რას საქმიანობს ნუგზარ რუხაძის შვილი აშშ-ში - გზაპრესი

რას საქმიანობს ნუგზარ რუხაძის შვილი აშშ-ში

ბორის რუხაძე ქართველი ჟურნალისტისა და ანგლისტის - ნუგზარ რუხაძის ვაჟია და აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს. იგი მეწარმე და მუსიკოსია, თავის ბენდთან - "The Georgian" ერთად, აქტიურად მუშაობს ახალ სიმღერებზე და სამომავლოდ, საინტერესო გეგმები და ოცნებები აქვს, რაც საქართველოსაც უკავშირდება. ბორისი თავისი საქმიანობის, ოჯახის, საქართველოსთან მისი კავშირის შესახებ გვიამბობს და აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვს, საკუთარ სახლში მალე დაბრუნდეს, რათა ფესვებს არ მოსწყდეს...

- გვიამბეთ თქვენსა და თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ ცხოვრობთ აშშ-ში?

- ამერიკაში, ქალაქ ვაშინგტონის შემოგარენში ვცხოვრობ, დედაჩემის - მედეა ნამორაძე-რუხაძისა და ჩემი ქალიშვილის - მატილინ რუხაძის მახლობლად.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა კორონავირუსის პირობებში? თქვენი ბენდი ამ სიტუაციაში მუშაობას ახერხებს?

- გლობალური ეპიდემია დიდი უბედურებაა, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ადაპტირება მოახდინა დროში, რაშიც დაგვეხმარა ჩვენი მომავალი ალბომი "მომავლის დევნაში" (Chasing Tomorrow). ახლა ამაზე ვმუშაობთ და ნახევარი უკვე გაკეთებული გვაქვს.

GzaPress

- რამდენი ხანია, რაც ბენდთან ერთად მუსიკალურ სფეროში ხართ? - ჩემს მუსიკალურ პარტნიორთან - ჯორჯ ჰურისთან ბავშვობის დროინდელი მეგობრობა მაკავშირებს. ჭაბუკობიდან მოყოლებული, ერთად ვწერდით მუსიკას და ამ მუსიკის სტუდიურ ჩანაწერებსაც ვაკეთებდით. წელს გადავწყვიტეთ, პროფესიულ დონეზე აგვეყვანა ჩვენი მაშინდელი გატაცება.

- რა არის თქვენი ძირითადი მიმდინარეობა, სტილი?

- ჩვენი ჯგუფი "The Georgian" ორიენტირებულია მუსიკალურად გამართული და შინაარსიანი სიმღერების წერაზე, პირდაპირი ინსტრუმენტალიზაციის გამოყენებით. მე ვმღერი და ჯორჯი რეპს ასრულებს. ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე იქონია ბრუნო მარსმა და 90-ანი წლების R&B ჯგუფებმა, როგორიცაა "Boys 2 Men" და "Jagged Edge". ჩვენი ჯგუფის ჰიპ-ჰოპური შთაგონების ძირითადი წყარო არის თუფაქი.

- რა სეგმენტია თქვენი მსმენელი და სად ატარებთ კონცერტებს?

- ჩვენი მსმენელია ყველა, ბავშვებით დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული. ისეთ მუსიკას ვწერთ, რომელთანაც ყველა პოულობს საერთოს, რადგან ის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხება. ამით მსმენელთა მთლიან სპექტრს ვაკმაყოფილებთ. ჯორჯი თავის რეპერტუარს ასრულებდა ქალაქ ვაშინგტონის უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებში და ახლა, ვაპირებთ, ერთად გავაფართოოთ ჩვენი საშემსრულებლო არეალი როგორც ბენდმა, ეროვნულ დონეზე. ჯორჯი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ასე რომ, ჩვენ ორს შორის მთელი ამერიკაა გადაჭიმული, დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე.

GzaPress

- როგორც ვიცი, ოპერა გიყვართ. - დიახ, ოპერა ჩემი პირველი სიყვარულია. ოპერასთან შეხება ადრეული ბავშვობიდან მქონდა, დედაჩემის, მედეა ნამორაძის წყალობით. დედა ცნობილი საოპერო მომღერალია და საოპერო სიმღერის მასწავლებელი. მის გამოსვლებს ვესწრებოდი. მაგალითად, Kennedy Center-ში და Carnegie Hall -ში. თანდათან ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა შესრულებულ ნაწარმოებთა მუსიკალობა, სიმფონია, კოსტიუმები, მხატვრულობა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ოპერას უდიდესი გავლენა აქვს ჩემი, როგორც მუსიკოსის განვითარებაზე.

- როგორია აშშ-ში მუსიკოსის ცხოვრება, ანაზღაურება?

- სულ არაფერი რომ არ ვთქვათ, ეს ძვირად ღირებული საქმეა. შინაგანად მზად უნდა იყო დიდი ინვესტიციისთვის, რომ შედეგი მიიღო. დაკვრა ხარჯიანი რამაა და არა მხოლოდ ფულზეა აქ საუბარი - დროც ბევრი უნდა. საბედნიეროდ, ინტერნეტში არსებული ყველა საჭირო პლატფორმა დამოუკიდებელ შემსრულებლებს საშუალებას აძლევს, მუსიკალური ნაწარმოები დიდი ცნობადობის გარეშე გამოუშვან.

- თქვენ რუგზარ რუხაძის შვილი ხართ. გვიამბეთ მამასთან თქვენს ურთიერთობაზე. სიშორის გამო, ალბათ ხშირად ვერ ნახულობთ.

- მე და მამას ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მანძილი ვერაფერს უშვრება ჩვენს სიახლოვეს. ვაპირებ, ჩამოვიდე და ვინახულო, როგორც კი კარანტინი მოიხსნება. მიხარია, რომ მამა საქართველოში ცხოვრობს - ეს ამაგრებს ჩემს კავშირს სამშობლოსთან.

- რა თვისებებით ჰგავხართ მამას? რა საერთო ინტერესები გაქვთ? ერთად თუ დადიხართ სადმე?

- სამყაროს უკიდეგანობის კვლევა. მჯერა, როცა დედამიწის დალაშქვრის შესაძლებლობა მექნება, ამ მოგზაურობაში მამაც შემომიერთდება. ორივეს გადაჭარბებული სიყვარული გვაქვს ყველაფრისა, რასაც ძრავა და ბორბლები აქვს. ერთმანეთს ვეჯიბრებით, თუ ვის უფრო ეგზოტიკური მანქანა ან მოტოციკლი აქვს.

- როგორ გაიცნეს ერთმანეთი მშობლებმა? რას გიყვებიან ხოლმე?

- დედამ და მამამ ერთმანეთი დედაჩემის ერთ-ერთი გამოსვლის დროს გაიცნეს. როცა დედა მღერის, ვერავითარი კაცი ვერ უძლებს სიყვარულის ცდუნებას. მამაჩემიც არ ყოფილა გამონაკლისი. ჩემს მშობლებთან შეჯიბრება ძნელია: ორივე დოქტორია და ორივემ მწვერვალს მიაღწია კარიერაში. დედა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვოკალის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პედაგოგად ითვლება. მამა რეგიონული ემის ლაურეატია და ცნობილი ანგლისტი, ჟურნალისტი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები მყავს. ისინი დიდად მიწყობენ ხელს, ვიყო რაც შეიძლება კარგი.

- რა იცით თქვენი ოჯახის შესახებ საქართველოში?

- ბებიები და პაპები ადრეულ ასაკში დავკარგე. ამიტომ, ისე ახლოს ვერ გავიცანი ისინი, როგორც ვისურვებდი. როცა შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, საქართველოში ყოველ ზაფხულს დავდიოდი და დიდხანს ვრჩებოდი, რათა გავმხდარიყავი ნამდვილი ქართველი, გავწაფულიყავი თამადობაში, ჩემი ხელით მომეკრიფა ყურძენი, პურის, მჭადის და ხაჭაპურის ცხობისთვის მეყურებინა, მესწავლა ქართული ხალხური სიმღერები და მელაპარაკა ქართულად. ყველაფერი ეს ღრმადაა ჩამჯდარი ჩემს მეხსიერებაში და ამ მოგონებებს ყოველდღიურად ველოლიავები.

GzaPress

- მუსიკის გარდა, რას საქმიანობთ? რა არის თქვენი ჰობი? - მე მეწარმე ვარ, რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს, ასე რომ, უმეტესად, დაკავებული ვარ. ვმოგზაურობ მნიშვნელოვანწილად საქმის გამო, მაგრამ ვგეგმავ უფრო სასიამოვნო მოგზაურობასაც - დასვენების მიზნით. ვთამაშობ ფეხბურთს და ასევე ვარ პირადი განვითარების/ცხოვრების მწვრთნელი (ქოუჩი). მიყვარს ხალხის დახმარება და მათი ზრდის, შედეგის ნახვა. ამავდროულად, ამ პროცესით საკუთარ თავზეც ბევრ რამეს ვსწავლობ. როგორც ამბობენ, მასწავლებელი არის მოსწავლე, ხოლო მოსწავლე ზოგჯერ მასწავლებელია.

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში? გაქვთ თუ არა კონტაქტი ბატონი ნუგზარის სხვა შვილებთან?

- რამდენიმე წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და მრცხვენია კიდეც, რომ ამდენი ხანია არ მინახავს. მე ნამდვილად ვგეგმავ ჩემი "ბატარეის" დატენას და სახლში დაბრუნებას, რომ დავიბრუნო კავშირი ჩემს ფესვებთან. მე მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები. მე ისევ ქართულად ვსაუბრობ, თუმცა კითხვა და წერა ზოგჯერ ნელა გამომდის. ვცდილობ, ყველას დავუკავშირდე, მაგრამ ჩვენ ცალ-ცალკე ცხოვრება გვაქვს, ამიტომ სოციალური მედია არის ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს.

- რა არის თქვენი ოცნება?

- ჩემი ოცნებები საქართველოს უკავშირდება. მინდა ბგერა და მუსიკა გავუზიარო ბევრ მსმენელს. ჩვენ ვაპირებთ, ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი პირველი ალბომი, მსოფლიოში ვიმოგზაუროთ და ასე გავუკვალოთ გზა ჩვენნაირ შემსრულებლებს, რომლებსაც ასევე ჩვენსავით სურთ, ეზიარონ თავიანთ ნიჭსა და შემოქმედებას მუსიკის წყალობით ისე, რომ შეინარჩუნონ ინდივიდუალობა.

თამთა დადეშელი