პატარა ადამიანების დიდი სევდა, ანუ ცხოვრება ონლაინრეჟიმში... - გზაპრესი

პატარა ადამიანების დიდი სევდა, ანუ ცხოვრება ონლაინრეჟიმში...

გაგონილი გექნებათ: ყველა დედას საკუთარი შვილი უყვარს და ჰგონია საუკეთესოო. დამიჯერეთ, მასწავლებლებიც ამ "ბრმა სიყვარულით" ვართ შეპყრობილები და გვგონია, რომ რაც კი ქვეყანაში საუკეთესო ბავშვი იყო, ყველა ჩვენს სკოლაში და თუ დამრიგებელიც ხარ, შენს კლასში მოახვედრა განგებამ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ სწავლობს, რა უნარი ან შესაძლებლობები აქვს, როგორ გამოიყურება, რადგან თუ შეიყვარებ და დაიახლოებ, დაინახავ, რომ მართლა არ არსებობენ ცუდი ბავშვები და ყველას თავისი ადგილი აქვს სამყაროშიც, საზოგადოებაშიც და შენს გულშიც, რომელსაც სხვა ვერც ჩაანაცვლებს და ვერც დაიკავებს.

არასოდეს დამიმალავს, რომ ვარ ადამიანი, რომელიც სულ ჟურნალისტიკაზე ოცნებობდა და სკოლაში შემთხვევით მოხვდა. წლების წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ სავალდებულო ორი წლის გასვლის შემდეგ (სხვაგვარად დიპლომს ვერ ავიღებდი), სკოლაში დარჩენას ვერავინ მაიძულებდა, მაგრამ ბავშვებთან სიახლოვემ მალე დამარწმუნა, რომ იმ ლამაზი სამყაროს გარეშე არსებობას, სკოლა რომ ჰქვია, ვეღარასოდეს შევძლებდი. ახლა უკვე სტაჟიანი პედაგოგი მქვია, მაგრამ საკმარისია ჩემს პატარებთან განვმარტოვდე და აღარც ასაკი მახსოვს, აღარც სიმკაცრე და აღარც ის, რომ დიდი ვარ და ეს სულაც არ არის, რომ იცოდეთ, ცუდი...

იმის გამო, რომ ძალიან დაკავებული ვარ, დამრიგებლობაზე წლების განმავლობაში ვამბობდი უარს, რადგან ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა: აქ უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ თუნდაც ყველაზე საუკეთესო გაკვეთილის ჩატარება და ბავშვები იმაზე მეტსაც კი მოელიან შენგან, ვიდრე მეგობრებისგან და თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლებისგანაც კი... წელს კი შეთავაზებას დავთანხმდი და მეხუთეკლასელები ავიყვანე: ჩემი საუკეთესო და შეუდარებელი მეხუთე პირველი...

მადლობა ყველას, ვინც ოდესღაც დამარწმუნა, რომ ფსიქოლოგის პროფესიასაც უნდა დავუფლებოდი. თანაც, იმ განშტოებით, რომელსაც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია ჰქვია. მსგავსი განათლება ის ვარდისფერი სათვალეა, კარგის დანახვაში რომ გეხმარება და ეს უნარი სკოლაში ყველაზე მეტადაა საჭირო, დამერწმუნეთ...

ძალიან გამიგრძელდა შესავალი, მაგრამ ონლაინცხოვრებამ და გაკვეთილებმა ისეთი რამეები აღმომაჩენინა, რასაც სკოლაში ჩვეულებრივი ურთიერთობისას უბრალოდ ვერ ვამჩნევდი: თუნდაც ის, რომ ეს ცელქი და დაუმორჩილებელი პატარები, რომ მეგონა მხოლოდ გართობაზე ფიქრობდნენ, სინამდვილეში არც ისე უდარდელები ყოფილან და ხშირად, ჩვენზე მეტადაც კი განიცდიან თურმე, დარდობენ და ისიც იციან, რომ რაც ირგვლივ და ჩვენს თავს ხდება, მხოლოდ სხვების კი არა, მათი საქმეცაა...

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს ვიდეოზარით დამიკავშირდა ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც ჩემს დანახვაზე ცრემლი ვერ შეიკავა: როდის დავბრუნდებით, მასწავლებელო, სკოლაში... მეშინია სახლშიო...

ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ თავი, რას აღარ ვიფიქრებდი თვით ბავშვზე ძალადობის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა მართლაც შესანიშნავ ოჯახში იზრდება:

- რისი გეშინია?

- სიჩუმის და მარტოობის, მას...

როგორი პასუხია?

დიდხანს ვილაპარაკეთ იმ საღამოს და ჩვენი საუბარი ასე დასრულდა:

- სკოლაში რომ დავბრუნდებით, მაგრად მოგეხვევით და აღარასოდეს გაგიშვებთ ხელს! - მითხრა პატარამ და მეც ამატირა. ეს კი ბედნიერების ცრემლები იყო, რა თქმა უნდა.

მომდევნო დღეებში კი ჩემი სადამრიგებლო კლასი (ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მე-51 მოსწავლეები) ე.წ. კლასის საათზე შევკრიბე და ვთხოვე, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი ფიქრები:

GzaPress ლიზა ხურციძე: - ყველა და ყველაფერი მომენატრა. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა. ოჯახის წევრებმა სანთლებიანი ტორტიც მომართვეს, საჩუქრებიც, მაგრამ მაინც ძალიან მოწყენილი ვიყავი, რადგან მეგობრები არ მყავდა გვერდით. როცა ეს ვირუსი აღარ იქნება და ძველი ცხოვრება დაბრუნდება, მთელ თავისუფალ დროს კლასელებთან გავატარებ, რომლებიც მომდევნო დაბადების დღეზე ჩემთან უნდა იყვნენ, აუცილებლად...

მარიამ მოსეშვილი: - მინდა ეს კარანტინი მალე დასრულდეს და სკოლაში დაბრუნების უფლება მოგვცენ. მგონი, აღარასოდეს მომინდება კომპიუტერთან დაჯდომა. მესმის, გაკვეთილები უნდა ჩაგვტარებოდა, მაგრამ საკლასო ოთახი და ცოცხალი ურთიერთობები ჯობია. კიდევ იმაზე მწყდება გული, რომ სპექტაკლის დადგმა ვერ მოვასწარით, ძალიან მინდოდა სცენაზე დადგომა. ადრე მსახიობობა მსურდა, მაგრამ ახლა, მგონი, ექიმობა უფრო მინდა; თუ ასეთი ვირუსი კიდევ გაჩნდება, ყველას რომ ვუშველო და მალე მოვარჩინო...

ლიზი თორთლაძე: - სპექტაკლის გამო მეც მწყდება გული. გამახსენდა მე და მარიამი რომ ვკამათობდით, რომელს შეგვესრულებინა მთავარი როლი. ოღონდ სკოლაში დავბრუნდეთ და შენი იყოს, მარიამ, მთავარი როლი და საერთოდ, ისე მენატრებიან მეგობრები, მიკვირს, ზოგჯერ რატომ ვკამათობდით? სკოლაში რომ დავბრუნდებით, სულ სხვაგვარი მეგობრობა გვექნება, ერთმანეთის ფასი გაგვაგებინა ამ საძაგელმა კორონამ. სახლში გამოკეტილს ერთი სიხარული მაბედნიერებს: მალე ჩემი დაიკო დაიბადება და უკვე დარდისთვის აღარ მეცლება...

ქრისტინე ბართაია: - ახლაც რომ დედისერთა ვიყო, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. მადლობა მშობლებს, რომ პატარა ძამიკო მაჩუქეს, რომელიც ჩემ თვალწინ იზრდება და იცვლება. ჩემი საუკეთესო "გასართობია". ონლაინგაკვეთილები კი მომწონს, მაგრამ ჩვენი კლასი მენატრება, გოგონების განმარტოება დამრიგებელთან და იმაზე საუბარი, რატომ არიან ბიჭები ასეთი ცელქები და რატომ არ უნდა ვეჩხუბოთ მათ. კიდევ ჩვენი პატარა საიდუმლოების განხილვა...

ელა ქევანიშვილი: - ნეტავ მეც მყავდეს პატარა და ან ძმა, კატის იმედად ვარ დარჩენილი, რომელსაც ტანსაცმელიც კი ვუყიდე. ძალიან მართობს, მაგრამ მაინც მიჭირს სახლში ყოფნა. ჩვენ სოფელში წამოვედით, რადგან უფროსებმა ჩათვალეს, რომ აქ უფრო დაცულად ვიქნებოდით. ქალაქის გუგუნიც კი მომენატრა და კიდევ, დიდ დასვენებაზე ცეკვა და ვიდეოების გადაღება.

ლიზი სოფრომაძე: - ჩვენც სოფელში ვართ, სადაც ინტერნეტიც კი არ იჭერს ნორმალურად და მიჭირს ონლაინკლასში შემოსვლა. ყველაფერი რომ გავიგო, ტელეფონით ვწვალობთ მეც და მასწავლებლებიც. ჩემი მშობლები რამდენიმე წელიწადია ესპანეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. ივნისის ბოლოს მე და ჩემი დაც უნდა წავეყვანეთ და ახლა არც ეს მოხერხდება ალბათ, რის გამოც მოწყენილი ვარ - ძალიან მენატრებიან დედიკო და მამიკო. რომ შეიძლებოდეს, "მოვკლავდი" იმ უგულო კორონას...

GzaPress ზურა ბასილაძე: - გოგონებს რა გიჭირთ - სახლშიც გამონახავთ გასართობს და თუნდაც კატას შეუკერავთ კაბებს, მაგრამ ბიჭები მართლა დავიტანჯეთ. ოთახებში კი დავრბივარ, მაგრამ ეს მიშველის? აღარ მინდა კორონა, გამიშვით სკოლაში, რომ სირბილით და ფეხბურთის თამაშით გული ვიჯერო, თორემ რა გამოვა: ან მძინავს, ან გაკვეთილებს ვესწრები და ვამზადებ, ვჭამ და არ მინდა ამ უმოძრაობით ასი კილო გავხდე. ცეკვის სტუდიაში მაინც დავდიოდე, რომ ეს ენერგია დავხარჯო. ცუდი სიტყვებიც კი ვისწავლე კორონას და მისი "გამომშვების" სალანძღავად...

გიორგი ჭყოიძე: - შენ რა გიჭირს, მე და მახომ ვიკითხოთ: გამოგვიშვეს მშობლებმა სოფლებში ბებიებთან და ბაბუებთან, სადაც ოცნებაც კი შეუძლებელია დიეტაზე და წონის დაგდებაზე: ბებიებს სულ ჰგონიათ, რომ ბავშვები მშივრები არიან და ისეთ გემრიელობებს აკეთებენ, დიეტა ნასადილევს მახსენდება. კიდევ კარგი, ეზო გვაქვს და გამოსვლა შემიძლია, მაგრამ ეს წრეზე სირბილი მიშველის? ონლაინგაკვეთილები კი არა, ჩემს სკოლაში და ჩემს მეგობრებთან ყოფნა მინდა, მასწავლებლების საყვედურებიც კი მომენატრა, მაგრამ ახლა არც ისინი გვსაყვედურობენ: თურმე როგორ გვყვარებიხართო, გვეფერებიან...

მალხაზი ჩხიტუნიძე: - მეც სოფელში ვარ. დედა ახერხებს ზოგჯერ ჩამოსვლას, მამა ერთხელაც არ მინახავს და მის გარეშე მოწყენილი ვარ. დიეტაზე რომ მოვილაპარაკეთ (ოთხი პუტკუნა ვართ კლასში: მე, მალხაზი, გიორგი და კიდევ ერთი გიორგი და ერთად გადავწყვიტეთ ნაახალწლევს: ვინც შესამჩნევად და პირველი მოიშორებდა ზედმეტ კილოგრამებს, დანარჩენ სამს მისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა! - ი.ჯ.), ბებიასთან ეგ ნამდვილად არ გამომივა და წინასწარ ვიცი, წავაგებ...

თორნიკე ვეკუა: - მამა და ძმა რუსეთში მუშაობენ, დედა იტალიაშია. სკოლა და მეგობრებიც შემომაცალა ამ აუტანელმა კორონამ და როგორ ხასიათზე ვიქნები?! სკოლაში მინდაააააააა... ონლაინგაკვეთილებზე მასწავლებლებზე ადრე შევრბივართ ბავშვები და ისე ვხმაურობთ, როგორც დასვენებებზე. მართლა დიდი ბედნიერება ყოფილა სკოლაში სიარული...

მარიამ აბაშიძე: - უმცროსი და მყავს. ადრე სულ ვწუწუნებდი: მომაშორეთ, ხელს მიშლის-მეთქი და ახლა იქით დავდევ, რომ მეთამაშოს. უკვე მოთმინება მღალატობს, ისე მენატრება სკოლა და ჩვენი კლასი. აღარასოდეს ვიტყვი, რომ სკოლაში სიარულს არდადეგები ჯობია...

საბა გრძელიძე: - ოჯახში ხან რას იგონებენ ჩვენს გასართობად და ხან რას, მაგრამ მაინც სკოლაში ჯობია. ერთი სული მაქვს, როდის შეგხვდებით ყველას და ძველებურად გავერთობით, ვირბენთ კისრიტეხით დერეფნებშიც და ეზოშიც. ადრე ვგიჟდებოდი კომპიუტერში თამაშზე, ახლა კი ატანა აღარ მაქვს და ვხვდები, რას გულისხმობენ უფროსები, როცა ამბობენ: მშობლებს შუაღამემდე ვერ ამოვყავდით სახლში, მეგობრებთან თამაშში გართულებიო...

GzaPress ლიკა ბენდელიანი: - მეც სოფელში ვარ. არადა, ახლა თურქეთში უნდა მეცეკვა ფესტივალზე ჩემს ანსამბლთან ერთად და ყველასთვის გვეჩვენებინა, რა განუმეორებელია ქართული ცეკვა და მუსიკა. როცა ვლოცულობ, პირველ რიგში, იმას ვეხვეწები ღმერთს, რომ მოგვაშოროს ეს კორონა და არასოდეს დაგვაშოროს ბავშვები ერთმანეთს, რადგან უმეგობროდ ცხოვრება მართლაც დამღლელი და უინტერესოა...

საბა სამხარაძე: - მე უკვე ვიცი, რომ მეცნიერი გავხდები. ისეთ რამეს გამოვიგონებ, რომ ყველანაირი კორონა გაქრეს და ჩვენს მერე რომ ბავშვები დაიბადებიან, იმათ არ განიცადონ ის, რაც ახლა ჩვენ დაგვემართა. დიდი ბაბუებისგან გამიგონია: თქვენ რა გიჭირთ, არც ომი გინახავთ და არც გაჭირვებაო და ახლა მივხვდი, რას გულისხმობდნენ: მგონი, ახლა ჩვენც ომში მოვხვდით და კარგად უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი უბედურება აღარ დაგვემართოს...

ჩემი ჭკვიანი საბას სიტყვებით შემთხვევით არ დამიმთავრებია "ონლაინკლასის საათი": მართლაც ომში არიან ახლა ჩვენი პატარები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე დავავიწყოთ მათ ეს კოშმარი, რომ ერთად ყოფნით და უდარდელი დღეებით გაიხარონ. მადლობა საქართველოს და სრულიად მსოფლიოს ყველა პატარას უფროსებისგან: თქვენ საუკეთესოები ხართ!!!

ინგა ჯაყელი