სავიზიტო ბარათად გაყოლილი ქართველობა - გზაპრესი

სავიზიტო ბარათად გაყოლილი ქართველობა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საუბარი იყო იმაზე, რამდენად უჭერს ხელისუფლება მხარს ემიგრანტებს. განსაკუთრებულად გამწვავდა საკითხი მას შემდეგ, როცა ერთი მხარე აცხადებდა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ემიგრანტთა ღირსეულად დასაბრუნებლად და ზღვაში წვეთია ის, რითაც ხელისუფლება თავს იწონებს. მეორე მხრივ, თავად ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობდა, სოციალური პაკეტი, ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ვისაც ჰქონდა, არ უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში სახელმწიფო დოტაციის იმედად. აქვე დასძენდნენ, რომ ისინი სხვა სახელმწიფოში იხდიან გადასახადებს და მიმღები ქვეყანაა ვალდებული მათზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ერთ-ერთმა ემიგრანტმა თქვა: არც ერთი ჩვენგანი არ არის საქართველოსთვის წასული საზღვარგარეთ, ყველა ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის წამოვედით და ნუ დავაყვედრით სამშობლოს ჩვენს ემიგრანტობას; დავაყვედროთ ჩვენსავე ახლობლებს, ვისთვისაც ბევრჯერ მხოლოდ ბანკომატის სტატუსი მოგვეწება. თუნდაც ბევრი რამე შემოგვთავაზოს საქართველომ, ბევრი ჩვენგანი მაინც არ დავტოვებთ ევროპულ სახელმწიფოებსო.

ამ მოსაზრებათა (რომლებსაც ბუნებრივია, არსებობის უფლება აქვს!) მიუხედავად, მთავარი მაინც ისაა, რომ ემიგრანტებს ძალიან რთული ცხოვრება აქვთ და მათი ისტორიები ზოგჯერ ისეთ პასაჟებს მოიცავს, რაც ეროვნული სიამაყის განცდას ბადებს. რუსუდან მარუაშვილი ამის ნათელი მაგალითია.

"6 წლის წინ საქართველოდან ერთი თვის ნაოპერაციევი წამოვედი ემიგრაციაში. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ როდესაც უფლისა და საკუთარი თავის იმედი გაქვს, ყველაფერი გამოგივა. 17-წლიანი თანაცხოვრების მერე მეუღლემ ახალი არჩევანი გააკეთა. მაშინ, როცა მან ახალი ოჯახი შექმნა, არ მქონდა უფლება, დავმორჩილებოდი ბედს და არ გამეგრძელებინა ზრუნვა შვილებზე. მთავარია, არ დარჩე ადამიანი იქ, სადაც დაეცემი და გააგრძელო ბრძოლა გადარჩენისთვის. იტალიაში ჩემი დის დედამთილი მუშაობს და მისი იმედით წამოვედი სიძესთან ერთად. მოკლედ, სიძემ ცოლისდა ჩამომაცილა იტალიამდე და თან მონატრებული დედაც ნახა რომში, სადღაც ერთი თვე ვეძებდი სამსახურს და ვიპოვე პირველი დროებითი სამსახური. ნაოპერაციევ ბებოზე ისე ვზრუნავდი, სამ თვეში გამოვაჯანმრთელე და ამის მერე დავრჩი სამსახურის გარეშე... სასოწარკვეთილს დამირეკეს, მარტოხელა ბაბუაა და თუ წახვალ მომვლელადო? ოღონდ სამსახური გამოჩენილიყო და რას დავეძებდი. კოჭლობით, დილაადრიან წავედი. საკმაოდ შორს იყო "ახალი ბაბუს" სახლი. მოხუცთან რომ მივედი, ვნახე, უსუსური ბავშვის სახით უმწეო ხანდაზმული, რომელსაც ოჯახი არ ჰყავდა, არც ერთ ნათესავს მასთან ცხოვრება არ უნდოდა... თურმე 4 თვე ცერებრალური ინსულტით იმყოფებოდა საავადმყოფოში და გამოწერის მერე მისი მარტო დატოვება სარისკო იყო. პირველი მოხუცი, ვისთანაც ვმუშაობდი, 1.000 ევროს მიხდიდა და ეს ბაბუა მხოლოდ 600 ევროს მთავაზობდა, მეტი არ შემიძლიაო. მითხრეს, ცოტაა 600 ევროო. მე კი არ ვიცოტავე, ბაბუს ვუთხარი, დღესვე წავალ და ჩემს ნივთებს წამოვიღებ-მეთქი. უპატრონო მოხუცი ძალიან შემეცოდა. თან გულში ჩემს თანაგრძნობას და ემოციურ სისუსტეს იმით ვამართლებდი, - მარტო ცხოვრობს, ტვინს არ გაბურღავს არც ცოლი და არც შვილი-მეთქი! თან, გონებაში საკუთარი ბაბუ წარმოვიდგინე მის ადგილას და ისევ გრძნობებმა აჯობეს ფულს... საღამოს დავბრუნდი და საბრალო ხმით მითხრა, ხომ არ დამტოვებო?.. ეშინოდა. დავპირდი, შენი პირველი და ბოლო "ბადანტე" ვიქნები-მეთქი და ავასრულე. ზუსტად 5 წელი და 1 თვე ვიმუშავე მასთან ისე, რომ 5 დღე არ მქონია შვებულება. იმდენად მომეჩვია, სხვა არავინ უნდოდა. იმდენად მენდობოდა, ფოსტის ბარათის კოდიც სულ მე შემყავდა, რადგან მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა...

ჩემი სინიორ ფელიჩე ერთი უბრალო და მშრომელი ადამიანი იყო, რომელიც იტალიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. 10 წლისა თურმე, უკვე მწყემსად მუშაობდა და წელიწადში ხელფასი 250 ლირა ჰქონდა. იმდენად მიზანდასახული და მშრომელი იყო, ისწავლა ხელობა და მშენებლობაზე იმუშავა წლების მანძილზე. მამა ადრე გარდასცვლია ფელიჩეს და მერე დედა სოფლიდან რომში ჩამოიყვანა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა ისე კარგად, რომ 92 წლისა გარდაცვლილა.

GzaPress მასთან მუშაობის პირველი თვეები არ იყო ადვილი. ალბათ 9-ჯერ ამომილაგა ჩალაგებული ჩემოდნები და მეც მერე სიბრალულის გამო ვპატიობდი. მერე მამასავით ზრუნავდა ჩემზე და ვეცოდებოდი კიდეც. მომცა უფლება, შვილები ჩამომეყვანა და მის სახლში მყოლოდა რამდენი ხანიც მინდოდა. ეს ცოტა არაა ემიგრანტი დედისთვის, დამერწმუნეთ! ჩემს შვილებსაც ძალიან შეუყვარდათ. ფელიჩე არასოდეს ითვლიდა და წონიდა საჭმელს, როგორც სხვა ბევრი იტალიელი. მახსოვს, ერთხელ სპაგეტის ვწონიდი და მითხრა, გადაგაგდებ აივნიდან სასწორთან ერთადო. როგორც შემეძლო, გავუფერადე და გავულამაზე ის 5 წელი, შევუცვალე ჩაცმის სტილი, გავახალისე სახლში ფერები, გავაღე წლების ჩაკეტილი კარი, ანუ ამდენი ხანი მარტო ცხოვრობდა და დედის გარდა, იმ ოჯახში ქალს არასდროს უცხოვრია. მას კიდევ 4 ძმა ჰყავდა. ჩემი ფელო იმ დროს 83 წლის იყო და პირველად საიუბილეო ტორტი რომ მივართვი, გიჟი ხარ, ეს რამ მოგაფიქრა, ასე არავის გაუკეთებია ჩემთვისო და იტირა! მეორე წელსაც გავულამაზე დაბადების დღე, მივუტანე ტორტი "ლაციოს" ლოგოთი და ლურჯი მაისური. არასოდეს დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე. იმ დღეს გადაღებული ფოტო დღეს მის საფლავზეა და სიამაყით ვუყურებ. მიხარია, რომ სიბერე გავულამაზე. უამრავი კურიოზი გადაგვხვდა. როგორც იტალიელთა უმეტესობა, ისიც გურმანი გახლდათ და მასზე წიგნის დაწერაც შეიძლება. მიხაროდა, ჩემი მეგობრების სტუმრად მოსვლას რომ არ მიშლიდა და იტალიელი ბაბუ გავხადე სტუმართმოყვარე იმერელი! 5 წლის განმავლობაში მხოლოდ გრიპის ვაქცინაციისთვის მიმყავდა ექიმთან წელიწადში ერთხელ და ინსულტის თერაპია რაც ჰქონდა დანიშნული, რეგულარულად ვაკონტროლებდი. შაქრის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა სისხლში. ექიმი მეკითხებოდა, როგორ ახერხებთ შაქრის რეგულირებასო? ვუპასუხე, დოქტორ პიეტრო, ქართულ სამზარეულოზე მყავს და ამის დამსახურებაა-მეთქი.

2020 წელი დაიწყო საშინლად. ეს ბუნჩულა და კარგი ბაბუ გახდა შეურაცხადი. იწევდა ჩემკენ, რომ ვეცემე და დავეხრჩვე... ორად გავიხლიჩე თითქოს. აღარ ვიცოდი, რა მექნა. 24 საათი ყვიროდა, სახლში გამიშვით, ჩემს დედასთანო. ერთხელ იანვრის სიცივეში აივანზე ჩამკეტა და ვგრძნობდი, რომ ძველ ფელოს ვეღარასდროს დავიბრუნებდი! ნევროპათოლოგმაც გასინჯა, მკურნალობის კურსიც დაუნიშნა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა მკურნალობა. მარტის დასაწყისში ძმისშვილმა გამომიცხადა, მოხუცთა სახლში უნდა ჩავაბაროთ, ამის მოვლას ვერ შეძლებო. ეს ის დრო იყო, სამშობლოში დასაბრუნებლად ჯერ კიდევ გზა ხსნილი რომ იყო, მაგრამ წარმოვიდგინე მოხუცი სათნოების სახლში, სადაც მას ისე ვერაფრით მოუვლიდნენ, როგორც მე და ჩემს სინდისთან ვერ ვიქნებოდი მართალი. საშიშროების მიუხედავად, დამყავდა ექიმებთან და ვცდილობდი, როგორმე მეშველა მისთვის. 13 მარტს უმოძრაო გახდა. ვერავინ მოდიოდა ჩვენთან, მარტო ვუმკლავდებოდი ყველაფერს. 11 აპრილამდე შპრიცით ვასხამდი პირში საჭმელს, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არ მომკვდარიყო. ჩემი თავი აღარც მახსოვდა, ვებრძოდი მის სიკვდილს, მაგრამ დავმარცხდით მე და ფელო... კათოლიკური აღდგომის წინადღეს, შაბათს დაიღუპა... რომ მივხვდი, აღარაფერი ეშველებოდა, ტირილით აივანზე გავვარდი. საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის შიშის გამო, მისი არც ერთი ნათესავი არ მოსულა. რადგან სადღესასწაულო დღეები იყო, არაფერი მუშაობდა და სახლში მიცვალებულთან ერთად ვიყავი სამი დღე. ორი ქართველი გოგონა დამიდგა გვერდით და ყველა მეზობელი გაოცებული იყო ჩვენი საქციელით! მიცვალებულს ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩავაცვი, რომელიც დამიბარა... გაოცებული იყო დაკრძალვის ბიუროს თანამშრომელი, როგორი მოვლილი დამახვედრე და ჩასასვენებლად გამზადებულიო! დაკრძალვის დღემდე რკინასავით ვიყავი, მაგრამ მერე გავტყდი, ჩემი ფელო ბოლო გზამდე მივაცილე ისე, როგორც დავპირდი! მას ეკუთვნოდა ჩემგან ბოლომდე ერთგულება, რადგან მან ხელი შეუწყო ჩემს პირად ბედნიერებას, ყოველთვის ცდილობდა, დამხმარებოდა! მოწყენილი და ცრემლიანი ვერ დავენახვებოდი, ამის უფლებას არ მაძლევდა! დაკრძალვის დღეს მეზობელი შემოვიდა და დიდი, ლამაზი, შინდისფერი ორქიდეის ტოტი შემოიტანა. მითხრა, ყველაფერი დაკეტილია და აი, ეს ყვავილი სახლში მოვჭერი სინიორ ფელიჩესთვისო. ვერ წარმოიდგენთ, იმ დროს როგორ მინდოდა სინიორა ლინდას ჩავხუტებოდი მადლობის ნიშნად! ეს ყვავილი ნიშანი იყო იმის, როგორ უყვარდათ ჩემი ბაბუ! 60 წელი იმ კორპუსში ცხოვრობდა და დატოვა სიყვარული. ტაძრისაკენ რომ წავედით, მესმოდა აივნებიდან ტაში, ტირილი შეძახილთან ერთად "ადიო ფელიჩე"! გული ამომივარდა ტირილით... მხოლოდ ოთხი ადამიანი მივაცილებდით უკანასკნელ გზაზე...

GzaPress მე ახლა სხვა სამსახური მაქვს, მაგრამ ფელოს სახლის გასაღები ისევ ჩემთანაა... იმ გაურკვევლობის მიუხედავად, რაც პანდემიის გამო იყო იტალიაში, ვფიქრობ, ფელოს იმ ქვეყნიური შეწევნით, რომის ცენტრში ვარ ახლა, ერთი ხელის გაწვდენაზეა კოლიზეუმი და ეს კიდევ არაფერი, ის ოჯახი, რომელშიც ვმსახურობ, ცალკე გამართლებაა! იტალიის ყოფილი ელჩი თურქეთში, რომელსაც თურქი ჟურნალისტი და მწერალი ქალბატონი ჰყავს მეუღლედ. ჩემს საბუთებს რომ გადახედა, გვარზე მითხრა, სტალინის გვარს ჰგავსო. მეორე დღეს ოფიციალურად დამიბარეს სამსახურში, მზარეულობა მევალება. პირველ სამუშაო დღეს სინიორ ჯან პაოლო მეუბნება, 1967 წელს ვიყავი საქართველოშიო. აფხაზეთი, თბილისი, გორი უნახავს. დღემდე ახსოვს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და სიყვარულით იხსენებს საქართველოში გატარებულ დღეებს. გასაოცარი სტუმართმოყვარეობა გახასიათებთო... ერთხელაც, "ფორთოხალი" - მეუბნება ქართულად და ისე სასიამოვნო იყო ჩემთვის მშობლიური სიტყვის გაგონება, ენით ვერ აღვწერ! ასე მოვხვდი ერთი უბრალო, საყვარელი და კეთილი მწყემსის სახლის შემდეგ არისტოკრატი ელჩის ოჯახში! მინდა სიხარულით ვთქვა, რომ შემთხვევით გავიგონე ჯან პაოლოს ტელეფონზე ვიღაცისთვის ნათქვამი, - რვა დღეა, ოჯახში ახალი წევრი გვყავს, ქართველიო... მე მას ბევრი რამით ვაოცებ, თუნდაც იმით, რომ ქართველი პარტიზანის შვილიშვილი ვარ და რამდენი რამ გვაქვს ქართველებს მაინც გასაოცარი - წარსული, ბუნება თუ თავად ქართველი ადამიანის ფენომენი!

გამიმართლა შვილებში. ვაჟი მუშაობს, გოგონა სწავლობს და კარგი ვქენი, ცხოვრების ულმობლობასთან ბრძოლაში ფარ-ხმალი რომ არ დავყარე... მერე რა, რომ მეუღლემ სხვა არჩევანი გააკეთა, ცხოვრება გრძელდება და არ მაქვს უფლება, არ ვიბრძოლო ჩემი საკუთარი ბედნიერებისთვის!"

P.S. მე და რუსუდანს იშვიათად, მაგრამ მაინც გვისაუბრია წარსულზე, აწმყოსა და ხვალინდელ დღეზე. როგორი ულმობელია ზოგჯერ ცხოვრება, მაგრამ სიცოცოხლე მაინც ღირს. ღირს და როგორ! ჩვენ ხომ სავიზიტო ბარათად ჩვენი ქართველობა დაგვყვება ვია დე პორტა პალატინაზე, მობერის მოედანსა თუ სენ-ჟერმენზე...

როლანდ ხოჯანაშვილი