"ექიმმა პირდაპირ მითხრა, ჩემთვის ახლა საცდელი ვირთხა ხარო" - გზაპრესი

"ექიმმა პირდაპირ მითხრა, ჩემთვის ახლა საცდელი ვირთხა ხარო"

"...ექვსი დღეა, რაც სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე ვარ. ვიბრძვი იმ იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, მაგრამ ამაოდ - ყველა ახალი დღე წინაზე მძიმეა, მტკივა და ეს ტკივილი უკვე გაუსაძლისია. საკუთარ თავს ეუბნები, რომ უნდა გაუძლო შვილებისთვის, ოჯახისთვის, იმ ხალხისთვის, შენ გამო რომ გაერთიანდა და შენზე დარდობენ, მაგრამ ამ ფიქრებისგან ისევ ამ გაუსაძლის ტკივილს გამოჰყავხარ და რეალობაში გაბრუნებს. ვეღარ უძლებ, დანებება გინდა, მაგრამ ვერ დანებდები! თუ დანებდები, შენი სხეულიც კი ვერ ეღირსება საკუთარ მიწაზე დაბრუნებას. უნდა გაუძლო!" - ეს სიტყვები 31 წლის ფიქრია რობაქიძეს ეკუთვნის. მას კორონავირუსი დაუდასტურდა და 25-დღიანი ბრძოლის შედეგად გამოჯანმრთელდა. 3 წელია, რაც თავის 2 შვილთან - 7 წლის ლუკასა და 4 წლის ლაზარესთან ერთად, ესპანეთში ცხოვრობს. სწორედ მათთან შეხვედრისა და ჩახუტების სურვილმა გააძლიერა და გადაატანინა ეს რთული პერიოდი.

- ვერ წარმოიდგენთ, როგორ ზედმიწევნით ვიცავდი რეკომენდაციებს, მაღაზიაში ხელთათმანებისა და ნიღბის გარეშე არ გავდიოდი, რაც მომქონდა, ყველაფერს ვამუშავებდი. ვერ ვხვდები, საიდან დავინფიცირდი. ჩემამდე ერთი დღით ადრე ჯერ ლაზარეს ჰქონდა სიცხე, მერე - ლუკას და ერთ ჩემს მეგობარს, ვისთანაც ბოლო პერიოდში კონტაქტი მქონდა. ბოლოს მე მომემატა ტემპერატურა, ოღონდ 38-ს არ ასცდენია. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ბავშვებს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ და ტესტი არ ჩაუტარეს. აქ ტესტს არავის უტარებენ, ვიდრე სიმპტომები არ გამოუვლინდება.

GzaPress

- რა სიმპტომები გქონდათ და რომელი პერიოდი იყო უფრო რთულად გადასატანი? - 4 დღე მქონდა ტემპერატურა, სხვა სიმპტომები პირველი 3 დღის განმავლობაში არ გამოვლენილა. მერე უკვე დაღლილობასაც ვგრძნობდი, ჰაერის უკმარისობასაც, ოღონდ უმნიშვნელოდ და თავიდან არ მიფიქრია ექიმთან მისვლაზე. აი, თვალების ტკივილი რომ დამეწყო, ეს უკვე აუტანელი იყო, - თითქოს ნემსები მერჭობოდა. ვერანაირ სხვა ტკივილს ვერ შეადარებ ამას, იმდენად განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსს. მეოთხედან მეათე დღემდე ძალიან ცუდად ვიყავი, ტკივილებისგან ბევრი რამ არც კი მახსოვს. დამეწყო სპაზმური ხველა და ყელის სიმშრალე; ხველის დროს გულმკერდის გაუსაძლისი ტკივილი, ისეთი, რომ გულის ამოგლეჯა მოგინდება კაცს. დავურეკე ექიმს, ჰოსპიტალში სწრაფი ტესტი გამიკეთდა, პასუხი - დადებითი; მერე ლაბორატორიული ტესტიც ჩამიტარეს. ჰოსპიტალში არ დამტოვეს, იქ ძირითადად, მოხუცები იწვნენ, ახალგაზრდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებდნენ, თუ მათი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმე იყო. უამრავი პაციენტი ჰყავდათ, იქაურობა გადავსებული იყო, პირდაპირ კორიდორებში ედგათ საწოლები. მოვახერხე და ფოტოები გადავიღე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და პროფესიულმა ინტერესმა წამძლია (იცინის). ერთი სიტყვით, მითხრეს, რომ იზოლაციაში უნდა ვყოფილიყავი, თუმცა, ყოველდღე გადავყავდით საავადმყოფოში და მდგომარეობას აკონტროლებდნენ. ყოველდღე უფრო და უფრო მიჭირდა სუნთქვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიურად იყო ძალიან მძიმე ამ ყველაფრის გადატანა. ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლსა და ხორცთან ერთად ხართ. ვერ აფასებთ იმას, რაც გაქვთ... როდესაც ანალიზებისა და გამოკვლევების პასუხს ვიგებდი, მუხლები მეკვეთებოდა, ცრემლებს ვყლაპავდი და ჩემს თავს ვუმეორებდი, - ფიქრია, ძლიერი ხარ, შენ ამას გაუძლებ... იცით, დიაგნოზზე რთული რა არის? ის, რომ მარტო ხარ, ვერავის დაეყრდნობი. ცრემლები ყელში გაწვება, მუხლები გიკანკალებს, წამი საათად გექცევა და საშველს ვერსად პოულობ. ტესტის პასუხის ლოდინში დრო უსასრულობამდე გრძელდება და - პასუხი დადებითი. აი, აქ შენი გამბედაობა და სიძლიერე სრულდება. ყველა პასუხს მარტო ისმენ, გტკივა, გინდა იყვირო, მაგრამ ესეც არ შეგიძლია. ტკივილამდე გინდა და გჭირდება შენი ოჯახი, საყვარელი ადამიანები. გინდა იცოდე, რომ კარს მიღმა ვიღაც გელოდება, გამოდიხარ და სრულ მარტოობაში ხარ. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე. მადლობა ღმერთს, ჩემ გვერდით იყო მამა ლუკა, რომელიც უყურადღებოდ წამითაც არ მტოვებდა, და კიდევ, ბარსელონაში, ოღონდ სხვა ჰოსპიტალში მომუშავე ქართველი ექიმები, რომლებიც ხშირად მირეკავდნენ. გარდა ამისა, გავდიოდი კონსულტაციებს ლევან რატიანსა და რევაზ მეჭურჭლიშვილთან. აქ კი გავდიოდი მკურნალობის კურსს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვენდობოდი აქაურ ექიმებს და ქართველებს ვეკითხებოდი აზრს. მიუხედავად იმისა, რომ ლევან რატიანი ძალიან დაკავებულია, ყოველ საღამოს ელოდებოდა ჩემს ზარს, რომ მეთქვა, როგორ ვიყავი. არც ერთხელ, არც ერთს და არც მეორეს არ უთქვამს, დაკავებული ვარ და ცოტა ხანში დამირეკეო. ერთ დღეს ისე მოხდა, რომ წამალი არ მქონდა და ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. სწორედ ამ დროს რევაზ მეჭურჭლიშვილს ველაპარაკებოდი. ვიდრე "სასწრაფო" არ მოვიდა, ტელეფონი არ გამითიშა: იქიდან მასწავლიდა, როგორ მესუნთქა - ახლა ასე ჩაისუნთქე, ასე ამოისუნთქეო... წარმოუდგენელია, ბევრი ექიმი ხომ არ გააკეთებდა ამას. - სოციალურ ქსელში თქვენს რამდენიმე ჩართვასა და პოსტს უსიამოვნო კომენტარები მოჰყვა...

- ჩართვებს ვაკეთებდი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, რომლებიც უზომოდ ნერვიულობდნენ. მინდოდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ცოცხალი ვიყავი. ეს არ გამიკეთებია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სოციალურ ქსელში ჩემი პოსტი გააზიარეს და ათასი ტყუილ-მართალი დაწერეს. თურმე ვიტყუები, რომ კორონა დამიდასტურდა და გამოვჯანმრთელდი კიდეც, თურმე ანგარიში მაქვს გახსნილი და ემიგრანტები მირიცხავენ ფულს... ჯერ ერთი, არ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ვინმესთვის რამე მომეთხოვა. მეორეც, არსებობენ ადამიანები, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება, მაგრამ მე - არა. თანაც, მამა ლუკა ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა, რამე ხომ არ მჭირდებოდა, თანხა იქნებოდა ეს, წამალი თუ საკვები. ნათესავებისგანაც არ მაკლდა ყურადღება. ისიც კი თქვეს, თანამდებობას ელოდება ბარსელონაშიო. ბარსელონა არ არის ის ადგილი, სადაც ემიგრანტს თანამდებობას მისცემენ, თუ იტყვის, კორონავირუსი მაქვსო. რა სისულელეა!.. მივწერეთ გვერდის ადმინისტრატორს და ვთხოვე, წაეშალათ ჩემი პოსტი, მაგრამ მგონი, იმ გვერდზე ისევ მიდის გარჩევა, ნამდვილად ვიყავი თუ არა ავად. ვისაც არ სჯერა, შემიძლია, ყველას ვუჩვენო ნებისმიერი დოკუმენტი - დიაგნოზი, ტესტის, კარდიოგრამის, რადიოგრაფის პასუხები და ა.შ. ვისაც ეს ყველაფერი სიცრუე ჰგონია, მათ არ იციან, რა ხდება სინამდვილეში - მოხუცები როგორ წვანან და ელოდებიან, როდის მოკვდებიან. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ექიმებიც პანიკაში იყვნენ, არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, რითი მკურნალობა სჯობდა. ერთმა ექიმმა პირდაპირ მითხრა, ჩემთვის ახლა საცდელი ვირთხა ხარ იმ განსხვავებით, რომ ლაპარაკობ და მეუბნები, რა გჭირს, როგორი ტკივილი გაქვსო. რადიოგრაფაზე ხელით ეხები აპარატს და რამდენჯერ იქვე, ჩემ თვალწინ წმენდნენ და ამუშავებდნენ!.. მესმის, ეს საჭირო იყო, მაგრამ ადამიანურად, იმაზე ფიქრი, რომ საშიში ხარ და შენს ხელდაკარებულს ყველაფერს ასტერილებენ, გთრგუნავს, ფსიქოლოგიურად განგრევს. ამ დროს კი ვიღაც წერს, რომ ამ ყველაფერს იგონებ...

GzaPress

- ამჟამად როგორი მდგომარეობაა ესპანეთში? - გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს, მაგრამ დაინფიცირებულთა რაოდენობა - არა. ტრანსპორტი არც ერთ ეტაპზე არ აუკრძალავთ, ოღონდ, დიდი შუალედით მოძრაობს და ხელთათმნისა და ნიღბის გარეშე თუ ახვალ, დაგაჯარიმებენ. მხოლოდ საბუთით შეგიძლია გადაადგილება. ბავშვებს და ახლა უკვე ჩვენც ნება მოგვცეს, სახლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ვისეირნოთ. პარკები ჯერ არ გახსნილა. ნელ-ნელა მწყობრში დგება ქვეყანა.

- საინტერესოა, თქვენი ხარჯებით იმკურნალეთ, თუ ეს სახელმწიფომ დააფინანსა? ემიგრანტები წერდნენ, რომ უცხო ქვეყანაში მათ არავინ უმკურნალებდა და სწორედ ამის გამო სურდათ სამშობლოში დაბრუნება.

- არალეგალურად მცხოვრებთაც აქვთ სამედიცინო დაზღვევა ისევე, როგორც ყველა ესპანელს. მე არაფერი გადამიხდია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ გპატრონობენ. თუ საკვების გარეშე დარჩები, არის სოციალური სამსახურები, "წითელი ჯვარი", უბნის სოციალური სამსახური, უფასო სასადილოები და გეხმარებიან. მიკვირს, რატომ ამბობენ, მშივრები დავრჩითო. აქ ჩამოსულებისთვის ჩაწერა არ არის რთული გასაკეთებელი. უბნის პოლიკლინიკაში მიდიხარ და იქ გიკეთებენ სადაზღვევო ბარათს. არც ერთ ანალიზში არ ვიხდით ფულს, საკმაოდ ძვირი გამოკვლევაც კი სრულიად უფასოდ გამიკეთდა 6 თვის წინ. საერთოდ, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება იოლი არ არის. გიწევს იმუშაო, შენი დიპლომი და სწავლა არავის აინტერესებს - აქ ან დამლაგებელი ხარ, ან - მომვლელი. თავიდან გამიჭირდა ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მარტოხელა დედობა შენსავე ქვეყანაშია დიდი პასუხისმგებლობა და მით უფრო, უცხო ქვეყანაში. კიდევ კარგი, ჩემს ყოფილ მეუღლეს მარტოები არ დავუტოვებივართ და ყველაფერში გვეხმარებოდა, მაგრამ მას მაინც თავის ოჯახი აქვს...

- ამჟამად უკვე შვილებთან ერთად ხართ, ხომ?

- ბავშვები 3 კვირა მამასთან ცხოვრობდნენ და ახლა უკვე ჩემთან მყვანან. პირველად მოხდა, რომ ამდენი ხნით, 25 დღით დავშორდით ერთმანეთს. ყოველდღე მირეკავდა უფროსი შვილი და მეკითხებოდა, შენ კორონავირუსი ხომ არ გაქვს, ხომ არაფერი დაგემართებაო? აქ ბავშვებს სკოლებშივე მიაწოდეს ინფორმაცია და თან ისე, რომ ეს იყო მკვლელი ვირუსი. ამის გამო ეშინოდათ და ნერვიულობდნენ. ჯერ ისევ პანიკაში არიან, - დედა, სიცხე ხომ არ გაქვსო, - ყოველ ჩემს ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვას აკონტროლებენ აქ შვილები და საქართველოდან - დედაჩემი. ლუკა წუთითაც არ მშორდება. ამ ფაქტმა თითქოს სხვანაირად დააფიქრა და გაზარდა კიდეც, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში...

ნინო ჯავახიშვილი