როგორ უმკლავდებიან თორღვა და მისი მეუღლე უცნაურად აგორებულ ჭორებს - გზაპრესი

როგორ უმკლავდებიან თორღვა და მისი მეუღლე უცნაურად აგორებულ ჭორებს

ქუჩა ნიჭის ასპარეზად იქცა რომეო ლუტიძისთვის, რომელსაც ყველა თორღვად იცნობს. გამოჩენიდან მალევე დაიპყრო ინტერნეტი, მისი ვიდეოები მილიონობით ადამიანმა ნახა. 2018 წელს კი ქუჩის მუსიკოსების კონკურსში გაიმარჯვა და კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცნობადობა. ამჟამად რესტორანში მღერის ბენდთან ერთად, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ქუჩაში სიმღერას ვეღარ ახერხებს.

- მენატრება ის დრო, როდესაც ქუჩაში ვმღეროდი, ეს სულ სხვა რამ იყო. ქუჩის მუსიკოსებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მსმენელის წინაშე: უნდა შეძლო და გამვლელი შეაჩერო, ზუსტად უნდა მიაწოდო გრძნობა და ემოცია. ამ დროს ვერ ვხედავ, რა ხდება ჩემ ირგვლივ, ფიქრი და ემოცია მხოლოდ სიმღერისკენ მაქვს მიმართული.

- მაშინ რატომ დატოვე ქუჩა და შენი მსმენელი?

- მსმენელი არ მიმიტოვებია, ჩემი მოსმენა შეუძლიათ რესტორანში. ქუჩაში გავლისას ბევრჯერ შევჩერებულვარ და საბას დაკრულზე მიმღერია კიდეც. ყველაზე მეტად ქუჩის მსმენელი მიყვარს.

- რატომ დაშორდით შენ და საბა საფარელი, თქვენ ხომ მეგობრები იყავით?

- ამაზე ბევრი ჭორი მსმენია და მინდა, ყველა უარვყო. მათ შორის ისიც, რომ სასმელს ვსვამდი, საბა კი ამის გამო ბრაზობდა. რეალობა მხოლოდ ჩვენ ვიცით და ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს მხოლოდ მე არ მეხება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ნამდვილად კარგი მეგობრები ვიყავით, ოღონდ - დასაწყისში, დღეს მხოლოდ შორიდან ვესალმებით ერთმანეთს.

- როგორია შენი უახლოესი გეგმები?

- იზოლაციის დასრულებისთანავე აქტიურ ცხოვრებას, სიმღერების სტუდიურ დამუშავებას ვიწყებ. გამოვა ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც ყველას ეძღვნება, ვისაც მოეწონება. როგორც კი დათბება, ისევ გავალ ქუჩაში იმ ხალხთან, ვისაც არ შეუძლია რესტორანში მოვიდეს და მომისმინოს. ჩემს ძველ ადგილზე სხვები დგანან, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, მზად ვარ, რამდენიმე მეტრის მოშორებით დავდგე.

GzaPress

- ოჯახზეც მომიყევი - მარიამზე, თქვენს სიყვარულზე... - რომ არა ჩემი მეუღლე მარიამ გურაშვილი, არც თორღვა იქნებოდა და დღეს არავის მოუნდებოდა ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა. მარიამია ჩემი ძალა და სტიმული, ის იყო ჩემი პირველი სიმღერის მუზაც, რომელსაც "ტანგო წვიმიან ქუჩაში" ერქვა. ყოველთვის მიმეორებდა, - გაჰყევი შენს ოცნებებსო. ჰოდა, მივყვები ოცნებებს და მარიამიც მხარდამხარ მომდევს. ამ ზღვაში ერთად შევცურეთ და ის ნამდვილად, ღირსეულად იგერიებს ტალღებს. ბევრ ჭორს გაუძლო, რადგან ჭკვიანია, იცის საკუთარი თავის ფასი და ისიც, რომ ბუნებით ერთგული ვარ. მოკლედ, მარიამი ყველა გოგონას უშანსოდ ტოვებს. ის ჩემი ძალა და ჩემი გულის მსაჯული გახდა მას შემდეგ, რაც ბანაკისკენ მიმავალ ავტობუსში ამოვიდა. მათი ავტობუსი გაფუჭდა და ჩვენს ავტობუსში გადმოიყვანეს ბავშვები. ახლაც მახსოვს ყველა წამი. მახსოვს, ისე დავიბენი, ადგილიდან დაუფიქრებლად წამოვდექი და ვთხოვე, დამჯდარიყო. მე უკან დავჯექი და მთელი გზა თვალს არ ვაშორებდი. ბანაკში ჩასული, ძალიან ვცდილობდი მისი გულის მოგებას. ბოლო დღეს წვიმაში ტანგოც კი ვაცეკვე და აი, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ სიმღერის დაწერისა. ახალი ცხოვრება 25 თეთრით დავიწყეთ. ვთვლი, მეტი საჭირო არც იყო. თანხა კი არა, ჩვენი სიყვარულია მთავარი; ის სიყვარული, ორივეს ასე რომ გვაბედნიერებს და გვაძლიერებს. მან სამყარო მაჩუქა და ამ სამყაროში კიდევ ერთი ქალბატონი არსებობს: 4 წლის ჩემი "რა მიყიდე" - ასე ვეძახი ჩემს შვილს. მისმა დაბადებამ კიდევ უფრო შეცვალა და გააფერადა ჩვენი ცხოვრება.

- როგორ უძლებს მარიამი ჭორების ტალღებს?

- ყურადღებას აღარ აქცევს, მაგრამ ზოგჯერ მაინც სწყინს. ჭორები ძირითადად, ჩემი თანამშრომლების ირგვლივ ტრიალებს, რადგან მათთან თბილი დამოკიდებულება მაქვს. ბოლო ჭორმა, რომ თურმე კრიმინალის გამო დამაკავეს, მართლაც ანერვიულა ჩემი ახლობლები. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, გამომიშვეს თუ არა.

- ამბობენ, ბევრი ოჯახი დაინგრა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ერთად ცხოვრებას ვერ გაუძლესო. საინტერესოა, თქვენთან რა ხდება? რას აკეთებთ იზოლაციაში, როგორ იყენებთ ამ დროს?

- მე თავისუფალ დროს ვუთმობ მუსიკას, მარიამი კი სამზარეულოში ტრიალებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შინ ყოფნა ნამდვილად გვჭირდებოდა, რადგან ჩვენი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ერთმანეთს ბევრ დროს ვერ ვუთმობდით.

ფიქრია რობაქიძე