"როგორც კი მოვლასა და მზრუნველობას მოაკლებ, ყვავილი ჭკნება, ასეა ქალიც..." - გზაპრესი

"როგორც კი მოვლასა და მზრუნველობას მოაკლებ, ყვავილი ჭკნება, ასეა ქალიც..."

ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლ "სულიკოს" დამაარსებელი, დირექტორი და მენეჯერი ვანიკო გალუაშვილი უკვე 24 წელია, ოპერის თეატრის სოლისტი გახლავთ. ჰყავს ვაჟი ზუკა, რომელიც ასევე, ოპერის თეატრშია დაკავებული. კარანტინის სტრესს, ძირითადად, საკუთარ ეზოში გაშენებულ ბაღში ფუსფუსით, ყვავილების მოვლით, სიმღერით, კითხვითა და იუმორით ებრძვის. თეატრი ისე მენატრება, წყნეთიდან ჩავდივარ და თეატრის წინ ვსეირნობ ხოლმეო, - მითხრა საუბრისას.

ბას-ბარიტონი საოპერო ხელოვნების, გამოჩენილი მოღვაწეების, "სულიკოს", ასევე, ქალისა და ყვავილის მსგავსების შესახებ გვესაუბრა...

- ანსამბლ "სულიკოს" შესახებ მოგვიყევით.

- პრეცედენტი, რომ ოპერის თეატრის სოლისტები პარალელურად, სხვადასხვა ჟანრში პროფესიულად მღეროდნენ, მსოფლიოს არც ერთ ოპერის თეატრში არ არსებობს. ანსამბლი, რომელიც ათი წევრისგან შედგება, 2007 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 80-ზე მეტი წარმატებული გასტროლი გვქონდა. ადვილი ნამდვილად არ არის, ჯგუფის შემოქმედებითი ცხოვრება თეატრის რეჟიმს შეუთავსო, მაგრამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეგვიწყოს. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს საელჩოებთან. გასტროლზე პირველ განყოფილებაში კლასიკას, საოპერო არიებს, რომანსებს ვმღერით, მეორეში კი ფოლკლორს, საგალობლებს, ქალაქურ თუ ხალხურ სიმღერებს. სადაც მივდივართ, აუცილებლად გვიწვევენ მეორედ. ადგილობრივი ტელევიზიების გადაცემებსა და პრესაში ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ოპერის თეატრის ანსამბლი ვართ.

- რატომ არ მიჰბაძეთ არაერთ ქართველ მომღერალს, ვინც კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელა?

- სხვათა შორის, ვფიქრობდი, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო ასე არ მოხდა. მაესტრო ჯანო კახიძემ ოპერაში რომ მიმიყვანა, იმ პერიოდში მამა გარდამეცვალა და ოჯახი ჩემზე გახდა დამოკიდებული. თავს წასვლის უფლება ვერ მივეცი. გარდა ამისა, თეატრში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თვეში 17-18 სპექტაკლიც მიმღერია. შესაბამისად, შემოსავალიც საკმაოდ ნორმალური იყო. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდხანს ვერ ვძლებ. გასტროლზე რომ მივდივართ, ვცდილობ, სხვა ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობამ ორ კვირას არ გადააჭარბოს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის თეატრი არ არის მხოლოდ სამსახური. რეპეტიციების შემდეგ შეგვიძლია მთელი დღე ოპერაში გავატაროთ, რადგან ის ჩვენი სახლია. თუ სიმღერის ვირუსი შეგეყარა, აღარასოდეს გაგივლის.

GzaPress

- ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მოგზაურობას ისედაც ახერხებთ. - დიახ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ლიტვაში 12-ჯერ ვიყავით. ხალხი უკვე ქუჩაში გვცნობს. ხშირად გვიხდება გასვლა როგორც ანსამბლს, ისე ინდივიდუალურად.

- როგორ მოხდა, რომ ოპერის თეატრის სცენაზე 21 წლის ასაკში აღმოჩნდით?

- პირველ კურსზე სწავლისას კონსერვატორიის მცირე დარბაზში კონცერტი ჩავატარე, რომელსაც თურმე ოპერის თეატრის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. თეატრის მაშინდელი დასის უფროსმა მითხრა, ხვალ ჯანსუღ კახიძე გიბარებსო. ნოდარ ანდღულაძეს ეს ამბავი ვუთხარი. არ წახვიდე, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ბევრი როლი რომ მოგცენ, შეიძლება ხმა დაგიზიანდესო. ბუნებრივია, მას ყველაფერს ვუჯერებდი. შემდეგ კონცერტზე თავად ბატონმა ჯანომ ღიმილით მითხრა, - მთელი ქვეყანა აქეთ მეხვეწება და მე შენ უნდა გეხვეწოო?!. მიზეზი ავუხსენი. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე ვიყავი. იმ პერიოდში თეატრში სტუდენტების სპექტაკლზე შეყვანა მევალებოდა. ერთ-ერთ სპექტაკლზე მოგვიანებით შევედით. შესვენებაზე შუქი რომ აინთო, აღმოჩნდა, რომ ჯანოსა და თეატრის სხვა ხელმძღვანელების გვერდით ვიჯექი. ჯანომ თქვა, თავისი ფეხით მოსულაო, კაბინეტში შემიყვანა და კონტრაქტზე ხელი მომაწერინა. ასე აღმოვჩნდი ოპერის თეატრში.

- რას ამბობდა, რით გამოგარჩიათ?

- როგორც აღნიშნავდა, ხმითა და არტისტული მონაცემებით გამომარჩია. მაშინ ყველა გარბოდა ქვეყნიდან, პროფესიონალი მომღერლების დეფიციტი გახლდათ. იყო დრო, როცა 12 სპექტაკლში საერთოდ არ მყავდა დუბლიორი. ერთ ეპიზოდს მოგითხრობთ: ზამთარია. რობიკო სტურუას "კარმენზე" ვმუშაობთ. წყნეთში ვცხოვრობ, ტრანსპორტის პრობლემის გამო მუდამ მაგვიანდება და რეპეტიციებზე გაუმღერებელი, მოუმზადებელი შევდივარ. ერთხელ ბატონმა ჯანომ პულტიდან მანიშნა, დამელოდე, არ წახვიდეო. მეგობრები თანამიგრძნობდნენ როგორც "განწირულს" (იცინის): ფიქრობდნენ, რომ ჯანო თეატრიდან გამაგდებდა. ყველა დაითხოვა, ხელკავი მეგობრულად გამომდო და ხშირი დაგვიანების მიზეზი მკითხა... მთელი საათი ურეკავდნენ, რეპეტიცია ჰქონდა და ელოდებოდნენ, მაგრამ არ პასუხობდა. სცენაზე მატარებდა, ხმა არ დაღალოო, პარტია სტვენით გამატარა. მეორე დღეს თეატრის ეზოში უცხო მამაკაცი დამხვდა. მითხრა, ბატონმა ჯანომ დამიქირავა, ამ საპრემიერო პერიოდში მანქანით მოგემსახურებითო. საოცარი პიროვნება გახლდათ თეატრის მთავარი რეჟისორი გურამ მელივა. ბოლო პერიოდში საოპერო თეატრის რეჟისურაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- ცნობილი ფაქტია, რომ გურამ მელივას განსაკუთრებით უყვარდა თევზაობა...

- ეს მისი საყვარელი ჰობი და სასაუბრო თემა გახლდათ. ცხარე შემოქმედებითი კამათისას, საკმარისი იყო, ვინმეს თევზი და თევზაობა ეხსენებინა, წამში მიიპყრობდა მის ყურადღებას. თავადაც საოცარ ისტორიებს გვიამბობდა. გამორჩეულად მოწესრიგებული იყო. შექმნა სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა სოლისტებთან ინდივიდუალურად, სახისა და როლის გახსნაზე, სცენაზე მოქცევის დეტალებზე მუშაობდა. სცენაზე მხოლოდ სიმღერას როდი ენიჭება მნიშვნელობა. საუკეთესო სინთეზია, როცა მსახიობი სწორად მღერის და ამავდროულად, ამჟღავნებს მსახიობის ოსტატობის, დგომისა და გამოხატვის უნარ-ჩვევებს. მომავალ თაობას ჩვენი თაობის მომღერლებიც სიამოვნებით ვუზიარებთ სცენური ოსტატობის გამოცდილებას.

GzaPress

- თქვენთვის საოპერო ხელოვნება ოჯახური ტრადიცია იყო? - საოპერო ხელოვნებასთან შეხება ოჯახში არავის ჰქონია. პაპას, ვანო გალუაშვილს ფანტასტიკური ხმა ჰქონდა, ცნობილი თამადაც გახლდათ. 5 წლის ვიყავი, როცა "მართვეში" მიმიყვანა. ანზორ ერქომაიშვილი და კოტე მშვიდობაძე ამ ასაკიდან იყვნენ ჩემი პედაგოგები და ბედნიერი ვარ, რომ მათი აღზრდილი მქვია. "მართვეში" ყოფნის პერიოდი განსაკუთრებით ძვირფასია, იმ დროს შეძენილ ადამიანებთან დღემდე ვმეგობრობ. პაპას გარდაცვალების შემდეგ მინდოდა, მისი ხსოვნის პატივსაცემად, სცენაზე დავმდგარიყავი. მამას არ სჯეროდა, რომ რაიმე სერიოზულ საქმეს მოვეკიდებოდი. რომ ვუთხარი, კონსერვატორიაში ჩავაბარე-მეთქი, არ დაიჯერა. მოგვიანებით არ დაიჯერა არც ჩემი ოპერის თეატრის სოლისტობა. სულ მინდოდა სცენაზე ვენახე, მაგრამ მალევე გარდაიცვალა... ძალიან ურეჟიმო, ჩხუბისთავი ვიყავი, მუსიკალური სასწავლებლიდან რამდენჯერმე გამომრიცხეს. ერთხელ ჩემმა კურსელებმა კონცერტზე იმღერეს. დირექტორი მომიბრუნდა, შე საცოდავო, რა გეშველება, შენგან არაფერი გამოვა, მიჰბაძე ამათ, მათი სახელები დაფაზე უნდა გამოვაკრათო. ამ ამბიდან სამ წელში ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ საგრიმიოროს კარი გაიღო და მუსიკალურის დირექტორი, კათედრის ყველა წევრთან ერთად, ხმამაღალი საქებარი შეძახილებით შემოვიდა. ვუთხარი, დაფაზე გამოკრული არ დავინახო ჩემი სურათი-მეთქი (იცინის).

- კონკრეტულად საოპერო მიმართულება რა მიზეზით აირჩიეთ?

- მეუბნებოდნენ, რომ კარგი ხმა და არტისტული მონაცემები მქონდა, მაგრამ მე დირიჟორობა და მსახიობობა მინდოდა. მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო სადირიჟოროზე ვსწავლობდი. მისი დამთავრების შემდეგ საბუთები კონსერვატორიაში სადირიჟოროზე, თეატრალურში კი სამსახიობოზე შევიტანე. როცა ნოდარ ანდღულაძესთან მიმიყვანეს, მითხრა, ორივე სასწავლებლიდან საბუთები უკან გამომეტანა და ვოკალურზე ჩამებარებინა. წარმოიდგინეთ, ოპერის მომღერლებს საერთოდ ვერ ვიტანდი. ერთი გოგონა მომწონდა. მას კი, ვიცოდი, ოპერა და ოპერის მომღერლები აინტერესებდა. ჩემმა პირველმა პედაგოგმა, გოდერძი გველესიანმა ნეაპოლური რომანსი "დიჩიტენჩელო" მასწავლა, თან წამაქეზა, - ამის მღერით თავს ყველა ქალს მოაწონებო (იცინის). მართლაც, როცა იმ გოგონას ვუმღერე, ჩემ მიმართ დადებითად განეწყო. დავინტერესდი და მოვუსმინე ოპერის მომღერლებს. ასე დავვირუსდი ოპერით. დავიწყე მეცადინეობა და სწორედ ამ პერიოდში მიმიყვანეს ნოდარ ანდღულაძესთან, რომელმაც დიდწილად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

- არაერთ ფილმსა და რეკლამაში მონაწილეობთ. მათ შორისაა: ოთარ იოსელიანის "შანტრაპა", ედუარდ ოგანესიანის "ანაბანა", ნანა ექვთიმიშვილის "ჩემი ბედნიერი ოჯახი"...

- ჩემი ერთ-ერთი ოცნება ფილმში მონაწილეობა იყო და უბედნიერესი ვარ, რომ ამიხდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გენიოს ოთარ იოსელიანთან გატარებული სამუშაო დღეები, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

- გამოდის, დირიჟორობის გარდა, ყველა პროფესიული ოცნება აიხდინეთ.

- მაესტრო ჯანო სპექტაკლებს რომ დირიჟორობდა, სულ უკან ვიჯექი და იმ პერიოდში 9 ოპერა ვიცოდი დირიჟორობით. სტურუას "კარმენში" იყო ეპიზოდი - გუნდის წინ ვიდექი და ვდირიჟორობდი. როგორც ჩანს, ისე შევედი ეშხში, გუნდის ყურადღება მართლა მივიქციე. ჯანომ ორკესტრი გააჩერა, მითხრა, გვერდით დადექიო და გუნდს მიმართა, - ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ დირიჟორი, მე მიყურეთო (იცინის).

- რას აფასებთ ქალში, როგორი უნდა იყოს სასურველი ქალბატონი?

- სხვათა შორის, სულ მინდოდა, ქალისთვის ცოლობა ორიგინალურად, სპექტაკლის დროს მეთხოვა. წყნეთში, სახლის ეზოში პატარა ულამაზესი ბაღი გვაქვს. ძირითადად, დედა უვლის. როცა მცალია, მეც სიამოვნებით ვატარებ დროს ყვავილების გარემოცვაში. მეგობარი ფლორისტი მყავს, ცირა ოქროპირიძე. საგურამოში საოცარი ბაღი აქვს. დავაფუძნეთ ვარდების ფესტივალი. ცირა თავის ვარდებს გამოფენს ხოლმე, ჩვენ კი კონცერტს ვატარებთ. ჩემთვის ყვავილი ქალთან ასოცირდება. როგორც კი მოვლას, წყალს, ყურადღებას, მზრუნველობას, სარეველა ბალახის გამოცლას მოაკლებ, ყვავილი ჭკნება. ასეა ქალიც. ზოგ ყვავილს სუსტი ღერო აქვს და მეტი ხელშეწყობა სჭირდება, ზოგი კი ისეთი ძლიერია, შენგან არაფერი უნდა, პირიქით, ყველაფრის გარეშე გასიამოვნებს სურნელითა და სილამაზით, მაგალითად - ვარდი. ძალიან ვაფასებ, როცა ქალს თავისი პროფესიული საქმე აქვს. მომხრე ვარ, დედამ თავად აღზარდოს შვილები და ამ საქმეში მამასაც თანაბარი წვლილი ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისი პირადი სივრცე არ ჰქონდეს. საშინელი რეაქცია მაქვს ქალის ბილწსიტყვაობაზე. ქალის ბუნება ამოუწურავი უნდა იყოს მამაკაცისთვის, ოღონდ, მამაკაცმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, რომ ის მუდამ გაშლის, გაფურჩქნის პროცესში იმყოფებოდეს. "ნატურალური" ქალი ადვილად გამოირჩევა ხელოვნური და "ფუღურო" ქალისგან.

- განათლება?

- აუცილებელია. რომ შეხედავ, გარეგნულად ლამაზია, განათლებაც თუ აღმოაჩნდა და ისიც იცის, სად როგორ მოიქცეს, გაგიმართლათ და ისაა (იცინის). რა ჯობია მშვიდ, წყნარ, თავდაჯერებულ ქალს?! საერთოდ, მგონია, რომ ქალების უმრავლესობა, მამაკაცებთან შედარებით, სწორად აზროვნებს, რადგან ქალს ღვთისგან დედობის უნარი აქვს მინიჭებული. მომღერლისთვის ყველაზე მთავარი ფუფუნება ოჯახია. როდესაც ოჯახის წევრების მხარდაჭერას გრძნობ, ეს ავტომატურად აისახება სცენაზე შენს პროფესიონალიზმში. ქალს ოჯახში ბევრად მეტი ფუნქცია აქვს და მეტი განათლებაც მოეთხოვება.

შორენა ლაბაძე