არ გავრცელდეს. ბავშვებმა ხშირად იციან იმ ყავისფერი ქერქის მოგლეჯა, რომლის ქვეშაც ქსოვილების შეხორცება მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში პროცესი, რომელიც 8-10 დღეში დასრულდებოდა, შეიძლება მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

- კანის სიმშრალე ბევრ ადამიანს აწუხებს, რა იწვევს ამას?

- კანის სიმშრალე ანუ ქსეროზი კანის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც დამოუკიდებელი პრობლემა და დაკავშირებული იყოს კანის სხვა პათოლოგიებთან ან სხვა დაავადებებთან თუ მდგომარეობასთან (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, არასრულფასოვანი კვება, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი). ასეთ დროს პროცესი ვითარდება თანდათან. დეჰიდრატაციის შედეგად კანი ხდება გაღიზიანებული და ანთებითი, ზედაპირი გაუხეშებული და მცირედ აქერცვლადია. აღინიშნება ამ უბნის გაწითლება და ქავილი. მშრალ კანზე ხშირად ჩნდება ნახეთქები. ღრმა ნახეთქები სისხლმდენია და მტკივნეული. მშრალი კანი დაუცველია და ადვილად შეღწევადია როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციებისთვის. მშრალი კანის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებს. ტენიანობის შემცირება გარემოში ხელს უწყობს ამ პრობლემის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მშრალი კანი ხშირად დაკავშირებულია სეზონთან. დაბალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა ზამთარში იწვევს კანის რქოვანა შრეში წყლის რაოდენობის შემცირებას. მაღალი ტემპერატურა მშრალ გარემოში ასევე უარყოფითად აისახება კანზე. ერთ-ერთი ფაქტორია ასაკიც. ასაკოვან ადამიანებში მიმდინარე მეტაბოლური სინდრომები, შემცირებული სითხის მოთხოვნილება, კანის მიმდინარე ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი, საოფლე ჯირკვლების დაქვეითებული ფუნქციები - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც განაპირობებს კანის სიმშრალესა და დაქვეითებულ ელასტიკურობას. კანის დროებით გამოშრობა კი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთანაც.

- ასეთი შემთხვევებისთვის რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?

- მშრალი კანი უნდა დავიბანოთ თბილი და არა ცხელი წყლით. დავიბანოთ მარტივი დასაბანი საშუალებებით, არომატიზატორების გარეშე. გამოვიყენოთ დამატენიანებელი საშუალება უშუალოდ დაბანის შემდეგ, რამდენიმე წუთში. არჩევანი უნდა გავაკეთოთ ემოლიენტებისა და კრემების ადგილობრივ მოხმარებაზე. ბუნებრივი საშუალებებიდან, ლოკალური გამოყენებისთვის სასარგებლოა ზეითუნის ზეთისა და შიის კარაქის გამოყენება. ძალზე ეფექტიანია რძის მჟავას, შარდოვანას, ჰიალურონის მჟავას შემცველი დამატენიანებელი კრემები, ასევე, ლანოლინის შემცველი პროდუქტები. ვეცადოთ ჩვენი კვების რაციონი ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი იყო.

თეა ხურცილავა