როგორ შეცვალა და შეცვლის "კოვიდ-19" სამყაროს - გზაპრესი

როგორ შეცვალა და შეცვლის "კოვიდ-19" სამყაროს

კორონას ჟამს "კოვიდ-19"-ის თემას ვერსად გავექცევით - ვსხედვართ შინ იზოლირებულად და ვმუშაობთ დისტანციურად... ამჯერად ჩემი თანამოსაუბრე გახლავთ ფიზიკოსი ედიშერ ცხადაძე - თსუ-ის უფროსი მეცნიერი-მუშაკი, შვეიცარიაში, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში (CERN) დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS ექსპერიმენტის მონაწილე, ასევე, იტალიაში ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის (INFN) რამდენიმე პროექტის მონაწილე. რესპონდენტთან საუბარი მისი ბოლო ამბებით დავიწყე - კარანტინებით: ქართული, უფრო ზუსტად, ბათუმური კარანტინით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და რომელსაც წინ ფრანგული კარანტინი უძღოდა.

ედიშერ ცხადაძე: - ბათუმურმა კარანტინმა მშვიდობით ჩაიარა. 1-ლ მაისს გამოგვიშვეს და წამოგვიყვანეს თბილისში. როგორი იყო? მაღალი კლასის სასტუმრო კარგად მომზადებული დაგვხვდა. თვითმფრინავიდან სასტუმრომდე მინიმალური კონტაქტებით მოგვიყვანეს და დაგვაბინავეს. გვქონდა სამჯერადი კვება, ყოველდღიურად გვირეკავდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობას გვეკითხებოდნენ (თერმომეტრები სასტუმროში დაგვახვედრეს). უშუალო კონტაქტი არავისთან გვქონია - დერეფანში გამოსვლა არ შეიძლებოდა, საჭმელი გარკვეულ დროს რიგდებოდა, შემდგომ ნარჩენების გარეთ გადგმა-გატანაც "უკონტაქტო" იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ კვების მრავალფეროვნებას: სადილ-ვახშამი, ფაქტობრივად, არც კი განმეორებულა. მშიერი არ დავრჩენილვარ, თუმცა ერთხელ მაინც წამძლია სულმა და რესტორანში შევუკვეთე აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. სასწორიც კი იყო ნომერში, რომელმაც გამოწერის წინ ძალიან "დამწყვიტა" გული, - წონაში აშკარად მოვიმატე... კარანტინში ყოფნა არ გამჭირვებია, ინტერნეტი მარტივი კონტაქტებისა და სოციალურ ქსელებში ჩართვის საშუალებას იძლეოდა. სამწუხაროდ, მაღალი დონის ინტერნეტდაცვამ არ მომცა საშუალება, ფიზიკის მიმართულებით მემუშავა - საიტებზე გასვლა რატომღაც შეზღუდული იყო. სხვა მიმართულებით თავისუფალი დრო მაინც პროდუქტიულად გამოვიყენე: იტალიის შესახებ ჩემი წიგნების სერიის იტალიური სამზარეულოს წიგნს 50-მდე კერძის მომზადების აღწერა დავამატე, ასევე, დავწერე ახალი წიგნი-მეგზური ჟენევაში ჩასული ქართველი ტურისტებისთვის.

საქართველოში ჩამოსვლამდე ჩემი სამეცნიერო მივლინების ადგილი იყო შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარე ინსტიტუტი CERN-ი - ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი. ეს ჟენევის მახლობლადაა, საფრანგეთის ცენტრიდან მოშორებული პროვინცია, პარიზიდან იქამდე 500 კმ-ზე მეტია. 15 მარტიდან ინსტიტუტის დახურვა გამოგვიცხადეს. ჩემი უკან წამოსასვლელი ბილეთი სასწრაფოდ ჯერ 18 მარტისთვის გადავცვალე, სტამბოლის გავლით, მაგრამ ის ფრენა გაუქმდა, შემდეგი დღისთვის ათენის რეისზე ავიღე ბილეთი და ესეც გაუქმდა. საქართველოს ცა ფრენებისთვის საბოლოოდ დაიხურა. ამ პერიოდში ქართველ მეგობართან ვცხოვრობდი საფრანგეთის ტერიტორიაზე და საყოფაცხოვრებო პირობების მხრივ პრობლემა არ მქონია, მაგრამ არასტაბილური ჯანმრთელობის შიშით მაინც წამოსვლა დავგეგმე. შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს საკონსულოებმა მაქსიმალური მხარდაჭერა გამიწიეს და ასე აღმოვჩნდი ბათუმის კარანტინში.

საფრანგეთში კარანტინს მკაცრს ვერ დავარქმევ - სახლიდან გასვლა არ იყო შეზღუდული, საჭირო იყო სამოტივაციო ბლანკის შევსება და ტარება, რადგან, ჟანდარმებს რომ მოეთხოვათ, უნდა წარგედგინა. წესის დარღვევა 200 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებდა. ქუჩაში მალე შემცირდა ხალხის მოძრაობა, მუშაობდა მხოლოდ პროდუქტის მარკეტები და აფთიაქები. შვეიცარიაში ჯერ მეტი თავისუფლება იყო ამ მხრივ - დასაწყისში იმდენად უშფოთველად იყო ჟენევა, რომ ვხუმრობდით, ჟენეველებმა ეპიდემიის შესახებ არაფერი იციანო. მალე იქაც დაიხურა მაღაზიები და ქუჩებიც გაუკაცრიელდა. დღეისათვის შვეიცარიამ, ფაქტობრივად, დაამარცხა ვირუსი.

GzaPress

- 3 თვის წინ "ფეისბუკზე" რომ მოგიკითხეთ, მითხარით, იტალიის ამბებს გამოვასწარი და ახლა შვეიცარიაში ვარო. აღმოჩნდა, რომ იტალიიდან ჯერ საქართველოში ჩამოხვედით და მერე, თებერვალში გაემგზავრეთ შვეიცარიაში. რა პროექტებზე მუშაობდით? - ჩემი ბოლოდროინდელი საქმიანობა ეხება ექსპერიმენტული დანადგარებისთვის დეტექტორების, ანუ სპეციალური მაღალტექნოლოგიური აპარატურის შექმნას და ეს, რა თქმა უნდა, ადგილზე ყოფნას მოითხოვს, ამიტომაც მიწევს ასე ხშირად მოგზაურობა. იტალიაში, რომის მახლობლად, პატარა ქალაქ ფრასკატიში არის იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორია, სადაც 3 პროექტში ვმონაწილეობ. ერთ-ერთი მათგანია პეკინში მიმდინარე ექსპერიმენტისთვის დეტექტორის დამზადება იტალიაში. ახლა ეს თემა, ფაქტობრივად, დასრულდა. ჩინეთში ამ ექსპერიმენტში შემდგომ მონაწილეობაზე რატომღაც, თავიდანვე შევიკავე თავი. ალბათ გულმა თუ მიგრძნო... ჩინური პროექტის შემდეგ გავაგრძელე საქმიანობა ისევ ფრასკატიში, სადაც CERN-ისთვის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე ექსპერიმენტისთვის ახალი დეტექტორები მზადდებოდა. სწორედ ამ პროექტის გამო მომიწია შვეიცარიაში გამგზავრებამ, რადგან სამუშაოს ნაწილი იქ იყო ჩასატარებელი. ალბათ ესეც გამართლებაა, ვირუსს იტალიაში რომ არ დავხვდი.

CERN-თან უკვე 20 წელზე მეტია, ვთანამშრომლობ და იქ მუშაობაზე უარს ვერ ვიტყოდი. ეპიდემიის შესახებ ჯერ კიდევ მსუბუქი მინიშნებები იყო, მოსალოდნელ მასშტაბებს ჩვენ კი არა, ჯანმო ვერ აფასებდა, ამიტომ მარტის დასაწყისში სიტუაციის არევასა და შუა რიცხვებში ინსტიტუტის გაჩერებას არავინ ელოდა. თებერვალში ეს აღიქმებოდა, როგორც ჩვეულებრივი ან ოდნავ უფრო რთული ვირუსი. მაგალითად, როგორც H1N1, რომელიც პირადად მე 4 წლის წინ გადავიტანე და ძლივს გადამარჩინეს.

- შესანიშნავად იცნობთ იტალიას და იტალიელების ბუნებას. რა არ გააკეთეს დროულად ან სწორად იქაურმა ხელისუფლებამ თუ მოქალაქეებმა, ასეთ მძიმე ვითარებაში რომ აღმოჩნდნენ? იმასაც ამბობენ, ოფიციალურ მონაცემებში, კორონავირუსით დღე-ღამეში გარდაცვლილებს სხვა დაავადებებით გარდაცვლილების რაოდენობასაც უმატებენ და იმიტომ არის უსაშველოდ დიდი რიცხვიო.

- რამ გამოიწვია ვირუსის ასეთი აფეთქება, ამაზე ბევრი დაიწერა. ვეთანხმები ვერსიას, რომელიც მიზეზად ხაზს უსვამს იტალიელთა დარდიმანდობას და სოციალურად აქტიურ ცხოვრებას. ეს არ არის ხელწამოსაკრავი ნიუანსი. წესების დარღვევისკენ მიდრეკილება ერთგვარი თვითდამკვიდრების საშუალებაა მათში. მახსოვს, როგორ ვეხუმრებოდი იქაურ მეგობარს, რომელიც ქუჩას მხოლოდ "ზებრაზე" კვეთდა, - ნამდვილი იტალიელი არა ხარ-მეთქი. მერე იმანაც ამიბა მხარი და მითხრა, - დედა შვეიცარიელი მყავს და მისი გენებიაო...

ეპიდემიასთან ბრძოლას ორი მიმართულება აქვს: პირველია ავადმყოფობასთან ბრძოლა, რაც ექიმების გადასაწყვეტი საკითხია, ხოლო მეორეა ეპიდემიის გავრცელების შეჩერება, რაც უკვე ქვეყნის მმართველების მოქნილობისა და საზოგადოების კანონმორჩილების საკითხია. აქ უკვე დიდი ჩავარდნები მოხდა. საერთო ინფორმაციიდან კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ეს ვირუსი ორგანიზმის სუსტი წერტილების აქტივირებას ახდენს და სწორედ ეს იწვევს სიკვდილს. ამიტომაც "ერჩის" ვირუსი მოხუცებს - აბა, ვის უნახავს 60 წელს გადაცილებული სრულიად ჯანმრთელი ადამიანი? არასწორად მიმაჩნია, როცა გარდაცვლილი მოხუცების შესახებ ჩამოთვლიან თანმხლები სნეულებების ნუსხას და თითქოს თავს იმართლებენ, ეს ისედაც განწირული იყოო. არადა, კორონას გარეშე ხომ იყო ცოცხალი და აქტიური? სუსტი ადგილები კი ყველა ასაკში არის და ამიტომ ნურავინ დაიმშვიდებს თავს. ამავეს უნდა ეფუძნებოდეს რუსეთში გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა - სასიკვდილო შემთხვევა ფორმდება, როგორც სხვა ავადმყოფობით გამოწვეული და სტატისტიკური მაჩვენებელი არ შეესაბამება რეალობას. ასე იყო 4 წლის წინ ჩემს შემთხვევაშიც: ექიმმა არაოფიციალურად გვითხრა H1N1 ვირუსის შესახებ, ოფიციალურ საბუთებში კი ჩაიწერა, რომ 2 კვირის განმავლობაში უგონოდ, თურმე ფილტვების ანთების გამო ვყოფილვარ რეანიმაციაში - ეს თავგადასავალი ხომ რუსეთში გადამხდა!..

- ახალ კორონავირუსზე რას იტყვით? ამჯერადაც ჭორი და სიმართლე ერთმანეთში ირევა... ვინ ხელოვნურად შექმნილ-გავრცელებულსაც კი უწოდებს; ვინ ფიქრობს, რომ მისი ვაქცინისა და მედიკამენტების შექმნას ხელოვნურად აჭიანურებენ. შეიძლება, ამგვარი რამ ხელოვნურადაც გააჭიანურონ?

- არაპირდაპირი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია დასკვნის გაკეთება. მეორე მხრივ, რაიმე შეთქმულების გატარება ასეთ დონეზე შეუძლებელია - პრობლემაზე 1 ან 2 ორგანიზაცია როდი მუშაობს და მსოფლიო დონეზე საიდუმლო ქმედებები ვერ დაიმალება.

- ეპიდემიოლოგები სულ უფრო ხშირად გვიმეორებენ, კორონასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთო. მაინც როგორ შეიცვალა და შეიცვლება სამყარო, უკეთესობისკენ წაიყვანს ეს ამბავი მას თუ უარესობისკენ?

- მეც ძალიან მაინტერესებს 20 წლის იქით გადაჭყეტა - რა იქნება ამ პანდემიის შედეგი? შეიძლება რამდენიმე ვარაუდი გამოვთქვათ. "კოვიდ-19"-ის ეპიდემიამ სამყარო კი არ გააჩერა, მხოლოდ ცოტა ხნით შეაჩერა, გონება რომ მოვიკრიბოთ და გადავაწყოთ სამყარო. ეს ნელ-ნელა მოხდება ისე, რომ შეიძლება მომენტიც კი გამოგვეპაროს. გლობალური მოვლენა უნდა იყოს სამხედრო ხარჯების დიდი ნაწილის გადანაცვლება სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. დღეისათვის ხომ უკვე უაზრობაა ტანკითა და თვითმფრინავით ომი?! ეს ხარჯები ბიოტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება. გავიხსენოთ, რა სამუშაოები ტარდებოდა ტანკის ტყვიაგაუმტარი ჯავშნის ან მაღალი პილოტაჟის თვითმფრინავების შესაქმნელად. დღეს ტანკს ელექტრომაგნიტური ტალღებით აურევ "ტვინს", ბომბდამშენ თვითმფრინავებს კი რაკეტები და უპილოტო დრონები ანაცვლებს. გაიზრდება თავდაცვის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების აუცილებლობა და მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა გადმოიწევს წინა პლანზე, ეს კი საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიების განვითარებაში აისახება, პირველ რიგში - სამედიცინო მიმართულებაზე. "კოვიდ-19"-ის პანდემიამ აჩვენა, რომ ბიოლოგიური კატაკლიზმებისგან არ ვართ დაცულები. დღეს ხომ გვიწევს თავდაცვის მოგონება და დანერგვა ონლაინრეჟიმში, ხვალისთვის ეს ცხოვრების ნორმა გახდება. რამდენი რამ უჩუმრად შემოვიდა ცხოვრებაში - ერთჯერადი მოხმარების ნივთები რა ხანია ანაცვლებს ძველებურს, ახლა სამუზეუმო ექსპონატებად ქცეულს. ხომ აღარ გვიკვირს ქაღალდის ცხვირსახოცი? ერთჯერადი პლასტიკური და ქაღალდის ჭურჭელიც რახანია დამკვიდრდა. სასმელი წყლის ყიდვა ჩვენი მამების თაობას ჯერ კიდევ ვერ გაუთავისებია. განა ბევრი დრო გავიდა, პროდუქტების პარკებს რომ ვრეცხავდით და ვაშრობდით? - ერთჯერადი მოხმარება არ იყო დამკვიდრებული. დავემშვიდობებით შეხვედრის დროს ლოყაზე კოცნას - ეს მარტო ქართული მოვლენა როდია - იტალიაში ორივე ლოყაზე კოცნაა მიღებული, საფრანგეთში სამმაგი კოცნაა საჭირო, ახალ ზელანდიაში კი ცხვირების მიდებაც ყოფილა მიღებული. სუფრაზე განსხვავებული სასმისის ჩამოტარებაც ჩაბარდება ისტორიას და საერთოდ, სუფრის მასშტაბები აშკარად კლებისკენ არის მიმართული. "ვახტანგურად" დალევის შემდეგ ტუჩებში კოცნაზე შემდგომში გაგვეცინება, ხომ? დღეს ხომ გვეცინება პატივსაცემად ხელზე ამბორის ცერემონიაზე. აწი უზარმაზარი კინოდარბაზების აშენება მოუვა თავში ვინმეს? ასეთივე ბედი ეწევა უზარმაზარ სტადიონებზე მაყურებელთა დასწრებასაც და ამავე სტადიონებზე კონცერტები ხომ არქივებიდანღა ეცოდინებათ მომავალ თაობებს. დიდი პლაჟები დღესაც უკვე ინფექციების გავრცელების წყაროებია და აქაც აუცილებელი დისტანცირება შეცვლის სიტუაციას. საცურაო აუზების თუ საერთო საუნა-აბანოების მომავალი როგორ გვესახება? მატარებლებში საერთო ვაგონების სისტემაც ალბათ იმედია, შეიცვლება...

ჩამოსათვლელი ბევრია, რასაც ახლავე ვხედავთ, რომ წარმავალია და პირადად მე, ამგვარ ცვლილებებს მივესალმები.

ირმა ხარშილაძე