ქართველი რეჟისორის ლიეტუვური ცხოვრება და კარანტინის გამო "დაპაუზებული" სპექტაკლი - გზაპრესი

ქართველი რეჟისორის ლიეტუვური ცხოვრება და კარანტინის გამო "დაპაუზებული" სპექტაკლი

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის - ზუგდიდის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისა და ამჟამად ლიეტუვაში ერთწლიანი კონტრაქტით საგანგებოდ მიწვეული ცნობილი ქართველი რეჟისორის - ბადრი წერედიანის ფეისბუკ-გვერდზე ყურადღება მივაქციე ლიეტუვის მედიის მიერ გავრცელებულ სამთავრობო ინფორმაციას, სადაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აცნობს რეკომენდაციებს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში როგორ უნდა იმუშაონ თეატრებმა, საგუნდო ჯგუფებმა, ორკესტრებმა და, ზოგადად, ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებმა. ბადრისთან შეხმიანებას ისედაც ვაპირებდი, რადგან ვიცოდი, ქართველი რეჟისორისა და დრამატურგის, ნინო ბასილიას პიესაზე მონოსპექტაკლ "ლიფტიორს" დგამდა, ათ დღეში პრემიერაც უნდა ეთამაშათ, მაგრამ სწორედ ახალმა კორონავირუსმა და კარანტინმა გადაავადა საპრემიერო ჩვენება. ბადრის მაინც დავუკავშირდი და ვთხოვე, მის იქაურ ცხოვრებაზე, ლიეტუვის კარანტინსა და სახელოვნებო რეგულაციებზეც მოეყოლა.

ბადრი წერედიანი:

- ლიეტუვაში 2019 წლის აგვისტოდან 2010 წლის აგვისტომდე გამიფორმეს ხელშეკრულება, მანამდე კი ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლაზე დავწერე განცხადება და საქართველოს კულტურის სამინისტრომ დამიდასტურა, თორემ ლიეტუვაში ხელშეკრულებას ვერ გამიფორმებდნენ - შენგენის ზონის ქვეყანა მის არაწევრ ქვეყანაში ოფიციალურად მომუშავე რეჟისორს სხვაგვარად შტატში ვერ ამიყვანდნენ. აქ მიწვეული პროფესიონალი რეჟისორის სტატუსით ვიმყოფები და სპექტაკლებსაც მხოლოდ პროფესიონალ დასთან დავდგამ. პირველი სპექტაკლი დავდგი ქალაქ პანევეჟისის თეატრ "მენასში". ასევე, ვურთიერთობ კაუნასის დრამატულ თეატრთან და ტელშიაის თეატრთან, რომელიც, ასევე, პროფესიულ სპექტაკლებს დგამს. პროექტები მაქვს ბელარუსებთან და უკრაინელებთანაც, ასე რომ, აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ლიეტუვა სხვა თეატრალური კულტურის ქვეყანაა, აქ განსხვავებული ბუნებისა და ფსიქოლოგიის ხალხი ცხოვრობს და მათ უნდა გაუგო, სხვაგვარად მათთან ვერც სპექტაკლს დადგამ. სხვათა შორის, ლიეტუვას თეატრებთან სამი წელიწადია, ცალკეული პროექტებით ვურთიერთობ, ამჯერად კი ოფიციალურად მიწევს მათთან მუშაობა ანუ სახელმწიფომ დამიქირავა და ხელფასს მიხდის. ეს უკვე სხვა რანგის თანამშრომლობაა და გაცილებით საინტერესო.

GzaPress

- როგორი ხალხია მანდ, რით განსხვავდებიან ან ჰგვანან ქართველებს? - სხვათა შორის, ძალიან უყვართ ქართველები. ამ კეთილგანწყობას რომ არ ვგრძნობდე, მართლა ვერ გავჩერდებოდი აქ. ძალიან მშვიდი ხალხია, ორგანიზებული, დისციპლინირებული და თბილი. საბჭოთა კავშირში ყოფნამ დაღი ვერ დაასვა. ჩვენი ხალხი, ხომ, ძალიან თბილია, მაგრამ თავისი წესრიგითა და ორგანიზაციის შესანიშნავი უნარით ლიეტუველები მაინც ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან. საინტერესოა, რომ როლზე მუშაობისას, ლიეტუველები შესანიშნავად აღიქვამენ გმირის ემოციას, მაგრამ ამას სცენაზე ზომიერად გამოხატავენ, თუმცა მაყურებელი მას მაინც გრძნობს და ეს სცენაზე ძალიან კარგი სანახავია. ხანდახან რეჟისორს მის გამძაფრებაზეც გიხდება მუშაობა. ქართველ მსახიობებთან პირიქითაა - ხანდახან ამ ემოციის გადაჭარბების გამო მის შენელებაზე გიწევს ლაპარაკი. ლიეტუველს წინასწარ უნდა უთხრა, მისგან რას მოითხოვ, უნდა მისცე მიმართულება და იგი მასზე ყოველდღიურად იმუშავებს, საქართველოში კი შენთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება "შეითავსოს" რეჟისორობა და თითოეულმა კონკრეტულ როლს თავისი შტრიხები შემატოს. ქართველებს იმპროვიზაციის საოცარი უნარი აქვთ და ერთმა ლიეტუველმა მსახიობმა მითხრა კიდეც, ქართველებში ამ უნარს ძალიან ვაფასებო. ლიეტუველებს ყველაფრის დაგეგმვა უყვარს და რომ ვაკვირდები, რაღაცების სწორად დაგეგმვაც დიდი ნიჭია. ეს ხალხი ყველაფერს მიჰყვება ლოგიკით და არა - ემოციით, რაც პროფესიაშიც ძალიან ეხმარება. ქართველი მსახიობი თუ ემოციიდან აწყობს ლოგიკას, ლიეტუველი მსახიობი, მართალია, გრძნობს კიდეც, მაგრამ მაინც ლოგიკით მიდის ემოციამდე, ანუ ფიქრობს და ისე მიდის, გამოდის, რომ ფიქრი უყვარს...

GzaPress

- ემოცია და ფიქრი ვახსენეთ და მოდი, დღევანდელ ვითარებაზეც ვილაპარაკოთ. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მსოფლიო პანდემიას პრობლემებთან ერთად, პლუსებიც აღმოაჩნდა - ადამიანებს დაფიქრების, რაღაცების გადაფასებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ. რა ხდება ლიეტუვაში, რომელიც ასევე კარანტინშია, მაგრამ ევროპის სხვა დიდ ქვეყნებთან შედარებით აშკარად ნაკლები დანაკარგით უმკლავდება ამ გამოწვევას? - ამჟამად კაუნასში ვიმყოფები და აქ საკმაოდ სიმშვიდეა, ნელ-ნელა, უკვე შეზღუდვებსაც ხსნიან. ალბათ ჩვენი ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, კიდევ უფრო ნაკლები შეზღუდვა გვექნება. ევროპის დიდ ქვეყნებთან შედარებით, ლიეტუვა მართლაც ნაკლები მსხვერპლით ასრულებს ვირუსთან ბრძოლას, თუმცა საქართველოსთან შედარებით მეტი გარდაცვლილი ჰყავს. კორონავირუსის შემთხვევები ჯერ საქართველოში გაჩნდა და 10 დღეში დაფიქსირდა ლიეტუვაში. ამასთან, როგორც გაირკვა, აქ კორონავირუსის დადგენის ძალიან მაღალი სტანდარტიც ჰქონიათ: წარმოიდგინე, მოსახლეობის რაოდენობით თითქმის საქართველოს უტოლდება და ყოველდღიურად 800-მდე ადამიანს უტარებდნენ ტესტირებას. რა თქმა უნდა, თავს ყველა ნიღბით იცავს, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტი არც გაუჩერებიათ, სპეციალიზებული მაღაზიებიც დროებით დახურეს, არც მშენებლობები გაუჩერებიათ. საერთოდაც, საკმაოდ მშვიდად გადააქვთ ლიეტუველებს ეს ვირუსი. პანიკის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. ძალიან კანონმორჩილი ხალხია და რეკომენდაციებსაც ასრულებს, ამიტომ მთავრობასაც არ მიუღია რადიკალური ზომები, მიუხედავად კარანტინისა, ეკონომიკა არ გაჩერებულა. ერთადერთი, დახურეს გასართობი დაწესებულებები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, კლუბები, რესტორნები და მსგავსი ტიპის ადგილები. 2-3 დღის განმავლობაში გააჩერეს საქალაქთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაც, რადგან მათაც საეკლესიო დღესასწაული ჰქონდათ და მაინც თავი დაიზღვიეს. ერთი ოჯახის წევრებზე არ იყო შეზღუდვა, მაგრამ, მთავარი იყო, დიდ ჯგუფებად არ წასულიყვნენ სადმე დროის გასატარებლად. უწყებები ძალიან იოლად გადაეწყვნენ ონლაინმუშაობაზე და, მაგალითად, უსწრაფესად გახსნეს ორი სპეციალიზებული ბაღი, რათა მათ, ვისაც მაინც უწევდა სამსახურებში სიარული, ბავშვების დატოვება სადმე შესძლებოდათ. ახლა ის რესტორნებიც გახსნეს, რომელსაც გარე სივრცე აქვთ.

GzaPress

- ბადრი, სპექტაკლზე მუშაობა როგორ მიმდინარეობს? - ვმუშაობ მონოსპექტაკლზე, სახელწოდებით - "ლიფტიორი". პიესის ავტორი ჩემი მეგობარი ნინო ბასილიაა. სპექტაკლში ერთი მსახიობი გოგონა მყავს დაკავებული, ამიტომ რეპეტიციების გაგრძელებაში ხელს არაფერი მიშლის, მაგრამ სპექტაკლს მაყურებელი უნდა დაესწროს, ცარიელ დარბაზში ხომ არ ვითამაშებთ?! ამიტომ ველოდები ისეთ რეგულაციას, როდესაც დარბაზში რაღაც რაოდენობის მაყურებლის დასმას მაინც შევძლებთ. სხვათა შორის, მაყურებელიც ძალიან კარგი ჰყავს ლიეტუვას, კულტურული, მომსმენი და მისი თეატრიც, ზოგადად, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. ახლაც მეუბნებიან, რომ ჩემს პირველ სპექტაკლს, კომედიას, რომელიც სამი წლის წინ პანევეჟისის თეატრში დავდგი და მისით დავიწყე ლიეტუვასთან ურთიერთობა, თურმე, ყველაზე მეტი შემოსავალი შემოაქვს. სხვათა შორის, იმ და კიდევ ორი ქალაქის თეატრებში ერთკვირიანი გასტროლით ზუგდიდის თეატრიც მყავდა ჩამოყვანილი. საკმაოდ კარგი გასტროლი გამოგვივიდა. მას შემდეგ ამ თეატრებთან არც გამიწყვეტია კავშირი. ლიეტუვაში ბევრი შემოქმედებითი გეგმა მაქვს და ეს არის ქვეყანა, რომელიც შენი პროფესიით საქმის კეთების სურვილის შემთხვევაში, ამის სრულ საშუალებას გაძლევს და თავადაც საკუთარი პროფესიით უდიდეს სიამოვნებას იღებ. ყველაფერი კარგად აწყობილი არც აქ არის, მაგრამ ჩემთვის საინტერესო სწორედ ლიეტუველ მსახიობებთან მუშაობა, სხვა კულტურის, მენტალიტეტის, ფსიქოლოგიის ხალხთან ურთიერთობაა. ჩემთვის ძალიან დიდი რეჟისორი არის თემურ ჩხეიძე, ვიცი - შენთვისაც, და მან წლების უდიდესი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა თეატრში გაატარა და, ასევე - საზღვარგარეთაც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამით ბევრ ახალს სწავლობ ადამიანი. ამიტომაა ჩემთვის საინტერესო ლიეტუვაში ყოფნა, მუშაობა, თითქოს ამით ჩემი პროფესიული განახლება ხდება.

ირმა ხარშილაძე