"მეცოდება ჩემი მოწაფეები, ახლა მათ ყველაფრის ნაკლებობა აქვთ" - გზაპრესი

"მეცოდება ჩემი მოწაფეები, ახლა მათ ყველაფრის ნაკლებობა აქვთ"

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საკრებულოში სამი სოფელი შედის: თავად სვერი, ცხრუკვეთი და თვალვეთი. ამ ერთ დროს მრავალშვილიანობით განთქმული სოფლების სასკოლო ასაკის ბავშვებს, სოფელ სვერის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა ემსახურება. ამ მაღალმთიან სოფლებში, როგორც წესი, ერთი და იმავე პრობლემებით, რაღაცნაირად თავისთვის, სუფთა ჰაერზე, მანქანების გამონაბოლქვიდან შორს, საკუთარი ადათ-წესების და ჩვევების დარად ცხოვრობენ, თუმცა ახლა აქ სულ სხვა სიტუაციაა.

თამაზ ცუცქირიძე, სვერის საშუალო სკოლის დირექტორი:

- ამ სასწავლო წელს პირველ კლასში ორი მოწაფე მივიღეთ. ერთი პირველკლასელი ცხრუკვეთიდან დადის ჩვენთან, მეორე კი აქვე, სკოლის პირდაპირ ცხოვრობს. რაც შეეხება დამამთავრებელ კლასს, წელს სკოლას 6 მოწაფე დაამთავრებს. სულ 65 ბავშვი სწავლობს, არადა, ეს შენობა 480 მოწაფეზეა გათვლილი. მახსოვს, წლების წინ, როცა აქ დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი, 500-600 მოსწავლეც გვყავდა და სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობდა. სკოლის მაშინდელი დირექტორი, ბატონი რეზო ბიწაძე გაფართოებაზე ზრუნავდა გამუდმებით, ჩვენ კი ახლა შენარჩუნებისთვის გვიწევს ბრძოლა, მაგრამ რა უნდა შეინარჩუნოს სკოლამ? ალბათ დამეთანხმებით, ჩვენი პრიორიტეტები კვალიფიციური კადრები, კეთილმოწყობილი შენობა, სასკოლო ინვენტარი ანუ ხარისხიანი სასწავლო პროცესი უნდა იყოს, მაგრამ როგორ ვაიძულებთ ჩვენს თანასოფლელებს, რომ სოფლად დარჩნენ ან დარჩენილებს, რომ ერთზე მეტი შვილი გააჩინონ?

- ბატონო თამაზ, როგორც ვიცი, რამდენიმე ახალგაზრდა კადრი შეემატა სკოლას. რთული იყო მათი მოზიდვა?

- დიახ, ამ სასწავლო წელს ეს პრობლემაც დაგვიდგა. ჩვენმა რამდენიმე ღვაწლმოსილმა პედაგოგმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა და მათ ადგილზე ახალი კადრების მოზიდვა გახდა საჭირო. ეს არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა, რადგან პრაქტიკულად არ გვყავდა ადგილობრივი კადრი, ამიტომ ახალგაზრდა პედაგოგებს ჭიათურიდან უნდა ევლოთ სამსახურში. სვერში ჭიათურიდან სიარული ერთი შეხედვით, რთული არ არის, რადგან სულ 15 კილომეტრი გვაშორებს, მაგრამ თუ კლიმატურ პირობებს გავითვალისწინებთ და იმასაც, რომ ეს 15-კილომეტრიანი გზა მთაზეა გაკიდული, ზამთარი კი ჩვენთან საკმაოდ მკაცრი იცის, იოლად მიხვდებით, რა სირთულესთან გვქონდა საქმე. საბედნიეროდ, სამსახურის მაძიებლები მაინც გამოჩნდნენ. დავნიშნეთ კონკურსი და ახლა სკოლაში, ჯერჯერობით მაძიებლების სტატუსით, სამი ახალგაზრდა პედაგოგი გვყავს: უცხო ენის, ქართულისა და ფიზიკის მასწავლებლები. ისინი მასწავლებლის სტატუსს გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ მიიღებენ. თუმცა, თუ ასეთი ეტაპის გადალახვა დაგვჭირდებოდა, ნამდვილად არ ვიცოდით.

- ონლაინგაკვეთილებს გულისხმობთ?

- დიახ, სვერის საშუალო სკოლაშიც, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ონლაინგაკვეთილები ტარდება, თუმცა გვაქვს პრობლემები.

GzaPress

- ძირითადი პრობლემა ალბათ ინტერნეტია. - არა მარტო. სამწუხაროდ, ჩვენი სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ამიტომ ბევრ ჩვენს მოწაფეს არავითარი მოწყობილობა არ აქვს, რომ ინტერნეტით ისარგებლოს ან თუ აქვს, ვერ ყიდულობს ინტერნეტს... სვერი ორ ნაწილად გაყოფილი სოფელია - ზედა და ქვედა სვერად. ქვედა სვერი მთებით შემოსაზღვრული ქვაბულია, ამიტომ იქ არანაირი ინტერნეტი არ იჭერს. არა მარტო ინტერნეტი, ახლა ქვედა სვერში ორი მოწაფე მყავს, რომლებსაც ტელეფონითაც ვერ ვუკავშირდები, რადგან ყველა მობილურ ოპერატორს უჭირს იქ სიგნალის დაჭერა.

- თქვენ ამბობთ, რომ კორონავირუსის გამო, სვერის საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად ჩაიშალა?

- არა, ამას მაინც ვერ ვიტყვი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არათუ მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც ხშირ შემთხვევაში არ აქვთ საშუალება, რომ სახლიდან იმუშაონ და ამიტომ სკოლიდან მიჰყავთ ონლაინგაკვეთილები, ამაყი ვარ, რომ სკოლაში მყავს რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, სანიმუშოებად რჩებიან. ამბობენ, რომ მოსწავლის მოტივატორი პედაგოგი, ოჯახი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ასეა, რადგან ახალი თაობის აღზრდაში სწორედ უფროსი თაობა იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორი მოტივაციაა რომ იცოდეთ პედაგოგისთვის, ინტერესიანი, მონდომებული, თუნდაც უბრალოდ დამჯერი, ნდობით აღჭურვილი მოწაფე. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვებიც გვყავს და ალბათ სწორედ მათთვის ღირდა ის შრომა, რაც ახლა გავწიეთ მთელმა პედაგოგიურმა კოლექტივმა. დიდი იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო სწორედ ასეთ პასუხისმგებლიან ბავშვებზე იფიქრებს და ამ სასწავლო წელს ანულირებას არ გაუკეთებს. მყავს ერთი გოგონა, მერი ცუცქირიძე, მეცხრეკლასელი, რომელიც ერთ-ერთი კონკურსის შემაჯამებელ ტესტებში "ბრინჯაოს მოწაფე" გახდა. გამოდის, რომ სვერის საშუალო სკოლის 65 მოსწავლიდან ერთი გოგონა საქართველოს საუკეთესო მეცხრეკლასელების სამეულშია.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვალით ვნახე, როგორ გამოდიოდა ტყიდან მარტო მომავალი, პირბადეაფარებული ადამიანი, მაინც მეჩვენება, რომ დედაქალაქთან და სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, სოფლად გაცილებით რთულია ვირუსის საშიშროების აღქმა ისევ ამ ტყის, აყვავებული მინდვრების, გაზაფხულის საოცარი სურნელის გამო.

- არა, შიშით ჩვენს სოფელსაც ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ, ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, ხალხი მაინც ფრთხილობს და ფხიზლობს. თუმცა, ეს გარეგნულად არ ჩანს. სამაგიეროდ, ჩვენდა გასაოცრად, აქ გამუდმებით ჩანან პოლიციის მანქანები, განსაკუთრებით საღამო ხანს. იქნებ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს ბევრს გვახარებს, რადგან მივხვდით, რომ ჩვენც ვარსებობთ.

- თქვენ გულისხმობთ იმას, რომ სოფელი ზოგადად და განსაკუთრებით კი მაღალმთიანი სოფლები მიტოვებულია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან?

- დიახ, ასეა. ჩვენ მართალია არ გვაქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ნამდვილად გვეკუთვნის ის. აქ საკმაოდ რთულია ცხოვრება, განსაკუთრებით კი გამოზამთრება. ჩვენი სოფლები განსაკუთრებულად უხვნალექიანია ზამთარში. აი, ინტერვიუს დასაწყისში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩემს მოწაფეებს ინტერნეტის პრობლემა აქვთ. სინამდვილეში, ეს ერთი პაწაწინა პრობლემაა, რომელიც მთავარი პრობლემის შემადგენელი ნაწილია - მასობრივი სიღარიბე. სიღარიბე, საიდანაც ამოძრომას ჩვენი გლეხები ქალაქში წასვლით ცდილობენ.

- ალბათ ამიტომაც დგას ახლა სოფლის ყველა ორღობეში თეთრი "პრიუსი?"

- მართალს ამბობთ, რაზე უნდა იმუშაოს სოფლიდან წასულმა გლეხკაცმა ქალაქში? აქედან ალბათ ყველაზე უკეთესი გამოსავალი, უფრო სწორად იოლი გამოსავალი "ტაქსაობაა", ჰოდა, ჩვენც, იმის მაგივრად, რომ რამე ვაწარმოოთ, ვტაქსაობთ, ელიავაზე ვდგავართ, თვითნასწავლ ხელოსნებად ვყალიბდებით.

- მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენლად რთული შრომაა, რომელსაც ოჯახიდან შორს ყოფნაც ართულებს. რატომ არ ცდილობს ჩვენი გლეხი, რომ მიწიდან მიიღოს სარგებელი, მწარმოებლად იქცეს და არა მოსამსახურედ?

- ცდილობს. ჩვენი ხალხი არ არის ზარმაცი, მაგრამ ჩვენს სოფლებში რომ სოფლის მეურნეობა ისევ აღორძინდეს, ამისთვის გლეხს მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რეალური დახმარება უნდა მიიღოს. ჩვენ ხალხს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვს ამ მიწასთან, ალბათ ამიტომაცაა, რომ ჯერ კიდევ მყავს სკოლის 65 მოსწავლე, მაგრამ ამით თავის დამშვიდება არასწორად მიმაჩნია. ახლა ჩვენი გლეხობა სწრაფი ფულის შოვნაზეა გადასული. ადრე მხოლოდ კაცები მიდიოდნენ საშოვარზე, ახლა კაცებიც მიდიან და ქალებიც. ისინი კიდევ უფრო შორს, ზოგი იტალიაშია, ზოგი საბერძნეთში. ბევრი მათგანი სახლიდან შორსაც სახლში იგრძნობს თავს და უკან დაბრუნება გაუჭირდება.

- ეს ე.წ. საშოვარზე მასობრივი წასვლა ოჯახების რღვევას არ იწვევს?

- იცით, არ ამბობენ ამას. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სინამდვილეში, წლობით დაშორებული ოჯახი შეიძლება, რომ ბედნიერი, ერთიანი იყოს? ალბათ ამიტომ დადგა სწორედ ის შედეგი, რაც უკვე გითხარით: ორი მოწაფე პირველ კლასში.

- როგორც ვიცი, რამდენიმე ოჯახმა მაინც მოახერხა და საკმაოდ სოლიდური მეურნეობები ჩამოაყალიბა.

- ისინი, სამწუხაროდ, ერთეულები არიან. როგორც წესი, ამას ის ადამიანები ახერხებენ, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და სოფელს ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჯერ ამინდს ვერ ცვლიან.

- ბატონო თამაზ, ბოლო კითხვა მაქვს, იმედია არ გეუცნაურებათ. მითხარით, ახლა შემიძლია, რომ შევიდე სვერის მაღაზიაში და შოკოლადის კანფეტები ან ნაყინი ვიყიდო?

- არა, რას ამბობთ, ნაყინი და შოკოლადი გამორიცხულია. ეგ კი არა, პურსაც ვერ იყიდით. ამბობენ, რომ რაღაც პერიოდულობით პური მოაქვთ, მაგრამ მე ვერასდროს გავიგე როდის ხდება ეს, ალბათ იმიტომ, რომ არასაკმარისად მარაგდება. ახლა ჩვენი მაღაზიები ცარიელია. სიმართლე გითხრათ, კარგ, ხარისხიან საქონელს ვერც მაშინ იყიდით სვერში, როდესაც გადაადგილება აკრძალული არ გვქონდა, რადგან სანამ აქ "ამოვა", პროდუქტი ძალიან ძვირდება, ამიტომ მოსახლეობას ურჩევნია, ქალაქში ჩავიდეს და იქ ივაჭროს. გაგვიჭირდა ბოლო დღეებში. სოფლისთვის მანქანით გადაადგილების აკრძალვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ქალაქისთვის. ეს სრული იზოლაციაა გარე სამყაროსთან. ძალიან მეცოდება ჩემი მოწაფეები, ახლა მათ ყველაფრის ნაკლებობა აქვთ.

დეა ჩინჩალაძე