კარანტინის დროს აღნიშნული "სახალხო დღესასწაული" და რიგებში მოსმენილი ამბები - გზაპრესი

კარანტინის დროს აღნიშნული "სახალხო დღესასწაული" და რიგებში მოსმენილი ამბები

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იმდენად აქტიური ადამიანია, რომ შეუძლია რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთოს: აქვს თავისი რადიოგადაცემა, გიდია, ღონისძიებების წამყვანი, კითხულობს ლექციებს, ატარებს ტრენინგებს, თამაშობს სპექტაკლებში და ა.შ. მისი აზრით, კარანტინის მეორე ფაზა შედარებით იოლად მიმდინარეობს. თავიდან სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა. მერე შეზღუდვები შერბილდა და ხალხიც ქუთაისში "ამინდებს გარეთ გამოჰყვა". ამბობს, რომ ახლა უკვე აქტუალური "დარჩისახლში" კი არა, "შედისახლშია".

- იმ დღეებში, როცა მანქანით მოძრაობა შეწყდა, ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს რაღაც სახალხო დღესასწაული იყო და გარეთ გამოვიდნენ. ქუჩაში ზოგი ველოსიპედით ან სკუტერით სეირნობდა, ზოგან ნახეთ ალბათ, ცხენიც გამოჩნდა. საგანგებო რეჟიმი ჩემთვის დადებითია იმ მხრივ, რომ შვილის გვერდით ვარ. ადრე, დილის 8 საათზე გავდიოდი სახლიდან და ღამის 2-ზე შევდიოდი. დრო სწრაფად გადის, ბავშვი ორი წლისა ისე გახდა, რომ ფაქტობრივად, ეს ლამაზი პერიოდი გამომეპარა. ახლა ბედნიერი დღეები მაქვს, კარანტინმა მიმიყვანა შვილთან და ერთად ვართ პრაქტიკულად, 24 საათი.

- ქუთაისში რომელია თქვენი საყვარელი ადგილები?

- ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე გავიზარდე. საფიჩხიელი ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი იყო მდინარე წყალწითელა, იქ ვიპარებოდით. ახლა კი ჩემი საყვარელი ადგილი თეთრი ხიდია. რაც უნდა გავრბოდე, როცა ხიდზე ვარ, ისე ნელა მივდივარ, თითქოს არსად მეჩქარება. მინდა, თეთრ ხიდზე დიდხანს ვიდგე, ძალიან მიყვარს.

- თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდით, მაგრამ არ დაამთავრეთ, რატომ?

- ერთი წელი ვისწავლე, ეს იყო 1992-1993 წლები. მაშინ თითქმის ყველას, მათ შორის ჩემს ოჯახსაც ძალიან უჭირდა და თბილისში ჩემი შენახვის თავი არ ჰქონდა. მშობლებისთვის არ გამიმხელია მიზეზი. მათ ვუთხარი, რეჟისორთან კონფლიქტი მომივიდა, აღარ მინდა თეატრალური და ჟურნალისტიკა მირჩევნია-მეთქი. დავბრუნდი და ქუთაისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დედამ და მამამ წლების შემდეგ გაიგეს, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მერე კი დავამთავრე აკაკი ბაქრაძის თეატრალური სტუდია.

GzaPress

- თეატრალურის მისაღებ გამოცდებზე რა ეტიუდი შეასრულეთ? - ასეთი დავალება მომცეს - თასმა გააკეთეო. ქუთაისში "შნუროკს" ვეძახით (იცინის). კომედია ის იყო, რომ ქუთაისში გაზრდილმა ბიჭმა "თასმა" რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. ვინერვიულე, ვერ მივხვდი, რა გამეკეთებინა. მეკითხა, - რა არის? - არ იფიქრონ, ეს დებილიაო... გამოცდაზე სამ-სამი შევყავდით და მოსაფიქრებელ დროსაც გვაძლევდნენ. ერთს ჩაიდანი უნდა განესახიერებინა, მეორეს - მაიმუნი. ეტიუდის კარნახი არ შეიძლება, ვერც მათემატიკის ფორმულასავით გადავიწერდით, ამიტომ ერთად ვისხედით სამივე. ბოლოს იმათ ვკითხე, რა იყო ეს თასმა... სხვათა შორის, ჩემი ეტიუდი ძალიან მოეწონათ. თითქოს ჭიაყელასავით მივძვრებოდი, ფეხსაცმელში შესვლა-გამოსვლა გავაკეთე, ბოლოს "ბანტოჩკასავით" დავჯექი - ფეხები გადავიკვანტილე, ე.ი. ვითომ "გამბანტეს"... თეატრალურიდან წამოსვლაზე გული არ მწყდება. დღევანდელი გადასახედიდან, თეატრში ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი. თეატრს სხვა რაღაცა სჭირდება, სცენური ხიბლი ან გმირი უნდა იყო, რაც მე არ მქონდა. სახასიათო, ეპიზოდური თუ იუმორისტული როლებით ფონს დიდხანს ვერ გავიდოდი.

- მაგრამ თეატრის გარეშე არ შეგიძლიათ: ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრში მუშაობთ.

- კი ბატონო. ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლში - "დონ ჟუანი" კომანდორს ვთამაშობ და ამ დადგმით 25 ქვეყანა მოვიარეთ. "კავკასიური ცარცის წრის" მსგავსად, ჩვენთვის საეტაპო სპექტაკლია. ასევე, ქუთაისში არსებობს მესხიშვილის თეატრის მსახიობებისგან დაკომპლექტებული ექსპერიმენტული თეატრი; იქ "კარმენში" გარსიას (კარმენის მეუღლე) როლს ვასრულებ. რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილს აქვს მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მათ მარჯანიშვილელებს ეძახიან, სადაც დაიდგა "დარაბებს მიღმა გაზაფხულია". იქ მკერავი ლენას მეუღლე ვარ. ამ სპექტაკლით თურქეთში ვიყავით გასტროლზე. ასე რომ, ამჟამად სამ მოქმედ სპექტაკლში ვმონაწილეობ.

- ფოტოგადაღება ძალიან გიყვართ. დიდი ხანია, ეს ჰობი გაქვთ?

- ვგიჟდები ფოტოების გადაღებაზე. 90-იან წლებში, როგორც ჟურნალისტი, გერმანიაში წავყევი ქუთაისის მერს - თემურ შაშიაშვილს. მახსოვს, მაშინ გადაღებულ ფოტოებზე ვჩანვარ მხოლოდ მე და არსად ჩანს გერმანია... მომდევნო წლებში, ნელ-ნელა, ჩანს ქალაქებიც და მეც. ახლა უკვე ვიღებ სხვა ადამიანებს, შენობებს, დეტალებს და ფოტოებში ჩემი თავი თანდათან დავკარგე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფოტოგრაფი ვხდები და არა - ნარცისი.

- როგორც ჟურნალისტს, გაგჭირვებიათ რესპონდენტების მოძიება ან ინტერვიუზე მათი დათანხმება?

- ცნობადობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. ჩემს ქალაქში კი ცნობადობა სულ მქონდა, იმიტომ, რომ ადგილობრივ ტელევიზიაში ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემები მიმყავდა. მაშინ არსებობდა მხოლოდ პირველი არხი და ტელევიზია "რიონი". მთელი დასავლეთი საქართველო ფაქტობრივად, მარტო ორ არხს უყურებდა. რესპონდენტების მოძიების გზას უფრო ადვილად გავდიოდი. როცა ვინმესთან ვრეკავდი, ხალხი ხმაზე მცნობდა. ცხოვრებაში ბევრი რამ გამიადვილა ცნობადობამ, ხშირად მოკლეზე გადავსულვარ რაღაცის მისაღწევად, რასაც ღმერთს და იღბალს ვუმადლი. სხვადასხვა ტელევიზიის კორესპონდენტი ვიყავი მრავალი წელი. ცხადია, ამან პოპულარობაც მომიტანა, თუმცა - დიდი შრომის ფასად. ჩემი სატელევიზიო გადაცემების ვიდეოკასეტებმა, ანუ ვიდეოთეკამ ერთი კარადა გაავსო. 1992-2002 წლებში დასავლეთ საქართველოში გადაღებული მასალის მთელი არქივი მაქვს. ახლა ამის აუცილებლობა აღარ არის, ყველაფერი ინტერნეტში დევს. კარადას რომ შევხედავდი, ვხუმრობდი: ვინ იცის, რამდენი სიყვარული, რამდენი ქეიფი, რამდენი მნიშვნელოვანი ამბავი გამომიტოვებია ამ კასეტების გამო-მეთქი (იცინის)?!.

GzaPress

- ქუთაისის მედიასკოლის მენტორი ხართ, ტრენინგებს ატარებთ ბავშვებისთვის და საერთოდ, ხშირი ურთიერთობა გაქვთ მოზარდებთან. რას გაიხსენებთ მათთან შეხვედრებიდან? - იმერეთის ბავშვთა ბანაკის დირექტორი ვიყავი ორი ათეული წლის მანძილზე. ვანის რაიონის კურორტ სულორში (ე.წ. იმერეთის "არტეკი") იმერეთის 12-ვე რაიონიდან სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული ბავშვები წელიწადში ერთხელ ისვენებდნენ. ფინანსებს ადგილობრივი ორგანოები გამოყოფდნენ. გიორგი მშვენიერაძე, დღეს ჩემი მეგობარი და უფლებადამცველი, ერთი სეზონი იყო სტუმრად ბანაკში. ისეთი ბავშვი გახლდათ, რას აღარ მოიფიქრებდა: ლოგინში მხვდებოდა ხან ბაყაყი, ხან ჭინჭარი ანდა - ლურსმანი. მთელი ის პერიოდი, პრაქტიკულად, არ მეძინა. ვეხუმრები, რაც შენ ჩემი უფლებები გაქვს შელახული-მეთქი!.. როგორც ტრენერი, ქუთაისის გარდა, სხვა რეგიონებშიც დავდივარ. საინტერესო თაობა მოდის. ხანდახან, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ისეთ შეკითხვას მისვამენ ან ისეთ ტერმინს ახსენებენ, რომ არ ვიცი, რას ნიშნავს და შემრცხვება ხოლმე. ამიტომ, მუდმივად სწავლა და შრომა მიწევს, სულ ვმეცადინეობ. მინდა, ჟარგონითაც კი, თაობას დავეწიო, მათი ტერმინებით ვილაპარაკო. მათგან ვსწავლობ ცუდსაც და კარგსაც, რომ "მოდური" ვიყო. ჩემთვის სიბერე არაა წლების მატება, სიბერე არის ის, როცა ახალგაზრდა თაობის მსგავსად ვეღარ ლაპარაკობ. ზოგჯერ სულ არ მომწონს, ისინი რა მუსიკასაც უსმენენ, მაგრამ თავს მაინც ვაქიცინებ მათთან ერთად, ვითომ მომწონს. მინდა, "მოდური" ვიყო; მინდა, არ დავბერდე და იმიტომ.

- მგონი, ჩინური ენის სწავლაც არ დაგეზარებათ.

- ნებისმიერ ენას სიამოვნებით ვისწავლიდი, მაგრამ ჩინური ალბათ ძალიან გამიჭირდება. საერთოდ, ვსაუბრობ ინგლისურად, გერმანულად და რუსულად, მაგრამ არც ერთი არ ვიცი წესიერად. კომუნიკაცია უცხო ქვეყანაში არ მიჭირს. ესპანეთში რომ ჩავედი, ესპანურად "ჩვეულებრივად" ვლაპარაკობდი. უცბად ვითვისებ რაღაცებს, ოღონდ - ნაწილ-ნაწილ. თურქულის შემთხვევაშიც, ალაგ-ალაგ რა სიტყვებიც ვიცოდი, იმას ვამბობდი.

ერთ ამბავს გავიხსენებ: წლების წინ კონკურსში გავიმარჯვე და ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ვიყავი ჟურნალისტებთან ერთად. ჩემზე ხშირად ამბობენ ინგლისური ენის სპეციალისტები - არტისტული ინგლისურით ლაპარაკობო. მე უფრო ვაგებინებ უცხოელს, ვიდრე ინგლისური ენის ჩემზე კარგად მცოდნე, რადგან სხეულის ენით დაწყებული, ხელებით, ემოციებით და მიმსგავსებული სიტყვებით დამთავრებული, ყველაფერს ვიყენებ. ამერიკაში "სინეტიკ თეატრში" დაგვპატიჟა პაატა ციქურიშვილმა. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრი დაგვათვალიერებინეს. თარჯიმანიც გვახლდა, თუმცა მე ინგლისურად ვესაუბრებოდი ერთ-ერთ ამერიკელს. იმ კაცმა ვერაფერი გაიგო და მეუბნება: თქვენ ბრიტანული ინგლისურით ხომ არ საუბრობთო? - რა თქმა უნდა-მეთქი! - ჩვენ, ამერიკაში ბრიტანული ინგლისური გვიჭირს და თარჯიმნის დახმარებით ვისაუბროთო. ვერ მაკადრა, რომ ეთქვა, ენა არ იციო. მერე ხუმრობდნენ, როგორი "ნაგლი" ხარო.

- ბოლოს, სახალისო ამბით დავამთავროთ.

- მარკეტში ხშირად ჩავდივარ. 4-5 რამე თუ უნდა ვიყიდო, ცალ-ცალკე ვყიდულობ. ვთქვათ, მარტო ერთი კონა ნიახურისთვის წავალ, მერე - ხაჭოსთვის, პურისთვის და ასე შემდეგ. დისტანციის გამო რიგებია მაღაზიების წინ, ხალხი მცნობს, მესაუბრება... ერთ დღეს მაღაზიასთან, სადაც მხოლოდ პური იყიდება, რიგი იდგა. მოვიდა გოგონა და ამბობს: ვაიმე, რამხელა რიგია, თუ შეიძლება, შევალ, მარტო პური მინდაო. ყველას სიცილი აგვიტყდა. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ხნიერმა ქალმა უთხრა: შვილო, შენ გაიხარე, ასეთი ჩერჩეტი რომ ხარ, ამ იზოლაციაში კარგა ხანია ამდენი არ მიცინიაო.

საოცრებები ხდება რიგებში, ეს არის იუმორის ბაზა. ამას წინათ იყო კიდევ შემთხვევა: მოვიდა ვიღაცა და იმის მაგივრად, რომ როგორც წესია, ეკითხა - რიგში ბოლო ვინ არისო? - კითხულობს: ვინაა პირველიო? - მე ვარო, უპასუხა ერთმა. ახალმოსულმა, მოგირიგდებიო, თქვა და მაღაზიაში შევიდა...

ნანული ზოტიკიშვილი