"სამსახური ძალიან მჭირდება, ჩემი ოცნების ასრულება რომ შევძლო" - გზაპრესი

"სამსახური ძალიან მჭირდება, ჩემი ოცნების ასრულება რომ შევძლო"

ადამიანები ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე ისეთ წვრილმანებზე, რაც სინამდვილეში ადვილად მოგვარებადია. რატომღაც გვგონია, რომ ბედისწერამ მხოლოდ ჩვენ მოგვივლინა ასეთი განსაცდელი და სამდურავიც არაერთხელ დაგვცდენია. მერე, როდესაც "ესეც გაივლის" ან როდესაც სხვისი ტრაგედიის შესახებ გვესმის, ვხვდებით, რა ტყუილად ვემდუროდით ბედს... 20 წლის გიორგი ოსიაშვილის ამბავმა ბევრი ადამიანი ააღელვა:

- მარტყოფიდან ვარ, 2 ძმა და ერთი და მყავს. ძმები ჩემზე უფროსები არიან, და კი 3 წლით უმცროსია. ვერ ვიტყვი, პატარაობიდან ბევრი კარგი რამ მახსოვს-მეთქი. შეიძლება ითქვას, ბავშვობა არც მქონია. გაჭირვებულ ოჯახში ვიზრდებოდი, არ ვიცოდი, გართობა და თამაში რა იყო. სათამაშოებს ვინ ჩივის, ბევრჯერ პურიც მენატრებოდა. არ ვიცოდი, რა იყო სითბო, ყურადღება, სიყვარული... სხვა ბავშვებს ვუყურებდი და გული მტკიოდა, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, მათსავით მეცხოვრა. ისინი როცა ერთად იყვნენ, ახლოსაც არ მიკარებდნენ. არ მყავდა მეგობრები. ის ბავშვები ახლა უკვე დიდები არიან და დღესაც მხვდებიან, მაგრამ ალბათ სულ არ ახსოვთ ძველი ამბები. მე კი მახსოვს ყველაფერი, მაგრამ ღვარძლიანი ადამიანი არ ვარ...

გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა. იშვიათად, რომ მამა ფხიზელი ყოფილიყო ან რამე კარგი სიტყვა ეთქვა ჩვენთვის და გული გაეხარებინა. ერთი პურიც არ მოუტანია ოჯახში. ხშირად გვცემდა კიდეც, ლამის ყოველდღე. დედა შეძლებისდაგვარად გვიცავდა მისგან, ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. მამა რომ მცემდა, გავიბუტებოდი ხოლმე და სახლიდან მივდიოდი, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა, მაგრამ წასასვლელიც არსად მქონდა!.. პატარა ვიყავი და როგორ უნდა მოვქცეულიყავი? მახსოვს, დედა ჩამიხუტებდა შინ მისულს და მომეფერებოდა...

დედა რომ გარდამეცვალა, 10-11 წლის ვიქნებოდი. ერთხელ შეშის მოსატანად წავედით ტყეში დედა, მე და ჩემი და. თავსხმა წვიმაში მოვყევით, გრუხუნებდა და ძალიან გვეშინოდა. დედა იმ დღეს დაიღუპა - მეხი დაეცა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ჩემი და გადარჩა. ამაზე საუბარი არ გვიყვარს, იმ დღის გახსენებას ვერიდებით, რადგან ეს ჩვენთვის, ორივესთვის მტკივნეული თემაა. ამის შემდეგ მარტოებს გვიწევდა მამასთან ყოფნა, რა თქმა უნდა, არ გვპატრონობდა. სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა. იმ სახლს, სადაც ვცხოვრობდით, სახლი არც ერქვა, ზედ გვაწვიმდა. თუ რამ მქონდა, ქუჩაში ვჭამდი, არავინ მკითხულობდა. ერთხელ ბიძაჩემი მოვიდა და მე და ჩემს დას გვითხრა, მარტყოფში ბავშვთა სახლი გაიხსნა და იქ უნდა წაგიყვანოთო. ვტიროდი, არ მინდა-მეთქი წასვლა, მაგრამ მეორე დღეს მაინც გავყევით. მანამდე ისეთი სახლი ნანახიც კი არ მქონდა, სასახლედ მომეჩვენა. ისე თბილად შეგვხვდნენ და ისე კარგად მიგვიღეს, რომ მალევე მივეჩვიეთ იქაურობას. წერა-კითხვა არ ვიცოდი და ვისწავლე. იქ ჩამოვყალიბდი და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში. ბავშვთა სახლი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი ან როგორ. 6 წელი ვცხოვრობდი, მე-12 კლასში ვიყავი, ბანკეტამდე ერთი კვირით ადრე მითხრეს, აქ ვეღარ იქნები, უნდა წახვიდეო. გული ძალიან მეტკინა, მაგრამ თავი შევიკავე, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. მირჩიეს, "ახალგაზრდულ სახლში" რამე ხელობა შეისწავლეო. დავინტერესდი, ქუჩას ხელობის სწავლა ვარჩიე.

GzaPress აქ მართლაც საუკეთესო გარემო და პირობებია, ბევრი თანატოლი გავიცანი, დავმეგობრდით კიდეც, კარგი მასწავლებელიც მყავს. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ხეზე მუშაობას ვსწავლობ. თან სპორტსაც არ დავანებე თავი - 6 წლის წინ ძიუდოში ვარჯიში დავიწყე. სავარჯიშოდ დიღომში დავდივარ. მინდა, ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ მეტი შემიძლია. საშუალება არ მაქვს, რომ შეჯიბრებაზე გავიდე, ამას ყველაფერს თანხა სჭირდება. ამჟამად ახლობელთან ვცხოვრობ. ჩემი ძმები ცალკე არიან. მამა ცოცხალია, მაგრამ მე და ჩემს დას მასთან ურთიერთობა არ გვაქვს. არ ვმუშაობ, არადა, სამსახური ძალიან მჭირდება, ჩემი ოცნების ასრულება რომ შევძლო, - მინდა, ყველაფერი დავივიწყო; მინდა, ჩემს დასთან ერთად ვიცხოვრო და ბედნიერი ოჯახი მქონდეს, ისევე როგორც სხვებს... მას შემდეგ, რაც 20 წლის გიორგი ოსიაშვილის ეს ისტორია ბევრმა მოისმინა, სოციალურ ქსელში მას უამრავმა უცნობმა თუ ნაცნობმა მისწერა და საოცარი სითბო და პატივისცემა გამოხატეს მის მიმართ:

"თქვენმა ისტორიამ იმდენ რამეზე დამაფიქრა... ახლაც ვწევარ და ვტირი, თან ვბრაზობ, რამდენი შეძელით ასეთ მძიმე პირობებში და მე რატომ ვწუწუნებ ჩემს ცხოვრებაზე?! მთელი გულით მინდა, წარმატება გისურვოთ! არ მინდა, დამრიგებლური ტონი მქონდეს, არც გჭირდებათ, მაგრამ ეს სიკეთე, რაც გულში გაქვთ და რაც ყველას გვაგრძნობინეთ, არასოდეს დაკარგოთ!"

"გამარჯობა, გიო. არაფერი უცხო არ გითქვამს, უბრალოდ, ყველა ჯერზე მტკივნეულია, როცა ამას იგებ. როცა ეს ყველაფერი გადაივლის, აუცილებლად მინდა გაგიცნო. შეიძლება, სულაც არაფერი გაგიკეთო, მაგრამ ჩემი სახით ერთი თბილი და მოსიყვარულე მეგობარი გეყოლება. იმიტომ კი არა, რომ შენ გჭირდება - არა! მე, მე მჭირდება იმიტომ, რომ სასწაული ადამიანი ხარ და ვიამაყებ შენი მეგობრობით".

"უნდა იბრძოლო ოცნებების ასასრულებლად. მაგარი ბიჭი ხარ და გულით მინდა, რომ შენს ცხოვრებაში სულ იყოს ზაფხულივით ფერადი დღეები. ბევრი, ბევრი წარმატება შენ და გახსოვდეს, არასდროს დაიხიო უკან, მაშინაც კი, როცა ამის უკიდურესი აუცილებლობა იქნება. შენ გაიმარჯვებ".

"კაცი ხარ, მეგობარო, პატარა დაიკოსთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. მთავარი გამოცდა ჩაბარებული გაქვს ცხოვრებაში, რასაც ბევრი ვერ ახერხებს, უზრუნველყოფილებიც კი. შენ ადამიანად დარჩი, მერწმუნე, წინ ბედნიერება გელოდება..."

P.S. ჩვენც წარმატებებსა და ოცნების ახდენას ვუსურვებთ მას.

ნინო ჯავახიშვილი