"ამ ომში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენ-ჩვენი წვლილი"
font-large font-small
"ამ ომში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენ-ჩვენი წვლილი"
ინტერვიუ ქართველ ინფექციონისტთან

"კოვიდ-19"-ის გამო მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები. ამჯერად "გზა" გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი კურდღელაშვილთან, რომელიც ინფექციური დაავადებების სპეციალისტია და ოკლაჰომა სითის ფედერალური საავადმყოფოს მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს (დირექტორი) და ასევე ოკლაჰომას უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის ასოცირებული პროფესორია. ინტერვიუში, პროფესიული თემატიკის პარალელურად, წარმოჩენილია ახალგაზრდა და წარმატებული ექიმის ცხოვრების დეტალებიც.

- გიორგი, პოპულარული ენით გვითხარი, რას ფიქრობ "კოვიდ-19"-ის შესახებ?
- ამ ვირუსულ დაავადებას აქამდე არ ვიცნობდით და შესაბამისად, არც იმუნიტეტი არსებობს მის მიმართ. განსაკუთრებით საფრთხილო აღმოჩნდა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ყველაზე მოწყვლადია - ადამიანები 65 წლის ზევით, რომლებსაც აქვთ ქრონიკული, თანმხლები დაავადებები და დაქვეითებული იმუნიტეტი. როგორც კვლევები აჩვენებს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაავადება გრიპზე ვერაგი და საშიშია. საიმედოა ისიც, რომ მსოფლიოს მედიცინა გაათმაგებული სისწრაფით იბრძვის ვაქცინის შესაქმნელად... აქვე იმასაც გეტყვით, რომ აუცილებელია ახლებური რეალობის სრული აღქმა. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მოგვიწევს ამ ვირუსთან თანაცხოვრება. რამდენადაც ცხოვრება გრძელდება და ეტაპობრივად უნდა დავუბრუნდეთ მუშაობის რიტმს, იმის გაცნობიერებაც მოგვიწევს, რომ ყველაფერი არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო. "კოვიდ-19"-მა კაცობრიობას ომი გამოუცხადა და ამ ომში წარმატების მისაღწევად, ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი.
- ქართულ-ამერიკული სამედიცინო მიდგომის მსგავსება და სხვაობა "კოვიდის" მიმართ რაში გამოიხატება?
- ამერიკული და ქართული მიდგომა არაა რადიკალურად განსხვავებული. ის პროტოკოლი, რომელიც საქართველოში გამოიყენება, შეჯერებულია ამერიკული წამყვანი კლინიკების გზამკვლევებთან. აქაც თავდაპირველად ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) გამოყენება დაიწყეს, მაგრამ ბოლო კვლევების თანახმად, უფრო გამოიკვეთა მისი გვერდითი ეფექტების პოტენციური გავლენა და ნაკლებეფექტიანობა; მისი გამოყენება უმეტესწილად რეკომენდებულია კლინიკური კვლევების ჩარჩოებში. ძირითადი განსხვავება ამერიკული და ქართული მიდგომის მოდელს შორის ალბათ ისაა, რომ საქართველოში ყველა დაავადებულის ჰოსპიტალიზება და მათი გაწერა საავადმყოფოდან ორი უარყოფითი პასუხის შემდეგ მოხდა, რაც ინფექციის კონტროლის მხრივ ზედმიწევნით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამერიკაში ამის ფუფუნება არ არსებობს და მსუბუქი ავადმყოფების მკურნალობა ამბულატორიულად, სახლის პირობებში, ტელემედიცინის აგრესიული გამოყენებით ხდებოდა. საბედნიეროდ, საქართველოში სიკვდილიანობა იმდენად დაბალია, რომ დიდ ინტერესს იწვევს, რა არის ამის მიზეზები.
- როგორ შეაფასებ სახელმწიფოს მხრიდან "კოვიდთან" ბრძოლას?
- სამედიცინო და ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით, სახელმწიფო ზომები შეიძლება საკმაოდ წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან რეაგირება მოხდა შედარებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ფრენების გაუქმება, აეროპორტებში სკრინინგი, ყველა დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია, კავშირების მოძებნა და მათი კარანტინში მოთავსება, სასწავლებლების ონლაინრეჟიმში გადასვლა, საზოგადოებრივი თავშეყრის აკრძალვა და ასე შემდეგ, იმაზე აგრესიულად განხორციელდა ალბათ, ვიდრე ეს ამერიკაში მოხდა. ზოგიერთი შეზღუდვის ფორმა შეიძლება ძნელად გასაგები და მისაღები იყო საზოგადოებისათვის, თუმცა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველების უმეტესობა აცნობიერებდა, რისთვისაც იყო ეს საჭირო და უმეტესობა იცავდა და იცავს რეკომენდაციებს.
GzaPress
- ახლა კი საკუთარ თავზე გვიამბე ცოტა რამ...
- რკინიგზის სადგურთან ვცხოვრობდით და დედას დავყავდი მე-6 ბაგა-ბაღში, მუშტაიდთან ახლოს. ბაღის გამგე იმ დროისთვის ცნობილი ვეტერანი ვერა გეორგევნა იყო, მისი მედლები ახლაც მახსოვს. მახსენდება ზეიმებიც. დედამ შემიკერა თოვლის ბაბუის ფორმა, რადგან ახალ წელს მიწევდა თოვლის ბაბუის როლის თამაში, კანფეტებისა და საჩუქრების დარიგება. თოვლის ბაბუის ფორმა მერე სკოლაშიც გამომადგა: ერთხელ გამომიყვანეს რკინიგზელთა სახლში ოდესელი დელეგაციისათვის მიძღვნილ ღონისძიებაში. დედის შეკერილი ლამაზი ხურჯინიც მქონდა, რომელიც სავსე იყო კანფეტებით. დასკვნითი ნაწილი გულისხმობდა ოდესელი სტუმრებისათვის ტკბილეულის დარიგებას და ყველას იმდენი ჩავუყარე მუჭებით, რომ რიგის ბოლომდე დამიმთავრდა. შევცბუნდი, გავვარდი კულისებში და დედას ვთხოვე, კიდევ ჩაეყარა კანფეტები, მაგრამ აღარ ჰქონდა... ისე შემრცხვა, რომ სტუმრებთან ვეღარ დავბრუნდი!.. მოსწავლეობისას გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ჩავდიოდი, სადაც საუცხოო თვეები მაქვს გატარებული.
ვსწავლობდი რკინიგზის #1 საშუალო სკოლაში. ჩვენი დირექტორი კოლორიტული პიროვნება, ალიოშა ცინცაძე იყო. კარგად ვსწავლობდი და სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ჩვენი სკოლის შემოსასვლელში დიდი სტენდი იყო, სადაც წარმატებული სკოლადამთავრებულების სურათები ეკიდა. განსაკუთრებით მახსოვს რევაზ ლაღიძე, ვაჟა აზარაშვილი, სულხან ნასიძე, გია ყანჩელი, ნიკო ლეკიშვილი, მარინა ჯანაშია და ქალბატონი ეთერ ბოცვაძე - ინფექციური დაავადებების სახელგანთქმული პროფესორი. მაშინ ვერ ვიფიქრებდი, რომ მეც ინფექციურ დაავადებებს დავუკავშირებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას... სიყვარულით გავიხსენებ ჩემს პედაგოგებს, რომლებზეც დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ერთ სასკოლო ღონისძიებაზე უწმინდესიც გვესტუმრა და ხატები გვაჩუქა... მტკივნეულად მახსოვს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია!
- სამედიცინო განათლების მიღება რატომ გადაწყვიტე?
- 1990 წელს, როცა მიწევდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება, ვერცხლის მედალი მქონდა და თუ ხუთიანს მივიღებდი პირველ გამოცდაში, დანარჩენი 3 გამოცდის გამოტოვებით ჩავირიცხებოდი. მისაღები გამოცდები გადაიდო გაფიცვების გამო, არავინ იცოდა, ჩატარდებოდა თუ არა. ამ დროს ჩემი ყველა მეგობარი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში და მე დავრჩი ჰაერში. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ იმდენად მინდოდა ექიმობა, არაფრით დავყევი სხვის რჩევას, რომ სხვა სპეციალობა ამერჩია. ბედად, გამოცდა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაინიშნა და ბიოლოგიაში ხუთიანი მივიღე... სახლში დიდი სუფრა გაიშალა, შუა ეზოში, თავისი შამპანურებით. კარგი მეზობლობა გვქონდა იტალიურ ეზოში... ძალიან კარგი პროფესორ-მასწავლებლები გვყავდნენ, თუმცა გამორჩეულად ნანა იოსებაშვილი უნდა გავიხსენო, რომელმაც მიკრობიოლოგია შემაყვარა!
ბედნიერი ვარ, რომ შიდსით დაავადებული ბევრი უიმედო პაციენტი (რომელთაც ვერ ვშველოდით ადრე), ახლა ეფექტიანი მკურნალობით სრულიად ჯანმრთელად გრძნობს თავს და სრულფასოვნად ცხოვრობს.
მახსენდება პაციენტი, რომელიც დიდი რაოდენობით სითხესა და ელექტროლიტებს კარგავდა. ვერ ავუდიოდით სითხისა და კალიუმის გადასხმას. ანტივირუსული პრეპარატების არსენალი ძალიან მცირე იყო იმ დროს. პაციენტი ელოდებოდა კლინიკური კვლევის დასრულებას, რომ ერთი ახალი პრეპარატი მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, გადარჩენის გასაღები ახალი პრეპარატით სწორედ ვირუსის გაკონტროლებაში იყო, რადგან ძველების მიმართ რეზისტენტობა უკვე გამომუშავებული ჰქონდა. დიდი ხნის მანძილზე ვნახულობდი ამ პაციენტს ყოველდღე და მიყვებოდა ისტორიებს თავისი ცხოვრებიდან. ძნელი იყო ყოველდღე მისი დაუძლურების ყურება და იმის შეგრძნება, რომ ვერაფრით ვშველოდით. სამწუხაროდ, ის ავადმყოფი გარდაიცვალა, მაგრამ დიდი ჰუმანური გაკვეთილი მივიღე.
- ამერიკული განათლება და კარიერა...
- ჩემი სტუდენტობისას, სამედიცინო ინსტიტუტსა და ჯორჯიის შტატის ემორის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ჩამოყალიბდა სასიქადულო ექიმისა და საზოგადო მოღვაწის, არჩილ კობალაძის თაოსნობით. ბატონი არჩილი ნოვატორი იყო მთელი თავისი არსებით, ბრწყინვალედ ფლობდა ინგლისურ ენას, მისი საქმიანობა კი - ჯანდაცვის განვითარებასა და დასავლური გამოცდილების დანერგვაში ფასდაუდებელი. ასევე, უნდა ვახსენო ბატონი კენ უოკერი, რომელიც იყო არჩილ კობალაძის ამერიკელი პარტნიორი ემორის უნივერსიტეტიდან, საოცრად განათლებული და ბრძენი პიროვნება. კენი საბოლოოდ საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი გახდა და უამრავ ქართველ ექიმს, სტუდენტს დაეხმარა ამერიკული გამოცდილების მიღებაში. მათი დამსახურებაა, რომ მეც, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავერთე ამერიკული სამედიცინო განათლების მიღების მარათონში. ეს ძალზე რთული პერიოდი იყო, დამეხმარნენ მეგობრები, ასევე დედა, რომელიც მზრუნველობას არასდროს მაკლებდა...
რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ სწავლა ოკლაჰომის უნივერსიტეტში ინფექციური დაავადებების სპეციალიზაციის განხრით გავაგრძელე, რასაც 2 წელი დასჭირდა და შემდეგ მუშაობა დავიწყე ოკლაჰომა სითის ფედერალურ საავადმყოფოში, ჯერ მოადგილე ვიყავი მედიცინის დეპარტამენტის, შემდეგ უფროსი გავხდი. ადმინისტრაციული სამსახური საინტერესოა, თუმცა ჩემი დროის დიდ ნაწილს მაინც კლინიკურ მუშაობას ვუთმობ, ვუძღვები შინაგანი დაავადებების როტაციას და ინფექციური დაავადებების კონსულტაციურ სერვისს.
- დედის ღვაწლს არაერთხელ გაუსვი ხაზი. მის შესახებ კიდევ რას გვეტყვი?
- დედა ციცინათელა ესაკია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულეა. რაც თავი მახსოვს, სულ მევენახეობის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც ძალიან მიყვარდა მისვლა, დედას თანამშრომლები საუკეთესო ადამიანები იყვნენ... მამა გარდაცვლილია. ისიც, დედას მსგავსად, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი იყო. მეუღლე ეკა მახარობლიძე, პათოლოგანატომი, მედიცინის დოქტორია. ეკა საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა საქართველოში, ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული მომავალი თაობის პათოლოგანატომებისთვის, ვიდრე ოჯახს შევქმნიდით და წამოვიდოდა ამერიკაში. ეკა და მე ჯგუფელები ვიყავით ინსტიტუტში. მახსოვს პირველი დღე, როცა ეკა დავინახე. საოცრად მომეწონა და უნებლიეთ წრეს ვურტყამდი, როცა ჩემს მეორე მეგობარს ესაუბრებოდა. შემდეგ ეკაც იხსენებდა, - ვფიქრობდი, ვინაა ეს ბიჭი, ასე უცნაურად რატომ იქცევაო? საერთოდ, არ ვარ რომანტიკული პიროვნება, მაგრამ... გვყავს ორი ვაჟი, შალვა თითქმის 4 წლისაა, რევაზი - 9 თვის...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მიხა მილიციის სამოცკაციან რაზმს მარტო დაესხა თავს, კომისარი მოკლა და რაზმი განაიარაღა"
დაკლებული კილოგრამების ხარჯზე დაწყებული "ახალი სიცოცხლე"
"ამ მეთოდმა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა თითქმის გაანახევრა"
"რა ვქნა, გენაცვალე, სიმპათიური გამაჩინა ღმერთმა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი