"ემიგრანტობა - ეს არის შენი ცხოვრება უშენოდ" - გზაპრესი

"ემიგრანტობა - ეს არის შენი ცხოვრება უშენოდ"

"გზის" ერთ-ერთ ნომერში გაიცანით ემიგრანტი, რომელიც "ჭინჭარის" ფსევდონიმით წერს. შეიძლება, მისი სიტყვები მართლაც ჭინჭარივით ისუსხებოდეს, მაგრამ მწარე რეალობას ასახავს. ელისო კავილაძე პროფესიით ჟურნალისტია. 5 წელზე მეტია, იტალიაში, რეჯო დი კალაბრიაში ცხოვრობს. წყალტუბოში იყიდა სახლი და ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება - სოფელში ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი.

- ვერ ვიტყვი, დიდი გაჭირვების გამო წამოვედი-მეთქი. მქონდა გარკვეული პრობლემები, თან გარემოს გამოცვლა, რაღაც სიახლე მინდოდა. ახალი ჩამოსულისთვის ყველაზე რთული იყო ენის ბარიერი, კომუნიკაციის პრობლემა. ამას რომ გადალახავ, მერე სხვა პრობლემა იჩენს თავს, - რაც უნდა კარგად შეეგუო ოჯახს, თავს მაინც პატიმრად გრძნობ, სხვის სახლში ხარ და ამიტომ. ძალიან მიყვარს აქაურობა და ის ოჯახიც, სადაც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ ამ სახლის კედლები ჩემთვის მაინც საპყრობილეა. თავისუფლების დაკარგვა ყველაზე მეტად განადგურებს - მშვიდად ვერ იძინებ, ბედნიერი ვერ იღვიძებ, შენს გემოზე ბანაობაც არ შეგიძლია, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ჯერ მოხუცი უნდა მოაწესრიგო და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრო საკუთარ თავზე. ემიგრანტობა - ეს არის შენი ცხოვრება უშენოდ. მახსოვს, ახალი ჩამოსული ვიყავი, უცებ თმა გამცვივდა და შეშინებული, ექიმთან წავედი. ბუდობრივი სიმელოტე - ასეთი დიაგნოზი დამისვა. დაინტერესდა, სად ვმუშაობდი და როდესაც ვუთხარი, უცხოელი ვარ და მომვლელად ვმუშაობ-მეთქი, - ანალიზები არ გჭირდება, მიზეზი სტრესიაო, - მითხრა.

აქ რასაც ვმუშაობ, ამდენი საქართველოში რომ მემუშავა, დღეს უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. ქართველებს უცებ გვინდა ყველაფერი. გვგონია, უცხოეთში უკეთესია და იოლად აიწყობ ცხოვრებას, თუმცა აქ გაცილებით მეტია შრომა, ვიდრე საქართველოში. უბრალოდ, ეჩვევი კომფორტს და გინდა იქ, შენს სახლშიც გქონდეს საუკეთესო პირობები. კარგი, ამისთვის იმუშავე 3-4 წელი, მერე ხომ შეიძლება დაუბრუნდე ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს?! არა, ყიდულობ მანქანებს ოჯახის წევრებისთვის, უფრო მაგრად არემონტებ სახლებს და ამ ყველაფერს ისე ეჩვევი, რომ მეტი და მეტი გინდა, ვეღარ იკმაყოფილებ სურვილებსა და მოთხოვნილებებს. ამბობ, რომ შვილებისთვის თავგადადებული დედა ხარ და ამიტომ აკეთებ ამას, რაც არასწორია. საკუთარ თავს ხომ ინადგურებ ამით და გარდა ამისა, შვილების მომავალსაც ანადგურებ. ვერ დავიჯერებ, რომ დედის გარეშე გაზრდილი შვილი უფრო ბედნიერია, ვიდრე ის, ვინც დედასთანაა და მთელი წელი ერთი წყვილი ფეხსაცმლით დადის. ვცდილობ, როცა ვამბობ ან ვწერ, მსუბუქად ვთქვა სათქმელი, არ მიყვარს ადამიანების გაღიზიანება ჩემი მოსაზრებების გამო, მაგრამ რეალურად ასეა...

მთავარი ის არ არის, ბრენდის ტანსაცმელი გაცვია თუ არა, ძვირად ღირებული მანქანით დადიხარ თუ არა, ყოველდღე რესტორანში მიირთმევ თუ არა, - დიახ, ეს არ არის ბედნიერება და ჩემი ეს სიტყვები თუ ვინმეს ეწყინება, იმიტომ ეწყინება, რომ სიმართლეა. იცით, როდის იაზრებენ ამ ყველაფერს? როდესაც ჩადიან საქართველოში და გაუცხოებული ოჯახის წევრები ხვდებიან. წლობით რომ დატოვებ, იმ ბავშვმა აღარ იცის დედის სიყვარული, დედას ფუფუნებას ამჯობინებს. ამ 5 წლის განმავლობაში ერთი ქალიც არ ვიცი, ვინც საქართველოში წავიდა და დარჩა. ერთმა ნაცნობმა დაბრუნება გადაწყვიტა: 13 წელია, აქ ვარ და საკმარისიაო. 2 შვილი ჰყავდა, ორივე დაოჯახდა, ორივესთვის ბინები იყიდა, გაურემონტა, მოუწყო. საქართველოში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ქმარი ვიღაცასთან ცხოვრობდა, შვილებს კი მისთვის არ ეცალათ. რომ დამირეკა და მითხრა, ისევ იტალიაში ვარო, გავოგნდი. - სახლში რომ ჩავედი და დრო გავიდა, მივხვდი, ჩემი სახლი იტალიაში უფრო იყო, ვიდრე ჩემს ოჯახშიო... ვიღაც იტყვის, სამაგიეროდ, შვილებსა და შვილიშვილებს ცხოვრება მოუწყოო, მე კი ვფიქრობ, რომ დაუნგრია, რადგან საღ-სალამათ, ზრდასრულ ადამიანებს ასწავლა სხვის კმაყოფაზე ცხოვრება.

GzaPress მეც გამეპარა წლები. შეცდომა ის კი არ არის, აქ რომ ჩამოვედი - იტალიაში რაც ვისწავლე, საქართველოში ამის სწავლას 10 და 15 წელი მოვუნდებოდი, აქ გაცილებით ნაკლებ დროში "გავიზარდე". ჩემი შეცდომა ის არის, 2 წლის წინ დაბრუნება რომ შემეძლო და არ დავბრუნდი. იმედი მქონდა, საბუთს გავაკეთებდი, აქ სწავლას შევძლებდი და ა.შ. რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩამოსვლას, აქ ყოფნას ყველაფერი მირჩევნია. 10 წელი რომ დავრჩე, შეიძლება მერე ვიფიქრო, რატომღა წავიდე, აქაც კარგად ვარ-მეთქი, მაგრამ არ მინდა, ბოლომდე ჩავრჩე ამ ჭაობში.

ქართველების ბაღი - პირველი, რაც რეჯოში ჩამოსულს მასწავლეს, ფოსტა და "ქართველების ბაღი" იყო, რომელიც სანტ აგოსტინოს ეკლესიის წინ, პიაცა სანტ აგოსტინოს ეწოდება. დასვენების დღეები იქ გაჰყავდათ ქართველებს, ამიტომ შეარქვეს ასე.

რამდენი რამე უნახავს "ქართველების ბაღს", იცით?.. მემატიანე, უტყვი მემატიანეა. იქ რომ არ მომხდარა, რეჯოში ისეთი არაფერი ყოფილა: დაბადების დღეების აღნიშვნა, ქეიფი და დროს ტარება, საქმეების გარჩევა, ხელჩართული ჩხუბი თუ ჭორების დაბადება - ყველაფერი იქ იღებდა სათავეს. ხმაურიანი, დამღლელი ადგილი იყო ერთ დროს. იმ ორღობულმა სიტუაციამ მაშინვე გამაღიზიანა. თანაც, პირველად იქ მისულს ასეთი სცენა დამხვდა: ორი ქალი, ერთი ბეწვის ქურქით და მეორე ბეჭდიანი ხელებით, ერთმანეთს "მუხლზე გადამტვრევით" ემუქრებოდა და როგორც მერე გავიგე, განახორციელეს კიდეც. ქართველი ბიჭებიც იქ ვნახე პირველად. ქართულ, საკუთარი დედის გინებაზე მივიხედე ინსტინქტურად. ახალგაზრდები იყვნენ, ასე, ჩემი ასაკის ბიჭები. გავღიზიანდი. ჩემმა მზერამ ისინი გააღიზიანა და საბოლოოდ მივხვდი - "ქართველების ბაღი" შარი იყო და მე, როგორც შარში მოხვედრის დიდოსტატს, ამ ბაღში ფეხი აღარ უნდა მიმედგა.

მერე ამ ბიჭებს მაღაზიაში შევხვდი. ფეხსაცმელს ვეძებდი, სეზონის შესაფერისს და იაფს. ნაცნობ ქალთან ერთად იყვნენ. შემომთავაზეს, აირჩიე, ზომა გვითხარი და ნახევარ ფასად "გამოგიტანთო". ამ ქალმაც მითხრა, - სანდო ბიჭები არიან, რატომ უნდა გადაიხადო ზედმეტიო?!. არადა, ვერაფერი მაიძულებდა ასე რამის ყიდვას... მერეც ხშირად ვაწყდებოდი ქუჩაში ასეთ შემოთავაზებას, ვაჭრობას.

წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ქართველი კაცი, მოპარული კოსმეტიკური საშუალებებით მოვაჭრე, იაფფასიანი სახის კრემის ყიდვას რომ დაჟინებით გთხოვს ან საცურაო კოსტიუმს ასაღებს. "ვერ დაგიკლებ, მეც ხომ ვწვალობ", - თავის შესაცოდებლად წისქვილის ქვასაც რომ თავზე იბრუნებს. წარმოიდგინეთ, როგორ დგას ქართველი კაცი ქუჩაში და "ბავშვის პამპერსისთვის" ანდა ბოთლი ლუდის ფულისთვის ნაქურდალ ხარახურას გაჩეჩებს. წარმოიდგინეთ ქალები, რომლებიც უკვეთენ მოსაპარ ნივთებს და შვილებს უგზავნიან. თქვენ წარმოიდგინეთ - მე ხომ ისედაც ვხედავ!..

"თვითდასაქმება" იტალიაში, ეროვნული უთავმოყვარეობა, ქურდობა შემდეგში - ეს, ერთი წლის წინ, "ჭინჭარის" ერთ-ერთი პირველი წერილია იტალიიდან და ახლა მხოლოდ ერთი მიზეზით ვიხსენებ: "ახლა ეს ყმაწვილები, ანუ "თვითდასაქმებული" ქართველები იტალიაში, უმუშევრად დარჩნენ. მაღაზიები დახურულია და ქალებიც გარეთ ვერ დადიან. ახლა ეს ქართველები საქართველოს ლანძღავენ, მხოლოდ საქართველოს მთავრობას კი არა, საქართველოს! დაგვაბრუნეთ საქართველოშიო... საინტერესოა, რამდენმა მათგანმა იფიქრა მაღაზიიდან წვრილმანი ხარახურის "გამოტანისას", რომ ქართველი იყო, მაშასადამე - საქართველოს ელჩი იტალიაში?! რამდენმა ქალმა იფიქრა, რომ მოპარული ნივთების ოჯახში, შვილებისთვის გაგზავნა ისეთივე დანაშაულია, როგორიც ქურდობა?! გინდათ გითხრათ, რამდენმა? არც ერთმა! ქურდობით თავის რჩენაც ცხოვრებას ჰბრალდება აქ. ძვირად ღირებული მზის სათვალე რომ არ არის ხელმისაწვდომი მაღაზიაში, ესეც ცხოვრების ბრალია და ნახევარ ფასად ყიდვა - "შანსი". არც ის ქალები ფიქრობდნენ, სათვალეში 100 ევროს გადახდისას, საქართველოს პრესტიჟსა და ქვეყნის ღირსებაზე. რატომღაც, "გუჩის" სათვალე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედა მათ გვერდით, აბა, რა!

მართლა გგონიათ, რომ ევროპაში ქურდობა ცოდვა არ არის?.. "ზარაში" ახლობელი იტალიელი გოგონა მუშაობდა. ჩემთან ხაზგასმით ამბობდა, რომ მაღაზიაში ნივთები ეკარგებათ და საფასურს ხელფასიდან უქვითავენ.

"ჭინჭარი" არ არის დამნაშავე, რომ თქვენ რეალობას რეალურად არ აღიქვამთ. ჭინჭარი ყოველთვის უადგილოდ ამოდის და დისკომფორტს ქმნის ყანაშიც, ეზოშიც, კედელზეც, კიბეზეც, გონებაშიც. ჭინჭარი ერთ-ერთი სამკურნალო მცენარეა..." GzaPress კარანტინი

- აქ ასეთი ამბავი მოხდა: გარდაიცვალა ოჯახის მძახალი. გარდაცვლილი ქმარი, 60-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლმა ვერ გააღვიძა და შვილებს დაურეკა. ორი შვილიდან ერთი იმავე ქალაქში ცხოვრობს და სავალდებულო კარანტინშია, ანუ სახლიდან გასვლა არანაირი მიზეზით არ შეუძლია. მეორე შვილი სხვა ქალაქში, თითქმის 300 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. ჯერ თავის სამსახურს მიადგა, ვითომ სამსახურებრივი საქმით მიდიოდა მშობლიურ ქალაქში. ნებართვა ვერ მიიღო. მერე მშობლიურ ქალაქში შესვლისთვის, ამ ქალაქის შესაბამისი სამსახურებისგან შესვლის ნებართვა ითხოვა. ეს სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა ღრმად მოხუცებული დედა გარდაცვლილ ქმართან ერთად შინ მარტო იჯდა დამკრძალავი ბიუროს კეთილი თანამშრომლების იმედად... ახლა ელოდება პასუხს, შეუძლია თუ არა მამის დაკრძალვაზე წასვლა, რათა სასაფლაომდე მიაცილოს კაცი, რომელმაც წლები ოჯახს შეალია. იმის ცოდნის შემდეგ, რომ შვილებს მამის დაკრძალვაზე წასვლა არ შეუძლიათ, უსირცხვილობად არ გეჩვენებათ შინ ყოფნაზე წუწუნი?! შინ, სადაც ოჯახის წევრები გვყავს!.. იქნებ პატარა მსხვერპლი - შინ დარჩენა გავიღოთ სამყაროს ერთგულებისთვის?!.

რა ყოფილა ეს კარანტინი! მეზობელმა დამიძახა, წინა აივანზე გამოდიო. შენ, როგორც მოხუცთან მყოფი, სახლიდან არ გახვიდე, პურს ჩემი გოგო მოგიტანსო. გაიგონა ქვედა მეზობელმა და, - არა, თქვენ იყავით, ჩემი გოგო ისედაც გარეთაა, ის მოგიტანთ პურსო. ამ ლაპარაკში კი გამოტყდა ეს ქალი, - ნეტავ იცოდე, როგორ მომენატრა თქვენთან ჭორაობაო. მერე თქვა, შავ დღეში ვართ, ჩემი ქმარი აუცილებლად უნდა წავიდეს ანალიზზე და პირბადე ვერ ვიშოვეთო. აი, მეზობლობის მთელი მადლი! - მე მოგცემთ-მეთქი. - რაოო? უბანში პატივისცემით ყოველთვის ვსარგებლობდი, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი გმირი ვარ (იცინის).

წინა კორპუსიდან სხვა მეზობელმაც გამოყო თავი, კარგად ვიჭორავეთ. მცივა და დაგემშვიდობებითო, გვითხრა. ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა, ცრემლებს ყლაპავდა, - შვილო, მე ჩემს სახლში მაინც ვარ, შვილებთან ერთად, შენ... ყველა ჩუმდება. ჰო, სახლი... დედამ დღეს მორიდებით მითხრა, მე პურს ვაცხობ, შენ თუ გაქვს საჭმელიო? ვერაფრით დავაწყნარე... საკანალიზაციო ჭების განახლებაზე მომუშავე ხელოსანი გულისყურით გვისმენდა და ბოლოს დაგვიძახა, - მჯერა იტალიის მომავლის, მგონი, მადლობასაც მალე გადავუხდით ამ ვირუსს, ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვისო.

საღამოს, ერთი კვირის შემდეგ, პირველად მომიწია გარეთ გასვლამ: იძულებული გავხდი, აფთიაქში წავსულიყავი. აფთიაქის კარი არ გამიღეს, ვიდრე შიგნით მყოფი კლიენტი არ გამოვიდა. რომ შევედი, დარჩა მხოლოდ ერთი თანამშრომელი, დანარჩენები საწყობის მხარეს გადაეწყვნენ. ყველას პირბადე და ხელთათმანი ეკეთა. მითხრეს, რომ ხალათებს ხშირად იცვლიან. ჩემს გამოსვლამდე არ შემოუშვეს სხვა მომხმარებელი. ავიღე თუ არა ჩემი პარკი, მაგიდა გაწმინდეს სადეზინფექციო ხსნარით. აფთიაქიდან ხორცის მაღაზიაში წავედი. მაცივარში ხორცი არ იყო. მითხრეს, რომ ხორცი აქვთ, ოღონდ ღია მაცივარში აღარ ინახავენ... არც ქიმიური საშუალებების მაღაზიაში შემიშვეს, რადგან უკვე იყო ერთი მომხმარებელი. არ შემატანინეს ხელთ არსებული პარკები. ვერ ვიშოვე ვერაფერი, რაც მჭირდებოდა. არ იყო ნაგვის პარკებიც კი, არაფერს ვამბობ სადეზინფექციო საშუალებებზე. დილით ხალხის რიგი პარალელური ქუჩიდან იწყებოდა, ამიტომ ყველაფერი გათავდა და მარაგს დილით შევავსებთო. ხელთათმანებით, პირბადითა და საწვიმარი ტანსაცმლით ვიყავი გასული. ქუჩაში რამდენიმე მანქანა შემხვდა და ორი ადამიანი, რომლებიც მაშინვე გზის მეორე მხარეს გადავიდნენ. არ ვიცი, ქალაქის ცენტრში რა ხდება, მაგრამ აქ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მიტოვებულ კუნძულზე ვარ და უნდა გავიღვიძო.

არ მინდა, ნეგატიური განწყობა შეგიქმნათ, მაგრამ გიყვებით იმიტომ, რომ ვიდრე დროა, საქართველოშიც გაიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე. სწორედ არასერიოზულად აღქმამ მიიყვანა იტალია აქამდე. გარკვევით ამბობენ ყველგან, რა და როგორ გავაკეთოთ თავის დასაცავად. არ იხეტიალოთ წინ და უკან, დალიეთ ბევრი ჩაი, გამორთეთ ტელევიზორები, გადით სოციალური ქსელიდან და დატკბით ცხოვრებით. მაბრაზებს ის ძალიან "მოაზროვნე" და მშვიდი ხალხი, ვისთვისაც მე, ძალიან მშვიდად მყოფი, მაგრამ სიფრთხილეზე ჩაციკლული ადამიანი, ბეცი და ლაჩარი ვარ. როგორ ბედავთ იმის თქმას, რომ ჩვეულებრივი ვირუსია და სისულელეა ნერვიულობა?! წუხელ 84 წლის იტალიელ ქალბატონს, ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს ველაპარაკე. ტიროდა. კორონავირუსით გარდაიცვალა მისი ბავშვობის მეგობარი - მეგობარი, რომელიც სულ მახსოვს, იმ ასაკიდან მახსოვს, რაც საკუთარი თავი მახსოვსო. უკანასკნელად ვერ ვნახავ, შვილებიც ვერ დაემშვიდობებიან, ხვალ მორგიდან პირდაპირ სასაფლაოზე წაიყვანენ და ისე შედებენ კედელში, არავის შეეძლება მისი ნახვაო... შეგიძლიათ გარდაცვლილთა ახლობლებს გაუმეოროთ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია და მალე გაივლის?!. დიახ, ყველაფერი გაივლის, დავმშვიდდებით, ვიხუმრებთ კიდეც, მადლობასაც ვეტყვით ბევრი რამის შემეცნებისთვის ამ ვირუსს, მაგრამ ყველაფერი ისე არასოდეს აღარ იქნება, როგორც იყო, - ზოგს დედა აღარ ეყოლება, ზოგს - მამა, ბებია, ბაბუა, შვილი, ქმარი. და მაინც, ადამიანები თანასწორები ვართ, ღმერთმა ასე ჩაგვიფიქრა და მჯერა, რომ ყველაფერი დროებითია და სამყაროს გადავარჩენთ. ნინო ჯავახიშვილი