"გაგებით ვეკიდები საყურიან, თმაშეღებილ ბიჭებსაც და შარვალშემოხეულ გოგონებსაც"
font-large font-small
"გაგებით ვეკიდები საყურიან, თმაშეღებილ ბიჭებსაც და შარვალშემოხეულ გოგონებსაც"
89 წლის ბლოგერი ქალბატონის საინტერესო მონოლოგი

უკვე 89 წლის არის, მაგრამ თანამედროვედ და პროგრესულად მოაზროვნეა. წლებია, რაც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ბოლო დროს კი - ბლოგერიც. ლამარა აბჟანდაძე პროფესიით მათემატიკოსი გახლავთ, წლები მუშაობდა პედაგოგად და ბევრი საინტერესო ამბავი ახსოვს საბჭოთა ეპოქიდან.


- რამდენი ხანია, კორონას გამო ქუჩაში არ გავსულვარ. ხნიერი ქალი ვარ და შვილსა და შვილიშვილებს ეშინიათ, მიფრთხილდებიან, თორემ მე ნამდვილად არ მეშინია. მახსოვს, 1940 წლამდე პერიოდში მალარია მძვინვარებდა, ციებას ეძახდა ხალხი. განსაკუთრებით, სამეგრელოსა და იმერეთში იყო გავრცელებული, ქინაქინით მკურნალობდნენ. კორონაზე ნაკლები კი არ იყო. მაშინაც ეშინოდა ხალხს, მაგრამ ახლა რომ პანიკაა, ეს გადამეტებულად მეჩვენება. მეც გადავიტანე მალარია, ახლაც მახსოვს ქინაქინის ტაბლეტების მწარე გემო. გამცივნებდა, მაღალ სიცხეს გაძლევდა, პირი გიშრებოდა და მთელი სხეული გტკიოდა... გავრცელებული იყო ტუბერკულოზიც. მახსოვს, ბაბუაჩემმა სახლი რომ იყიდა, ვიღაცამ უთხრა, მაგ სახლში ტუბერკულოზით გარდაიცვალა ვიღაცო და ისე შეეშინდა, ერთი დღეც არ გვაცხოვრა იქ, ადგა და გაყიდა. სადაცაა, 90 წლის გავხდები. იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, იმდენი რამ მაქვს გასახსენებელი!.. ამას წინათ ერთი ლექსი წავიკითხე, თითქოს ჩემზე იყო დაწერილი: "არა, არ ვბერდები, უბრალოდ, დრო მიდის,/ მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან". ეს სიმართლეა. მართალია, გადატანილი ემოციები მხრებზე მძიმედ მაწევს, მაგრამ ცხოვრებას არ ვნებდები.
ჩემ თვალწინ გაიარა მთელმა იმ უბედურებამ და საშინელებამ, რაც საბჭოთა კავშირში ტრიალებდა. არ ვიცი, საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი საიდან დავიწყო... 5 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი "გააკულაკეს" და ბაბუა ამ ამბავს ემსხვერპლა. ყველაფერი წაგვართვეს: ოჯახის მარჩენალი წისქვილი, მიწის ნაკვეთები, სახლიდან სკამები, მაგიდები, წვრილ-წვრილი საოჯახო ნივთებიც კი წაიღეს. მერე, 2008 წელს ტელევიზიით კვლავ ვნახე ისეთივე კადრები - როგორ მიჰქონდათ რუსებს ქართული ოჯახებიდან დანა-ჩანგლები, თეფშები, სკამები, უნიტაზები, ლეიბები და მაშინ მივხვდი, რომ ამ ერის ცნობიერებაში ამ 80 წელიწადში არაფერი შეცვლილა. მაშინ განა მარტო ჩვენი ოჯახი მიიტაცეს? სოფელ სიმონეთში, ვისაც თავდაუზოგავი შრომით რამე ჰქონდა შეძენილი, ყველაფერი ჩამოართვეს. პატარა ვიყავი და მახსოვს, ყველა ტიროდა. მამა შიშით სავსე თვალებით გვეფერებოდა და გვამშვიდებდა. გრიგოლ რობაქიძის ახლო ნათესავები ვიყავით და ეშინოდა, ეს არ გამხდარიყო მისი დაპატიმრების მიზეზი. მამა რობაქიძის წიგნებს სასოებით ინახავდა. ჩვენ, ბავშვები, ჩუმად ვაღებდით ხოლმე ჩაკეტილ კარადას და მალულად ვკითხულობდით რობაქიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის რომანებს, რომლებიც მაშინ აკრძალული იყო.
GzaPress
7 წლის ვიყავი, როცა რეპრესიები დაიწყო. მახსოვს, დედა და მამა ღამით ჩუმად ტიროდნენ, მესმოდა მათი ლაპარაკიც, - ის დაუჭერიათ, ეს დაუხვრეტიათო, - ხან ვისზე ამბობდნენ და ხან - ვისზე. ხშირად იმეორებდნენ, "ტროიკებმა" გამოუტანეს განაჩენიო. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს "ტროიკები", გაუგებარი იყო ჩემთვის. რეპრესიები რომ დაიწყო, მამამ სამსახური მიატოვა და სოფელში დაბრუნდა. მანამდე ტყიბულის ადგილობრივ რადიოში მუშაობდა ჟურნალისტად და სულ დაჭერის საფრთხეს გრძნობდა. შემდეგ ომი დაიწყო გერმანიასთან და ჯარში გაიწვიეს. დავრჩით მოხუცი ბებია, მამიდა, დედაჩემი და ჩემი ოთხი და-ძმა. ნახევრად მშივრები ვიყავით. ჩვენი საკვები ზაფხულობით მინდვრის მხალი და ერთი იმერული კეცის მჭადი იყო, შვიდად დატეხილი. დედა და მამიდა ყველაფერს ყიდდნენ ან სიმინდზე ცვლიდნენ სამეგრელოში.
მაშინ შორაპანსა და სამეგრელოს შორის პატარა მატარებელი დადიოდა, რომელსაც "დაბავოჩნის" უწოდებდნენ. ამ მატარებლამდე 13 კილომეტრს ფეხით გადიოდნენ მძიმე ტვირთით, გზაში ორი მდინარე ხვდებოდათ, ფეხით უნდა გადასულიყვნენ, რადგან ხიდი არ იყო. ორივეს ერთნაირი, ლამაზი კაბები ჰქონდა. ერთხელაც, იმ კაბებით წავიდნენ სამეგრელოში და უკან უბრალო კაბებით დაბრუნდნენ: გაუყიდიათ.
ბავშვები ხან რაზე ვმუშაობდით და ხან რაზე. გაზაფხულზე ბარით ყანებში, ზაფხულში - თოხით. დაღლილ-დაქანცულებს, საღამოს გაკვეთილები ფიჩხის ალზე უნდა გვესწავლა. მახსოვს, მე და ჩემს დას ერთი წყვილი ფეხსაცმელი გვქონდა და რიგრიგობით ვიცვამდით. სხვადასხვა ცვლაში ვსწავლობდით და ვახერხებდით, სკოლა არ გაგვეცდინა. მდინარის პირას ვხვდებოდით ერთმანეთს, მე ფეხს მდინარეში ვიბანდი, ჩემი და ფეხსაცმელს მაძლევდა, ვიცვამდი და სკოლაში მივდიოდი. მაშინ სიმონეთში შიმშილით ბევრი დაიღუპა: 5-7 წლის ბავშვები, მოხუცები, რომელთა დასაფლავებაზე თბილისში მცხოვრები შვილები ვერ ჩამოდიოდნენ და მეზობლები კრძალავდნენ ხოლმე. ასეთ ყოფაში გვიხდებოდა ცხოვრება ომის წლებში. ცოტა ამოვისუნთქეთ, როცა მამა ფრონტიდან დაჭრილი დაბრუნდა. მალევე გერმანულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სკოლაში, დედა მათემატიკას ასწავლიდა. დღე არ გავიდოდა, სოფელში ვინმეს დაღუპვის ცნობა არ მოსულიყო. ქართველები ამ ომში მონაწილეობდნენ, როგორც საბჭოთა მოქალაქეები, რუსეთი რომ არა, აბა, გერმანიას საქართველოში რა ესაქმებოდა?!
1945 წელს ომი რომ დამთავრდა, მეც მალევე დავამთავრე სკოლა მედალზე და სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. სკოლის დამთავრებისას კომკავშირის კომიტეტში არ მივსულვარ და უნივერსიტეტში არ მიმიტანია კომკავშირის ბილეთი. ასე დავტოვე იმავე წელს ის გაერთიანება და თითქოს მთლიანად შევაბიჯე ფეხი ცნობიერ ცხოვრებაში. რატომ დავტოვე კომკავშირი? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კომკავშირი სკოლაში არაფერს აკეთებდა. მეორეც, ვხვდებოდი, ყველა უბედურებისა და გაჭირვების მიზეზი ის პარტია და იდეები იყო, რითაც ტვინს გვიტენიდნენ. მახსოვს, "გაკულაკების" დროს სწორედ ახალგაზრდა კომკავშირელები ასმენდნენ მეზობლებს და მიუძღოდნენ ოჯახებში სასოფლო საბჭოების წევრებს. დედა გამიბრაზდა, სკოლის მეგობრებიც მირჩევდნენ, არ გამოვსულიყავი კომკავშირიდან, მომავალ საქმიანობაში ხელს შეგიშლისო. მამა კი ჩუმად იყო, მხოლოდ ერთხელ მითხრა, - რა გითხრა, შვილო, შენ უკვე ზრდასრული ხარო... ამ საკითხზე უნივერსიტეტშიც ბევრჯერ დამიბარეს და მოითხოვდნენ, დამეწერა განცხადება კომკავშირში აღდგენის თაობაზე, მაგრამ გავჯიუტდი. ამან ჩემს წარმატებას ხელი შეუშალა. სპეციალობის საგნებს ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და მაღალი ნიშნები მქონდა, მაგრამ ხშირად სტიპენდიას მაკარგვინებდნენ სპეციალურად, რუსულში, პარტისტორიასა და ამგვარ საგნებში ქულების დაკლებით.
GzaPress
საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, ჩემს მთავარ სათქმელზე გადავალ. სულ ვფიქრობ, რა არის მიზეზი, ჩვენს აზროვნებაში კვლავაც დაუნგრეველი რომ არის საბჭოთა კავშირი? რა არის მიზეზი თაობებს შორის კომუნიკაციის ასეთი წყვეტის? ჩემი ასაკის ხალხზე რა ვთქვა, მტერსაც არ ვუსურვებ, რაც ჩვენ გამოვიარეთ: 30-იან წლებში კოლექტივიზაცია და "გაკულაკება", 1937 წლის რეპრესიები, ომი და სხვა ათასი უბედურება, მაგრამ მაინც იმ სიმახინჯეს მისტირიან და კითხვას - რატომ? - მარტივი პასუხი აქვს: საკუთარი ახალგაზრდობა ენატრებათ. მე ყოფილი მასწავლებელი ვარ და ყველანაირ ხსნასა და იმედს განათლებაში ვხედავ. განათლება მგონია ამ გაუვალი წყვდიადიდან გამოსავალი. მოზარდის აღზრდით უნდა იყოს დაკავებული სკოლა, სადაც ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევებს შეიძენს და გადაწყვეტილებების მიღებას მიეჩვევა. ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ინდივიდებს აღზრდის და არა მასებს სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის გასამყარებლად.
ახლა, 89 წლის ასაკში, კომპიუტერთან ვზივარ, მაშინ, როცა ჩემს ახალგაზრდობაში მხოლოდ ხაზის რადიოთი ვიღებდით ინფორმაციას, სწორედ იმას, რაც მაშინდელ სისტემას სჭირდებოდა, რომ მასზე გაგვეგო. მერე ტელევიზორი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მერე - ტელევიზორი პულტით, მერე - მობილური ტელეფონი და დღეს ციფრული სამყაროს მეშვეობითაც ვეკონტაქტები გარემოს. სულ ვცდილობდი, დრო არ გამქცეოდა და სადღაც არ ჩავრჩენილიყავი. ახლაც ასეა - მინდა, ახალ თაობასთან (ვგულისხმობ ჩემს შვილიშვილებსა და მათ მეგობრებს) მეგობრული დამოკიდებულება მქონდეს და ხშირად ამას ვახერხებ კიდეც. გაგებით ვეკიდები საყურიან, თმაშეღებილ ბიჭებსაც და შარვალშემოხეულ გოგონებსაც: ეს ალბათ მათი შინაგანი თავისუფლებისთვის აუცილებელი გარეგნული გამოხატულებაა და როგორ გინდა ან რა იდეით გინდა ამ სურვილის დაოკება?!. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი ხნის ადამიანებისაც მესმის, რთულია მათთვის, თაობათა ასეთ მკვეთრ გარდასახვას ფეხი აუბან.
ამბობენ, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა ოცნებები აღარ აქვს და გეგმები შემოელევაო. ოცნებებიც მაქვს და გეგმებიც, მაგრამ დაბერებული ოცნებები ისევე საცოდავი აღსაქმელია, როგორც დაბერებული უსასოო სხეული. ჩემი ოცნება ჩემი გარემოს მომავალს უკავშირდება, ჩემს ოჯახს, როგორც მინიმუმ, ხედს ჩემი ფანჯრიდან, სადაც სანაგვეში აღარ იქნებიან თავით გადაყუდებული ჩემი ხნის ადამიანები თუ ჩემზე ახალგაზრდები; სადაც ადამიანებს ღირსების განცდა ექნებათ და მათი სამოქალაქო პოზიცია 20 ლარსა და 5 კილო კარტოფილში არ გაიცვლება. უნდა გამოვძებნოთ ჩვენი ტკივილისა და სიხარულის გამოსახატავად სიტყვები და ვილაპარაკოთ. ძალა ერთობაშია და, ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩემი ყვავილების მსგავსად, სახე მზეს, ღმერთს მივუშვიროთ, მომავალს და არა - წარსულს...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მერი ცინარიძე - ქალი, რომელიც ცდილობს, მსხვერპლი მოძალადისგან დაიცვას
რა ემართება მოზარდს საკანში მოხვედრისას
რას სთხოვს საქართველოდან გაქცეული ტრანსგენდერი დედას
"ამერიკამ ბევრი მომცა, მაგრამ ჩემი "შინ" საქართველოა!"
"დაჰკარი დაფდაფებს, ჯერ ასე ძლიერად არავის უმღერია..."
ვახტანგ ჭაბუკიანის უცნაური და ცუდი შედარებები
"ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარეს და გაირკვა, რომ რაზმი ღამით კი არ გამოდიოდა, არამედ - მზიან დღეს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი